პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მაგიური თეატრი

სულ მაქვს ეს შეკითხვა, თუ რა იყო სკოლა ჩემთვის. 1995 წლიდან 2007 წლამდე. მძიმე და რთულ წლებში. მოვიდოდა დიდი სატვირთო მანქანა, ჩამოდგებოდა და ჩვენ ვიწყებდით შეშის აზიდვას საკლასო ოთახში. რა თქმა უნდა, ყველაფერი არ იყო სამწუხარო ფერებით შეღებილი ჩვენთვის. ბავშვები ვიყავით და ყველაფერს სხვაგვარად ვუყურებდით, მაგრამ რა იყო ეს ყველაფერი? ფეხს რომ შევდგამდი შენობაში, რამე განცდა თუ მქონდა?..
მახსენდება, რომ ზოგჯერ მეზარებოდა, ზოგჯერ მიხაროდა, თუ პირველი დღეები იყო, ან რაიმე განსაკუთრებულს ველოდი. ახლა ძალიან იშვიათად მიწევს იმ სკოლასთან მისვლა, სადაც ვსწავლობდი, მაგრამ თუ მოვხვდები ხოლმე იქ, სასწაული ამბები მახსენდება, ვიფიქრებ ხოლმე, ეს საიდანღა მომაგონდა ამდენი წლის მერე-მეთქი. საათობით შემიძლია ვიჯდე ეზოში და ვუყურო ფანჯრებს, რომლებიც ახლა მეტალოპლასტმასის არის, დაბალი სართულების კლასებიც შიგნით შეცვლილი ჩანს, მაგრამ მაინც ყველას ვცნობ თითქმის. აი, იქ ქიმიის კაბინეტია გარედან გისოსებით ფანჯრებზე. მაშინაც ასე იყო და სულ გვიკვირდა, ვინ უნდა ამძვრალიყო მესამე სართულზე გარედან და იმ ოთახიდან მოეპარა რაიმე, სადაც ჩვენი საკონტროლო რვეულების გარდა, თითქმის არაფერი იყო, რადგან ლაბორატორია დიდი ხნის წინ გაეუქმებინათ ნივთიერებების არქონის გამო. წინ, შესასვლელის გადახურულთან კიდევ ის ფანჯრებია, რამდენიმე მოსწავლე რომ გადავძვერით, ბეტონზე დავდექით და იქიდან დირექტორის კაბინეტში შევხტით ღია სარკმლიდან.
ამ სტატიის სათაური ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელიდან” ავიღე. ჰარი ჰალერი მარტოსული პიროვნებაა და მისი გარდასახვა მაგიურ თეატრში მოხვედრის შემდეგ იწყება. საოცარი ამბები ხდება იქ, იმ თეატრში, სხვადასხვა ოთახებში. იუნგის თეორიის მიხედვით შექმნილი ეს წიგნი პირველად დამამთავრებელ კლასში სწავლის პერიოდში წავიკითხე და მაშინ არ მიფიქრია, მაგრამ ახლა სულ ერთი კუთხით მახსენებს თავს; უნდა ჰგავდეს სკოლა იმ მაგიურ თეატრს! ოთახებით, რომლებშიც აბსოლიტურად განსხვავებული ამბები ხდება.  სკოლის შესასვლელში ეწეროს, რომ იქ შესვლის საფასური მხოლოდ გონებაა (როგორც მაგიურ თეატრში).
ყოველთვის გვესმის მოსწავლეებისგან, რომ ნატრობენ იმ დროის დადგომას, როცა სწავლას დაამთავრებენ და სკოლიდან წავლენ, გვესმის მასწავლებლებისგანაც დაახლოებით იგივე, რომ დროულად მოვიდეს არდადეგები და დაისვენონ, ან თითქმის იმ გადაწყვეტილებამდე არიან მისული, პროფესია შეიცვალონ. გარემო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სასწავლო პროცესში წარმატების მიღწევისათვის.
მე არ გირჩევთ ბავშვები ჰარიდ აღიქვათ, საკუთარი თავი კი ჰერმინედ, მასწავლებლებო. იმ ტექსტში, მოვლენები ისე ვითარდება, ჩვენ რომ პირდაპირი გაგებით და გააზრებით არ გამოგვადგება, მაგრამ შეიძლება მაინც ამ როლების განაწილება და მორგება სკოლაზე. მოსწავლე – მაგიურ თეატრში მოსული, მასწავლებელი – ამ თეატრში მისი გზამკვლევი. საკლასო ოთახი არ უნდა იყოს სივრცე მომაბეზრებელი ან სავალდებული ორმოცდახუთი წუთის გასატარებლად.
შეაღონ კარები და დახვდეთ რაღაც სხვა, ვიდრე წინა ოთახში ჰქონდათ დასვენებამდე. შემოვიდნენ იმ მოლოდინით, რომ სხვანაირები, უკეთესები გავლენ იქიდან და კიდევ შემდეგში გადაინაცვლებენ. ”ადამიანები ისე, რომ არავითარი სურვილი არ აქვთ, თავს აიძულებენ იარონ სტუმრად, იმუსაიფონ, დაწესებულ დროს სამუშაოზე გამოიცხადდნენ და ყოველივეს ძალისძალად, ანგარიშმიუცემლად, უხალისოდ სჩადიან. არადა, ამას მანქანაც მშვენივრად გაართმევს თავს”. – ამბობს ჰერმინე.
ნუ იქნება სკოლა საავადმყოფოს დერეფნების მსგავსი ცივი და დამთრგუნველი კედლების მახე. მარნეულში როდესაც ვასწავლიდი სკოლაში, ფსიქოლოგიურად ძალიან გადაღლილი ვიყავი, ჩემი თავით და მუშაობით უკმაყოფილო, რაც კიდევ უფრო მთრგუნავდა. იმ სკოლაში ჩემი კოლეგა ზვიად ფიფია იყო. წითელ ხიდთან ახლოს, სოფელ კაჩაგანის მეორე საჯარო სკოლაში ვმუშაობდით. სკოლის პირველი სართულის დერეფნის ფანჯრებს არც ჩარჩო აქვს და მითუფრო – შუშები, მეორე სართული სრულად გაუქმებულია. კარის, ფანჯრების, მერხების, სკამების გარეშე ცარიელი კლასების რიგს ქარი და წვიმა ანიავებს და ალპობს, მაგრამ ისევ იქ, პირველ სართულზე იყო და არის ერთი კლასი, რომელსაც ზვიადი ასწავლიდა იმ დროს. ძალიან ცუდად რომ გავხდებოდი, გამოვიდოდი კლასიდან, დავტოვებდი იქ ადგილობრივ მასწავლებელს და შევიდოდი ზვიადის გაკვეთილზე და რაღაც ნათდებოდა ტვინში. მთელი კლასი ჯადოსნური ხომალდივით ჰქონდა მორთული. ზოგგან ბავშვების ფოტოები იყო, ზოგგან სხვადასხვა პერსონაჟები ეხატა კედლებზე. უფროსკლასელებიც კი, შესვენებაზე იქ შემორბოდნენ ხოლმე. მე იქ ვერ შევძელი მსგავსი გამეკეთებინა მაშინ.

ვიცი, ძალიან ძნელია ყველაფერი ეს, რასაც ვწერ, შექმნა რაიმე მიმზიდველი სკოლაში, როცა ფინანსებისა და რესურსების ნაკლებობაა. მე პირადად მანამდე მხოლოდ ჯავახეთში მოვახერხე ასეთი რამ და შემდეგ ნებისყოფა ან ენერგია აღარ მეყო, მაგრამ მუდმივად არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ ჯიუტად, უანგაროდ, გამიზნულად და გააზრებულად.

ქმნიან მაგიური თეატრის გარემოს და შემდეგ ისე ასწავლიან, თითქოს კართან აბრა ჰქონდეთ გაკრული: „პიროვნების აგების გაკვეთილი. წარმატება განაღდებული გაქვთ”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი