წელს საქართველოში სამეურვეო საბჭოს მე-10 არჩევნები ჩატარდა. სკოლების ავტონომიურობასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2000 წელს დაიწყო, ხოლო 2006 წლიდან სასკოლო საზოგადოება სკოლის მართვის უმაღლეს ორგანოს ირჩევს. ეს წერილი არ დაეთმობა არჩევნების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესის ხარვეზებს, რასაც ჩვენი მკითხველი თავისი თვალით ხედავს და რასაც პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასული წლის ანგარიშიც მიუთითებს. ამ სტატიაში ვისაუბრებთ საერთაშორისო გამოცდილებაზე, თუ როგორ მართავენ განვითარებულ ქვეყნებში სკოლას, როგორი მოდელები და რა ტიპის გამოცდილება არსებობს წარმატებული საგანმანათლებლო სისტემების მქონე ქვეყნების დიდი ნაწილისთვის.
სტატია ეფუძნება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ 2024 წელს ჩატარებული მოკვლევის ანგარიშში – „სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში“ – მოცემულ ინფორმაციას.
ფინეთი
ფინეთის კანონები სასკოლო და პროფესიული განათლების შესახებ არ ითვალისწინებს, როგორ უნდა იყოს ორგანიზებული სკოლების ადმინისტრირება და მართვა. ეს პროცესი რეგულირდება ადგილობრივ, ინსტიტუციურ დონეზე დამოუკიდებელი აქტით, თითოეული სკოლის დებულების მიხედვით. შესაბამისად, სკოლების მართვის სტრუქტურა ერთმანეთისგან განსხვავებულია. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, თითოეულ სკოლას მოეთხოვება ჰყავდეს დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელია სასკოლო საქმიანობაზე, თუმცა სკოლა-სახლის თანამშრომლობის ძირითად პრინციპებს ადგენს განათლების ეროვნული საბჭო, ხოლო მის ორგანიზებას კი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულება. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სკოლებს შეუძლიათ ჰყავდეთ დაწესებულების მაკოორდინირებელი ორგანო – დირექტორთა საბჭო. ხშირად, დირექტორთა საბჭოები დაკომპლექტებული არიან მოსწავლეთა მშობლებითაც. დირექტორთა საბჭო იღებს სკოლის ინსტიტუციურ დებულებას. რამდენიმე ფინური სკოლის ინსტიტუციური დებულების მიხედვით, სკოლის მართვას ახორციელებს, ასევე კოლეგიური ორგანო სკოლის საბჭო, რომელშიც შედის სკოლის დირექტორი, ხაზინადარი, დირექტორთა საბჭო და აუდიტორი.
ესტონეთი
განსხვავებული პრაქტიკაა ესტონეთში, სადაც სკოლის უმაღლესი მმართველი ორგანო სამეურვეო საბჭოა, რომლის გადაწყვეტილებების აღსრულება სავალდებულოა და რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია სასწავლო პროცესის ყველა მონაწილე. სამეურვეო საბჭო არის მუდმივმოქმედი ორგანო, რომლის ამოცანაა მოსწავლეების, მასწავლებლების, მოსწავლეთა მშობლების, კურსდამთავრებულებისა და ორგანიზაციების ერთობლივი მოქმედებით განათლებისთვის ეფექტური პირობების შექმნა, განათლებისა და ტრენინგების დაგეგმვა და მონიტორინგის სწორად წარმართვა. სკოლის დირექტორი ანგარიშვალდებულია სამეურვეო საბჭოს წინაშე. იგი ადგენს სკოლის სახელფასო სტრუქტურის პრინციპებს, წარუდგენს მათ მასწავლებლებსა და სამეურვეო საბჭოს. ამასთან, სკოლის სასწავლო გეგმა და მისი ცვლილებები განსახილველად წარედგინება სკოლის სამეურვეო საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმართველობასა და განათლების საბჭოს.
ლატვია
ლატვიაშიც განათლების კანონი აწესრიგებს სასკოლო მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის საკითხებს და ადგენს, რომ, სკოლებში უნდა არსებობდეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბჭოები, რომლებიც კოლეგიური ორგანოა და შედგება მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა წარმომადგენლებისაგან. გარდა ამისა, მშობელთა ჩართულობა საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავებაში უზრუნველყოფილია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზეც, სკოლის თვითმმართველი ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ლატვიაში არსებული პრაქტიკის მიხედვით, მშობელთა წარმომადგენლები (მეურვეები) უნდა შეადგენდნენ საბჭოს უმრავლესობას, რომელთა არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრების მიერ ხმათა უმრავლესობით. საბჭოს მოვალეობებში, სხვა საკითხებთან ერთად, შედის მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული პირებისთვის გაცნობა, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის უზრუნველყოფა, ინტერესთა ჯგუფების შექმნა მშობლების, მოსწავლეებისა და მასწავლებელთა ჩართულობით.
გაერთიანებული სამეფო
გაერთიანებულ სამეფოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ხორციელდება კოლეგიური საბჭოების, მმართველი ორგანოების (Governing Bodies) საშუალებით, რომლის შემადგენლობაში შედიან როგორც მშობლები, ასევე, სკოლისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. მას, საჭიროების შემთხვევაში, აქვს დამატებითი მმართველების დანიშვნისა და ცალკეული ფუნქციური საბჭოების შექმნის უფლება. ფუნქციური საბჭოები შედგება ასოცირებული წევრებისაგან, რომლებსაც არჩევს მმართველი ორგანო და ის წარმოადგენს გადაწყვეტილების მთავარ მიმღებს. მას ასევე უფლება აქვს გარკვეული პასუხისმგებლობების დელეგირება მოახდინოს სკოლის დირექტორზე. მმართველი ორგანო პასუხს აგებს სკოლის სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებასა და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაზე. ამასთან, მმართველი ორგანო არ ერევა სკოლის ყოველდღიურ, რუტინულ საქმიანობაში.
აშშ
ამერიკის შეერთებულ შტატებში საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში საზოგადოების ჩართულობა ხორციელდება როგორც სასკოლო რაიონების (school boards of school district), ასევე კონკრეტული სკოლების დონეზე. სკოლების დონეზე მართვა ხორციელდება კოლეგიური საბჭოების მეშვეობით (Local School Councils). საბჭოს წევრი შეიძლება იყოს მშობელი, საზოგადოების წევრი, მოსწავლე, სკოლის მასწავლებელი, სკოლის დირექტორი. საბჭოს წევრობა შესაძლებელია არჩევისა და დანიშვნის გზით.
როგორც ვხედავთ, საერთაშორისო პრაქტიკით, სკოლის მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის კუთხით მთელი რიგი განსხვავებები იკვეთება, თუმცა მათ აერთიანებთ სკოლის დეცენტრალიზაცია და ავტონომიურობა.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/tematuri-mokvleva/ganatleba/saskolo-chartuloba/tematuri_mokvleva_sazogadoebis_chartuloba_martvis_processhi.pdf