პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ირმა ტაველიძე- სასკოლო ზეიმების სევდა

მწამს, რომ წაკითხული წიგნები მკითხველებს ცვლიან. შესაძლოა, ამ რწმენის საფუძველი არც ისე მყარი იყოს. არაფერს ვამტკიცებ. უბრალოდ, მწამს.

ამ რწმენით ვცხოვრობ, ვწერ, ვკითხულობ და წიგნებს ვურჩევ მათ, ვისი ბედ-იღბალიც მაღელვებს. ვისი ბედ-იღბალიც გაღელვებს, იმას ბევრი წიგნი უნდა წააკითხო – ასწავლო, როგორ უნდა ამოათრიოს საკუთარი თავი, თმაში ხელჩავლებულმა, ყოველდღიურობის დაგუბებული, სუნდაკრული წყლებიდან.

რაკი ერთმა შეძლო, ჩვენც შევძლებთ.

სწორედ ასე წავაკითხე ჩემს მეგობარს თანამედროვეთაგან ალბათ ყველაზე დიდი ამერიკელი მწერლის, ფილიპ როთის „პორტნოის სინდრომი“ – წიგნი, რომლის წაკითხვასაც ყველა მასწავლებელს ვურჩევდი. ძველი მეგობრები ვართ და ალბათ სხვაც ბევრი მოვახვიე თავზე – ჩემი შეხედულებები, მოსაზრებები, ვარაუდები, შიშები, გემოვნება. ქართულის მასწავლებელია და სულ რაღაცას ეძებს.

ამიტომაც გამიკვირდა და გულიც მეტკინა, როცა ერთ დღეს ასეთი სასკოლო ზეიმის მოწყობა მოინდომა: მოსწავლეებს თანამედროვე ქართველი პოეტების ლექსები ზეპირად უნდა ესწავლათ და ავტორებთან შეხვედრისას ეთქვათ. პოეტები მოსწავლეებს მოუსმენდნენ და მერე თვითონაც იტყოდნენ რამეს, სკოლის წლებს გაიხსენებდნენ, შეკითხვებსაც უპასუხებდნენ.

ფილიპ როთის „პორტნოის სინდრომი“ სულ ახალი წაკითხული ჰქონდა. აღარ ჩამოვთვლი იმ წიგნებს, რომლებიც მანამდე წაიკითხა.

რა მოხდა? ის, რომ მასწავლებლის ცნობიერებაში სასკოლო ზეიმის იდეა იმ სახით გაცოცხლდა, რა სახეც ათწლეულების წინ ჰქონდა საბჭოთა იდეოლოგიის შუქით განათებულ სამასწავლებლო ოთახებში. სხვა შესაძლებლობა იმთავითვე გამოირიცხა. თითქოს ზეიმი ისაა, როცა ვიღაც საგანგებოდ ამ დღისთვის ნასწავლ ლექსს ამბობს – სხაპასხუპით, წაბორძიკების გარეშე. საგრძნობლად ღელავს და ამის გამო სტრიქონებს მარცვლები აკლდება, მაგრამ ზეიმის ორგანიზატორები და მსმენელები დიდსულოვნად მიუტევებენ. სუნთქვაშეკრული, წამოწითლებული მოსწავლისთვის ეს მორიგი ვალდებულებაა, უკვე ვალმოხდილები კი მოუთმენლად ელოდებიან ღონისძიების დასრულებას.

ბევრჯერ ვყოფილვარ ასეთი ზეიმის მონაწილე.

მოწვეული სტუმრები – გრძელი და მოსაწყენი გამოსვლებით, მუდმივი შიში (ბოლოსწინა სტროფის დასაწყისი არ დამავიწყდეს), უცნაური გამომეტყველება მასწავლებლების სახეებზე (სტუმრებს ისიც კი ნაზად უღიმის, ვინც არასდროს იღიმება), საერთო დაძაბულობის განცდა და წარუმატებლობის მოლოდინი (მაინც დამავიწყდება, მაინც დამავიწყდება…) დასკვნა: საზეიმო არც არაფერია, ზეიმის მიზეზი საერთოდ არ არსებობს. სკოლას თავისი მომაბეზრებელი ვალდებულებები აქვს. ეს არის და ეს.

ძველი ფოტოების თვალიერებისას სასკოლო ღონისძიებებზე გადაღებულ ფოტოებს ერთს დავხედავ და გვერდზე სწრაფად გადავდებ ხოლმე.

ერთადერთი დრამატული სანახაობა, რომელიც ღიმილით მახსენდება, უდროოდ დაღუპული ქართველი პოეტების პატივსაცემად იყო მოწყობილი. „მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები, რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ“. ნახევრად ჩაბნელებული სცენის სიღრმეში ვიდექით და ხელში დაფნის რტოები გვეჭირა. სცენის მარცხენა კუთხესთან ფიალაში ცეცხლი ენთო – წარმოსახვითი პოეტის წარმოსახვით საფლავზე. „სალოცავად ქართველობა მეყოფა, საფიცავად შენი თაფლის თვალი“.  რიგრიგობით მივდიოდით საფლავთან, ლექსს ვამბობდით და მერე დაფნის რტოს ფიალის გვერდით ვდებდით. „დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში, ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია“. პირველად სიცილი მაშინ აგვიტყდა, რეპეტიციებზე მოსმენილი „გაფრინდი, შავო მერცხალო“-ს ნაცვლად ჩაბნელებულ დარბაზში „ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა“ რომ გაისმა (უფროსკლასელი, ვისაც საღამოს მუსიკალურად გაფორმება დაავალეს, სუსტი აღმოჩნდა ორნითოლოგიაში). მერე კი ერთმა მოსწავლემ, ალბათ მღელვარებისგან, ხმელი დაფნის რტო ფიალას ზემოდან დაადო. მეორემ იფიქრა, ალბათ უდროოდ დაღუპულ პოეტებს პატივი ასე უნდა მივაგოთო და თვითონაც იგივე გაიმეორა. დაფნის რტოები ატკაცუნდა და მთელი დარბაზი კვამლში გაეხვა.

სწორედ ეს სცენა გამახსენდა, მიქელანჯელო ანტონიონის „Blow-Up” პირველად რომ ვნახე.

ზოგადად, ზეიმი კი კარგი რამაა, მაგრამ თუ სასკოლო ზეიმის კონცეფცია ისევე ვერ გასცდება დეკლამაციას, როგორც ათწლეულების წინ, თუ მოსწავლეები მხოლოდ პატარა დეკლამატორები იქნებიან და არავინ იზრუნებს მათ საზეიმო განწყობაზე, ნამდვილ სიხარულსა და კმაყოფილებაზე, მაშინ არც არაფერი შეიცვლება სკოლებში. ყველაზე კარგი მასწავლებლებიც კი უნებურად ისევ გაიმეორებენ ძველ შეცდომებს – ისევ შეაშინებენ მოსწავლეებს, დათრგუნავენ, წარმოსახვას შეუზღუდავენ, წიგნების კითხვისა და ცვლილებების სურვილს გაუქრობენ.

თანამედროვე ქართველ პოეტებთან შეხვედრა არ გამართულა. მეგობარი კიდევ ერთხელ მენდო.  ჩემი წარმოდგენით, წიგნების გადაშლა და ლექსების წაკითხვა საკმარისი იქნებოდა. მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნებისთვის. სიხარულისთვის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი