პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მივცეთ მოსწავლეს აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება

,,მოსწავლემ რა იცის“, ,,მოსწავლემ როგორ უნდა შემაფასოს“, ,,მოვითხოვ მოსწავლის შეფასება ობიექტური იყოს!“ ,,ვინ მისცათ მაგათ კრიტიკის უფლება?“ ,,რას მიპროტესტებს ეგ?“ ,,გამირკვიე ერთი, რომელს არ მოვწონვარ.“

გეცნობათ? არა? კარგია თუ არ გეცნობათ, რადგან თუ მოსწავლის აზრს შეზღუდავთ, შეზღუდავთ მის მომავალს.

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია სიტყვისა და აზრის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის და აზრის გამო. ამ უფლებაში ჩარევა აკრძალულია, თუ მისი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს. ყველა მოსწავლეს აქვს უფლება თავისი მოსაზრება გადმოსცეს სიტყვებით, დაწეროს ან, მაგალითად, დახატოს და შემდეგ გაავრცელოს.

მოსწავლეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით მოიძიოს, მიიღოს, შექმნას, შეინახოს, დაამუშაოს და გაავრცელოს ნებისმიერი ინფორმაცია და იდეა; აგრეთვე გამოიყენოს სკოლის რესურსები ინფორმაციის მოსაძიებლად, მისაღებად, შესაქმნელად, შესანახად, დასამუშავებლად და გასავრცელებლად.

მასწავლებელი ვალდებულია დაიცვას მოსწავლის გამოხატვის თავისუფლება, ვალდებულია ხელი შეუწყოს მოსწავლეს აზრის თავისუფლად გამოხატვასა და გავრცელებაში. მოსწავლეს ყოველთვის უნდა შეეძლოს აზრის გამოხატვა, მათ შორის, კრიტიკული აზრის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს კრიტიკული აზრი კონკრეტულ გაკვეთილს, მასწავლებელს ან მთლიანად სკოლას ეხება. რაც არ უნდა მტკივნეული ან მიუღებელი უნდა იყოს თქვენთვის მოსწავლის კრიტიკული აზრი, მას უნდა მივცეთ მისი თავისუფლად გამოთქმის უფლება. სკოლის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულებაც ხომ ეს არის – დაეხმაროს მოსწავლეს უფლებების რეალიზებაში.

თუ მოსწავლეს მასწავლებელი ხელს უშლის აზრის თავისუფლად გამოხატვაში ან სკოლა მოსწავლეს თავს ახვევს მხოლოდ მისთვის მისაღებ მოსაზრებებს, ის ეწევა პოლიტიკურ ან რელიგიურ ინდოქტრინაციას. ამით უხეშად არღვევს კანონს.

თუმცა აზრის გამოხატვის თავისუფლებასაც აქვს რაღაც ზღვარი:

– თუ მოსწავლე გაკვეთილის მსვლელობის დროს გამოთქვამს აზრს, რომელიც კავშირში არ არის გაკვეთილის შინაარსთან, მასწავლებელი უფლებამოსილია გაკვეთილის მსვლელობის დროს მოსწავლეს აუკრძალოს ასეთი აზრის გამოხატვა;

– თუ მოსწავლე აზრის გამოხატვით შეურაცხყოფას აყენებს მეორე მოსწავლეს ან მასწავლებელს, მასწავლებელი უფლებამოსილია მოსწავლეს არ მისცეს ასეთი აზრის გამოხატვის უფლება;

– მოსწავლეს არ აქვს უფლება სკოლაში ეწეოდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის აგიტაციას.

მოსწავლემ აზრი შესაძლოა გამოხატოს პლაკატებით, სპეციალური ნიშნებით, სიმბოლოებით, ნებისმიერი დასაშვები საშუალებით. მასწავლებელი და სკოლის ადმინისტრაცია კი ვალდებულია სკოლაში ასეთი საშუალებები დაუშვას.

აკრძალულია:

  • კომერციული ან პოლიტიკური რეკლამა;
  • რასისტული ან დისკრიმინაციული გამონათქვამები;
  • ისეთი გამონათქვამები, რომელთა მიზანია სასკოლო მშვიდობის დარღვევა, განათლებისა და აღზრდის სასკოლო ვალდებულების ხელშეშლა, სხვა პირის უფლებების შელახვა, ტოლერანტულობის, შემწყნარებლობის იდეის დანერგვის ხელშეშლა;
  • სკოლის ქონების დაზიანება, სასწავლო ტექნიკის დამტვრევა.

მოსწავლეს აქვს უფლება გამოსცეს სასკოლო გაზეთი და გაავრცელოს სკოლის ტერიტორიაზე. ცენზურა დაუშვებელია. არავის აქვს უფლება შეზღუდოს სასკოლო გამოცემათა სარედაქციო დამოუკიდებლობა. სასკოლო ბიბლიოთეკაში წიგნების ცენზურაც აკრძალულია. თუმცა ეს ნორმა არ ზღუდავს სკოლას, დააწესოს არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვები, რათა უზრუნველყოს არასრულწლოვანთა დაცვა ასაკის შეუსაბამო ლიტერატურის მავნე ზეგავლენისაგან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი