პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ბებოების ჰერბარიუმი

„ო, ჩემს ხსოვნაში დალურსმულო ბებოების ჰერბარიუმო!”
ბ. ხარანაული
დღეს ჩემს გოგოს ინტერნეტით გამოწერილი ჩანთა ჩამოუვიდა, ჭრელი, ჭრელი ძაფებით ამოქარგული, შუაში სამი ცალი ძალიან საყვარელი ბუ ახატია. იმდენი ვატრიალე ხელში, შენც შეგიძლია დაიჭირო ხოლმეო, დიდსულოვნად მანუგეშა. მე რომ პატარა გოგო ვიყავი, სად იყო ასეთი ჭრელი ჩანთები. ვერ მოვასწარი, მანამ გავიზარდე, სანამ ინტერნეტით ჩანთების გამოწერა იქნებოდა შესაძლებელი. ახლა აღარ მომიხდება.

რაც ჩემს ბავშვობას აფერადებდა (და არა მხოლოდ ჩემსას) ბებიას დაქსოვილი წინდები იყო, დაშიბულები, როგორც მთიულეთში ეძახდნენ. ისხდნენ შავოსანი ბებოები სადღაც შორს, ისეთ სოფლებში, სადაც საბჭოთა ავტობუსი ძალიან დიდხანს უნდებოდა აჯაყჯაყებას და ქალაქელი შვილიშვილებისთვის გასაგზავნ წინდებს ქსოვდნენ. თუკი რამეზე მწყდება გული, იმ დროიდან, ბებოებია, თორემ დანარჩენი, როგორც რეზო ინანიშვილის ერთი, ახალგაზრდობაში ლამაზი და და ამ სილამაზის დაუნახაობით გაუხარელი ძველი ქართველი ქალი იტყოდა: „გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც, ერთ ისეთ კოცნად არ ღირდა, ეხლა კინოში რომ ჰკოცნიან ქალი და კაცი ერთმანეთს!”

მართლაც გაქრენ და აღარ არიან, მათ თავიანთი ისტორია ჰქონდათ, თავიანთ კერებზე სხვა ძაფებით იყვნენ მიბმულნი. დრო რომ გამოიცვალა, ბებოებიც გამოიცვალნენ, ახლა სხვა ამბები ხდება. სოფლები თითქმის დაცლილია, ბებოებიც აქ არიან – სკოლებსა და ათას წრეებზე ატარებენ შვილიშვილებს, ან თვითონაც სამსახურებში გაბმულები შაბათ-კვირას ძლივს ახერხებენ მათ ნახვას, ან მიგრანტები არიან და სკაიპით ადევნებენ თვალ-ყურს შვილიშვილების გაზრდას, ან პირიქით, მშობლები არიან საზღვარგარეთ და ბებიებს დედობა უწევთ. მოკლედ სხვა ამბებია, სხვანაირი სიყვარულებით, სხვანაირი ტკივილითა და სიხარულით.

იმ ძველი ყაიდის ბებიებზე ჩვენ თუღა მოვუყვებით, ჩვენ და კიდევ ლიტერატურა. კინოც შეიძლება, მაგრამ ფერადჩანთიანი გოგონები აღარ უყურებენ საბჭოთა შავ-თეთრ ფილმებს. თუმცა იქნებ უყურებენ კიდევაც, მაგრამ ჩემ ირგვლივ რომ გავიკითხე, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” არავის ჰქონდა ნანახი, მაშინ როცა, თვითონ ნაწარმოები ბევრს წაუკითხავს.

სესილია თაყაიშვილიც – ქართველი ბებიას კინემატოგრაფიული სახე-სიმბოლო, თუ იციან, „ნატვრის ხით” იციან. ფირი აღადგინეს, მათ სტანდარტებს მიუახლოვეს, თავიდან გავიდა კინოთეატრებში და ალბათ იმიტომ.
საბჭოთა პერიოდში შექმნილი მხატვრული სახეებიდან ოლღა ბებია მაინც უპირველესია. 1960 წელს დაწერილი ეს რომანი დღესაც ქართველი ახალგაზრდობის ერთ-ერთი მთავარი და აუცილებელი საკითხავია. დაფიქრდება მშობელი ან მასწავლებელი, რა შეიძლება ურჩიოს ბავშვს ისეთი, რომ ჩაითრიოს, კითხვის გემო გააგებინოს, თან მხატვრული ღირებულებაც ჰქონდეს. დიდი ძიება არც სჭირდება: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”.

მძაფრი დრამა ოჯახისა, რომელშიც მხოლოდ ბებია, შვილიშვილი და თითქმის ამ ოჯახის წევრებად ქცეული მეზობლებიღა არიან დარჩენილი, თანაც საყოველთაო გაჭირვების, დიდი სამამულო ომის ფონზე, იმდენადაა გახვეული იუმორის თბილ საფარველში, რომ ყველასთვის საყვარელი საკითხავი ხდება. იცინი, იცინი, შეიძლება სიცილისგან ცრემლებიც კი გადგება თვალებზე და ვერც ამჩნევ, როგორ ივსები ადამიანური სევდით.

ოლღა ბებიას უჭირს – მის მოხუც მხრებზე შვილიშვილის მარტო გაზრდის კი არა, აღზრდის ტვირთიცაა. უჭირს და ნერვიულობს, იწყევლება კიდეც. თუმცა ის, თითქოს ბიბლიური დედაბერია, რომელსაც შეუძლია უკანასკნელი გაიღოს და თანაც ეს, ჩუმად, ბუხრის ცეცხლის შუქზე გააკეთოს, მაშინ როცა ჰგონია, რომ ზურიკელას სძინავს.

ჩემთვის პაპაჩემის დაღვრილი სისხლივით მნიშვნელოვანია ოლღა ბებიას მოქსოვილი წინდები, ბებიების გმირობა ასეთია, ჩუმი, თითქოს საკუთარ კერაზე მიკარგული, ამიტომ უფრო სევდიანი, მაგრამ ქვეყნის, ადამიანის, შვილიშვილების გადარჩენაში ისევე მნიშვნელოვანი, როგორც ჯარისკაცისგან თავის გაწირვა.

ზურიკელა სოფელში დაბრუნდა, მაგრამ ომის დროს გაზრდილი თაობის დიდი ნაწილი ქალაქისკენ დაიძრა. დარჩნენ ომგამოვლილი ბებოები თავიანთ კერებზე. შეიცვალა თაობა და ბებია-შვილიშვილების ურთიერთობაც. ომის, სიკვდილის პირისპირ მათ შეძლეს შვილების და შვილიშვილების სიცოცხლის გადარჩენა. არც მედლები მიუღიათ ამისთვის, არც გმირის სახელი, მაგრამ ეს შიმშილში გაზრდილი თაობა ქალაქისკენ დაიძრა. დარჩნენ შაბათ-კვირას გზისკენ მაცქერლები. ყოველ შემთხვევაში, ჩემს სოფელში ასე იყო. სამ-ოთხ ოჯახში თუ იზრდებოდნენ ბავშვები, დანარჩენები ქალაქიდან ვსტუმრობდით ხოლმე ბებიებს, ომიდან დაბრუნებული პაპა მხოლოდ ერთი იყო.

„ჩემო დათუნა და მზია, ბებო გენაცვალოთ თქვენ! სადა ხართ შვილებო, რატომ არ ჩამოდიხართ, ასე რად დამანატრულეთ თქვენი თავი?!” – რეზო ინანიშვილის „მარტოობის” ეს თხოვნა-სამდურავი ყოველთვის დანაშაულის გრძნობას მიჩენს. მართალია, ჩვენ – მე და ჩემი და – ორღობეში მცხოვრები სხვა ბებიების შვილიშვილებიც თითქმის ყოველ შაბათ-კვირას და ყველა არდადეგებზე იქ ვიყავით, მაინც მგონია, ჩვენა ვართ ეს „დათუნა და მზია”, ჩვენ არ ჩავდივართ ბებიასთან, ჩვენს მოლოდინში ამაოდ ელევათ მათ გულები. მართალია, არც სოფლიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მიგვიღია, არც არაფერი გვერჩივნა ქალაქური და მშობლების მიერ დაწესებული წესრიგისგან თავის დაღწევასა და ბებიას გაცილებით თბილსა და თავისუფალ სივრცეში შეფარებას, მაგრამ იმაში დამნაშავედ თავს მაინც ვგრძნობ, რომ ის ჩვენს მონატრებას ზამთრის სიცივეში ძროხებთან ლაპარაკით იკლავდა.

თუმცა ავიდოდით და ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდებოდა. ისინი გვიყვებოდნენ თავიანთი გათხოვების ისტორიების შესახებ, როგორ იქსოვდნენ სამზითვოდ ფარდაგებს, გვაშინებდნენ ჭინკებით და ავსულებით, გვილოცავდნენ შეშინებულებს და ათასმეერთედ გვიბარებდნენ, რომ კუბოში ჯვრისწერის კაბა უნდა ჩაგვეტანებინა, თორემ დაბერებულებს პატარა ბიჭებად დარჩენილი მათი ქმრები საიქიოში ვერ იცნობდნენ.

„კიდევ ბევრ სამკვდრო ტანისამოსს გასცვეთს ეს ბებო,
კიდევ ბევრჯერ ახდის სკივრის თავს,
კიდევ ბევრჯერ გაამზეურებს
კაბასა და ლეჩაქ-ჩიხტიკოპს.
ბავშვებსაც ბევრჯერ დააცხრება თავზე ქორივით _
„უყურე ამ არგასაზრდელებს,
სათამაშოდ გაუხდიათ ჩემი სამკვდრო ტანსაცმელიო!”
ჩააბრუნებს მოფრთხილებით… სკივრის ძირიდან
თვალსევდიანი, მომლოდინე ქმრის სურათი შემოანათებს”.

ბ. ხარანაული „მიკარნახე ანგელინა”

ამგვარი სკივრების ქექვა, რაღა თქმა უნდა, ჩვენც ძალიან გვიყვარდა. ოღონდ არ მახსენდება, რომ გამოვეჭირეთ. ალბათ ფრთხილად ვიქცეოდით. ყველაზე ხშირად ერთი ბებოსთვის გამოგზავნილ სამკუთხა წერილებს ვათვალიერებდით.

ამ ბებოს ისტორიაც ისეთივე იყო, როგორიც ძალიან ბევრის – ახალგათხოვილი და ფეხმძიმე იყო, ომი რომ დაიწყო. გააჩინა და გაზარდა ბიჭი, რომელიც სხვებივით ქალაქში დამკვიდრდა. ვაჟიშვილი და რძალი მუშაობდნენ, ამიტომ 8-9 წლის ასაკამდე ოთხი შვილიშვილიც თვითონ გაზარდა. ერთ-ერთი მათგანი ჩემი მეგობარია. პატარა გოგოებს სასიყვარულო წერილებზე მეტად რა მიგვიზიდავდა. ვიღებდით, ვკითხულობდით და თან ვათვალიერებდით, რადგან ამ სამკუთხა წერილების არშიები საოცარი სურათებითა და ჩუქურთმებით იყო მოხატული. ის ომი თითქოს ახლოს იყო. სკოლაც და მთლიანად საბჭოთა გარემოც სულ იმ გამარჯვებას ამაყობდა. ფილმებსაც უამრავს ვუყურებდით. მაგრამ ახლა ვხვდები, მაინც ვერ წარმომედგინა ჯარისკაცი, რომელიც ცოლისთვის წერილების არშიებს ასე აჩუქურთმებდა. სამაგიეროდ, კარგად ვაცნობიერებდი, რომ ეს წერილები აგერ ჩემი მეგობრის ბებოსთვის იყო.

რაღაცნაირად განსხვავდებოდა ყველასგან, უფრო ლამაზიც იყო, უფრო დახვეწილიც, თითქოს სოფლური ცხოვრება ვერ მორეოდა, გარეგნობაზე ვერ დაემჩნია მძიმე შრომას თავისი კვალი. ხანდახან ვფიქრობდი, ეს წერილები ინახავს-მეთქი მის სიფაქიზეს.

არადა, დღე და ღამე შრომობდა – ბაღი, ბოსტანი, სათიბ-სახნავი, საქონელი. მათ სწორი ეზო ჰქონდათ, მთიან სოფლებში იშვიათია სწორი ეზოები. ხშირად მთელი სოფლის ბავშვები იქ ვთამაშობდით. ის კი იდგა საზაფხულოდ მოწყობილ სამზარეულო-აივანზე გაზქურასთან და კარტოფილის ღვეზელებს გვიკეთებდა. ჩვენ ვთამაშობდით, დავრბოდით, ვიმალებოდით და კლდის პირას ჭვავის ყანაში ბავშვების დაჭერისა არ იყოს, ასე მგონია, ერთ-ერთი ყველაზე სწორი, რაც მინახავს, ესაა ლამაზი ეზო, სავსე ბავშვებით და აივანზე შავოსანი ბებიით, რომელიც ამ ბავშვებისთვის აცხობს და აცხობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი