შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

კითხვები

შორიდან რომ შეხედო, ჩემი ცხოვრება ძალიან ჰგავს Californication- ს: პირველი სეზონის სამი სერია კარგად გართობს, ხანდახან ისე გადაიხარხარებ ხოლმე, რომ დედა შენი ოთახის კარს შემოაღებს და გადაამოწმებს, ყველაფერი რიგზე თუ გაქვს.  მეოთხე ეპიზოდიდან არჩევანს სიცილსა და ტირილს შორის ვერ აკეთებ, პირი მაგრად გაქვს მოკუმული. მეხუთე სერიიდან ხმამაღლა ბღავი და დედა შენი  ოთახის კარს შემოაღებს, გადაამოწმებს, ყველაფერი რიგზე თუ გაქვს.

ერთი სიტყვით, ჩემი გერმანული რეალობა, დახუნძლული თავგადასავლებით, ხმაურიანი დღეებითა თუ სწავლის დღეებით, განსაკუთრებით კი- ახალი ნაცნობებით, შორიდან ისეთი მომხიბვლელია, ცოტა მოუახლოვდები და ერთი დიდი სევდაა. თბილისი მენატრება. მანდაური ამბებისკენ მომიწევს გული.

ნეტა, როგორი ოქტომბერია მანდ, თბილისურად ოქროსფერი თუ ბოხუმურად მოღრუბლული და წვიმიანი? პალტოები უკვე ჩაიცვით? ყველა პალტო ისევ შავია თუ თანდათან ფერადდებით?

„მარსელი” უკვე გამოიცა ქართულად? როგორი თარგმანია?

ის ბიჭი კარგად წერს, წლის საუკეთესო რომანისთვის „საბა” რომ აიღო? ბიჭია თუ ბიჭზე კიდევ უფრო დიდი?

რალფ ფაინსი მართლა ჩამოვიდა?

მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე რა ხდება? ბოლოსდაბოლოს, არის თუ არა ბექა კრიმინალი?

„ისთ ფოინთი” თუ „თბილისი მოლი”?

მელიქიშვილზე, ფერად ფოთლებში ისევ ზის ის უსინათლო? ისევ ის ნაცრისფერი, დაგლეჯილი სვიტრი აცვია?

როგორი იყო წელს თბილისობა, ისევ წუწუნებდნენ მწვადის არათბილისურ სუნზე?

დედამ უკვე გამოაცხო ქურაში ის არანორმალურად გემრიელი, შაქრიანი ვაშლები? ისევ ისეთი გადაღლილია? ექიმთან რომ უნდა მისულიყო ამ თვეში, ყველა სხვა ქართველი დედასავით ხომ არ დაავიწყდა?

ტომიმ ყველა სანთელი ჩააქრო?

როგორია აღდგენილი ზოოპარკი?

ჩვენს მეზობელ ნანას თავისი პატარა ბიჭი ისევ ყოველ საღამოს სთხოვს, წიგნი წაუკითხოს? და ნანა ისევ ისეთი გადაღლილია ყოველ საღამოს? ისევ არ წაუკითხა „სალამურას თავგადასავალი”?

ისევ ხშირად იყენებენ მზა, გაზეპირებულ ფრაზას „რა გენაღვლება”?!

ისევ ბევრი რამე გვენაღვლება?

ისევ ძველებურად უკვირთ რომელიმე ტაქსის მძღოლის მოულოდნელი, გემოვნებიანი ფლეილისთი?

ყვითელი სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ისევ „ქალაქურებს” უსმენენ?

ჩემი საყვარელი, ნაზი, ფუმფულაკანიანი და კომშისუნიანი ბებო რატომ ავადმყოფობს? გადაეცით, რომ დაგლეჯილ ჯინსებს აღარასდროს გავეკარები!

ქალაქგარეთ ისევ არ გაჰყავთ მშობლებს შვილები? „მაკდონალდსი” საოჯახო ექსკურისებზე პოპულარულია?

ისევ ძველებურად ერთობიან ახალგაზრდები? „კანუდოსი” უფრო პოპულარულია თუ ახალგახსნილი „ვოლი”?

„არსადი” აღდგა? ისევ იმის გამო მოსწონთ, რომ შეუძლიათ, კითხვაზე „სად ხარ”, თამამად უპასუხონ: „არსად”?!

ქუჩებში ნაგავს ისევ ისე გულგრილად ყრიან?

უფრო უყვართ ერთმანეთი თუ უფრო ისევ არ უყვართ?

უფრო იღიმიან თუ უფრო ისევ მოღუშულები არიან?

ხანშიშესულები ისევ აივანზე გამოფენილი თეთრეულის სიქათქათით აფასებენ ოჯახურ სიწმინდესა და ღირსებას?

საკუთარზე მეტად ისევ სხვების ამბები აინტერესებთ?

რამდენიმე წელში, უკან დაბრუნებული რუსთაველს სიმღერ- სიმღერით თუ გავუყვები, ნეტავ, ისევ ძველებურად ფურთხის ღირსად ჩამთვლიან? ნეტა არა. ნეტა არა, რა.

ისევ აჭარბებს მანქანების რიცხვი მოსახლეობის რაოდენობას?

ფეხით სიარული ისევ არ უყვართ?

ისევ ჰგონიათ, რომ დეტექტივი მდარე ლიტერატურაა?

სალომე ბენიძის წყალქვეშა ქალაქის ელექტრონული ვერსია არსებობს?

რომ ჩამოვალ, ხომ უფრო ბედნიერი ქალაქი დამხვდება?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი