პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ნორვეგიული მუსიკალური ზღაპარი   (III ნაწილი)

 

ტყეში ხეტიალის დროს პერ გიუნტი მთის მეფის ასულს გადაეყრება. ასული პერს „ბნელი სულებით“ გარშემორტყმული მამის სამფლობელოში – გამოქვაბულში მიიყვანს, სადაც მათთან ერთად დოვრის მეფის ერთგული უწმინდური არსებები – ტროლები, კობოლდები და ჯადოქრები ცხოვრობენ. ტროლების მეფე საკუთარი წესების თავს მოხვევით მოხეტიალე პერს საბოლოოდ გაუმრუდებს ცხოვრების გზას.

იბსენის დრამის ერთ-ერთი ეპიზოდის მუსიკალური ილუსტრაციაა „მთის მეფის გამოქვაბულში“. ამ სცენაში დამუშავებული კობოლდისეული სახეები სტიქიური, დემონური თვისებებით არიან აღჭურვილნი. ძირითადი თემა კონტრაბასის, ფაგოტისა და ვიოლონჩელისთვისაა დაწერილი. თავშეკავებულად იწყება, ყოველი გამეორებისას უფრო და უფრო ჩქარდება და ბოლოს ბობოქარ prestissimo-ზე მძაფრი აკორდებით წყდება. კომპოზიტორი ოსტატურად შლის ამ სცენის მუსიკას – თემის იდუმალი ხმოვანებით ბანებში გატარებიდან, დინამიკის თანდათანობითი გაძლიერებითა და რეგისტრის ამაღლებით მძლავრად მჟღერ ტონალობამდე. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს გამოქვაბულის ზღაპრული მკვიდრნი უხილავმა ძალამ გრიგალში გაახვიაო.

პერი 40 წლის განმავლობაში დაეხეტება მთელ ქვეყანაზე – ამერიკაში, ჩინეთში, აფრიკაში… ძალაუფლებასა და დიდებაზე მეოცნებე და გამდიდრებული აღმოსავლეთში მოგზაურობისას ბედუინების ტომის ბელადს და მის ქალიშვილს ხვდება. ბელადის ასული ცდილობს, მდიდარ უცხოელს თავი მოაწონოს. მისი გრაციოზული ცეკვა მართლაც ხიბლავს პერს, მაგრამ ცბიერი ანიტრა მეოცნებე მოგზაურს მოხერხებულად გაძარცვავს და მიატოვებს.

დახვეწილი საორკესტრო პიესა, „ანიტრას ცეკვა“, სწორედ ცეკვითაა განსაკუთრებული. ორკესტრის სიმებიანი ჯგუფის უფაქიზესი ჟღერა სამკუთხედის ტემბრითაა შემკული. სიმებიანების ამ ფაქიზ მაქმანში სამკუთხედის ნაზი წკრიალი ძვირფასი ქვების ელვარებას ჰგავს. მუსიკალურ ნაგებობაში იმიტაციები და ნაზი ქრომატული სვლებია ჩაქსოვილი. აკორდული საცეკვაო აკომპანემენტი staccato ოქტავებით იცვლება. პიესა არა მხოლოდ აღმოსავლეთის ველურ სილამაზესა და ანიტრას მოხდენილობას, არამედ მის ხასიათსაც აღწერს – მხიარულს, ცვალებადსა და ცბიერს. გრაციით აღსავსე აღმოსავლური სცენები, „ანიტრას ცეკვა“ და „არაბული ცეკვა“, კონტრასტს ქმნის ნაწარმოების საერთო ეროვნულ კოლორიტთან.

ცნობისთვის: ნორვეგიულ მუსიკაში განსაკუთრებით უხვადაა წარმოდგენილი გლეხური ცეკვები, ეგრეთ წოდებული სლოტერები, ანუ ცეკვები, რომლებსაც ნორვეგიულ ხალხურ ვიოლინოზე უკრავენ (ხალხურ ვიოლინოს ხარდინგული ეწოდება, ჩვეულებრივ ვიოლინოზე პატარაა, აქვს მოკლე ყელი და მკვეთრად გამობურცული დეკა, 4 ნორმალურ სიმს ემატება ოთხი ალიკვოტური (მარეზონირებელი) სიმი, რაც საკრავს ლითონისებრ ჟღერადობას ანიჭებს).

სიცოცხლის განმავლობაში პერი რამდენჯერმე აიხდენს ოცნებას – მოიპოვებს ზღაპრულ სიმდიდრეს, მაგრამ სიცრუით შეძენილს ადვილად კარგავს. ბოლოს, ღარიბი, დაღლილი და სასოწარკვეთილი, სამშობლოში ბრუნდება. ის მოხუცია და მარტოხელა. მისი ცხოვრება ამაოდაა გაფლანგული. პერს ერთადერთი შვება და თავშესაფარიღა დარჩენია – სოლვეიგის უანგარო სიყვარული, თავისი მუზისა, პერის დაბრუნების მოლოდინით რომ ცხოვრობდა და ხსოვნაში ინახავდა ახალგაზრდა, ლამაზი და გულადი ჭაბუკის სახეს.

ასე სრულდება ერთგულებისა და სიკეთის ამბავი, ამბავი იმისა, როგორ გადაარჩენს სიყვარული გზააბნეულს. სოლვეიგის სახე ამაღლებული გრძნობების სამყაროს სიმბოლოა.

ახლა მოვუსმინოთ ნორვეგიის მუსიკალური კულტურის სიამაყეს – „სოლვეიგის სიმღერას“. გულწრფელი სიყვარულით დამუხტული, საოცრად მგრძნობიარე მელოდია მსმენელთა გულებს ადვილად იპყრობს.

დიდი ეროვნული თავისებურებებით გამოირჩევა გრიგის ხალხური ხასიათის მელოდიები. ასეთია მომხიბვლელი „სოლვეიგის სიმღერაც“ – სიუიტის დასკვნითი აკორდი, რომლის დამახასიათებელი მელოდიური საქცევები კომპოზიტორისთვის სამშობლოს სიყვარულის გამოხატვის საშუალება იყო. „ „სოლვეიგის სიმღერა“ ჩემს სიმღერებს შორის ალბათ ერთადერთია, სადაც ხალხური მელოდიის პირდაპირი მიბაძვა შეიძლება დავინახოთ“, – წერდა გრიგი.

სოლვეიგი მღერის განშორებაზე, სიყვარულსა და მარტოობაზე, დროზე, სწრაფად რომ გადის, მაგრამ შეხვედრას არ აახლოებს. მის სიმღერაში გრძნობათა მთელი გამაა გამოხატული: იმედს იმედგაცრუება ცვლის, თავდაჯერებას – ეჭვი. მხოლოდ სიყვარული რჩება უცვლელი.

ეს სევდიანი და ნაზი სიმღერა ერთმანეთის მიმართ კონტრასტული ორი ნაწილისგან შედგება: წამოწყებისა და მისამღერისგან. სიმღერის წამოწყება მშვიდია და თხრობითი. მასში გამოხატულია მწუხარება, ბედის მორჩილება და რწმენა. მისამღერი ნატიფ და მსუბუქ ცეკვას ჰგავს. სოლვეიგისთვის ის იმედის მუსიკაა.

გრიგისთვის განსაკუთრებით ძვირფასი იყო ერთგული, მოსიყვარულე სოლვეიგის სახე, ამიტომ „სოლვეიგის სიმღერა“ მთელ პარტიტურას ლაიტმოტივად გასდევს. ნორვეგიული ხალხური სულით გაჟღენთილი ეს წმინდა და უმანკო მუსიკა გრიგის საუკეთესო ქმნილებათა რიცხვს მიეკუთვნება.

„პერ გიუნტმა“ უკვდავყო, ერთი მხრივ, გრიგის როგორც კომპოზიტორის სახელი, მეორე მხრივ კი იბსენისა როგორც დიდი დრამატურგისა.

„პერ გიუნტის“ მდიდარი სახეები, მაღალი მხატვრული ღირსებები გრიგის სიუიტას თეატრალური მუსიკის ისეთ თვალსაჩინო ნიმუშთა გვერდით აყენებს, როგორებიცაა ბეთჰოვენის „ეგმონტი“ (გოეთეს პიესისთვის), მენდელსონის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (შექსპირის პიესისთვის), ბიზეს „არლელი ქალი“ (დოდეს პიესისთვის).

კითხვები მოსწავლეებისთვის

  1. რა როლს ასრულებს მუსიკა თეატრში?

მაგალითად: იშვიათია დრამატული სპექტაკლი მუსიკის გარეშე. ის შესაძლოა იყოს ინსტრუმენტული, ვოკალური ან საცეკვაო, როგორც მოქმედების შემავსებელი (პერსონაჟი თავად უკრავს რომელიმე საკრავზე, მღერის ან ცეკვავს). ფსიქოლოგიური ფონის შექმნით მუსიკა მაყურებელს პიესის იდეისა და მოქმედი გმირების ხასიათის გახსნაში ეხმარება.

 

  1. რომელ მუსიკალურ ჟანრებს იყენებს გმირების დასახასიათებლად კომპოზიტორი?

(ქონდრისკაცებთან – მარშს, ანიტრასთან – ცეკვას, ხოლო სოლვეიგთან – სიმღერას).

  1. თეატრალური მუსიკის რომელი ჟანრებია თქვენთვის ცნობილი?
  2. რა არის სიუიტა?
  3. რას ნიშნავს „pastorale“?
  4. „სოლვეიგის სიმღერაში“ რა კონტრასტს ქმნის ერთმანეთთან წამოწყება და მისამღერი?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი