შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მეხსიერების მცველი რაინდი – გოდერძი ჩოხელი

მიგელ დე   უნამუნო წერილში `ფლობერს რომ ვკითხულობ~, ფლობერის სიტყვებს იხსენებს: `ავტორი თავის ქმნილებებში ისე უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ღმერთი ამ სამყაროში, რომელიც ყველგან არის, თუმცა ყოველთვის უხილავია~. ასე წარმოჩნდება გოდერძი ჩოხელიც თავის პერსონაჟებში, სება კი მის ალტერეგოდ შეიძლება გავიაზროთ რომანში „სულეთის კიდობანი“, რომელშიც ავტორი წარმოგვიდგება, როგორც მცველი ეროვნული მეობისა და საკაცობრიო ღირებულებებისა

`რა არის ადამიანი?

ხანი, მანძილი, დრო დაბადებასა და გარდაცვალებას შორის.

ამას ჩვენ ვფიქრობთ, აქაური დროის საზომით, მაგრამ ადამიანი უპირველესად ღვთის ქმნილებაა, რომელსაც უდგას ღვთის სული, დადის და სუნთქავს. ხანდახან კ ეშმაკი ცდილობს, ადამიანისგან განდევნოს ღვთის სული და თვითონ ჩასახლდეს იქ. ადამიანებმა რომ ატარონ ჭეშმარიტად ღვთის სული, მაღალმა შემოქმედმა მოგვცა ღვთის სიტყვა. ღვთის სიტყვა გვასწავლის, სული როგორ უნდა გადავირჩინოთ ამ ქვეყანაზე, როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ეშმაკს, რომელიც ცდილობს ჩვენგან განდევნოს ღმერთის სული და თვითონ ჩაიბუდოს, თვითონ იფშვინვიეროს ჩვენში~, _ წერს გოდერძი ჩოხელი რომანში `სულის კიდობანი~ და ადამიანის ხსნისა და გადარჩენის გზებს მხატვრულ დრო-სივრცეში მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი განუმეორებელი თხრობის სტილით წარმოაჩენს.

ეპიგრაფი ბიბლიიდან განსაზღრავს რომანის აზრობრივ სიღრმესა და ტონალობას: `ვიდრე ქვეყანა იქნება, არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება. აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა~.

 რომანის მთავარი საფიქრალია ცხოვრების არსის გარკვევა. პერსონაჟები გუდამაყრის ხეობის ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შესქერიან და ფიქრობენ ადამიანის ამქვეყნად მოვლინების ღვთაებრივ არსსა და დანიშნულებაზე. ამაზე დაფიქრებულა შუღლიანთ სებაც, მოფილოსოფოსე გლეხი, ჭიანჭველების ცხოვრებაც რომ აღელვებს. ერთხელ შვილთან ერთად ადევნებდა თვალს, როგორ მიათრევდა ცოცხალი ჭიანჭველა მკვდარს და შვილი ამ მაგალითით ასე დამოძღვრა: `ეგეთია ეს ცხოვრება! …ისე იწყება, შენ არავინ გეკითხება და ისე მთავრდება, არც მაშინ გეკითხება ვინმე რამეს~. შვილს მამისგან გაგონილ დარიგებასაც აძლევს, ნაბიჯი ისე არ გადადგას, რომ არ დაიხედოს და თავისი უგუნურებით რომელიმე მშრომელსა და თავის გზაზე მიმავალ ჭიანჭველას ცხოვრება არ დაუნგრიოს, არ გააუბედუროს. ამგვარად ჩააგონებს შვილს, რომ უყვარდეს ყოველი სულდგმული ქვეყნიერებაზე და მოუფრთხილდეს ღვთის შექმნილ სამყაროს.

უშორეს წარსულში ღმერთმა წარღვნის წყლებით გაწმინდა კაცობრიობა ცოდვებისგან, გადარჩენილმა ნოემ ახალი ცხოვრება დაიწყო, თუმცა ადამიანს შერჩა ბოროტებისკენ მიდრეკილი ბუნება. ღვთისგან დაბადებისას  ნაჩუქარ დიდ სიკეთეს ხშირად აკლდება და სწორედ ეს მოკლებული სიკეთეა ბოროტება, როგორც დიონისე არეოპაგელი განმარტავს.

რა გადაარჩენს ადამიანის სულს ამ ცოდვითა და ბოროტებით სავსე სამყაროში? ეს არის მწერლის მთვარი საფიქრალი. მის ამ კითხვაზე ერთგვარი პასუხია სებას მიერ სოფელში მუზეუმის გახსნა: `ქვეყანამ ხო უნდა გაიგოს, რომ ერთ დროს ჩვენც ვიყავით დედამიწაზე, გუდამაყრელები გვერქვა და ვარსებობდით. შთამომავლობამ ხო უნდა იცოდეს, რა იყო წარსულში. აგე, იმ მთაზე გაჭრილ ძველ ნაგზევარს ხო ხედავთ? აი ეგ გზა საუკუნეების წინანდელია. აი მაგ გზაზე დადიოდა ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე და ბოლოს _ ერეკლე. მაგ გზით გადადიოდნენ ქვენამთაზე, ჩადიოდნენ ხევში და კეტავდნენ დარიალანის კარს. ქვენამთის აქეთ ვანისკარია, ვანისკარის ციხეები; ქვენამთის იქეთ კიდე _ ნადარბაზევი, გორგასალის ნადარბაზევი~. სება წააგავს გიორგი ლეონიძის ჩორეხს (`ჩორეხი~), რომელიც ასევე დაეძებდა წარსულის ნაშთსა და ნაკვალევს და წუხდა: `მეცოდება ჩემი სამშობლო – საქართველო ნაქარალი, ნაქორალი, გაგლეჯილ-გამოგლეჯილი, დაჭრილი არწივი, ვეფხვი უსულოდ დანარცხებული!~

სებას აშენებული მუზეუმი, ერთდროულად, მატერიალური და სულიერი ხსოვნის საცავია. ამ ხსოვნის გარეშე პიროვნებას, საზოგადოებას და მთელ ერს ღირებულება ეკარგება. ისტორიის ამგვარი განცდა დამახასიათებელი იყო ყველა პატრიოტისთვის, უპირველესად კი, ილია ჭავჭავაძისთვის, რომლისთვისაც მომავალი წარსულის გარეშე ვერ იარსებებდა: `აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა~, ამგვარად იშველიებდა ლეიბნცის გამოთქმას და თავისი წერილებით, შემოქმედებითა და მოღვაწეობით ერს `ფესვების~ მოვლის და შენახვის აუცილებლობას ჩააგონებდა.

გუდამაყრის ხეობა მწერლისთვის ერთგვარი სარკეა ადამიანთა სულიერ-ხორციელი ცხოვრებისა. ამ სარკეში ირეკლება ეპოქათა ცვლა, დარიალის ხეობის გახსნა, თავისუფლების დაკარგვა, რუსეთის ჯარების შემოსვლა, უცხო ხალხის ძალადობა, შემდეგ საბჭოთა ეპოქა. ჩოხი არა მხოლოდ აქ მცხოვრებ ადამიანთა, არამედ კოსმიურ ძალთა ჭიდილის, სიკეთისა და ბრძოლის ასპარეზია.

გოდერძი ჩოხელის თხრობაში, მარკესის მსგავსად, ბუნებრივად შემოიჭრება მითიური და და მაგიური. მისი პერსონაჟების ცხოვრება და წარმოსახვა გაჯერებულია მითებით, ზღაპრებითა და ლეგენდებით. აქ ირეალური, მისტიკური ბუნებრივად შემოიჭრება რეალობაში: `უშველებელი წიფლის ხე მოჭრეს რუსებმა და როცა ხე მიწაზე დაეცა, გველეშაპად გადაიქცა. ხის ტოტები ბანჯგვლებად იქცა. საშინელ ხმაზე წიოდა გველეშაპი და კუდს მიწას ურტყამდა, მისდევდა რუს ჯარისკაცებს ხახადაღებული. ჯარისკაცები ბასტიონში შეიკეტნენ და იქედან ესროდნენ თოფებს. გველეშაპი წიოდა და ბასტიონის კედლებს ეხეთქებოდა; მანამდე არ გაჩერდა, მანამ რუსის ჯარი გუდამაყრის ხეობიდან არ გადაიხვეწა~. წიფლის ხე აქ ქართველთა სულიერების სიმბოლოცაა, რომელსაც ღვთაებრივი ძალები იცავენ. ამგვარად გამოხატავს მწერალი საქართველოს დალოცვილობის, ღვთივკურთხეულობის იდეას. თანვე, ეს სამყაროს ბოროტი ძალებისაგან დაცვის იდეის გამოხატულებაცაა. შემდეგ `კომუნისტებად მოვიდნენ და გუდამაყრელებსაც თავის წესზე ყოფნა მოსთხოვეს: გაკრიჭეს მღვდლები, გაძარცვეს სალოცავები და პირიმზის მოედანზე კოლმეურნეობის კანტორა ააშენეს. ამ კანტორაში დასხდნენ ქართველი კომუნისტები და ხატის მინდორზე, ძველი ბასტიონის გვერდით, საქონლის ფერმა ააშენეს. ხალხს ხატში ლოცვა აუკრძალეს~. რომანში ნაჩვენებია, ღვთისმგობელმა კომუნისტებმა როგორ ააშენეს ლენინისა და სტალინის ახალი კერპები სოფელში. ეს ძეგლები სიცოცხლის დაბადებასაც კი უშლიდნენ ხელს, ამიტომაც სებას შვილი მანამ არ დაიბადა, სანამ ლენინის ძეგლი სებამ ჩუმად არ დაანგრია.

სება დონკიხოტური რწმენითა და თავდაჯერებულობით აღსავსე მარტოდმარტო შეუდგება მუზეუმის მშენებლობას, იტანს ხალხის აბუჩად აგდებას, დაცინვას, ჭორაობას და მეხსიერების მცველი რაინდივით ქედმოუხრელად ადებს ქვას ქვაზე, ფიცარს ფიცარზე და თავისი ბრძოლის ასპარეზზე იბრძვის წარსულის, წეს-ჩვეულებების, დროის შესანახად და გადასარჩენად. ასე აღმოჩნდა მის მუზეუმში მისივე შეგროვებული: `ფიტულები: დათვის, ჯიხვის, არწივის, სვავის, ფოცხვერის, კურდღლის, არჩვის, კვერნის, მაჩვის, წავის, ორბის, ქედნისა და კიდევ იმ ცხოველებისა და ფრინველების, რომლებიც გუდამაყრის ხეობაში ბინადრობენ. საომარი იარაღები: ხმლები, ხანჯლები, თოფები, მშვილდ-ისრები, ფარები, ჯაჭვები, შუბები. ქალისა და კაცის ტანსაცმელი. ცხენის შეკაზმულობა. სამუშაო იარაღები. შეჭვარტლული ფანდური და ათასი კიდევ სხვა, ჩაჟანგებული და შემურული ნივთები. იმათ შორის: რუსი ჯარისკაცის შინელი, ჩექმები, კომუნისტების ნაქონი გარდამავალი დროშა და კუთხეში დაგდებული ლენინის ძეგლის ზედა ტანი~. მუზეუმის გამორჩეული  განძი და მშვენება: `ერდოებიდან ირიბად შემოჭრილ მზის სხივებში ნაირ-ნაირ ფერებად აელვარდა ძველებური ფარდაგი, რომელზედაც საქართველოს რუკა იყო ამოქარგული. ამ რუკაზე გამოკვეთილად ამოექარგნა მქსოველს გუდამაყრის ხეობა~. ამ რუკაზე ამოქარგულ საქართველოს ისტორიას წიგნივით კითხულობს სება და უხარია, რომ სწორედ ის ამოარჩია უფალმა ერის სულიერების მხსნელად. ამგვარად ემსგავსება სება ბიბლიურ ნოეს, მისი მუზეუმი კიდობანია, რომელშიც ჩოხისა და, სიმბოლურად, ქართველთა ცხოვრების ამსახველი მატერიალურ-სულიერი სამყაროა. თითოეული ნივთი მეხსიერების საგანძურის ნაწილია: `მთელი საქართველო ამ ერთ მუზეუმში იყო თავმოყრილი~. რუკაზე განსაკუთებით მოჩანდა ნაქარგი სვეტიცხოველი, რომლის წინ სანთელს ანთებს სება და ადგილის დედას მუზეუმის გადარჩენას ევედრება.

იმისთვის, რომ გამოკვეთოს, რა უშლიდა ამ ღვთივკურთხეულ საქართველოს ერთიანობასა და სიმტკიცეში, მწერალი ხატავს შუაღამისას მოულოდნელად ატეხილ ხმაურს _ ფანტასმაგორიულ სურათს _ მუზეუმის ნივთები ერთმანეთს ედავებიან პირველობას.  მელიის ფიტული გამორჩეულად აქტიურობს, ის მოწინააღმდეგეებს კიდობანში `ისტუმრებს~, თვითონ `პრეზიდენტად~ იქცევა, ძალაუფლებას აიღებს ხელში, მომხრეებსაც გაიჩენს და მოწინააღმდეგებს ოსტატურად იშორებს.  მწერალი ვითარების უფრო გასამძაფრებლად და ამბებისთვის მაგიურობის მისანიჭებლად მკითხველის წარმოსახვას ფართო გზას უხსნის. რომანის ამ ეპიზოდში ჩართულია მუზეუმის ექსპონატთთა საიდუმლო საქმეები, რომლებიც მეტყველებენ, რა საქმიანობას ეწეოდნენ ეს ექსპონატები პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ასპარეზზე. ამგვარად, მწერალი ერთგვარი თამაშ-თამაშით, პაროდიულ-ალეგორიული სახეებით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მსუბუქი და ლაღი თხრობით აცოცხლებს ჩვენს უახლეს ისტორიას, სხვადასხვა პარტიის ბრძოლას ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. მკითხველის თვალწინ იგავურად ცოცხლდებიან ნაცნობ პოლიტიკურ ლიდერთა სახეები, რომლებმაც, თვიანთი ჭკვიანური თუ უგუნური გადაწყვეტილებებით განსაზღვრეს ქვეყნის ამჟამინდელი ვითარება.

რომანში ბევრი ზღაპრული ამბავია ჩართული. მუზეუმში გამართულ ღამეულ `სასამრთლოზე~ ირჩევა და განიხილება ექსპონატთა საქმეები. მათ შორისაა, მაგალითად, სასიყვარულო ისტორია დათვ საღირასი, რომელსაც მშვენიერი ქალი _ სამძივარა შეუყვარდა, მოიტაცა და ორი ბელიც გაუჩნდათ. ქალმა გაქცევა მოახერხა, სასოწარკვეთილმა დათვმა კი ჯერ შვილები დახოცა და მერე თავიც მოიკლა. მისი ფიტული კი მუზეუმის ექსპონატად იქცა. საგულისხმოა ამბავი დედალ-მამალი არწივისა, კვერცხები რომ მოჰპარა  გაგიმ და ცოლს აჭამა. დედალმა იძია შური.  ამგვარად გამოხატავს მწერალი ადამიანისა და ბუნების მისტიკური ერთიანობის რწმენას. მკითხველს უჩნდება განცდა, რომ ამქვეყანაზე არაფერი იკარგება უკვალოდ, სიკეთე სიკეთეს შობს და სიძულვილი _ სიძულვილს. კაცმა მხოლოდ სათავისო სარგებლობისთვის არ უნდა უყუროს ბუნებას, რადგან ის დიდ შურისმაძიებლად მოევლინება. ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ ყოველ სულიერსა და უსულოს თავისი აზრი და დანიშნულება აქვს. ღვთის სამართლიანი თვალი დაჰყურებს ქვეყნიერებას და ყოველივეს თავის წილ სამაგიეროს მიუზღვავს. ამ რწმენითაა გაჯერებული გოდერძი ჩოხელის სხვა რომანები, მოთხრობები თუ ლექსები, მთელი მისი შემოქმედება.

რომანში ოსტატურადაა ჩართული სხვადასხვა საგულისხმო ამბავი გამიხარდასი, ბათარეკასი, ჯარჯისა, მფრინავი ჩოხელი წმინდა ბერებისა, მზექალასი, `ვეფხისტყაოსნის~ სიყვარულს რომ შეეწირა, ქორბუდა ირმებისა. სება ცდილობს თავის ნაბოლარა შვილს და მკითხველსაც კარგად გააზრებინოს მეფე ვახტანგის ანდერძის სიტყვები: `მტკიცედა სდექით სარწმუნოებასა ზედა და ეძიებდით ქრისტესათვის სიკვდილსა, რათა მარადიული დიდება მოიგოთ~.

გოდერძი ჩოხელის სათაყვანებელია ვაჟა-ფშაველა, რომლის სულიერ მემკვიდრედაც გვევლინება იგი: `კაცი, რომელსაც შეეძლო მდინარეში ესროლა ანკესი, დაეჭირა ორაგული, გამოეხსნა ანკესიდან, გულზე ეკოცნა მისთვის და ისევ მდინარეში გაეშვა~. სწორედ მისნაირ ადამიანთ მხრებზე დგას სიცოცხლე, სიკეთე და სიყვარული.

რომანში იხატება, როგორ აღიძვრებიან უწმინდური, ბოროტი ძალები საგანძურის, მუზეუმის წინააღმდეგ, რათა მისი განადგურებით მოსპონ თავისუფალი სულის საყრდენი _ მეხსიერება, რომელიც მუდმივად შეახსენებს კაცს: `ვინ არს, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო~ (გურამიშვილი). ეს ბოროტი ძალები დროებით იმარჯვებენ, მაგრამ `წარღვნის წყლებში~ დაინთქმებიან _ მოვარდნილ არაგვის წყალს მიაქვს ყველაფერი, მხოლოდ საქართველოს რუკას _ ფარდაგზე ამოქარგულს _ გადაარჩენს მამა-შვილი: `ნუ გეშინია, შვილო, მთავარია, რომ ეს ფარდაგი არ გავატანეთ მდინარეს, სახლსაც ავაშენებთ, მუზეუმსაც, უფრო საიმედო ადგილას და ძველებურ ნივთებსაც კიდევ შევაგროვებთ~. `მამა-შვილმა ფართოდ გაშალა პირიმზის სალოცავის გვერდზე, მობიბინე მოლზე, ფარდაგი. გადაიქუხა, გადაიქუხა და ცოტა ხანში მზემაც ამოანათა. მზის სხივებში აელვარდა პირიმზის ეკლესია, რომლის თავზეც ცისარტყელა გამოისახა, რომელიც მთლიან რკალად წვდებოდა გუდამაყრის ვიწრო ხეობას, შუა რკალი ცის მოკრიალებულ გუმბათზე ჰქონდა მიბჯენილი, ხოლო შვიდფერი სვეტის ერთი ბოლო _ აღმოსავლეთის მთაზე, მეორეთი დასავლეთის მთას ეყრდნობოდა და პირიმზის ეკლესიის ეზოში დაფენილი წვიმით გარეცხილი ხალიჩა, რომელზეც საქართველო იყო ამოქარგული, ცისარტყელადან ჩამომდგარი შუქით უცნაურად გაბრწყინებულიყო.

ხალიჩასთან დაჩოქილი მამა-შვილი თვალებში ჩამდგარი სევდიანი იმედით შეჰყურებდა ცისარტყელას. ხეობის ბოლოს, მდინარის შავ ტალღებზე, სულეთის ქვეყნისკენ მიტივტივებდა კიდობანი~. როგორც ბიბლიაში, აქაც  წარღვნის დასასრულისა და ღვთის რისხვის დაცხრომის ნიშნად ცისარტყელა გამოისახა ცაზე. ამგვარად გამოხატა მწერალმა იმედი ხსნისა.

რომანი სავსეა ქართველი ხალხის გადარჩენის რწმენით: `საქართველო ერთხელ კიდევ გამოივლის წარღვნას და იმ წარღვნის მერე სწორედ საქართველო იქნება ის აყვავებული ზეთის ხილის რტო, რომლითაც მტრედმა უნდა ახაროს ახალი ცა და ახალი დედამიწა ქვეყნის მეუფეს, რომლის საბრძანისშიც არც მზე არის და არც მთვარე და თვითონ მეუფეა მანათობელი და არ არის შური და მტრობა, არამედ არის კაცთა შორის მშვიდობა და სათნოება~.

ოთარ ჭილაძე რომანს ბიბლიურ „ნოეს კიდობანს“ ადარებდა, „რამდენადაც იმასაც სიცოცხლის, თუნდაც სიცოცხლის უმნიშვნელო ნაწილის გადასარჩენად აგებს მწერალი, იგივე ნოე, რომლის თავგამოდებისა და, ზოგჯერ, თავგანწირვის ფასად, ვინ იცის, რამდენი ადამიანური სახე, ხასიათი, რამდენი ბუნების სურათი, ხუროთმოძღვრების ძეგლი თუ ადათ-წესი გადარჩენია სამუდამო გაქრობას, დავიწყების გათოშილ ზვირთებს, მხოლოდ იმიტომ, რომანში, იმავე ნოეს კიდობანში, ადგილი რომ მიუჩინა მათ მწერალმა, ანუ მიწიერმა განსახიერებამ ბიბლიური ნოესი, რამდენადაც მწერლის მოწოდებაც სიცოცხლის გადარჩენაა“. გოდერძი ჩოხელიც ემსგავსება ნოეს და თავისი შემოქმედებით ეროვნული ფასეულობების, სიკეთის, სიყვარულისა და რწმენის გადამრჩენად გვევლინება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი