პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

„გვენახა, მასწავლებელიც მოფრინავდა თუ არა“

მთაში შემოდგომის თოვლი მოვიდა, პირველი თოვლი, როგორც გოდერძი ჩოხელის მინიატურა „უმისამართო წერილში”:

„შენ ცაში იყურები და გეჩვენება, რომ მაღლდები, ზემოთ მიფრინავ. ეს მასწავლებელმა გვასწავლა პირველ კლასში. შემოდგომაზე რომ მოვიდა თოვლი, კლასიდან გარეთ გამოგვიყვანა და დაგვაყენა.

თოვდა.

მასწავლებელმა ცაში აგვახედა. სახეზე თოვლის ფიფქები გვეფინებოდა და უცებ ყველას ნეტარების წამოძახილი აღმოგვხდა – ჩვენ ცაში ავფრინდით!

ეს, რა თქმა უნდა, მოგვეჩვენა. ასე იცის, როცა თოვნაში მაღლა იყურები. მაგრამ მაშინ ჩვენ ეს არ ვიცოდით და რატომღაც ყველამ დაბლა დავიხედეთ, რომ გვენახა, მასწავლებელიც მოფრინავდა თუ არა”.

ნეტავ, სხვებიც თუ ასწავლიან „თოვნაში” ამაღლებას პირველკლასელებს, თუ განგებამ შეახვედრა გოდერძი ჩოხელს ასეთი მასწავლებელი?

– გოდერძიმ რვა კლასი გუდამაყრის სკოლაში დაამთავრა. ეს ალბათ იქაურ მოგონებებს უკავშირდება. ჩვენთან, ფასანაურის სკოლაში, უკვე მეცხრე კლასიდან მოვიდა. მაშინ ამ სკოლაში ბევრად მეტი მოსწავლე იყო, ახლა თანდათან მცირდება. ჩვენ პარალელურ კლასებში ვიყავით, მაგრამ ვმეგობრობდით… – გვიამბობს ფასანაურის საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი მანანა ცოცხალაშვილი. – იცით, შენახული მაქვს მისი პირადი საქმე. ამასწინათაც ვათვალიერებდი, მაინტერესებდა, როგორ ახასიათებდნენ მასწავლებლები, ამჩნევდნენ თუ არა მის უნარებს. ცოტა ხანს გუდამაყარშიც ვიმუშავე და იქაურ პედაგოგებსაც ვიცნობ. მარგო მასწავლებელი, გუდამაყრის სკოლის დაწყებითის პედაგოგი, წერს: „უყვარს კითხვა, კარგად წერს…” მოსწავლის ეს თვისებები შემდეგ არც ჩვენი სკოლის მასწავლებლებს რჩებათ შეუმჩნეველი. ჩვენ ქართულს მომთხოვნი ქეთევან კასრაძე გვასწავლიდა და მისი ნიშანი წყალგაუვალი იყო, წერაში – ოთხი, ზეპირში – ხუთი უმაღლეს შეფასებას ნიშნავდა და გოდერძი ამას იმსახურებდა.

„ახლა ჩვენ მეექვსე კლასში ვართ და, რა თქმა უნდა, ის მასწავლებელი აღარ გვასწავლის.
იცი, რა მახსოვს?

ერთხელ დავალება მოგვცა: წიგნიდან ლამაზად უნდა გადაგვეწერა მოთხრობა. მე მთელი ღამე ვწერდი. დილით რომ გავიღვიძე, ჩემს ბიძაშვილს, ჩვენზე ერთი წლით წინ რომ სწავლობდა, იმას, გამურული ტაფა დაედგა ჩემს ნაწერზე. მეტი რა გზა მქონდა, ის გადათხუპნული ნაწერი წამოვიღე. ხელის კანკალით გადავუშალე მასწავლებელს, დარწმუნებულმა, რომ ერთიანს თუ არა, ორიანს ნამდვილად დამიწერდა.

თქვენ ყველანი მე მიყურებდით შემკრთალი თვალებით.

მასწავლებელმა ხუთიანი დამიწერა”.

– ფასანაურში გოდერძი დედის ძმის, კაცა წიკლაურის ოჯახში ცხოვრობდა. ბიძის ოჯახში მას ზრუნვა და სითბო აგრძნობინეს. არ ვიცი, მართებულია ამაზე საუბარი თუ არა, მაგრამ გოდერძისა და ჩემს მეგობრობას საერთო ტკივილი ედო საფუძვლად. ჩვენ, ორივე, მამებისაგან მიტოვებულ ოჯახში ვიზრდებოდით. მაშინ სხვა ქალის გამო ოჯახის მიტოვება არ იყო ჩვეულებრივი ამბავი, თანაც მთაში. ორივეს გვტანჯავდა მიტოვებული შვილების სევდა. ამაზე ბევრი გვილაპარაკია. საერთოდ, გუდამაყრიდან ფასანაურში გადმოსვლამ გოდერძის სხვა სამყარო გაუხსნა, ბიძის ოჯახმა, მათთან იაკობ ტრიპოლსკის ახლობლობამ, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებთან (რომლებიც დაბას ხშირად სტუმრობდნენ) ურთიერთობამ განაპირობა მისი პროფესიული არჩევანი. სკოლა თავისი ავ-კარგით გოდერძის ბევრ ნამუშევარშია ასახული. საერთოდ, დიდი ფანტაზიორი იყო, სულ თხზავდა რაღაცეებს და ვიბნეოდი, რა იყო მართალი და რა – გამოგონილი, ვეღარ ვარჩევდი. ჩვენი მოკეთეობა მერეც გაგრძელდა, პირველ წელსვე ჩავირიცხეთ. მისაღებზე, მახსოვს, თავისუფალი თემა ლექსად დაწერა. სხვანაირი სიყვარული იცოდა, შეეძლო, სანახავად გუდამაყრიდან ფეხით ჩამოსულიყო. თუ რამე გიჭირდა, მოიხედავდი და შენ გვერდით იყო. მაგრამ უხმაუროდ, ჩუმად… ამიტომაც მაფიქრებს, საჭიროა თუ არა, ამდენს რომ ვლაპარაკობ… თავად ოჯახის ერთგული და მზრუნველი იყო, განსაკუთრებულად. მახსოვს, ნინო რომ ფეხმძიმედ იყო, ამბობდა, ბიჭიც რომ დაიბადოს, ლელა უნდა დავარქვაო. ლელა დედამისს ერქვა, რომელსაც აღმერთებდა. გოდერძი მას ჰგავდა. იცით როგორი ქალი იყო? ყვავილებს, ცხოველებს ელაპარაკებოდა, ეფერებოდა…

– გოდერძი 50-ის რომ გახდა, ვფიქრობდი, აღუნიშნავენ–მეთქი. არაფერი ისმოდა. ჩვენმა სკოლამ მოიწვია. გაუხარდა, მეგობრებთან ერთად გვესტუმრა. ბოლოს სუფრის გაძღოლა კახი კავსაძეს ვთხოვეთ. გოდერძი ამბობდა, კაცი მოსალხენად წამოვიყვანე და თამადობა კი დავაკისრეთო…

ფასანაურის სკოლაში შედგამ თუ არა ფეხს, გოდერძი ჩოხელის დიდი პორტრეტი ჰკიდია. მრგვალ, პატარა თვალებში სევდა და სიკეთე შეზავებულა. ეს მზერა დაჰყვება მიმსვლელ-მომსვლელს. ძალიან ადარდებდა მთის სოფლების დაცარიელება და 1998 წელს ჩაწერილ ინტერვიუში ჩემს ნათქვამზე: „დიდი ხანია, გაუკაცრიელებულ მთას წუხხართ, გაჭირვებამაც არ მიაბრუნა მთაში მთიელი…” – ასე მიპასუხა: „მეც რატომღაც მეგონა, ასე მოხდებოდა, მიბრუნდებოდნენ, მაგრამ – არა. ერთხანობას ვფიქრობდი, ეს გაჭირვება ვინმე დიდი პატრიოტის ჩაფიქრებული ხომ არ არის, რომ ხალხი გაცივებულ კერას მოუბრუნდეს-მეთქი. მაგრამ ბარის გაჭირვებას მთაში უარესი მოჰყვა… კერის გაცივება ადვილია, მისი გაღვივებაა ძნელი. კერის გაცივებასთან ერთად ბევრი რამ ცივდება: გენი ცივდება, რწმენა ცივდება, მიწასთან დამოკიდებულება ცივდება…”

ეს დარდი მთას ისევ აწუხებს. ახლა ბარში კი არა, საზღვარს იქით ილტვის ხალხი საარსებოს საშოვნელად.

– ჩვენი სკოლის ისტორიას დიდი ხანია ვაგროვებ, ვის უმუშავია, ვის უსწავლია… დიდი მასალა დამიგროვდა, ძალიან საინტერესო ამბებით. ცხადია, ამ ისტორიაში გოდერძი ჩოხელს თავისი გამორჩეული ადგილი აქვს. გუდამაყრის სკოლა პირველი იყო, ყმაწვილობა უკვე ფასანაურში გაატარა. გოდერძი დიდი ადამიანი იყო, მისი სახელი ორივე სკოლას ეყოფა თავმოსაწონებლად… მთავარია, გვახსოვდეს… – ამბობს ქალბატონი მანანა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი