კრიტიკოსი მშობლები და მათი უკუკავშირი
სტატიების სერიაში „სადამრიგებლო კლასის მშობლები” ჩვენ უკვე განვიხილეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, დამრიგებლისა და მშობლების ურთიერთობების განსხვავებული ასპექტები, მშობლების ჯგუფისგან გუნდის შეკვრა, დესტრუქციული ქცევის მქონე მშობელთან ურთიერთობა. ამ ნაწილში კი ვისაუბროთ კრიტიკული აზრის დამრიგებლისთვის კონსტრუქციულად გაზიარების აუცილებლობასა და ზოგადად, მშობლებისგან უკუკავშირის რეგულარულად მიღების მნიშვნელობაზე.
მასწავლებლისთვის კრიტიკული აზრის გაზიარება საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა არ არის. უმეტესად, მშობლები ცდილობენ, ღიად არ გააჟღერონ საწინააღმდეგო მოსაზრებები, რადგან შიშობენ, რომ მასწავლებელი კრიტიკას მტკივნეულად მიიღებს, ეს კი პრობლემას არათუ მოაგვარებს, არამედ შეიძლება გაართულოს კიდეც. რა თქმა უნდა, განსხვავებული შემთხვევებიც არსებობს, თუმცა ბევრად უფრო იშვიათად. ამ მოსაზრების სიმტკიცის ინდიკატორად შეგვიძლია მოვიყვანოთ კლასის მშობლების ე.წ. „ცალკე“ სასაუბრო სივრცეები ინტერნეტში, სადაც უწყვეტად საუბრობენ სასკოლო ყოველდღიურობის მნიშვნელოვან საკითხებზე. არადა, ყველა წესით, ეს საკითხები სკოლის გარემოში, მასწავლებელთან ერთად უნდა განიხილებოდეს. შედეგად ხშირად ეს საუბრები ლიტონ სიტყვებად რჩება, საჭირო და საყურადღებო ცნობები მასწავლებელთან არ მიდის; ან კიდევ უარესი, დამრიგებელი ჩუმად და დამახინჯებული ფორმით იგებს მის შესახებ.
სამსახურებრივი პირობებით არცთუ ისე კმაყოფილი პედაგოგისთვის, ბუნებრივია, რომ სასიამოვნო მოსასმენი არ იქნება მშობლისგან მოსმენილი კრიტიკა. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ თუ კრიტიკული აზრი ჩვენამდე არ მოდის, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს. ნებისმიერ კლასში შეხვდებით მშობელს, რომელსაც თავისი მსოფლმხედველობის, რელიგიური შეხედულებების, განათლების, აღზრდის შესახებ წარმოდგენების თუ სხვა მიზეზების გამო კრიტიკული მოსაზრებები აქვს. შესაძლოა, ეს კრიტიკა იყოს საფუძვლიანი, ეყრდნობოდეს მეცნიერულ მტკიცებულებებს ან იყოს სრულიად აბსურდული და ბავშვისთვის დამაზიანებელიც კი. თუმცა იმის აღიარება, რომ მშობლებს შვილის შესახებ ცოდნა და პედაგოგისგან განსხვავებული კომპეტენციები გააჩნიათ, მაინც მნიშვნელოვანია.
როდესაც მშობელი ვერ ახერხებს კრიტიკული აზრის დაფიქსირებას, ეს უკმაყოფილება გროვდება და შესაძლოა, გაუგებრობამდე, უნდობლობამდე და კონფლიქტამდეც კი მიგვიყვანოს. ამიტომ საჭიროა, კლასის დამრიგებელმა თავად შექმნას კრიტიკული აზრის გამოხატვისთვის და მასზე მსჯელობისთვის უსაფრთხო ველი:
- დაარწმუნოს მშობლები, რომ სჭირდება მათი აზრის ცოდნა საკუთარი საქმიანობის შესახებ;
- აინტერესებს, სწორად ესმით თუ არა მისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს;
- არის თუ არა, მათი თვალსაზრისით, ხარვეზები პედაგოგიურ პროცესში და კერძოდ, რა ტიპის ხარვეზებია.
მშობლებთან ასეთი ტიპის თანამშრომლობა სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ დამრიგებელი ყველაფერში უნდა დაეთანხმოს მათ. თუმცა საკითხები, რომლებზეც განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ნამდვილად იმსახურებს არგუმენტირებულ მსჯელობას. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, მშობელი დაფიქრდეს, სხვა შემთხვევაში – პედაგოგი. ეს მიდგომა გააჩენს დიალოგის კულტურას, ხელს შეუწყობს მოსწავლის აზრის მოსმენის პრაქტიკას, რაც სახლშიც და სკოლაშიც გააუმჯობესებს ბავშვის მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ასევე, სრულიად შესაძლებელია, რომ გამოიკვეთოს საკითხები, რომლებზეც მშობელი და პედაგოგი ვერ შეთანხმდებიან, თუმცა ესეც დემოკრატიული პროცესია.
მოწინავე განათლების სისტემის მქონე ქვეყნებში სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მშობლების ჩართულობა უმაღლეს ნიშნულზეა აყვანილი. სკოლები მათ ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას იყენებენ მოსწავლეთა ოჯახებთან თანამშრომლობისთვის. იმის გამო, რომ მშობლების უზარმაზარი ჯგუფი მრავალფეროვანია, ოჯახებთან პარტნიორობისთვის სკოლებს არაერთი საინტერესო შეთავაზების მოფიქრება უწევთ. მაგალითად, ავსტრიის სკოლებში შეხვდებით მშობლების გაერთიანებას, რომელიც ცნობილია სახელით „კრიტიკოს მშობელთა კლუბი“. ამ კლუბში ისეთი მშობლები არიან გაწევრიანებული, რომელთაც გარკვეული პრეტენზიები აქვთ. ასეთი კლუბები, როგორც წესი, არაფორმალურია, თუმცა წევრებს სკოლა ხელს უწყობს, შეიკრიბონ მათივე შენობაში, იმსჯელონ და შემდეგ დირექციასთან ჩამოყალიბებული აზრის გასაზიარებლად მივიდნენ. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მათ შორის ურთიერთობა თავაზიანი ფორმით მიმდინარეობს. ეს მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ მაღალი ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყნებშიც კი, სადაც სკოლებს გაცილებით მდიდარი რესურსები აქვთ, ვიდრე საქართველოში, შეიძლება შეხვდეთ კრიტიკულად განწყობილ მშობლებს და ამაში უჩვეულო არაფერია. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, მათ შორის შვილის განათლების საკითხებზეც. ეს მაგალითი, ასევე, გვაჩვენებს, რომ უკმაყოფილო მშობლების მოსმენა და მათი მოსაზრებების განხილვა სასკოლო ცხოვრების შემადგენელი აუცილებელი ნაწილია.
თუ ფიქრობთ, რომ საქართველოში არ გვაქვს დემოკრატიის ისეთი მაღალი ხარისხი, რომ კრიტიკოს მშობლებს გაერთიანებაში დავეხმაროთ, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა რამის გაკეთება არ შეგვიძლია. მშობლების მოსაზრებების გაგება სასწავლო კურიკულუმის ნაწილად უნდა ვაქციოთ, რეგულარულად გავაკეთოთ საგნობრივი გამოკითხვები, ანკეტირება, ჩაღრმავებული ინტერვიუები, თემატური შეხვედრები, სადაც პრობლემურ საკითხებს განვიხილავთ.
ბოლოს კი, გიზიარებთ ამონარიდს „მასწავლებლის ეთიკის სახელმძღვანელოდან“:
„მასწავლებლის პროფესიული მოვალეობებიდან ერთ-ერთი უმთავრესია მოსწავლეების მშობლებთან ურთიერთობა. ამ ურთიერთობამ ხელი უნდა შეუწყოს სწავლებისა და სწავლის ეფექტურობას. ნებისმიერ თანამშრომლობას აუცილებლად აქვს თავისი პირობები, რომელთა დაცვის გარეშე თანამშრომლობა ვერ შედგება. მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობის ასეთი არსებითი და აუცილებელი პირობა ეთიკური ნორმების დაცვა, ურთიერთნდობა და კეთილგანწყობაა“.