პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სადამრიგებლო საათი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის

სადამრიგებლო საათისთვის ესგ-ით განსაზღვრული მიზნების ჩამონათვალში შედის კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაც, ხოლო ერთ-ერთ შინაარსობლივ მიმართულებად დასახულია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. დამრიგებელმა საქმიანობის დაგეგმვის დროს უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები ზოგადად, კონკრეტული კლასის მახასიათებლები, მოსწავლეთა წინარე ცოდნა და ისე დაგეგმოს აქტივობები, რომ ისინი მიმართული იყოს კონკრეტული შედეგის (მოკლევადიანი მიზნის) მიღწევისკენ, რომელიც იქცევა ნაბიჯად გრძელვადიანი მიზნის მიღწევის გზაზე.

წერილის თემად შევარჩიეთ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მისი ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა – სოციალური დაავადებები, კერძოდ, თამბაქოს მოხმარება.

იმ ასაკში, რომელსაც მიეკუთვნებიან მერვეკლასელები, უკვე იწყება თვითიდენტიფიცირების არცთუ უმტკივნეულო პროცესი და სწორედ „ზრდასრული მესკენ“ სწრაფვაში, საკუთარი ზრდასრულობის მტკიცების არგუმენტად, მოზარდები იწყებენ თამბაქოს წევას. ამ დროს არ არის გამორიცხული, ერთი მხრივ, ერთმანეთის წაქეზება და, მეორე მხრივ, ერთმანეთის მიბაძვა.

დამრიგებლის მიზანია, მოსწავლეებს განუვითარდეთ კრიტიკული და ანალიტიკური მიდგომა ამ საკითხის მიმართ. მაგრამ ეს აზროვნებითი პროცესია და მისი წარმართვისთვის აუცილებელია ინფორმაცია. წარმოიშობა საჭიროება, მოსწავლეებმა მიიღონ/მოიპოვონ ინფორმაცია თამბაქოს მოხმარების მავნე შედეგების შესახებ, ჩაატარონ კვლევა, გამოიყენონ სტატისტიკა, ერთმანეთს შეადარონ ნიკოტინის მომხმარებლისა და არამომხმარებლის მახასიათებლები და არგუმენტების მოშველიებით იმსჯელონ ამ სოციალური დაავადების პრევენციის გზებზე.

მიზნის მისაღწევად შევარჩიოთ პროექტული მეთოდი, რადგან ის, იდეის წარმოშობისა თუ დაგეგმვის ეტაპებით დაწყებული, განხორციელებისა და შეფასების ეტაპებით დამთავრებული, მოიცავს შესაძლებლობას, მოსწავლეებს განუვითარდეთ აზროვნების ექვსივე დონე, რომლებიც ბლუმის ცნობილ ტაქსონომიაშია მოცემული. ცხადია, ერთი სადამრიგებლო საათი ამ მიზნის მისაღწევად საკმარისი არ იქნება და ჩვენ შეგვიძლია დავგეგმოთ საშუალოვადიანი პროექტი, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვან ღია და ფარულ შედეგებამდე მიგვიყვანს.

პირველი სადამრიგებლო საათის თემად ავირჩიოთ პროექტი როგორც მეთოდი და როგორც აქტივობა, მისი არსი და მომზადებისა და განხორციელების ეტაპები. ეს აამაღლებს საკლასო აქტივობაში მოსწავლეთა გააზრებული მონაწილეობის ხარისხს.

საწყისი ცოდნის (რომელიც წინა კლასებში უკვე უნდა იყოს ფორმულირებული) გამოსავლენად მივმართოთ გონებრივ იერიშს დამხმარე კითხვებით:

  • რა არის პროექტი?
  • ვინ არიან პროექტის ავტორები და მონაწილეები?
  • გავიხსენოთ პროექტის მომზადების ეტაპები.
  • რა ნაწილებისგან შედგება მომზადებული პროექტი?
  • როგორ გამოვკვეთოთ პრობლემა? მიზანი?
  • როგორ ავირჩიოთ მიზნის მიღწევის გზები?
  • როგორ გავინაწილოთ პასუხისმგებლობა?
  • განვსაზღვროთ და მოვიძიოთ რესურსები.
  • როგორ შევაფასოთ ჩვენი პროექტი?
  • რა ტიპის პროექტები იცით/გაგიგონიათ/ განგიხორციელებიათ?
  • ვინ შეიძლება იყოს პროექტის მხარდამჭერი, დონორი?

ამ კითხვების პასუხებს, რომლებსაც გონებრივი იერიშის საშუალებით ვკრებთ, გადავიტანთ დაფაზე ან დიდ ფურცელზე რამდენიმე გონებრივი რუკის სახით.

უკუკავშირით პასუხებს ვაზუსტებთ ან ვახდენთ მათ კორექტირებას, რომ მოსწავლეებს უფრო მკაფიო წარმოდგენა შეექმნეთ პროექტის რაობასა და მასზე მუშაობის წესებზე. უმჯობესია, ამისთვის მომზადებული გვქონდეს მინილექცია თვალსაჩინოებითურთ.

ამ ცოდნას სტრუქტურირებული ხასიათი რომ მიეცეს და უკეთ მოხდეს ძველი და ახალი ცოდნის გამთლიანება, კლასს ვყოფთ 4 ჯგუფად, ვაძლევთ 15 წუთს, რათა მოამზადონ პრეზენტაცია 4 სხვადასხვა თემაზე: „პროექტის მომზადების ეტაპები“, „პროექტის პრობლემის გამოკვეთა და მიზნის ფორმულირება“, „სამოქმედო გეგმის შედგენა“, „პროექტის შეფასება-პრეზენტაცია“. ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს და ჩვენ და მსმენელები უკუკავშირის ფორმით ვაზუსტებთ მის შედეგებს.

ამ ეტაპზე უკვე ვაჯამებთ სადამრიგებლო საათს და ვაძლევთ საშინაო დავალებას: თითოეულმა მათგანმა გამოკითხოს ორი თანატოლი ანონიმური ინტერვიუს ფორმით და პასუხები შემდეგ სადამრიგებლო საათზე წარმოადგინოს.

კითხვები ინტერვიუსთვის:

  1. რა უარყოფითი შედეგები მოსდევს ნიკოტინის მოხმარებას?
  2. თქვენი აზრით, რატომ ეწევიან მოზარდები თამბაქოს?
  3. როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ნიკოტინის მოხმარება მოზარდებთან?

შეიძლება, გამოვიყენოთ არჩევითპასუხებიანი ტესტი იმავე კითხვებით. ამ შემთხვევაში უმჯობესია, გავზარდოთ გამოკითხულთა რაოდენობა, ვთქვათ, თითომ გამოკითხოს 3-5 თანატოლი. (დანართი 1)

საშინაო დავალებასთან ერთად მოსწავლეებს ვთხოვთ, იფიქრონ მომავალ პროექტზე, რომელზე მუშაობაც მათ უახლოეს სადამრიგებლო საათებზე მოუწევთ და აქვე ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ პროექტში ჩართული უნდა იყოს კლასის უკლებლივ ყველა მოსწავლე, რადგან პროექტში ყველას შეუძლია იპოვოს თავისის ინტერესების შესატყვისი საქმე.

შემდეგი სადამრიგებლო საათი გამოკითხვის შედეგების შეჯამება-ანალიზსა და პროექტის სამოქმედო გეგმის შედგენას ეთმობა.

სამოქმედო გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება ყველამ უნდა შეძლოს. უმჯობესია, დამრიგებელი მხოლოდ გეზის მიმცემად, დამკვირვებლად დარჩეს.

სამოქმედო გეგმის აქტივობებს მხოლოდ მაგალითისათვის ჩამოვთვლით, თორემ ყველა კლასში ორიგინალური და მათთვის საინტერესო გეგმა ჩამოყალიბდება.

მაგალითად:

  1. შეხვედრა-სემინარი სკოლის ან ოჯახის ექიმთან
  2. თემატური ფილმის ან ვიდეოსიუჟეტის ნახვა და დისკუსია
  3. მოსწავლეების მიერ მასალების მოძიება და პრეზენტაცია (საინტერესო იქნება ერთ–ერთმა მოამზადოს პრეზენტაცია თემაზე „მწეველის ბუღალტერია“, სადაც თვალსაჩინოდ იქნება ასახული, რამდენს ხარჯავს მწეველი საკუთარი ჯანმრთელობის საზიანოდ, მერე კი – შერყეული ჯანმრთელობის აღსადგენად და რამდენი სასიკეთო საქმისთვის შეეძლო გამოეყენებინა ეს თანხა)
  4. ანტინიკოტინურ თემაზე შექმნილი ესეების, ნახატებისა და პლაკატების გამოფენა-კონკურსი
  5. საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება და გავრცელება სკოლაში, თემში
  6. სპორტული მარათონის ან ტურნირის მოწყობა
  7. შეხვედრა საინტერესო ადამიანთან, პოპულარულ სპორტსმენთან
  8. კედლის გაზეთის მომზადება
  9. პროექტის პრეზენტაცია

თითოეული მათგანისთვის განისაზღვრება პასუხისმგებელი პირი/პირები, ვადები და რესურსები. სასურველია, პროექტში მონაწილეობა მიიღონ მშობლებმა (გამოფენა-კონკურსის ჟიურის წევრობა, პრეზენტაციაზე დასწრება, გამოცდილების გაზიარება), რადგან პრობლემის „მოზარდი და თამბაქო“ სათავე ხშირად სწორედ ოჯახია.

ეს აქტივობა მხოლოდ მაგალითად გამოგადგებათ. კონკრეტული საჭიროებების, კლასის ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით, შეიძლება დაგეგმოთ პროექტი, რომელიც თქვენი კლასის ინტერესებს გაამთლიანებს.

 

დანართი 1

  1. რა უარყოფითი შედეგები მოსდევს ნიკოტინის მოხმარებას?

ა) არვითარი

ბ) იწვევს სიმსივნურ დაავადებებს

 გ) ხელს უშლის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას

დ) თქვენი ვარიანტი

  1. თქვენი აზრით, რატომ ეწევიან მოზარდები თამბაქოს?

ა) მშობლების, ცნობილი სახეების მიბაძვით

ბ) თანატოლთა წაქეზებით

გ) თავდაჯერებისთვის

დ) თქვენი ვარიანტი

  1. როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან მოზარდებში ნიკოტინის მოხმარება?

ა) მკაცრი სასჯელებით

ბ) ცნობიერების ამაღლებით

გ) მშობლებისა და ცნობადი სახეების დადებითი გამოცდილების გაცნობით

დ) თქვენი ვარიანტი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი