ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დისკუსიის ტექნიკა

ნებისმიერი საპროგრამო მასალის შესწავლის პროცესში მნიშვნელოვანია მრვალფეროვანი მეთოდების გამოყენება. სწავლების პროცესი რუტინულ, ოდენ ფაქტებისა და შინაარსების დამახსოვრების აქტად რომ არ იქცეს, საჭიროა განსხვავებული სტრატეგიის გამოყენება.

სხვადასხვა მიმართულების კითხვების დასმა(როგორც კონვერგენტული, ანუ ერთი სწორი პასუხის მომცველი, ფაქტის ამსახველი, ისე დივერგენტული, ანუ რამდენიმე სწორი პასუხის ან ვარაუდებისა და ჰიპოთეზების მაპროვოცირებელი) და დისკუსია ნებისმიერი გაკვეთილის უცილობელი შემადგენელია და მასწავლებლის მიერ გამოიყენება სამივე ფაზაზე (გამოწვევა, შინაარსის რეალიზება, რეფლექსია). დღეს სწორედ ამ აქტივობის რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს მიმოვიხილავთ.

დისკუსიის „ხიბლი”

სასწავლო დისკუსია, როგორც ერთობლივი სწავლების მეთოდი, ეხმარება მოსწავლეს უკეთ გაიაზროს შესასწავლი საკითხი, ჩამოაყალიბოს განსხვავებული მოსაზრებები, იმსჯელოს ყველა შესაძლო ვარიანტზე, ახლებურად გაიაზროს მასალა, მას უვითარდება კამათის და საკუთარი აზრის არგუმენტირების, დასაბუთების უნარი და ა.შ.
საკლასო დისკუსია ცოცხალი, დინამიკური, სახალისო პროცესია და მოსწავლეები, როგორც წესი, ინტერესით ერთვებიან მასში. დისკუსიის დადებითი მხარე ისიცაა, რომ იზრდება მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი და აქტივობა. ვისაც უკვე აქვს ამ მეთოდის გამოყენების გამოცდილება, დამეთანხმება, რომ ხშირად დისკუსიაში პასიური მოწაფეებიც ხალისით და ინტერესით ერთვებიან. სწავლებისა და შემეცნების ეს ინტერაქტიური მეთოდი ცოდნის შეძენის და განმტკიცების, მასალის მრავალმხრივ დამუშავების და აუდიტორიის წინაშე თავისუფალი მსჯელობის უნარებს ხვეწს.

დისკუსიის ფორმები

არსებობს სასწავლო დისკუსიის რამდენიმე ფორმა. მათგან საკლასო ოთახსა და საგაკვეთილო ფორმატს ყველაზე მეტად შეეფერება:

„მრგვალი მაგიდა”

დისკუსია ემსახურება აქტუალური საკითხის განხილვას, მრავალმხრივ შესწავლას, ანალიზს. მონაწილეების ამოცანა არ გახლავთ პრობლემის/დასმული საკითხის გადაჭრა. ისინი ორიენტირებული არიან სხვადასხვა კუთხით მიმოიხილონ თემა, გამოთქვან ვარაუდები, მოსაზრებები, ჰიპოთეზები. გაუზიარონ ერთმანეთს ინფორმაცია, ცნობები, ცოდნა, რაც აქვთ მოცემულ საკითხთან მიმართებით. მონაწილეები ეუფლებიან კონსტრუქციული დიალოგის წარმოების ტექნიკას, საკუთარი შეხედულებების შეჯერებას, მრავალმხრივ გააზრებას. დისკუსიაში ყველა მონაწილე თანაბარი უფლებით სარგებლობს.
საკლასო ოთახის ორგანიზება – აუცილებელი პირობაა, მერხები წრიულად განვალაგოთ, რათა მონაწილეებს საშუალება ჰქონდეთ ვიზუალური კონტაქტი დაამყარონ ნებისმიერ წევრთან. მასწავლებელი ამ შემთხვევაში არა დომინანტი, არამედ „რიგითი” მონაწილეა. შესაძლებელია, მან მხოლოდ „დამკვირვებლის” ფუნქცია შეითავსოს.
თუ კლასში ბევრი მოსწავლეა, შესაძლებელია ორი ან სამი „მრგვალი მაგიდის” ორგანიზებაც. მონაწილეები ჯერ მცირე ჯგუფებში განიხილავენ საკითხს, აჯერებენ მოსაზრებებს, შემდეგ კი სხვა ჯგუფებს აცნობენ თეზისებს.

ჯვარედინი დისკუსია

ჯვარედინი დისკუსია საკითხის შესწავლის და დამუშავების იმგვარი მეთოდია, რომელსაც მოსწავლეები თავად წარმართავენ. მასწავლებლის ამოცანაა მოამზადოს ე.წ. დივერგენტული კითხვა ( თეზისი), რომელიც არაერთგვაროვან პასუხს მოითხოვს. (მაგალითისთვის, „გამართლებულია თუ არა სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა-თანამედროვე სამყაროში”. „მისაღებია თუ არა კონფორმიზმი/ საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა სიცოცხლის შესანარჩუნებლად”. „ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ” და ა.შ.).

მოსწავლეები პირველ ეტაპზე წყვილდებიან. წყვილის ამოცანაა შეადგინოს ე.წ.”სადისკუსიო ცხრილი”. ერთი მონაწილე მოიფიქრებს, ჩამოწერს და გაუზიარებს მეწყვილეს თეზისის დამადასტურებელ არგუმენტებს, მეორე კი უარმყოფელს. წყვილი მუშაობს ექვსი-შვიდი წუთის განმავლობაში. ამ დროისთვის თითოეულს მინიმუმ 3 დამადასტურებელი და 3 უარმყოფელი არგუმენტი უნდა ჰქონდეს მომზადებული და საკუთარ სამუშაო ფურცელზე ჩამოწერილი. ფურცელი ორ ნაწილადაა დაყოფილი. დიახ/არა – ცხრილის ორივე სვეტი ივსება მუშაობის პროცესში. თეზისის/კითხვის დასაბუთება მოცემულია სვეტში „დიახ”, უარყოფა სვეტში „არა”. როდესაც წყვილი შეავსებს ორივე სვეტს, ის უერთდება სხვა წყვილს და უზიარებს ნამუშევარს, ნააზრევს. ახლა უკვე ოთხეული განიხილავს, ავსებს ან ამოაკლებს ცხრილის არგუმენტებს. ოთხეული გარკვეულ დასკვნამდეც უნდა მივიდეს. შედეგი ცალკე ფურცელზე მუშავდება და მზადდება აუდიტორიის წინაშე წარსადგენად.

დისკუსია ესტაფეტა

დისკუსია იმართება ვრცელი თემის, საკითხის შესწავლის შემდგომ ეტაპზე. საკითხი მრავლისმომცველი და/ან მრავალასპექტიანი უნდა იყოს. დისკუსია განსხვავებული შეხედულებების სიღრმისეულად გაცნობას, გააზრებას და გაზიარება/უარყოფას უწყობს ხელს.

კლასი იყოფა რამდენიმე ჯგუფად ( თითოეულში მაქსიმუმ 5 მოსწავლე).

ჯგუფები მუშაობენ წრიულად განლაგებულ მერხებთან. თითოეულ ჯგუფს მასწავლებელი აძლევს ერთ სამუშაო ფურცელს, რომელზეც შესწავლილი თემის ერთი საკითხია მოცემული. მასწავლებელს შეუძლია როგორც ბინარული(ორმაგი, რომელიც საჭიროებს სწორია/არასწორია ან ვეთანხები/არ ვეთანხები ტიპის პასუხს) კითხვის დასმა, ისე დივერგენტული ან ინფორმაციული. უკანსაკნელ შემთხვევაში მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ და აღიდგინონ ყველა ის მნიშვნელოვანი ცნობა, ფაქტი, ინფორმაცია, რაც შესწავლილ საკითხზე იციან. ჯგუფებს ეძლევათ გარკვეული დრო საკითხის დასამუშავებლად ( 8-10 წუთი). მიკროჯგუფში დისკუსია სრულდება საერთო ჩანაწერით, რომელშიც შეჯერებულია ჯგუფის მუშაობის შედეგი.

შემდეგ ეტაპზე სამუშაო ფურცლები საათის ისრის მიმართულებით გადაეცემა „მეზობელ” ჯგუფს. მიკროჯგუფები ამჯერად ახალ, წინა ჯგუფის მიერ უკვე დამუშავებულ საკითხს ეცნობიან, განიხილავენ, აფიქსირებენ საკუთარ შეხედულებებს, მოსაზრებებს ამავე ფურცელზე. 8-10 წუთის შემდეგ მეორდება იგივე და ასე გრძელდება მანამ, სანამ თითოეული ჯგუფი გაეცნობა და დაამუშავებს ყველა სამუშაო ფურცელს. საბოლოოდ, ჯგუფებს უბრუნდებათ საკუთარი ( პირველი) სამუშაო ფურცელი – შევსებული და გავრცობილი. ჯგუფს კვლავ ეძლევა მცირე დრო კონსოლიდაციისა და შეჯამებისთვის.

დასასრულ, ჯგუფები საკუთარი მუშაობის შედეგებს წარმოადგენენ აუდიტორიის წინაშე.
მოცემული სადისკუსიო მეთოდების გარდა, ცხადია, არსებობს ინტერაქტიური სწავლების უამრავი სხვა მეთოდიც, რომლებსაც კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად იყენებენ გამოცდილი მასწავლებლები. გაგვიზიარეთ ეს გამოცდილება კომენტარებში – რომელი მეთოდია ყველაზე „მუშა”, რომელ მეთოდს რა დადებითი ან უარყოფითი მხარე აქვს. გამოცდილების გაზიარება ხომ მუშაობის ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი