ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ერთი ბრიტანული სკოლის უჩვეულო ისტორიიდან

 

რა მოხდება მაშინ, თუკი მოსწავლე თავად აირჩევს – გაკვეთილზე შევიდეს თუ სკოლის ეზოში დარჩეს სათამაშოდ? დაირღვევა თუ არა ამით აღზრდის წესები და რა შედეგს მოიტანს განათლების სისტემა, რომელიც მასწავლებლისა და მოსწავლის თანაბარუფლებიანობას ეფუძნება? 1921 წლიდან მოქმედი  ბრიტანული სკოლა „Summerhill“ დემოკრატიის საუკეთესო მაგალითია. სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ერთად გეგმავენ სწავლების პროცესს. ბავშვები თვითონ ირჩევენ იმ  საგნებს, რასაც ისწავლიან. „Summerhill“-ში მოსწავლის მოსაზრება ისეთივე წონიანია, როგორც სკოლის ადმინისტრაციის.

ეს უძველესი სკოლა ინგლისის დასავლეთით, ქალაქ ლეისტონში მდებარეობს. სკოლის დამაარსებელი დრეზდენში მცხოვრები შოტლანდიელი პედაგოგი ალექსანდრე ნილია. 1932 წელს ალექსანდრე ნილი ინგლისში ბრუნდება და პატარა ქალაქ ლაიმ-რიჯში სახლდება. აქ სულ ხუთი მოწაფე ჰყავს. სკოლას არავინ აფინანსებს და ნილი იძულებულია საშუალო და შეძლებული ოჯახის შვილებს ასწავლოს. რამდენიმე წლის მერე ბავშვების რაოდენობა 27-მდე იზრდება. 1927 წელს ნილი სკოლას ლეისტონში ხსნის.

„ბავშვის ამოცანაა თავად აირჩიოს როგორ იცხოვრებს, ამ გადაწყვეტილებასთან კი რა ხელი აქვთ მზრუნველ მშობლებს და პედაგოგებს, რომლებსაც ჰგონიათ თითქოს ყველაფერი იციან? – წერს ნილი თავის წიგნში „Summerhill“ – აღზრდა თავისუფლებით“. – უფროსების ჩარევა ბავშვის ცხოვრებაში მას ჩვეულებრივ რობოტად აქცევს“.

ნილის მშობლები მასწავლებლები იყვნენ. 15 წლის ასაკიდან ალექსანდრე მამის ასისტენტის როლს ასრულებდა. შოტლანდიურ სკოლებში მიღებულმა გამოცდილებამ დაანახა, რომ მკაცრი დისციპლინა ბავშვის ემოციურ მხარეს აზიანებდა და აგრესიამდე მიჰყავდა. იმ დროისათვის ბავშვის ფიზიკური დასჯა აღზრდის მთავარ ინსტრუმენტად მიიჩნეოდა როგორც სახლში, ისე სკოლაში. ნილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ძალადობრივ მეთოდებს. აცხადებდა, რომ ბავშვი კი არ უნდა მოერგოს სკოლის საჭიროებებს, არამედ სკოლა ბავშვისას.

ნილის სკოლაში რთული კატეგორიის ბავშვები ხვდებოდნენ. მშობლებმა არ იცოდნენ, როგორ აღეზარდათ ასეთი შვილები. ისიც ცდილობდა იმ დროისათვის პოპულარული ფსიქოანალიზის გამოყენებით გამოესწორებინა ბავშვის ქცევა, მაგრამ დროთა განმავლობაში შეამჩნია, რომ ამ ყველაფერს არა სიმკაცრე, არამედ თავისუფლება „კურნავდა“. „Summerhill“ იქცა სკოლად, სადაც ბავშვებისთვის ყველაფერი ნებადართული იყო. ბავშვს უფლება ჰქონდა აერჩია რას ჩაიცვამდა, როგორ გაატარებდა დროს. ნილი თავს არ ახვევდა საყოველთაო ქცევის წესებსა და მორალს. ამის გამო სკოლა არასოდეს თანამშრომლობდა რელიგიურ ორგანიზაციებთან.

„Summerhill“-ის მოსწავლე დღესაც თვითონ ირჩევს რით დაკავდება დღის განმავლობაში. გაკვეთილების განრიგი მხოლოდ მასწავლებლებისთვისაა სავალდებულო და თუ ბავშვმა მოისურვა მეცადინეობის ნაცვლად ეზოში გართობა, არჩევანს არავინ დაუწუნებს. ერთადერთი მოსალოდნელი უსიამოვნება შეიძლება ის იყოს, რომ თუ რეგულარულად გააცდენს გაკვეთილებს, სხვების სწავლას შეაფერხებს.

ნილის ნოვატორულმა იდეებმა ბევრი მშობლის აღშფოთება გამოიწვია. მათ ეგონათ, რომ ბავშვები სწავლას არასოდეს მოინდომებდნენ, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა – ბავშვები სწრაფადვე ხვდებოდნენ, რომ მეცადინეობა აუცილებელია. ყველაზე მეტად ნილს სხვა სკოლებიდან გადმოსულ მოსწავლეებთან ურთულდებოდა მუშაობა. ისინი სწავლას სამი თვის მერე უბრუნდებოდნენ. ყველაზე ზარმაცი კი მონასტრის სკოლიდან გადმოსული გოგონა აღმოჩნდა. ის გაკვეთილებს სამი წლის განმავლობაში აცდენდა.

„Summerhill“-ში 5-დან 17 წლის ასაკის მოსწავლეები სწავლობენ. უმცროსი ბავშვები ორ ასაკობრივ ჯგუფად იყოფიან: „კლასი 1“ – 5-9 წლისანი და „კლასი 2“ – 10-12 წლისანი. ყოველი სემესტრის დასაწყისში მათ გაკვეთილების ცარიელ ცხრილს აძლევენ. გრაფებში თვითონ უნდა ჩაწერონ, რომელი საგნების სწავლა სურთ. სწორედ ამ ჩამონათვალიდან გამომდინარე იგეგმება მასწავლებლის ცხრილი.

ოფიციალური საგნების სიაში შედის საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა, ლიტერატურა, ენები (ინგლისური, გერმანული, ესპანური, იტალიური და ჩინური), ისტორია, გეოგრაფია, ინფორმატიკა, ხეზე მუშაობა, სამსახიობო ხელოვნება, ვოკალი და ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობა. 10 წლიდან ბავშვებს საშუალება აქვთ საკუთარი ძალები მოსინჯონ სხვადასხვა სფეროში: ბაღის გაშენება-მოვლა, მაკრამე, ფოკუსებისა და კომპიუტერული სტრატეგიების სწავლება. სკოლის ტერიტორიაზე ღია აუზია, სათამაშო მოედანი, ჩოგბურთის კორტები, თეატრი, ფოტოლაბორატორია და სხვა საქმიანობისთვის განკუთვნილი ადგილები.

ნილი წერდა, რომ წიგნი განათლების პროცესში ერთ-ერთი მთავარი იარაღი იყო. მისი აზრით, ბავშვისთვის საკმარისი იყო კითხვის, წერისა და არითმეტიკის ბაზისური ცოდნა, დანარჩენს კი ის ხატვის, ძერწვის, სპორტული თამაშებისა და თანატოლებთან ურთიერთობის გზით ისწავლიდა. შოტლანდიელი პედაგოგი ამბობდა, რომ თუ ბავშვი რიცხვების გაყოფით დაინტერესდებოდა, მაინც ისწავლიდა – სკოლაში ან სკოლის გარეთ.

„სასწავლო გეგმა, რომელიც მომავალ თერძს აიძულებს კვადრატული განტოლებებით ან ბიოლის კანონით გამოიტენოს თავი, აბსურდულია. ბავშვი, რომელსაც, მაგალითად, 15 წლამდე არ სურს კითხვის სწავლა, ყოველთვის ტექნიკური საგნებისკენაა მიდრეკილი და მისგან კარგი ინჟინერი გამოდის“.

რადგან გაკვეთილები განათლების აპრიორ ელემენტად არ მიიჩნეოდა, ნილი მასწავლებლებსაც მარტივად ირჩევდა. „თუ მასწავლებლები იზიარებდნენ ამ სკოლის ფილოსოფიას, შესანიშნავად ასწავლიდნენ ბავშვებს. ძალიან დაბალ ხელფასს კი იღებდნენ… მასწავლებლები, რომლებიც აქ სამუშაოდ მოდიოდნენ, უჩვეულო სკოლის შესახებ გვიან იგებდნენ, მაგრამ სამუშაოს აღარ ტოვებდნენ“, – იხსენებს ნილის შვილიშვილი ანჯელა ნოისტეტერი.

სკოლაში ტრადიციისამებრ მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს სახელით მიმართავენ.

„ცხრა წლის ბავშვმა ფანჯარა რომ ჩატეხოს, მოვა და მეტყვის. ჩემი არ ეშინია, იცის, რომ მორალს არ წავუკითხავ, არ გავუბრაზდები. შეიძლება ჩატეხილი მინის საფასური გადაიხადოს, მაგრამ ნამდვილად არავინ დასჯის“, – წერს ნილი.

თავდაპირველად ჟურნალისტები სკოლას „რაც გინდა აკეთეს“ უწოდებდნენ. ეგონათ, რომ სკოლის ტერიტორიაზე ქაოსი და ანარქია სუფევდა. სინამდვილეში, სკოლა მუშაობდა და მუშაობს პრინციპით: „თავისუფლება და არა თავგასულობა“. სკოლაში ყველას შეუძლია იმ საქმით დაკავდეს, რაც მოსწონს. მთავარია, ხელი სხვას არ შეუშალოს. საერთო წესრიგს სკოლის კრება აკონტროლებს. კრებაზე, რომელიც ორ კვირაში ერთხელ ტარდება, მიმდინარე პრობლემებს განიხილავენ და კონფლიქტებს აგვარებენ. ნებისმიერ გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებენ. 5 წლის ბავშვის ხმას აქ ისეთივე ძალა აქვს, როგორც დირექტორის.

კრება ადგენს სკოლის ყველა შიდა წესს. წინასწარი შეთანხმებისამებრ, მოსწავლეები ჯარიმას იხდიან დღის ძილისთვის, გაკვეთილების პერიოდში – ტელევიზორის ყურებისთვის, გვიან დაძინებისთვის. ასევე, უსაფრთხოების მიზნით, იკრძალება სახურავზე ძრომიალი ან მაშველთა გარეშე ზღვაში შესვლა. ბევრი წესი მასწავლებლებზეც ვრცელდება. ჯარიმა შეიძლება იყოს როგორც ფულადი, ასევე ჩამორთმეული გემრიელი დესერტის სახით.

ადმინისტრაციული და სასამართლო ფუნქციის გარდა, საერთო კრება ეხმარება ბავშვს საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დაცვაში, უფროსებთან მოლაპარაკებებში. ასაკის მატებასთან ერთად, მოსწავლეები სულ უფრო ხშირად მონაწილეობენ თვითმმართველობაში და საკუთარ კანდიდატურებს წარადგენენ კრების თავმჯდომარის, ჯარიმების ამკრეფის ან ომბუდსმენის პოზიციაზე, მონაწილეობას იღებენ სკოლის კომიტეტის მუშაობაში.

არადა, თავდაპირველად ნილის კონცეფციამ კანონმორჩილ ბრიტანელებში დიდი ეჭვი დაბადა. მასმედიას დღესაც წამოსცდება ხოლმე, რომ „Summerhill“ ყველაზე სადავო აღზრდის სისტემის მქონე კერძო სკოლაა. 1992 წელს ტაბლოიდებმა სკანდალი ატეხეს ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმის გამო, სადაც ჩანდა, რომ მოსწავლეები და მასწავლებლები აუზში შიშვლად ცურავდნენ. „Summerhill“ კვლავ გაახსენდათ და მასზე მეთვალყურეობა გაამკაცრეს.

1999 წლის მარტში განათლების სტანდარტების სფეროს ინსპექტორებმა „Summerhill“-ში ვიზიტის შემდეგ სპეციალურ ანგარიშში მიუთითეს, რომ სკოლა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ბავშვებისთვის განათლებას და რომ მოსწავლე-მასწავლებლებს  უსაქმურობა პირად თავისუფლებაში ერევათ. სინამდვილეში კი სკოლაში არანაირი დარღვევა არ აღმოუჩენიათ. უბრალოდ, მავანთ უნიკალური განათლების კონცეფცია არ ასვენებდათ – როგორ უნდა მიაღწიო სკოლამ მაღალ სტანდარტებს, თუკი მოსწავლეს უფლება აქვს არაფერი აკეთოს?..

ნილის ქალიშვილი ზოუი რედჰედი სკოლას 1985 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ჩვეულია მასმედიისთან კამათს, მაგრამ განათლების სტანდარტების ინსპექტორთა უსაფუძვლო ბრალდებამ სკოლის იმიჯი შელახა და აიძულა, სასამართლოში სარჩელი შეეტანა. საქმის მოსმენის დროს სკოლის დასაცავად უამრავი ადამიანი,  სკოლადამთავრებული და დამოუკიდებელი ექსპერტი მოვიდა. 2000 წელს ბრიტანეთის განათლების მინისტრ დევიდ ბლანკეტმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ კომისიამ ცრუ შეფასება გაავრცელა და სკოლის ხელმძღვანელს შესთავაზა მშვიდობიანი გარიგება, სადაც ის აღიარებდა სკოლის კონცეფციას. მოსმენებზე მყოფმა სკოლის მოსწავლეებმა სკოლის საერთო კრება სასამართლო დარბაზშივე ჩაატარეს. „79 წლის შემდეგ ნილის კონცეფცია სახელმწიფომ აღიარა, მაშასადამე, აღიარა სავალდებულო გამოცდების ტირანია და ალტერნატიული სწავლება“, – განაცხადეს კრების წევრებმა.

ამჟამად „Summerhill“-ში 100 ადამიანი ირიცხება, საიდანაც 75 მოსწავლეა. მათი მესამედი ბრიტანელია, კიდევ მესამედი აზიის ქვეყნებიდან, დანარჩენი – ევროპიდან, აშშ-დან და ისრაელიდან. ამ სკოლის მსგავსი კონცეფცია მსოფლიოს რამდენიმე ათეულ სკოლაშია. „ეს სკოლა ცვლის ყველაფერს, რაც ვიცით ბავშვებსა და ბავშვობაზე. ცვლილება ბევრს აშინებს, რადგან ადამიანებს ჰგონიათ, რომ უფროსების თანდასწრებით ბავშვები უნდა დუმდნენ“, – ამბობს ნილის შთამომავალი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი