პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მუსიკალური სმენა: კოორდინაცია

სიტყვა „კოორდინაცია“ ურთიერთმოწესრიგებულობას ნიშნავს. მოძრაობის კოორდინაციაზე საუბრისას, როგორც წესი, სხეულის კუნთების შეთანხმებულ აქტიურობას გულისხმობენ, რის შედეგადაც მოძრაობა წარმატებით სრულდება. კარგი კოორდინაციის მქონე ადამიანები მსუბუქად და ძალდაუტანებლად მოძრაობენ, ცეკვის დროს თავს კომფორტულად გრძნობენ, ადვილად ეუფლებიან სპორტის ამა თუ იმ სახეობას – სივრცეში ორიენტირების, წონასწორობის შენარჩუნების, სწრაფი რეაქციისა და კონცენტრაციის კარგი უნარის წყალობით ტრავმის ალბათობა მინიმუმამდე დადის.

მოძრაობის კოორდინაცია იმ ასაკში იწყებს განვითარებას, როდესაც ჩვილი მუცელზე ბრუნდება და თავს მაღლა იჭერს. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ეს უნარი ბავშვობაში არ განვითარდა? ნუ აღელდებით, კოორდინაციის განვითარება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. ზრდასრულისთვის, რა თქმა უნდა, ოდნავ უფრო რთულია, ვიდრე ბავშვისთვის, მაგრამ შეუძლებელი არაფერია – ვარჯიშით ყოველგვარ მიზანს მიაღწევთ.

მუსიკალური სმენაც, ისევე როგორც მოძრაობის კოორდინაცია, ადრეული ასაკიდანვე უნდა განვუვითაროთ ბავშვს და ცალკეულ ელემენტებზე მუშაობით – მუსიკის მოსმენის, სუფთა ინტონირების, სწორი სუნთქვის, მეტრ-რიტმის შეგრძნების, მეხსიერების ჩვევების გამომუშავებით – სრულყოფილებამდე მივიყვანოთ.

სოლფეჯიო, „სმენის ვარჯიში“, რთულ მუსიკალურ დისციპლინად მიიჩნევა. ამ საგნის მეთოდიკა მუსიკალური სმენის განვითარებისთვის საჭირო საშუალებათა მთელ კომპლექსს ითვალისწინებს, რაც მასწავლებლისგან დიდ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. სოლფეჯიოს გაკვეთილებზე გამომუშავებული სმენითი (მელოდიური, ჰარმონიული, პოლიფონიური…) ჩვევები და თეორიული ცოდნა (ფორმის ანალიზი, ჰარმონია, რიტმიკა…) უდიდეს როლს ასრულებს მოსწავლის მუსიკოსად ჩამოყალიბებაში.

***

„ – იცი, როდის მღერიან ადამიანები?

– როცა არც სმენა აქვთ და არც ხმა?

– როცა ბედნიერები არიან!..“

(ფილმიდან „ბედის ირონია“)

საინტერესოა, თუ სმენა ყოველ ადამიანს აქვს, ყველა რატომ ვერ ახერხებს სიმღერას. ჩვეულებრივ სმენასა და მუსიკალურ სმენას შორის, ჩვეულებრივ ხმასა და სასიმღერო ხმას შორის ხომ პრინციპული განსხვავება არ არის. მოსმენისა და სამეტყველო ბგერის ასახვის (გამეორების) უნარი თუ შეგვწევს, ესე იგი ჩვენთვის მუსიკალური ბგერებიც მისაწვდომია. როდესაც სმენის უქონლობაზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში სმენასა და ხმას შორის კოორდინაციის დარღვევასთან გვაქვს საქმე.

სმენა

არსებობს ასეთი ცნება – ხმისა და სმენის კოორდინაცია. თუ ადამიანს ეს უნარი არ გააჩნია, მას ესმის ბგერები, განასხვავებს მათ სიმაღლეს, მაგრამ სიმღერა არ შეუძლია. განურჩევლად იმისა, გვაქვს თუ არა საკმარისი მონაცემები, მიზანმიმართული და სისტემატური მეცადინეობით სიმღერის სწავლა ისევეა შესაძლებელი, როგორც ოდესღაც სიარული, ლაპარაკი, კოვზის დაჭერა, წერა-კითხვა ვისწავლეთ. ეჭვგარეშეა – რეგულარული ვოკალური ვარჯიშის შედეგად ხმასა და სმენას შორის კავშირი დამყარდება. დიახ, კოორდინაციის აღდგენა შესაძლებელია!

პრაქტიკაში სხვადასხვაგვარი მუსიკალური მონაცემების მქონე ბავშვები გვხვდებიან. იმ ბავშვების მუსიკალური განვითარების შესაძლებლობის საკითხი, რომლებიც ყალბი ბგერებით მღერიან, მუდამ აღელვებდათ მუსიკის მასწავლებლებს. საინტერესოა, რომ ბევრი ბავშვი უშეცდომოდ ასახელებს ნაცნობ სიმღერას, ადვილად ამჩნევს, როცა მასწავლებელი დაკვრის დროს განზრახ ცვლის მელოდიას ან რიტმს, არც სხვა მომღერლების შეცდომები რჩება შეუმჩნეველი, მუსიკალურ საკრავზე სიმღერის მელოდიასაც დამოუკიდებლად (სმენით) აწყობს, მაგრამ… მისი სწორად სიმღერა უჭირს. ასეთ „უცნაურობას“ იშვიათად პროფესიონალ მუსიკოსთა შორისაც წააწყდებით, რომლებსაც შესანიშნავი მუსიკალური სმენა აქვთ, მაგრამ ამა თუ იმ მელოდიის სიმღერა არ შეუძლიათ. ამის მიზეზი სწორედ სმენისა და ხმის კოორდინაციის უქონლობაა.

კოორდინაციის უქონლობის დროს ბავშვი ვერ ფლობს საკუთარ სახმო აპარატს, სასიმღერო ბგერის სწორად ფორმირება არ შეუძლია. ბავშვებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ კოორდინაცია სმენასა და ხმას შორის, შესანიშნავად ესმით, მაგრამ მელოდიას მაინც შეცდომით – ტერციით, კვარტით ან კვინტით ქვევით მღერიან. მთავარია, მეცადინეობისას ბავშვს საკუთარი ხმის გააზრებულად მოსმენის ჩვევა ჩამოვუყალიბოთ.

***

მუსიკალური სმენის განუვითარებლობა (სიმღერის უუნარობა) ბავშვს ფსიქოლოგიურ კომპლექსს უჩენს. როდესაც მასზე ამბობენ, რომ „ყურზე დათვმა  დააბიჯა ფეხი“ (და ეს ხშირად მშობლის მიერ გამოტანილი ვერდიქტია), ბავშვი ან საერთოდ ჩუმდება, ან ყველაზე ხმამაღლა იწყებს სიმღერას.

უფრო მეტიც: ბავშვებს, რომლებმაც მიზეზთა გამო სიმღერა ვერ ისწავლეს, მომავალში მუსიკის მიმართ ერთგვარი მტრული დამოკიდებულებაც კი უყალიბდებათ. მუსიკამ მათ სიხარული ვერ მიანიჭა… მეცადინეობებზე ისინი „თეთრ ყვავებად“ – აუდიალურ ხეიბრებად გამოიყურებოდნენ და ამის შეგრძნებამ მათ ხასიათზე მოახდინა გავლენა. ამიტომაა, რომ მუსიკის სწავლების უარყოფა არ შეიძლება.

იმედი მაქვს, მოკლემეტრაჟიანი საბავშვო ფილმი „ვის უნახავს, სად გაგონილა“, მიუხედავად „საბჭოთა ბავშვობისა“, საუკეთესო ემოციებს გაუღვიძებს ჩემი თაობის მშობლებს. ეს კეთილი, ხალისიანი სურათი სკოლაში მომხდარ ამბავს მოგვითხრობს.

სასწავლო წლის დასასრულს დენისკა და მისი მეგობარი მიშკა სკოლის კონცერტზე სადებიუტო გამოსვლისთვის გულმოდგინედ მოემზადნენ, მაგრამ, დარცხვენილებმა და დამფრთხალებმა, ყველაფერი აურ-დაურიეს. მიშკას ზედმეტი მღელვარებისგან ტექსტი დაავიწყდა და ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებს, ხოლო დენისკა მთელი მონდომებით, სამ ფორტეზე (fff), უსმენოდ მღერის მისამღერს. მათ დუეტს დარბაზის გამაყრუებელი ხარხარი მოჰყვება.

ფრაგმენტში კარგადაა ნაჩვენები სიმღერის დროს ყვირილის უარყოფითი გავლენა მუსიკალურ სმენაზე, რაც ხშირად გვხვდება საბავშვო ბაღგამოვლილ ბავშვებთან და არცთუ იშვიათად – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებთანაც.

არ ვიცი, როგორი მათემატიკოსი იყო ვასიას მამა, მაგრამ დღემდე მახსოვს, როგორ განვიცდიდი ფილმის ყურებისას დაბნეული „მომღერლების“ დაცინვას, განსაკუთრებით – კარგი სმენის მქონე, მაგრამ მორცხვი მიშკას გამო.

აპლოდისმენტების მოლოდინში კრახით დასრულებული წარმოდგენით დათრგუნულმა დუეტმა მტკიცედ გადაწყვიტა, აღარასოდეს გამხდარიყვნენ „სატირიკოსები“.

ასეთ სიტუაციას ჩვენს დროშიც არაერთ სკოლაში წააწყდებით, ამიტომ ბავშვები ან საუკეთესოდ უნდა მოემზადონ, ან, თუ დაიბნენ, შეეგუონ, რომ მაყურებელი მათ ყოველთვის არ თანაუგრძნობს. თუმცა ვინ იცის, ამ ფილმის ნახვის შემდეგ თანატოლებს დაბნეულ „მომღერალზე“ აღარც კი გაეცინოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი