პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ნამდვილი ამბავი

რანაირი ვარ, სულ ადამიანებზე ვწერ. იმათ ამბებზე. დრამებზე, სახალისო ისტორიებზე, იმათ სიკვდილსა და იმათ სიცოცხლეზე, იმათ გზებზე, რომლებიც, იქნებ, არსადაც არ მიდიან, მაგრამ თითოეული კილომეტრი უკვე ერთი დიდი მოგზაურობაა, იმათ ღამეებზე, იმათ დღეებზე ვწერ, რომლებიც ხან სავსეა, ხანაც- ცარიელი. 

დაახლოებით სამი თვის წინ, გაზაფხულის ერთ მშვიდ საღამოს, ისეთ მშვიდ საღამოსაც არა, როცა ხიდან ხეზე გადაფრენილი ჩიტის მარშრუტს აკვირდები, ფეისბუქის სქროლვას მივყავი ხელი. ეს ის დროა, როცა ინერციით ალაიქებ ფრენდების პოსტებს, რაღაცანაირი, დაღლილი, მოშვებული მომენტია. ამ დროსაც გამოერევა ხოლმე რამე საინტერესო. ერთჯერადად საინტერესო. მაგრამ იმ საღამოს უფრო მრავალჯერადი რამე აღმოვაჩინე. ეს ის არის, რასაც ბოლო სამი თვეა ყოველ ოთხშაბათს, ღამის თორმეტზე ვაკეთებ. სიმართლე გითხრათ, ბლოგის სათაური „ცარიელი დღეები” თავიდან დიდად არ მომეწონა. ცოტათი ბანალური კი იყო და ვფიქრობდი, წამეკითხა თუ არა საერთოდ. მაგრამ ისეთი „ფრენდი” „აშეარებდა”, რომელიც თავადაც წერს, თან არც თუ ისე ცუდად, თან, მგონი, იმის გემოვნებასაც ვენდობოდი, თან ცოტა ჩახლართული ამბავი იყო: საკუთარი ძმის ბლოგპოსტს აშეარებდა, ძმის, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი გამეგონა, რომელმაც უცებ რატომღაც ფეისბუქი გააუქმა, რომელმაც 2015 წელს პირველად გააკეთა პირადი ბლოგი და საკუთარი ამბის მოყოლა გადაწყვიტა. ჩვენი ამბებისაც. მაგრამ ეს ცოტა მერე. 

მანამდე კი: ჩვენი, ბლოგერების მიგდებული პირადი ბლოგები და ნულოვანი ინტერესი არა მხოლოდ ჩვენი, სხვისი პირადი ბლოგებისადმი საკმარისი მიზეზი უნდა იყოს იმისთვის, რომ არ გარისკო და წერა ამ ფორმატით არ სცადო „მაინც არავინ წაიკითხავს” პრინციპით. თან, წარმოიდგინეთ, რამხელა სითამამეა, მკითხველს შენი არც ისე ბედნიერად დასრულებული სასიყვარულო ისტორია მოუყვე.  ჩვენ ყველას მინიმუმ ერთი ასეთი ისტორია გვაქვს და ჩვენთვისვე ვინახავთ. ხო შეიძლება, გახდეს ხმამაღალი და გაბანძდეს. უფრო ხშირად ხო ეგრე ხდება ხოლმე. 

ნონო ანთაძემ ამ ფონზე დაიწყო ბლოგის წერა. პირველივე ბლოგპოსტიდანვე მივხვდი, ჩამითრევდა. ჩემი საყვარელი სერიალების პოსტერებიც ბლოგპოსტებში უკვე იყო კეთილგანწყობის მიზეზი.  მე ხომ თივი შოუების დიდი მოყვარული ვარ, 2007- ში „Skins”-ით დავიწყე, ბრიტანული თინეიჯერული დრამით და ახლა პარალელურად ვუყურებ “True Detective”- ს, “Fargo”- სა და კიდევ რამდენიმეს. ძალიან მაგარი ფილმის ყურებისას ყოველთვის გულგახეთქილი ველოდები ხოლმე ფინალს, ნეტა არ დამთავრდეს, ნეტა მალე არ დამთავრდეს. სერიალის თვისება კი ხანგრძლივობაა, კარგი სერიალი  ხანგრძლივი ბედნიერებაა იმ იდეალური ურთიერთობასავით, რომელიც გვაქვს, გვქონია ან ოდესმე გვექნება. 

ვკითხულობდი. მიკვირდა. თითქოს ძველი იყო ეს რომანტიკა და ამ დროს არანორმალურად ახალიც, თან გაჩერებული დრო იყო, თან- აჩქარებული: რაღაც ისეთი, ბურგერებით კვების მოუცლელი, საქმიანი ესთეტიკით. თან თბილისი იყო, ჩვენი ყოველდღიური ამბები, ადამიანები იყვნენ, ჩვენ ვიყავით. და ჩვენი თავებიდან გამომდნარი პერსონაჟები როგორ შეიძლება, უინტერესო იყოს. გამორიცხულია. 

ცოტათი მართლა კინოა ეს ბლოგი, რომლის მთავარი პერსონაჟიც ხანდახან თავადვე ამბობს: „არსებობს მომენტები, როცა ხვდები, ისე კი არ იქცევი, როგორც კინოში გაქვს ნანახი, ისე იქცევი, როგორც მერე გადაიღებენ კინოში”. სიზმრებიც ეგეთი აქვს, მასშტაბური: ხან ფინჩერი გადაწყვეტს მისი ბლოგის ეკრანიზაციას,  ხან რომელიმე ცნობილ შოუში ხვდებიან აპლოდისმენტებით. 

საბოლოოდ, მაინც გატელევიზორდა. მკითხველის სიყვარული ამისთვის სრულიად საკმარისია. გადაწყვეტილება წერო შენზე, ისეთზე, როგორიც სინამდვილეში ხარ, რა თქმა უნდა, რთულია. ავტორი პატარა ბიჭი ხომ არაა, დილით მშობლები ჩაის და კარაქიან პურს რომ აძალებენ. დიდი ბიჭია ნონო და დიდური და რთული არჩევანი გააკეთა, დაეწერა საკუთარ თავზე. გოგო, რომელიც წავიდა და რომლის გამოც, როგორც თავად ამბობს, წერა დაიწყო, მაინც მეორეხარისხოვანი პერსონაჟია, ფონი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ავტორის გაცნობის საშუალება გვეძლევა. 

ცოტათი თამაშიცაა ეს ბლოგი. კაცმა არ იცის, საკუთარ თავს რომელ ნაწილში აღმოაჩენ. ნონოსთვისაც იქნებ აზარტია, რამდენ უნიკალურ მნახველს აღმოაჩენს. უფრო კი, დიახ, ეგაა, სიყვარულია. რომელიც ისეთი ძლიერია, შეგიძლია, იმერეთის რომელიღაც სოფელში მის სანახავად რამდენიმე დღე გაუჩერებლად მიდიოდე, ეძებდე, მერე იჯდე გაჩერებაზე და დასურულებლად ელოდე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი