პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

,,სიყვარული მარტის თვეში“

ის 26 წლის იყო, შთამბეჭდავი წარმოსახვის უნარით დაჯილდოებული. მე კი დამწყები ფანტაზიორი გახლდით. დღემდე მიკვირს, როგორ აღმოვჩნდით ერთ სივრცეში. მე ჯერ თექვსმეტისაც არ ვიყავი და ზრდის პროცესის ,,დასაჩქარებლად“ ძალ–ღონეს არ ვიშურებდი, ყველაფერს ვკითხულობდი, რაც ხელში ჩამივარდებოდა. ფარნის შუქზე – საბნის ქვეშ, სანთლის მბჟუტავ ალზე, მთვარის შუქზეც კი – თუ ზაფხულის ნათელი ღამეები დამებედებოდა. ამგვარი ლიტერატურული შიმშილის დასაპურებლად კარგი მრჩეველი ნამდვილად დროული იყო. ჰოდა, თავი არც დაუზოგავს იმ ოცდაექვსი წლისას. ჩვენი ხანმოკლე ნაცნობობის პერიოდში რამდენიმე საინტერესო ავტორი გამაცნო. მათ შორის იყო გურამ რჩეულიშვილიც. მაშინ ამ ავტორის შესახებ მხოლოდ ის მსმენოდა, რომ უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.

მარტის თვე იყო. მორიგი შეხვედრიდან სახლში ვბრუნდებოდი. დამემგზავრა. ჯერ თავისი ახალი მოთხრობა წამიკითხა, მერე კი რატომღაც გურამ რჩეულიშვილი ახსენა და შემპირდა, რომ მის მოთხრობებსაც წამიკითხავდა. პირველი მერცხალი გახლდათ ,,სიყვარული მარტის თვეში“ და მგონი – უკანასკნელიც. ის ბიჭი ისევე მოულოდნელად გაქრა ჩემი ჰორიზონტიდან, როგორც გამოჩნდა. მისგან მხოლოდ ეს ბუნდოვანი მოგონება და მარტის თვის მოურჩენელი სიყვარული დამრჩა.

მართალია, გაგრაში არასდროს დამისვენია და არც საყვარელი მწერლის თუ ბიჭის დაკარგვა მიგლოვია. მაგრამ  რატომღაც სწორედ გურამ რჩეულიშვილს ეძღვნებოდა ჩემი პირველი ნოველა, რომელშიც ახალგაზრდა მწერლისა და ზღვის საბედისწერო  შეხვერაზე ვწერდი. მას შემდეგ ყველა მარტი მის შემოქმედებასთან მიბრუნების საბაბად იქცა,  მოგვიანებით კი ჩვევაში გადაიზარდა.

,ცისკარში“ 1957 წელს პირველად დაიბეჭდა გურამ რჩეულიშვილის ხუთი მოთხრობა: „სიყვარული მარტის თვეში“, „ნელი ტანგო“, „თვირთვილა“, „სათაგური“ და „შემოდგომა ბაბუა კოტესი“. ეროვნულ არქივში მოთხრობის რამდენიმე ვარიანტთან ერთად ინახება ჩანაწერი, რომელშიც გურამი ახალ მოთხრობასთან დაკავშირებულ შეგრძნებებზე წერს:

„…ახლა დავამთავრე ერთი პატარა მოთხრობის წერა, რომელსაც დავარქვი „სიყვარული მარტის თვეში“. ჯერ მხოლოდ დილის ათი საათია. დედას ძინავს, ბებომ კი გაიღვიძა და თავისთვის წვალობს. მე კარგ ხასიათზე ვარ რატომღაც. არა, კარგზე კი არა, უბრალოდ რაღაცას ძლიერადა ვგრძნობ. ამას ვეძახი მე კარგ ხასიათს.“ (1956 წლის 29 მაისი).

guram rcheulishvili

ახალი მოთხრობის სიზმარ–ცხადის მიჯნაზე მყოფი მთავარი გმირიც ,,კარგ ხასიათზეა“… დიდი ხანია სიყვარულთან შეხვედრაზე ოცნებობდა, ისღა დარჩენია, შთაბეჭდილების მოსახდენად რომელიმე ბრძნული გამონათქვამიც მოიშველიოს:

,,იყო არაბეთს ერთი მეფე, მეფე ბრძენი და მჭევრმეტყველი. ერთხელ მეფემ იხმო თავისი მრჩეველი და ჰკითხა:
– ბრძენო! მითხარ ჭეშმარიტება სად არის, ან თუ არის, რასა ჰგავს?
– დიდო მეფეო, – მიუგო ბრძენმა, – ჭეშმარიტება სად არის, არავინ იცის, ხოლო გვანებით იგი კეფასა ჰგავს, რომელიც ვიცით, სად არის, მაგრამ ვერასოდეს დავინახავთ.“

ჩემი შთაბეჭდილება ნოდარის სიტყვებითვე შემიძლია გადმოვცე: ,,დიდი არაფერია, თუმცა სიყვარულია.“ გურამ რჩეულიშვილის ობიექტივში სწორედ ასეთი ამბები ხვდებიან – შეგრძნებების და სამწერტილების ზღვაში მოხვედრილები, ზღვაში, რომელიც, არც თუ ისე ღელავს, არადა, ღრმად თუ შეხვალ, შეიძლება ნაპირი სამუდამოდ დაკარგო.

გურამი რომ მძაფრი შეგრძნებების მოყვარული იყო, ამას მისი შემოქმედება და მეგობრებიც ადასტურებენ. სიკვდილი და სიყვარული კი ის თემებია, რომელსაც ვერც ერთი რისკიანი თავგადასავლების მაძიებელი გვერდს ვერ აუვლის.

,,სიკვდილი მთებში“ შედარებით გვიან წავიკითხე.  გურამი ბევრს წერს მოულოდნელი დასასრულებზე. მის მოთხრობებში სიკვდილის მიერ დადგმული წარმოდგენის მთავარ გმირებად  გარდაცვლილები კი არა, ,,გადარჩენილები“ გვევლინებიან. დასასრულის ელდით შებორკილი ადამიანების დუმილში, საუბარსა თუ მოქმედებაში ერთმანეთს ენაცვლება ცივი გონება და ემოცია, კრიტიკა და თანაგრძნობა. ზემოხსენებულ მოთხრობაში ადგილობრივებს  ,,ცივი გერმანელების“ სიკვდილისადმი დამოკიდებულება აგიჟებს. ცხადია, კავკასიის მთებში, სადაც

დღემდე არსებობს მამაკაცების ,,ზარი“,  მსგავსი ემოციური კონტრასტი ორმაგად თვალისმომჭრელია:

,, – დგას და სურათებს იღებს, მგონი არ უყვარდა!.. თითქოს სულ არ დარდობს“

 ,,გურამი უყურებდა და უკვირდა, როგორ ახერხებდა კურელა დარდისა და საქმის ასე საოცრად შეთავსებას!“

ვაღიარებ, დღემდე მიჭირს მეუღლის დასახიჩრებულ გვამთან მდგომი, ლამაზი ხედების გადაღებით დაკავებული ახლად დაქვრივებული ალფრედის ქცევის ბოლომდე გაანალიზება. ყველა მისი სიტყვა ემოციისგან დაცლილია, მისი საუბარი კი სულ უფრო ემსგავსება თავის მართლებას. თუმცა ვინ იცის, იქნებ სწორედ ასე გამოიყურება რეალობიდან გაქცევის მცდელობა?!

,,- ვინც დარდი არ იცის, მან არც მხიარულება იცის, არც რაიმე ძლიერის გრძნობა. მან მხოლოდ გონებით იცის, რომ არის ძლიერი და სუსტი განცდები.“

და აქვე:  – ,,ნეტა მეც ასე შემეძლოს!“

ხორცმა და სულმა ერთად იგრძნო იმ ადამიანის დასასრული, ოცი წელი რომ ალფრედის სარეცელს იზიარებდაო, – წერდა მოთხრობის ერთ–ერთ ვარიანტში მწერალი. თუმცა საბოლოოდ დასკვნითი ეპიზოდი ავტორისეული ,,ახსნა–განმარტების“ გარეშე დაიბეჭდა –  გურამმა დასკვნების გამოტანა მკითხველს მიანდო:

,,კიბეებზე მსუბუქად ამოვიდა ალფრედი, სწრაფად მოათვალიერა სასადილო და საწოლ ოთახში შევიდა, კარი ღია იყო, სასადილოს სარკეში ჩანდა: ალფრედი იდგა გაშეშებული, მარტოკა, და იმ საწოლს უყურებდა, რომელზეც ქალის კაბა და ყვითელყვავილებიანი ხალათი იყო გადაკიდებული… სარკეში ჩანდა: ალფრედი დაეცა საწოლზე, აღრიალდა. ის ტიროდა, ხმამაღლა ქვითინებდა და ზორბა მხრები უძაგძაგებდა…“

გურამ რჩეულიშვილი ხშირად გვევლინება მისივე მოთხრობების პერსონაჟად. იგი ხან დამკვირვებელია, ხან კი სიუჟეტის განვითარების მწვერვალზე დროშასავით ფრიალებს და მზად არის ყველაზე გიჟური საქციელიც კი ჩაიდინოს, ოღონდ ეს მოდუნებული, ცხოვრების რუტინულ ყოფას აყოლილი ხალხი გამოაფხიზლოს. თუმცა იმასაც აღიარებს, რომ ამდენი წლის მანძილზე გადაგვარებული რწმენა–წარმოდგენების ნიადაგით გამოკვებილი ბრბოს ახალ ეპოქაში ,,გადარგვა“ არც თუ ისე ადვილია:

,,აღარ შველის ალავერდობას აღარაფერი… უცნაური განურჩევლობა, უმიზნო დაუოკებელ ვნებაში შეზრდილი, სუფევს გარეშემო და თითქოს ყველაფერს, როგორც რეჟისორის მთავარ ჩანაფიქრს, ხაზს უსვამს ორი ნაცნობი, ოფლში გაღვრილი მოცეკვავე, დარჩენილი უმუსიკოდ და უმაყურებლოდ. უყურებს მათ მანქანიდან ახლად ჩამომხტარი ჩვენი მოთხრობების გმირი და ცრემლებივით ადგება ყელში, უნდა რაღაც გააკეთოს, შეაჯანჯღაროს რითიმე ეს ხალხი.“

ცხენებისა და მთის სიყვარულით სტუდენტობისას ,,დაავადდა“. ხევსურეთის ექსპედიციის წევრებს ალბათ სამუდამოდ დაამახსოვრდათ, როგორ დააქროლებდა ფაფარს ჩაფრენილი გურამი უბელო ცხენს. მაგრამ სიკვდილი მხოლოდ მთის ბილიკებზე და ,,თვირთვილებში“ არ იყო ჩაბუდებული…

ზღვაზე იმდენი მოთხრობა დაუწერია, ძნელია რომელიმე მათგანი გამოარჩიო. მათ შორისაა ,,ნელი ტანგოც“. ზღვის ფონზე გათამაშებული ,,ტრაგედია გმირებით“ ხალხისთვის კიდევ ერთ თავშესაქცევს წარმოადგენს, სალაპარაკო თემას, რომელიც დროებით მაინც გაუყუჩებს ცოცხლად დარჩენილებს ,,ადამიანად ყოფნის ტკბილ სევდას“:

როგორც ვიცი, სკოლაში უკვე ისწავლება გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები (,,ალავერდობა“,  ,,ნელი ტანგო“). გურამი საბავშვო მწერალი ნამდვილად არაა, მაგრამ ჩემი პატარებისთვისაც შევარჩიე ერთი–ორი მოთხრობა. ძალიან მოეწონათ ,,შემოდგომა ბაბუა კოტესი“ – ოცნებებშიც კი შეეზიარნენ და გასხვისებული სახლის ბაღში ერთად აიღეს მანდარინის მოსავალი. თუმცა ყველაზე მეტი მაინც აი ამ პატარა მოთხრობაზე იფიქრეს და იდარდეს:

,,ტკივილი? – არა. რაღაც და გათავდა

პირველი თოვლი სულ თხელი იყო. იმ ღამეს არ გადაიღო, დილისთვის მთელი ველი დაფარა. ახლა უკვე ფეხი ეფლობოდა. მოშივდა ბაჭიას. ციოდა. თოვლი გაქექა და უკანა ფეხებზე ხტომით დაეშვა ჭალისაკენ. ქარი უბერავდა. ვერაფერი იპოვა.

შიოდა.

ძალიან, ძალიან მოუნდა ბალახი; თუნდაც სულ ცოტა, უფრო მოუნდა ან თივა, ან ყლორტი.

შიოდა.

რა გემრიელი იქნებოდა ბალახი.

ახლა შუა ველზე მიკუნტრუშობდა.

შიოდა.

უცებ იგრძნო რაღაც.

ტკივილი? – არა.

რაღაც და გათავდა.

ვანომ თავის შვილს დაუძახა და მოკლული ბაჭია აბგაში ჩაუდო:

– მამა, ფეხები მომეყინა, – თქვა ბიჭმა.

– ნუ გეშინია, ერთ საათში შინ ვიქნებით, – დაამშვიდა მამამ.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი