პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მარტოობით გამოცდა

თავის ბოლო გამოსვლაში აუდიტორიის წინაშე მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ათი წლის შემდეგ ვირტუალური ცხოვრება კიდევ უფრო გაზრდის ინტერნეტმომხმარებელთა რიცხვს, პარალელურად კი ადამიანთა შორის კომუნიკაცია მთლიანად გადავა SMS, ფოტო და ვიდეოურთიერთობის ფორმატში. თუმცა ვირგინის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ კომუნიკაციის საშუალებები არა მხოლოდ თვით კომუნიკაციის დამყარებას, არამედ მარტოობასთან გამკლავებასაც ემსახურება, რადგან ადამიანთა უმეტესობას არ სურს, გადაჩვეულია ან ეშინია საკუთარ თავთან მარტო დარჩენის. ექსპერიმენტი, რომელსაც თიმოტი უილსონმა და მისმა კოლეგებმა უხელმძღვანელეს, მარტივი იყო: მათ თხოვეს მოხალისეებს ცარიელ ოთახში ტელეფონის გარეშე დარჩენილიყვნენ. ოთახში მყოფთ ეკრძალებოდათ წერა-კითხვა. ექსპერიმენტის მონაწილეები სრულ მარტოობაში 15 წუთით რჩებოდნენ. შემდეგ კი მათ ეკითხებოდნენ, მოეწონათ თუ არა მარტო ყოფნა და შეძლეს თუ არა რაიმეზე კონცენტრირება.

თავდაპირველად ექსპერიმენტში მონაწილეობა სტუდენტებს მიაღებინეს. უმეტესობას ცარიელ ოთახში ჯდომა ძალიან არ მოეწონა. მათი განმარტებით, რაიმეზე კონცენტრირება გაუჭირდათ და აზრებიც ეფენტებოდათ. სტუდენტების მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდებოდა, თუ წიგნის კითხვის ან მუსიკის მოსმენის საშუალებას აძლევდნენ. მნიშვნელობა არ იქონია გერემომაც – ექსპერიმენტი ლაბორატორიულ და სახლის პირობებში ტარდებოდა. ადამიანი მისთვის საყვარელ გარემოშიც კი ვერაფერზე კონცენტრირდებოდა, რადგან არაფრით იყო დაკავებული.

ექსპერიმენტში მონაწილეობა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის, სოციალური სტატუსისა და განათლების მქონე მონაწილეებმა მიიღეს – 18-დან 77 წლამდე. „უაზროდ” და „მარტო ყოფნის” დისკომფორტს ყველა განიცდიდა. ხანდაზმულ ადამიანებსაც არ მოეწონათ ცარიელ ოთახში ჯდომა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მათ ისედაც უწევდათ მარტოობაში ყოფნა.

ყველაზე საინტერესო კი მაშინ გამოიკვეთა, როდესაც ექსპერიმენტის მესვეურებმა დაადგინეს, რამდენად არ უყვართ ადამიანებს სრული მარტოობა. იმის სანაცვლოდ, რომ ხელმეორედ დარჩენილიყვნენ ცარიელ ოთახში, მათ მონაწილეებს მსუბუქი დენის დარტყმა შესთავაზეს, რაზეც ექსპერიმენტის თითქმის ყველა მონაწილე დათანხმდა. უსიამოვნო ელექტროშოკი ადამიანებისთვის უფრო სასურველი აღმოჩნდა, ვიდრე მარტოობის განცდა. ელექტროშოკს ყველა მამაკაცი დათანხმდა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მამაკაცები მეტად არიან დამოკიდებულები განცდებზე და ქალებზე უფრო საჭიროებენ გარე გამაღიზიანებელი ფაქტორების არსებობას.

ორი წლის წინ კი მსგავსი ექსპერიმენტი მოზარდ თაობაზე სანკტ-პეტერბურგში ჩატარდა. მასში 12-დან 18 წლამდე ასაკის 68 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ რვა საათი სრულ მარტოობაში უნდა გაეტარებინათ ისე, რომ აკრძალული ჰქონდათ ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალების გამოყენება: ტელევიზორის, კომპიუტერის, მობილური ტელეფონის. სამაგიეროდ, მთელ რიგ სხვა გასართობებთან ერთად შეეძლოთ კითხვა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, წერა, ხელსაქმიანობა, თამაში, სეირნობა… ექსპერიმენტს ხელმძღვანელობდა ოჯახის ფსიქოლოგი, რომელსაც სურდა დაემტკიცებინა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ თანამედროვე ბავშვებმა, მიუხედავად იმისა, რომ გართობას საჭიროზე მეტ დროს უთმობენ, არ იციან რითი დაკავდნენ დამოუკიდებლად, ასევე, ძალიან ცოტა რამ იციან საკუთარ შინაგან სამყაროზე.

ექსპერიმენტის წესების თანახმად, მონაწილეებს მეორე დღეს უნდა მოეყოლათ თუ როგორ გაატარეს მოცემული რვა საათი. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მათ დაწვრილებით უნდა ჩაენიშნათ ყოველი მოქმედება, შეგრძნება, მოსაზრება. თუკი რომელიმე მონაწილე აღელდებოდა, დაიძაბებოდა ან რაიმე დისკომფორტი ექნებოდა, ექსპერიმენტის შეწყვეტის დრო უნდა დაეფიქსირებინა და დაწვრილებით განემარტა მიზეზი.

ერთი შეხედვით, მარტოსულობის ექსპერიმენტი საკმაოდ უწყინარი ჩანდა. სწორედ ასე იფიქრა ექსპერიმენტატორმა ფსიქოლოგმაც. თუმცა შედეგები მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. 68 მონაწილედან მხოლოდ სამმა შეძლო ექსპერიმენტის დასრულება (ორმა ბიჭმა და ერთმა გოგომ). დანარჩენებმა ის სხვადასხვა მიზეზით შეწყვიტეს: ხუთი ძლიერმა პანიკამ აიტანა, სამი სუიციდური ფიქრებისგან შეწუხდა, ოცდაშვიდ მონაწილეს კი ისეთი სიმპტომები აღენიშნებოდა, როგორიცაა: ცხელება, ოფლიანობა, თმის ყალყზე დგომის შეგძნება, გულისრევა, ტკივილები მუცელში, თავბრუსხვევა და სხვ. თითქმის ყველა მონაწილე შფოთვასა და შიშს უჩიოდა.

ექსპერიმენტში მონაწილეებს ექსპერიმენტისადმი თავდაპირველი ინტერესი და სიახლის მოლოდინი დაახლოებით ორ საათში გაუქრათ. მხოლოდ ათმა მონაწილემ მარტოობაში გატარებულ სამ ან მეტ საათში დაიწყო ღელვა. გოგონამ, რომელმაც ექსპერიმენტი ბოლომდე გაიარა, ხელმძღვანელობას დღიური გაუგზავნა, სადაც რვა საათის განმავლობაში ყველაფერს დეტალურად იწერდა. მისი წაკითხვის შემდეგ, თმის ყალყზე დგომას ფსიქოლოგიც გრძნობდა. ეთიკური მოსაზრებების გამო, დღიური ვერ გამოქვეყნდა, მაგრამ ცნობილი გახდა, თუ როგორ ცდილობდნენ თავის გართობას მონაწილეები: ზოგი უბრალოდ ფანჯარაში იყურებოდა ან უმიზნოდ დაეხეტებოდა სახლში, ხატავდა ან ცდილობდა დაეხატა, ვარჯიშობდა ტრენაჟორებზე, თავიანთი მოსაზრებებით ავსებდა დღიურს ან უბრალოდ, ფურცლებზე წერდა წერილებს, ამზადებდა ან მიირთმევდა საკვებს.
იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერიმენტი არდადეგების დროს ჩატარდა, ბავშვები სასოწარკვეთისგან გაკვეთილების მზადებასაც კი შეუდგნენ. ცილობდნენ ამოეხსნათ თავსატეხები, დროს შინაურ ცხოველებთან ერთად ატარებდნენ; კითხულობდნენ ან შხაპს იღებდნენ. ერთი ბიჭმა ფლეიტაზე დაუკრა, ზოგმა – გიტარაზე, ზოგმა – ფორტეპიანოზე. ერთმა გოგომ დრო ქარგვაში გაატარა, კიდევ ერთი გოგო ლოცულობდა. ერთმა ბიჭმა ქალაქში ფეხით 25 კილომეტრი გაიარა, ზოგი ლექსებს თხზავდა, ალაგებდა სახლს, ზოგი კაფეში იდა ან მაღაზიებში დადიოდა. ექსპერიმენტის წესების მიხედვით, მონაწილეებს ვინმესთან ლაპარაკი ეკრძალებოდათ, მაგრამ როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, რომ გამყიდველებთან საუბარი შეიძლებოდა. ერთი ბიჭი გასართობ პარკში წავიდა და სამი საათის გამავლობაში ატრაქციონებზე კატაობდა, ვიდრე გულისრევა არ დაეწყო. ერთმა ბიჭმა დროის ზოოპარკში გატარება გადაწყვიტა. ერთი გოგონა პოლიტიკური ისტორიის მუზეუმს ეწვია. ერთი ბიჭი კი ხუთი საათის განმავლობაში ქალაქში ავტობუსითა და ტროლეიბუსით სეირნობდა.

რაღაც მომენტში ყოველ მონაწილეს უჩნდებოდა ძილის სურვილი, მაგრამ ეს არავის გამოსდიოდა. ყველამ აღიარა, რომ ცუდი აზრებიც აწუხებდა. იმის შემდეგ, რაც ბავშვებმა ექსპერიმენტი შეწყვიტეს, 20-მა მაშინვე დასტაცა ხელი მობილურ ტელეფონს, დარეკა მეგობრებთან, 5 ახალგაზრდა სტუმრად წავიდა, 14-მა ინტერნეტი გამოიყენა და შევიდა სოციალურ ქსელში, 3-მა მშობელს დაურეკა. დანარჩენმა მონაწილებმა დაუყოვნებლივ კომპიუტერული თამაშები ან ტელევიზორი ჩართეს. ამას გარდა, ფაქტობრივად, ყველა მოზარდმა ჩართო მუსიკა.

აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის შეწყვეტის შემდეგ, მონაწილეებს ყოველგვარი არასასიამოვნო სიმპტომი გაუქრათ. გარკვეული დროის შემდეგ, 63-მა ყოფილმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ექსპერიმენტი არა მარტო საინტერესო, არამედ სასარგებლოც იყო, განსაკუთრებით საკუთარი თავის შეცნობისთვის. ექვსმა ადამიანმა ექსპერიმენტის დამოუკიდებლად ჩატარება გადაწყვიტა და აღნიშნა, რომ მაინც შეძლო მისი ბოლომდე გავლა მიუხედავად იმისა, რომ პირველ ჯერზე ვერ გამოუვიდა.

მოგვიანებით, როდესაც მონაწილეებმა ექსპერიმენტის დროს საკუთარი მდგომარეობა გაანალიზეს, აღმოჩნდა, რომ მათგან 51-მა გამოიყენა შემდეგი სიტყვები: „აღკვეთის სინდრომი”, „გამოდის, რომ მე არ შემიძლია ცხოვრება …-ის გარეშე”, „დამოკიდებულება” და სხვა მსგავსი ფრაზები. აბსოლუტურად ყველამ აღნიშნა, რომ ექსპერიმენტის დროს მისთვის სრულიად უჩვეულო რაღაცეებზე ფიქრობდა, მაგრამ კონკრეტულ საქმიანობაზე ვერ კონცენტრირდებოდა, რადგან თავს სულ უფრო ცუდად გრძნობდა.

აი, რას აკეთებდნენ ის ბავშვები, ვინც წარმატებით დაასრულა ექსპერიმენტი: — ერთმა ბიჭმა თავისი კოლექციების გადარჩევა და სისტემატიზაცია მოახდინა. შემდეგ კი ოთახის მცენარეები გადარგო, მეორე ბიჭი რვა საათის განმავლობაში აფრებიან გემს აშენებდა, საქმიანობას მხოლოდ საკვების მიღებისთვის და ძაღლთან ერთად გასეირნებისთვის წყვეტდა. არც ერთ ბიჭს არანაირი ნეგატიური ემოციები არ ჰქონია და არც უცნაურ აზრებს შეუწუხებია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი