სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

მანანა სეხნიაშვილი-ვიშეგრადის ქვეყნები

„აზროვნების ექვსი ქუდი“ დისკუსიის მეთოდია, რომელიც კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. დიდი ხანია, ამ მეთოდს ვუტრიალებ. შესაბამისი მასალაც მოვძებნე, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ.

რატომ ვიშეგრადის ქვეყნები?

ტერმინი „ვიშეგრადის ჯგუფი“ აღნიშნავს ცენტრალური ევროპის ოთხი ქვეყნის: ჩეხეთის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის, – ალიანსს. ქვეყანათა თანამშრომლობის ამ ფორმის მიზანი რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და ევროინტეგრაციის პროცესების გაძლიერებაა. სუბრეგიონულმა თანამშრომლობამ, რომელსაც საფუძველი 1991 წლის 15 თებერვალს უნგრეთის ქალაქ ვიშეგრადში ჩაეყარა ჩეხოსოლოვაკიის პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის ინიციატივით, ევროკავშირთან ინტეგრაციის წარმატებული მაგალითი შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ ვიშეგრადის ჯგუფს არც მუშაობის ისეთი ჩამოყალიბებული სტრუქტურა გააჩნია, როგორიც სხვა რეგიონულ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს და არც მუდმივი სამდივნო და თანამშრომლები ჰყავს, ის ჯერ კიდევ 90-იან წლებში იქცა წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის სიმბოლოდ. ვიშეგრადის ქვეყნების ჯგუფში ერთადერთი ორგანიზაციული სტრუქტურაა 2000 წელს დაფუძნებული ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი (International Visegrad Fund), რომელიც მხარს უჭერს რეგიონის ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას კულტურასა და მეცნიერებაში, კვლევასა და განათლებაში, საზღვრისპირა კონტაქტებსა და ტურიზმში.

ვიშეგრადის ქვეყნების მსგავსად, ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია აღმოსავლეთ ევროპის მოსაზღვრე კიდევ ერთი რეგიონის – სამხრეთი კავკასიის ქვეყნებისთვისაც. როგორც ცნობილია, 2009 წლის 7 მაისს ევროკავშირმა აღმოსავლეთ ევროპის ექვს ქვეყანას: სომხეთს, საქართველოს, აზერბაიჯანს, ბელორუსს, მოლდავეთს, უკრაინას, – თანამშრომლობის ახალი ფორმა – აღმოსავლეთის პარტნიორობა (Eastern Partnership) შესთავაზა. აღმოსავლეთის პარტნიორობა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის ალტერნატივა კი არ არის, არამედ ხელს უწყობს პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირში უფრო ღრმა ინტეგრაციას და დახმარებას სთავაზობს მათ სოციალური და ეკონომიკური რეფორმების გატარებაში. ამ მხრივ ვიშეგრადის ქვეყნების თანამშრომლობის გამოცდილება და ევროკავშირთან ინტეგრაციის ცალკეული ასპექტები სამხრეთი კავკასიის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან მაგალითს წარმოადგენს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი მოსწავლეებისთვის ვიშეგრადის ქვეყნების თემა საინტერესო იქნება, განსაკუთრებით – თუ მათ დისკუსიისთვის მოვამზადებთ. გთავაზობთ სავარაუდო კითხვებს:

  1. რას ფიქრობთ მოცემულ ნარატივზე?
  2. რა პროცესებია ასახული ტექსტში?
  3. განიხილეთ ინტეგრაციის მიზნები და დააკავშირეთ კავკასიის რეგიონთან.
  4. გააანალიზეთ და შეაჯამეთ წარმატებული ევროპული ინტეგრაციის განმსაზღვრელი ფაქტორები.
  5. ვიშეგრადის ქვეყნებისა და ევროკავშირის თანამშრომლობის პრობლემური საკითხები.
  6. რამდენადაა გასათვალისწინებელი კავკასიის რეგიონისთვის ვიშეგრადის ალიანსის გამოცდილება?
  7. გამოიტანეთ დასკვნა.

ტექსტი:

ვიშეგრადის ჯგუფი შესაძლებელია განისაზღვროს როგორც საშინაო და საგარეო საკითხებში რეგიონული თანამშრომლობის მექანიზმი ცენტრალური ევროპის ოთხ ქვეყანას: უნგრეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთსა და პოლონეთს, – შორის. თანამშრომლობის ეს მექანიზმი შეიქმნა კომუნიზმის მემკვიდრეობის დასაძლევად და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების მხარდასაჭერად. ინტეგრაციის პროცესების დასაჩქარებლად არჩეულ იქნა რეგიონული თანამშრომლობის მექანიზმი, ვინაიდან ოთხივე ქვეყანას მეტ–ნაკლებად მსგავსი სასტარტო პირობები ჰქონდა. 1989 წლის მოვლენების შემდეგ, როცა ტოტალიტარული რეჟიმი დაინგრა, ჩეხოსლოვაკიის, პოლონეთისა და უნგრეთის თანამშრომლობის სამეული რეგიონული თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად იქცა. 2004 წელს ვიშეგრადის ოთხეული უკვე ევროკავშირის წევრი გახდა.

ვიშეგრადის ჯგუფის ისტორია ჯერ კიდევ 1335 წლიდან იწყება, როდესაც ბოჰემიის, უნგრეთისა და პოლონეთის მეფეები ვიშეგრადში (პატარა ციხე–ქალაქი პეშტის მედიეში, უნგრეთში) შეიკრიბნენ და სამ სამეფოს შორის ურთიერთობის განმტკიცება გადაწყვიტეს. თანამედროვე ისტორია კი იმ დღიდან იწყება, როდესაც ამ ქვეყნების ხელმძღვანელებმა ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის ინიციატივით სამიტები გამართეს ბრატისლავაში (1990 წლის აპრილი), ვიშეგრადში (1991 წლის თებერვალი), კრაკოვში (1991 წლის ოქტომბერი) და პრაღაში (1992 წლის მაისი). ვიშეგრადის ჯგუფი ოფიციალურად 1991 წლის 15 თებერვალს დაფუძნდა „ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უნგრეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის“ ხელმოწერით. უნგრეთის ქალაქ ვიშეგრადში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ჯოზეფ ანტალი, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ ვალენსა და ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი.

1993 წლის 1 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც ჩეხოსლოვაკია ორ დამოუკიდებელ ქვეყანად გაიყო, ვიშეგრადის სამეული (ბუდაპეშტი, პრაღა და ვარშავა) ვიშეგრადის ოთხეულად იქცა.

დეკლარაციით განისაზღვრა ვიშეგრადის ჯგუფის ძირითადი მიზნები:

  • სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და თავისუფლების სრული აღდგენა;
  • ტოტალიტარული სისტემის ყველა არსებული სოციალური, ეკონომიკური და მენტალური ასპექტის აღმოფხვრა;
  • საპარლამენტო დემოკრატიისა და სახელმწიფო სამართლის მშენებლობა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა;
  • თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის შექმნა;
  • სრული ჩართულობა ევროპულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და საკანონმდებლო სისტემებში.

ორგანიზაციული სტრუქტურის თვალსაზრისით თანამშრომლობის ფორმად იქცა რეგულარული შეხვედრები და საერთო სტრატეგიების დასახვა პრემიერ-მინისტრებისა და მინისტრების დონეზე. ამ მიზნით ოთხივე ქვეყნის წილობრივი მონაწილეობის საფუძველზე შეიქმნა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი, რომლის მთავარი მიზანი რეგიონული მასშტაბის პროექტების დაფინანსებაა. ვიშეგრადის თანამშრომლობა, ფაქტობრივად, არ არის ინსტიტუციონალიზებული რაიმე ფორმით. ის ემყარება მის წარმომადგენელთა პერიოდულ შეხვედრებს სხვადასხვა დონეზე. პრემიერ–მინისტრების ოფიციალური შეხვედრა ყოველწლიურად იმართება. სამიტებს შორის საპრეზიდენტო პოზიცია უკავია ამ ოთხი ქვეყნიდან ერთ–ერთს, რომელიც პასუხისმგებელია ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.

მიუხედავად საერთო რეგიონული თანმშრომლობისა და განვითარების მსგავსი სტრატეგიების არჩევისა, ვიშეგრადის ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც სახელმწიფოს ზომებით, ისე მოსახლეობის ოდენობით, ეთნიკური კომპოზიციითა და ზოგი სხვა მაჩვენებლის მიხედვითაც.

2004 წელს ვიშეგრადის ქვეყნების ევროკავშირში შესვლა დაკავშირებული იყო განსაზღვრულ ხარჯსა და სარგებელთან. ძირითადი სარგებელი იყო:

  • შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა ევროკავშირის გლობალურ ბაზარზე;
  • გაუმჯობესებული საინვესტიციო გარემო და დაბალი რისკი – ევროკავშირის წევრობა ვიშეგრადის ქვეყნებს უფრო მიმზიდველს ხდის ეკონომიკური პერსპექტივისა და საინვერსტიციო რისკის თვალსაზრისით;
  • ვიშეგრადის ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შრომის ბაზრის გახსნა – შეუზღუდავი შრომითი მობილურობა დადებით გავლენას მოახდენს ვიშეგრადის ქვეყნების შრომის ბაზრებზე, ვინაიდან ხელს შეუწყობს შრომით მიგრაციას და შეამცირებს უმუშევრობას;
  • ხელმისაწვდომობა ტრანსფერებზე ევროკავშირის სტრუქტურული და დაახლოების ფონდებიდან.

ვიშეგრადის ცალკეულ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება მათ პრესოციალისტურ ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება. უნგრეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის ეკონომიკა უმთავრესად ყოფილ საბჭოთა კავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაციაზე იყო ორიენტირებული. ამის საპირისპიროდ, ჩეხეთი, ტრადიციისამებრ, დასავლეთ ევროპასთან ეკონომიკურ ურთიერთობას ამჯობინებდა. ვიშეგრადის ქვეყნები გარდამავალი ეკონომიკის ყველაზე განვითარებული ქვეყნები იყვნენ და გაცილებით უკეთესი საწყისი პოზიცია ჰქონდათ. ვიშეგრადის ყველა ქვეყანამ დაახლოებით ერთი და იგივე დრო – 41-42 წელი გაატარა კომუნისტურ რეჟიმში.

მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა გააცნობიერეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მნიშვნელობა ვიშეგრადის ქვეყნებისთვის, ვაჭრობა საგრძნობლად გაიზარდა. ევროკავშირი ახლა ვიშეგრადის ქვეყნების ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.

1990-იანი წლების დასაწყისში (ტრანსფორმაციის პერიოდის დასაწყისი) ვიშეგრადის ოთხივე ქვეყნის ეკონომიკური ზრდა დაბალი იყო. რეცესიის ფაზა ამ ქვეყნებში ინდივიდუალური თავისებურებებით გამოირჩეოდა. ჩეხეთის რესპუბლიკაში ვარდნა 1997-1998 წლებში შეინიშნებოდა, სლოვაკეთში – 1999-2000 წლებში, ხოლო პოლონეთში – 2001-2002 წლებში.

ისტორიული ფაქტები ასახულია ეკონომიკის ზოგად განვითარებაში და როგორც მშპ-ის მოცულობის დინამიკაზე დაკვირვება გვიჩვენებს, ვიშეგრადის ოთხეულის ეკონომიკა სწორი გეზით მიდის. ყველაზე აშკარა სლოვაკეთის მშპ-ის ზრდაა. 1999 წელს ზრდა შეჩერდა, ხოლო 2002 წელს გაგრძელდა 4,8%-ით და ოდნავ გაუსწრო უნგრეთს, რომლის მაჩვენებელი 4,4% იყო. 2004 წელს სლოვაკეთმა აჩვენა 5.2%–იანი ზრდა და მხოლოდ 0,1%-ით ჩამორჩა პოლონეთს. მრავალმა ინდიკატორმა ცხადყო, რომ აღნიშნული წლიდან სლოვაკეთი გახდა ქვეყანა, სადაც ზრდა შესამჩნევად დაჩქარდა. 2007 წლამდე სლოვაკეთმა 0,4%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია და ოთხეულს შორის მისი ეკონომიკა ყველაზე ძლიერი გახდა. 2007 წელს ძლიერი ეკონომიკის თვალსაზრისით პოლონეთი მეორე პოზიციაზე იყო მშპ-ის ზრდის 6,6%-იანი ტემპით. უნგრეთში მშპ-ის ზრდა ყველაზე დაბალი აღმოჩნდა – მხოლოდ 1,2%. ამით საგრძნობლად ჩამორჩა ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, რომელმაც 2007 წელს 2,9% შეადგინა. 2008 წელს ვითარება შეიცვალა. ამერიკის ფინანსურმა კრიზისმა მხოლოდ ვიშეგრადის ოთხეულის ეკონომიკური აქტივობის შემცირება კი არ გამოიწვია, არამედ მთელ ევროკავშირზე მოახდინა გავლენა.

ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის განხილვის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვიშეგრადის ქვეყნების ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა მსგავს კომპოზიციას იმეორებს, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება საგრძნობლად განსხვავებულია ისეთი სოციალური ინდიკატორები, როგორებიცა უმუშევრობის დონე. უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე 2012 წლისთვის პოლონეთსა და სლოვაკეთში აღირიცხა (იხ. ცხრილი 5). მშპ-ის მიხედვით (2012 წლისთვის) ვიშეგრადის ქვეყნების კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება:

vis

ახალ წევრ სახელმწიფოებში ეკონომიკური ტრანსფორმაციის პოზიტიურ ასპექტად შეიძლება მივიჩნიოთ ფინანსური დაჩქარების პროგრამები, განსაკუთრებით – საშინაო ფინანსური სექტორის განვითარებისა და გლობალური ფინანსური ინტეგრაციისთვის. ეს განაპირობა დიდძალი უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემოდინებამ, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკის რესტრუქტურიზაციას, ზრდასა და ეფექტური შიდა ფინანსური სექტორის გაფართოებას, შესაფერის მაკროპოლიტიკასა და სავაჭრო ღიაობას. ახალი წევრი სახელმწიფოების ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი იყო გერმანია. გერმანული პირდაპირი ინვესტიციების 1/3 ახალ წევრ ქვეყნებს შორის ჩეხეთის რესპუბლიკაზე მოდიოდა, უნგრეთის წილი 29% იყო, პოლონეთისა – 24%, სლოვაკეთისა – 10%. დასაქმება თითოეულ ამ ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობის პირდაპირპროპორციულია, მაგრამ მაშინ, როდესაც ინვესტიციები ჩეხეთის რესპუბლიკაში ფინანსური თვალსაზრისით პოლონეთის მაჩვენებელზე 1/3-ჯერ მაღალია, დასაქმების დონე ამ ორ ქვეყანაში თითქმის თანაბარია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტიციები ჩეხეთის რესპუბლიკაში შედარებით კაპიტალინტენსიურია. თუმცა ეს შესაძლოა მხოლოდ ერთი ინვესტიციის („ფოლკსვაგენის“ მიერ „შკოდას“ შესყიდვა) შედეგი იყოს.

ახალმა წევრმა ქვეყნებმა სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით შესამჩნევ პროგრესს მიაღწიეს. გაწევრების პერიოდში მათ საკუთარი ეკონომიკა ცენტრალური დაგეგმარების მოდელიდან ბაზარზე დაფუძნებულ მოდელზე გადაიყვანეს. ეს გაფართოების პროცესის მთავარი პოზიტიური მახასიათებელია. ვიშეგრადის ქვეყნებს შორის საუკეთესო ეკონომიკური ინდიკატორები სლოვაკეთს აქვს. უფრო მოკრძალებულია პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის მაჩვენებლები. პოლონეთში პროგრესი განსაკუთრებით ნელია, თუ გავითვალისწინებთ დიდ სხვაობას პოლონეთისა და ევროკავშირ 15-ის საშუალო ეკონომიკურ მაჩვენებლებს შორის. უნგრეთს ევროკავშირ 15-ის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით არავითარი გაუმჯობესება არ ეტყობა და მისი დაახლოების პროცესი გაყინულია. ევროკავშირ 15-სა და ახალ წევრებს შორის სხვაობა განსაკუთრებით იგრძნობა გლობალური ტექნოლოგიების ნაკლებობაში.

ევროკავშირში გაწევრება ახალი წევრი ქვეყნების მიერ შესაბამისად იქნა მართული. ეს ნაწილობრივ განპირობებული იყო ევროკავშირის პოლიტიკის ჩარჩოთი, რომლის თანახმადაც, ახალ წევრებს უნდა მიეღოთ გაწევრების ხელშეკრულება. ევროკავშირის მმართველობის მექანიზმის ძლიერი სფეროებია: ერთიან ბაზართან დაკავშირებული წესები, ლისაბონის დღის წესრიგი, რომელიც სტრუქტურული ცვლილებების წახალისებას ისახავს მიზნად, ფისკალური მეთვალყურეობა და ეკონომიკური და მონეტარული კავშირი, რათა მიღწეულ იქნეს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, დაბოლოს, ახალი წევრი ქვეყნებისთვის ევროკავშირის ტრანსფერების ეფექტური გამოყენება, რასაც მათთვის სარგებელი მოაქვს. ევროკავშირის ეკონომიკისა და პოლიტიკის ჩარჩოს პატივისცემა თანაბარი შესაძლებელობებს აძლევს 27 ქვეყანას, რითაც სარგებლობენ მომხმარებლები და ფირმები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ უზარმაზარ ერთიან ბაზარზე, რომელიც საერთო წესებით იმართება. ერთიანი ბაზრის რეგულაციები მალევე განხორციელდა ახალ წევრ ქვეყნებშიც, რომლებსაც აქვთ ერთნაირი სატრანსპორტო დეფიციტი და ნაკლები დარღვევა, ვიდრე ძველ წევრებს.

ახალი წევრი ქვეყნები საგრძნობლად ჩამორჩებიან კაპიტალის დაგროვებისა და პროდუქტიულობის ზრდის ფაქტორების მიხედვით. დაწევის პროცესი რომ შენარჩუნდეს, ყურადღება უნდა მიექცეს საჭიროებებს, რათა გაუმჯობესდეს პირობები პოლიტიკის იმ მიმართულებით, რომელიც ხელს უწყობს პროდუქტიულობის ზრდას.

შრომის ბაზართან დაკავშირებულ ზოგიერთ სფეროში ახალი წევრები კარგი შესრულებით გამოირჩევიან, მაგრამ აქვთ შესამჩნევი სისუსტეებიც. შრომითი ბაზარი ნაკლებადაა განვითარებული და გამოირჩევა რეგიონალური განსხვავებითა და არასწორი განლაგებით.

ევროკავშირის ქვეყნების განვითარება თანაბარი არ არის. მათ არც იდენტური სოციალური სისტემები გააჩნიათ, მაგრამ აქვთ საერთო ღირებულებები, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სოციალურ ფასეულობებს, კერძოდ, ადამიანთა კეთილდღეობაზე ზრუნვას, მათთვის ცხოვრებისა და მუშაობის თანაბარი პირობების შექმნას, ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლისთვის სათანადო პირობებით უზრუნველყოფას, ასევე –რეგიონებს შორის სოციალური სოლიდარობის დანერგვას, რაც მდიდარი ქვეყნების მიერ შედარებით ღარიბთა დახმარებას გულისხმობს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ევროინტეგრაციის საკითხები – ვიშეგრადის ქვეყნები და სამხრეთ კავკასია. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, 2013. ვიშეგრადის ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკა ევროინტეგრაციის გზაზე. ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი, დოქტორანტი გიორგი ყუფარაძე, დოქტორანტი ნანა მაისურაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი