სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

სასწავლო პროექტი პოეზიის სწავლებისათვის

მეთერთმეტეკლასელები თერგდალეულთა შემოქმედებას გადიან და ილიას ლექსს „ჩემო კალამო“ და აკაკის „პოეტს“ სწავლობენ.

ორივეგან პოეტის დანიშნულებასა და პასუხისმგებლობაზეა საუბარი. თავისთავად ცხადია, ქართულის მასწავლებლისთვის არ არის რთული ამოცანა, ბავშვებს მოუყვეს და დაანახვოს იმდროინდელი სინამდვილე, რომელიც შემოქმედისგან სწორედ ამას, ერის მამობას ითხოვდა.

თუმცა ჩვენი პროგრამები ნაკლებად იძლევა საშუალებას მოსწავლეებმა შედარებით თანამედროვე პოეტთა განცდებსა და შეხედულებებსაც მიადევნონ თვალი.  რაიმე ერთი კუთხით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პოეზიასთან, მის აღქმასთან და პოეტის დანიშნულებასთან დაკავშირებით, საერთო სურათის წარმოდგენა, პარალელების გავლება, აზროვნებისა და დამოკიდებულებების ცვლილება ეპოქის ცვლილებასთან ერთად, ვფიქრობ, საინტერესო იქნება მეთერთმეტეკლასელებისათვის და მათ პოეზიაში აზროვნების უნარ-ჩვევებსაც აუმაღლებს და საკუთარ სააზროვნო სივრცესაც მისცემს. ეს კი ყველაზე მეტად ხიბლავთ მოზარდებს და გულწრფელ ინტერესს აღუძრავთ.

ამ წერილში შემოგთავაზებთ პოეზიასთან და პოეტებთან დაკავშირებული პროექტის გეგმას, რომელიც, ვფიქრობ, საინტერესო და ბევრის მომცემი იქნება მოსწავლეებისათვის.

პროექტის ფარგლებში კლასი შეიძლება დაიყოს ოთხ ნაწილად და თითოეული ჯგუფის წევრებს დაევალოთ კონკრეტულ პოეტსა და პერიოდზე, ასევე ამ პოეტის  კონკრეტულ ლექსზე მცირე კვლევის ჩატარება.

ჩემ მიერ შერჩეული პოეტებისა და მათი ლექსების სია ასე გამოიყურება:

ნიკო სამადაშვილი _ „ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს, პოეტ ნიკო სამადაშვილისგან (თუ პირიქით )“

შოთა ჩანტლაძე _ „მანიფესტი“

ბესიკ ხარანაული _ „სიტყვების უქონლობის გამო“

შოთა იათაშვილი _ „მეოცე საუკუნის დასასრულის პოეტი“

 ჩემ მიერ შემოთავაზებულ პროექტში არ არიან ცისფერყანწელები და გალაკტიონ ტაბიძე, რადგან მათი შემოქმედება ისედაც შედის სასწავლო პროგრამებში, თუმცა პედაგოგს, რა თქმა უნდა შეუძლია, საკუთარი სურვილის მიხედვით შეცვალოს და შეადგინოს თავისი გეგმა და მან უფრო ამომწურავად მოიცვას მთელი მეოცე საუკუნე, მე უბრალოდ შევეცდები ჩემეული მოდელის ჩვენებას.

ნიკო სამადაშვილი _ „ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს, პოეტ ნიკო სამადაშვილისგან (თუ პირიქით)

ამ პოეტის შემოქმედების გასაცნობად ჯგუფის წევრებს შეიძლება დაევალოთ:

  1. პოეტის ბიოგრაფია
  2. თამაზ ჩხენკელის წერილი „ ნიკო სამადაშვილი“
  3. ზურაბ კიკნაძის წერილი „მუდამ სინათლისკენ გამყივარი ძახილი“
  4. პროექტის ფარგლებში შეთავაზებული ლექსი „ ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს, პოეტ ნიკო სამადაშვილისგან (თუ პირიქით) „
  5. პოეტის შემოქმედების რამდენიმე ნიმუში.

კვლევის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა უნდა დაინახონ მოცემული ეპოქის გავლენა ადამიანისა და პოეტის ცხოვრებაზე, პოეტის დამოკიდებულება პოეზიასთან და საკუთარ ლექსებთან მაშინ, როდესაც ის არათუ ერის მამა არ არის, არამედ გამოქვეყნების საშუალებაც კი არა აქვს, შემოქმედის ინდივიდუალური სტილი.

შოთა ჩანტლაძე _ „მანიფესტი“

ჯგუფის წევრებს დაევალოთ:

  1. მოიძიონ და გაიღრმავონ ცოდნა ვერლიბრის შესახებ
  2. შოთა ჩანტლაძის ბიოგრაფია
  3. ინტერვიუ მაია ჯალიაშვილთან _ „მე მინდა სიცოცხლე“
  4. შოთა ჩანტლაძე _ „მანიფესტი“
  5. შოთა ჩანტლაძის პოეზიის ნიმუშები

კვლევის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა უნდა შეძლონ, დაინახონ პოეტი, რომელიც თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით არ ჩაეწერა საბჭოთა პოეტის საერთო სურათში, რამაც ერთი მხრივ, მას მისცა შემოქმედებითი თავისუფლების, განუმეორებელი ინდივიდუალიზმის საშუალება, მეორე მხრივ, მან, როგორც შემოქმედმა გავლენა ვერ იქონია შემდგომ ლიტერატურულ პროცესებზე, რადგან საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ის ისე გარდაიცვალა, საკუთარ წიგნს არ მოსწრებია. მოსწავლეებმა „მანიფესტის“ განხილვისას უნდა შეძლონ, გაიაზრონ 60-იანი წლების არაფორმალი პოეტის ირონიისა და პროტესტის, მაქსიმალურად მშრალი სტილის მიზეზები და სათქმელი.

ბესიკ ხარანაული _ „სიტყვების უქონლობის გამო“

ჯგუფის წევრებს დაევალოთ:

  1. ბესიკ ხარანაულის ბიოგრაფია
  2. ნაირა გელაშვილი _ „ბესიკ ხარანაულის პოეზია“ (წერილი პირველი)
  3. გაეცნონ ბესიკ ხარანაულის პოეზიის სხვა ნიმუშებსაც, გაიხსენონ თავიანთ სახელმძღვანელოებში შეტანილი ლექსები, (სასურველია, წაიკითხონ პოემა „მიკარნახე ანგელინას“ მეორე თავი)
  4. „სიტყვების უქონლობის გამო“

ჯგუფის წევრებმა კვლევის ფარგლებში უნდა შეძლონ, დაინახონ თანამედროვე პოეტის აღქმა და პასუხისმგებლობა პოეზიისადმი, განსაზღვრონ, ლექსის თემატიკა, რომ აქ მეორე ტრაგიკული ხაზიცაა, დედასთან, სამყაროსთან მიმართებაში. (ამაში ნაირა გელაშვილის წერილიც დაეხმარებათ)

შოთა იათაშვილი _ „ მეოცე საუკუნის დასასრულის პოეტი“

პროექტის ფარგლებში შეისწავლონ:

  1. პოეტის ბიოგრაფია
  2. საქართველოს უახლეს ისტორია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ
  3. ეკა ქევანიშვილი _ „შოთას პოეტური გამოცდილების სიმწარე“
  4. შოთა იათაშვილი _ „მეოცე საუკუნის დასასრულის პოეტი“

ჯგუფის წევრებმა უნდა გაიაზრონ გასული საუკუნის დასასრულის კრიზისი და მისი გავლენა პოეზიაზე, შეძლონ, განსაზღვრონ თანამედროვეობის გამოწვევები არა მხოლოდ სათქმელის, არამედ ფორმობრივი, გამოხატვის კუთხითაც.

ზემოთ მოყვანილი მასალები ადვილად მოსაძიებელია ინტერნეტ სივრცეში. სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით პედაგოგსა და მოსწავლეებს შეუძლიათ გააფართოვონ ან შეამცირონ კვლევის მოცულობა.

მას შემდეგ, რაც თითოეული ჯგუფის თითოეული წევრი შეასრულებს დაკისრებულ დავალებას, მათ ჯერ საკუთარი ჯგუფის წევრებს უნდა გააცნონ კვლევის შედეგები, რის შემდეგაც ჯგუფი მზად იქნება პრეზენტაციით წარდგეს კლასის წინაშე.

       თუკი კლასში საშუალება არის (პროექტორი, დიდი ეკრანი) სასურველია მოიძიონ და მოიტანონ ფოტო და ვიდეო მასალაც.  სამწუხაროდ, ნიკო სამადაშვილისა შოთა ჩანტლაძის არც ვიდეო და არც აუდიო ჩანაწერი არ დარჩენილა, მაგრამ რაც შეეხება თანამედროვე პოეტებს _ ბესიკ ხარანაულსა და შოთა იათაშვილს, მათი აუდიო და ვიდეო მასალები ინტერნეტ სივრცეში ადვილად ხელმისაწვდომია.

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს მოუწევთ ერთამანეთთან მჭიდრო ურთიერთობა, რაც მათ თანამშრომლურ უნარებსა და ჯგუფური სამუშაოსთვის საჭირო ჩვევებს განავითარებს.

ჯგუფის წევრებთან თუ კლასთან საკუთარი კვლევის წარდგინებისას მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, აიმაღლონ აუდიტორიასთან ურთიერთობის, პრეზენტაციის უნარები.

მოცემული მასალები საშუალებას მისცემთ თუნდაც ფრაგმენტული წარმოდგენა შეექმნათ მეოცე საუკუნეზე და ამ პერიოდში მომხდარ კულტურულ ცვლილებებზე, რაც პოეზიაში და პოეტების საკუთარ შემოქმედებასთან დამოკიდებულებაშიც აისახა.

პროექტის დასასრულს შეიძლება მოეწყოს დისკუსია, სასურველია, დისკუსიისას ოთხივე ლექსი (ელექტრონული ან ამობეჭდილი ) ხელმისაწვდომი იყოს ყველა მონაწილისათვის.

პედაგოგს შეუძლია წინასწარ დაავალოს, გაიხსენონ ქართული პოეზიის გზა რუსთაველიდან („შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი“) ან გაუფრთხილებლად მიმართოს მათი ყურადღება პოეზიის სათავეებთან და დისკუსიის სივრცე მოულოდნელად გააფართოვოს.

გარეგანი მოტივაციისათვის, შესაძლებელია,  პედაგოგმა თითოეული ჯგუფის კვლევა შეაფასოს,

ან მისცეს რაიმე სახის  კონკურსის სახე.

ვფიქრობ, მსგავსი ტიპის პროექტები არა მხოლოდ იმ სიცარიელეს შეავსებს, რომელიც თანამედროვე ლიტერატურის სწავლებისას გვაქვს, არამედ დაეხმარება ჩვენს მოზარდებს, ისწავლონ აზროვნება ერთიან ლიტერატურულ სივრცეში და ნაწარმოების, პოეტის, ეპოქის ერთმანეთთან დაკავშირება, აღქმა, ანალიზი შეიძლონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი