სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

გენიოსი კლასში

ანა, მესამეკლასელი გიოს დედა: მიუხედავად იმისა, რომ გიო ჰიპერაქტიული არაა, მისი დიაგნოზის გამო (ბავშვთა აუტიზმი) ორი წლის განმავლობაში მასწავლებელს მასთან ურთიერთობის ეშინოდა. წუთით არ იტოვებდა მოსწავლეს კლასში სპეცპედაგოგის გარეშე. ახლა შედარებით უფრო ჩართო საგაკვეთილო პროცესში და მისი უნარებიც დაინახა. ყველა ბავშვს, არათუ სპეციალური საჭიროების მქონეს, შექება და წახალისება სჭირდება. ისინი ამას მოელიან მასწავლებლისგან, მაგრამ სამწუხაროდ ეს ნაბიჯი არ ჩანს (სავარაუდოდ უცოდინრობის გამო). მცირე პრობლემები სპეცპედაგოგებთანაც გვაქვს, თუმცა ეს უმნიშვნელოა სხვადასხვა საგნის მასწავლებლების ფონზე, რომელთაც ვფიქრობ დამატებითი მომზადება უნდა გაიარონ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან სწორი ურთიერთობის დასამყარებლად.

ეკა, პირველკლასელი ლუკას დედა: პრესტიჟულ საჯარო სკოლაში მოვხვდით, თუმცა იმდენი შენიშვნა დამიგროვდა, უკვე ვფიქრობ მომავალი წლიდან ბავშვის კერძო სკოლაში გადაყვანაზე. შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ლუკას მერხი კლასში განცალკევებით დგას, კუნძულივით. მასწავლებლის პასუხი ჩემს აღშფოთებაზე იყო, რომ ის გაკვეთილზე ხელს უშლის. გამოდის, რომ ლუკა ფორმალურად არის ამ კლასის მოსწავლე და თუ ნახევარი საათით სპეცპედაგოგი არ შეყვება ორ გაკვეთილზე (არადა გაკვეთილი სულ ხუთია), ის სრულიად გარიყულია. სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე ფოტოები, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ კლასი ხშირად დადის თეატრში, ექსკურსიებზე, მართავს ღონისძიებებს და ჩვენ საქმის კურსში არავინ გვაყენებს. თითქოს ლუკა, კლასის სრულუფლებიანი წევრი, საერთოდ არ არსებობს!

 

თამუნა, მეორეკლასელი ნიკუშას დედა: აუტიზმის მქონე მოსწავლეთა ნაწილი ძირითად დროს ე. წ. „ინტეგრირებულ კლასში“ ატარებს. ეს რესურს ოთახი კეთილმოწყობილია, არის ტელევიზორი, აიპადი და სხვა დამხმარე სასწავლო მასალა, რომლებსაც ჩვენი შვილები ეჯაჭვებიან. ეს კი ინკლუზიურ მოდელს ეწინააღმდეგება. ეს ოთახი ჩემი აზრით გასაუქმებელია ან უნდა გამოიყენებოდეს უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც მაგალითად აუტიზმის მქონე ბავშვი ტანტრუმს აწყობს და გაკვეთილი ჩაშლის პირასაა. შესაძლოა სსსმ მოსწავლეს შესწევდეს უნარი გაკვეთილს სრულად ან მის 75%-ს ესწრებოდეს, მაგრამ პედაგოგები მაინც ითხოვენ, რომ მათ 15 წუთში დატოვონ კლასი. ძალიან ცუდი პრაქტიკაა ასევე ის, რომ გაკვეთილებს შორის დასვენების დროს სსსმ მოსწავლეები მასწავლებლებს რესურს ოთახში შეჰყავთ ნაცვლად იმისა, რომ მათ თანაკლასელებთან ერთად ითამაშონ. როგორც ჩანს, მათი გამოჩენა არ სურთ ასევე მაშინაც, როცა გაკვეთილს ვინმე ესწრება, რადგან ამ დროსაც სსსმ მოსწავლე რესურს ოთახში ატარებს.

მშობლების აზრით, თითოეულ სსსმ მოსწავლეს ინდივიდუალური დამხმარე სჭირდება. სამინისტროს თქმით, სახელმწიფოს ამის არც ფინანსური და არც პროფესიული რესურსი არ გააჩნია. ასეთ შემთხვევაში გამოსავალი ალბათ მოხალისეებში უნდა ვეძებოთ. მაგალითისთვის, არსებობს სკოლა, სადაც 12 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სწავლობს. მათთან კი მხოლოდ ერთი სპეცპედაგოგი მუშაობს, როდესაც სტანდარტით 3 სსსმ მოსწავლეზე ერთი სპეცპედაგოგი უნდა იყოს გამოყოფილი. მას ძირითადად დასვენებაზე მშობლები ეხმარებიან.

სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების მასწავლებელთა ხელფასი მიზერულია. პედაგოგებისათვის ხელფასების ზრდა, როგორც წესი, მათ არ ეხებათ. ასეთ დროს, დამეთანხმებით, ძნელია შეინარჩუნო მოტივაცია.

სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური პროგრამების შემუშავებაში პედაგოგები იშვიათად თუ მონაწილეობენ. ეს საქმე გადაბარებულია მხოლოდ სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთა მასწავლებელსა და მშობელზე. პედაგოგებისგან გაიგონებთ ასეთ ფრაზასაც: „ეს ჩემი მოსწავლე არაა, „სპეც“-ის (იგულისხმება სპეციალური საჭირობის მქონე მოსწავლეთა მასწავლებელი) ბავშვია“. გამოდის, რომ ისინი ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიან კლასის სრულუფლებიან წევრებზე, მეტიც: ხშირად სიის ამოკითხვის დროსაც კი არ ასახელებენ ამ მოსწავლეთა გვარებს, რაც აშკარად დისკრიმინაციული მოპყრობაა. არგუმენტი ასეთია: „მეგონა, ლაპარაკი არ იცოდა“.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ გვხვდება საპირისპირო შემთხვევებიც, როდესაც სპეცპედაგოგების მიერ შედგენილი გეგმები არაა ინდივიდუალური და კონკრეტულ ბავშვებზე მორგებული, არამედ ყველა სსსმ მოსწავლისათვის თითქმის იდენტურია. მოსწავლის წინსვლა კი ასეთ დროს დამოკიდებულია ხოლმე კრეატიულ, მაგალითად ქართულის ან მათემატიკის, მასწავლებელზე, რომელიც, მას შემდეგ, რაც გაეცნობა სსსმ მოსწავლის ინტერესთა არეალს, ითვალისწინებს მის თავისებურებებს და აქტიურად რთავს საგაკვეთილო პროცესსა და სხვადასხვა ღონისძიებაში, კონტაქტი აქვს მშობელთან და ა. შ. მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართული ყველა რგოლი გამართული, კვალიფიციური და მოტივირებული არაა. კარგი შედეგისთვის კი (სსსმ მოსწავლის სოციალიზაცია და ადეკვატური განათლება) საჭიროა თითოეულის – საგნის მასწავლებელი, სპეცპედაგოგი, ფსიქოლოგი, მშობელი – თანმიმდევრული მუშაობა.

სსსმ მოსწავლეთა მიმართ პედაგოგების გაუცნობიერებელი შიში დაიძლევა ქმედითი ტრეინინგებით, არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნითაც. ამ ეტაპზე, როდესაც ტრეინინგ მოდული არაა სავალდებულო, რაოდენობრივად ძალიან ცოტა მასწავლებელია გადამზადებული სსსმ მოსწავლეთა სწავლებისათვის. ხოლო ისინიც, ვისაც ეს ორკვირიანი კურსი უკვე გავლილი აქვს, როგორც ზევით აღვნიშნეთ, მხოლოდ ფორმალურად მონაწილეობს მოსწავლეთა ინდივიდუალურ (მოკლე და ერთწლიან) გეგმების შედგენაში და მის ყოველდღიურ გამოკითხვას, დავალებისა თუ საკონტროლო წერის სსსმ მოსწავლისათვის ცალკე მომზადებას გაურბის და სპეცპედაგოგსაა მინდობილი.

ბევრი გენიოსის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ სკოლა დაატოვებინეს სხვადასხვა მიზეზის გამო – დისლექსია, გაფანტულობა, უდისციპლინობა, ჰიპერაქტიურობა. საუკუნის წინ თუნდაც აუტიზმის დიაგნოზის დასმა არ ხდებოდა. სხვადასხვა კვლევის მიხედვით ვვარაუდობთ, რომ ამა თუ იმ მეცნიერს, საზოგადო თუ პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელთაც მსოფლიო შეცვალეს, სწორედ აუტიზმი ჰქონდათ.

ძვირფასო მასწავლებლებო, იქნებ ღირდეს დაფიქრება, საქართველოში რეგისტრირებული 5000-მდე სსსმ მოსწავლიდან თუნდაც ერთი შესაძლოა მომავალი გენიოსი იყოს და სწორი განვითარებისათვის თქვენი ხელშეწყობა სჭირდებოდეს. ალბათ მას უჭირს თქვენს გაკვეთილზე წყნარად ჯდომა, გიქმნით პრობლემებს, დისკომფორტს, მაგრამ მიეცით შანსი, ნუ გარიყავთ კლასიდან, უპოვეთ გასაღები, დაუმეგობრდით, როგორც სხვა მოსწავლეებთან ურთიერთობის შემთხვევაში იქცევით ხოლმე, და წლების შემდეგ იამაყებთ, რომ გენიოსი – გამომგონებელი, მუსიკოსი, მწერალი, მეცნიერი თუ მხატვარი, ერთ დროს თქვენი მოსწავლე იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი