პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

უკაცრავად, მაგრამ პოეზია მომგებიანი არაა

თავი ყველაზე უარესისათვის შევამზადე, ვაჩესკენ შევტრიალდი და ვუთხარი: ,,ცოტა დავიღალე, მოდი, შემდეგი ლექსი შენ წაიკითხე”, თვალები ისე დავხუჭე, როგორც ოდესღც საბავშვო აუზში გადახტომის წინ და ღრმად ჩავისუნთქე. ყოველთვის, როცა მოსწავლეს ლექსს ვაკითხებ, დიდ შინაგან ბარიერს ვლახავ _ როგორ წაიკითხავს: ძველი სკოლის მსახიობივით ომახიანად და პათეტიკურად; თუ მონოტონურად იზუზუნებს, გააწყალწყალებს, გააშავთეთრებს ლექსს; თუ თავმობეზრებულ გამომეტყველებას მიიღებს, ყველა სიტყვაზე იბორძიკებს, მაჩვენებს, რომ ამაზე მოსაწყენი რამ ცხოვრებაში არ გაუკეთებია… ყველაფერი ეს გამომიცდია, სხვა შემთხვევებისაგან განსხვავებით, ამ დროს ძალიან მიჭირს პედაგოგიურ მიდგომებზე ვიფიქრო და გულნატკენი გოგოსავით სახე არ ამელეწოს.

ამჯერად გადავრჩი, სასიამოვნო, ხავერდოვანი ხმა (მხოლოდ მაშინ, როცა ლექსს კითხულობს, ვამჩნევ ადამიანის ხმის ტემბრს) სადად, თანაბარზომიერად გაუყვა ტიციან ტაბიძის ლექსის ,,ანანურთან” სტრიქონებს, მხოლოდ სათანადო სიტყვებზე ზუსტად დასმულმა აქცენტებმა მიმახვედრა, რომ სწორად გრძნობდა, იაზრებდა, განიცდიდა ლექსს. საკვანძო მეტაფორასთან ხმა ოდნავ ჩაუწყდა. მორჩა, უკვე ვიცოდი, რომ ვაჩე მზადაა პოეზიაზე ვისაუბროთ. ანუ ამ კლასში ერთი მოკავშირე მყავს.

მთელი ცხოვრება ყველაზე მეტად სწორედ ასეთი მოკავშირეების პოვნა მიჭირდა, ადამიანებისა, რომლებსაც პოეზია უყვართ. რუსთაველი ამბობს: ,,კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი”. თუმცა, რუსთაველი სუბიექტური იყო, სავარაუდოდ, პოეზია ეყვარებოდა…

ნეტავ ერთხელ მაინც თუ შემხვედრია საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანი, რომელიც გონებაში მარცვლავდა:
,,…რისთვის მოდიან მხედრები
ანანურით და არშით?
_ შენი ღიმილი მიყვარდა,
წყვილი პეპელა ქარში.
_ შენი გულმკერდი მიყვარდა,
მწიფე თავთუხის ხვავი.
_ შენი ფერდები მიყვარდა,
მჟავე სურნელი ჭვავის.”
ალბათ, არასოდეს. თორემ გავიგონებდი.

წელს თბილისის წიგნის ფესტივალი მეჩვიდმეტედ ჩატარდა ,,ექსპო ჯორჯიას” პავილიონში. ზოგი ამბობს, იმდენად ბევრი ხალხი სტუმრობს ამ ღონისძიებას, უფრო დიდი სივრცეა საჭირო, ეს დარბაზი ვერ იტევსო. ზოგი ჩივის, ჯოჯოხეთურად ცხელაო, ზოგიც კაფეს იწუნებს. მე რომ მივედი, უკვე შვიდს ათი წუთი აკლდა, გრილოდა, ხალხიც შემეჩხერებულიყო, კაფეს ასორტიმენტზე უკეთესი სასუსნავი კი სტენდებზე მეგულებოდა. ასე რომ, იქაურობა სამოთხეს მივამგვანე, ოღონდ გვარიანად დაღლილი ანგელოზებით. ქართული გამომცემლობები არ შემიძლია არ შევაქო: ერთმანეთთან დაძაბული კონკურენციის პირობებში სულ უფრო უკეთეს ლიტერატურას გვთავაზობენ, სულ უფრო უკეთეს თარგმანებსა და თუ ორიგინალურ გამოცემებს ნებისმიერი გემოვნების მკითხველისათვის. მათ შეძლეს, რომ წიგნის კითხვა დღესდღეობით ახალგაზრდებს შორის საკმაოდ პრესტიჟულ საქმიანობად ექციათ. ძველ თაობაზე აღარაფერს ვამბობ, მათ ისედაც იციან, რომ წიგნი კარგია. ამ შემთხვევაში ჩემი ძველი მოსწავლის თხზულებიდან ნაწყვეტი მახსენდება რატომღაც: ,,დედაჩემი ამბობს, რომ კითხვა ძალიან უყვარს, თუმცა არ მინახავს ხელში წიგნი სჭეროდეს”. ეს ისე, ლირიული გადახვევასავით.

მოკლედ, ჩემმა ფესტივალმა სრულ იდილიაში ჩაიარა, სანამ სახლში მისულმა წიგნებს არ გადავხედე და არ აღმოვაჩინე, რომ მათ შორის ერთიც არ იყო პოეზიის კრებული. ეს აშკარა პარადოქსად მომეჩვენა, ოდესღაც ხომ პროზის კითხვა მხოლოდ იმიტომ დავიწყე, რომ მასში ცოტაოდენი პოეზია მეპოვნა.

არ დამისვამს კითხვა, რატომ? რადგან პასუხი უკვე მზაა და ჰაერში კიდია. ეს ფრაზა უცხოელმა გამომცემლებმა შემოიტანეს ქართულ სინამდვილეში, როცა მათ ქართული პოეზიის თარგმნა და გავრცელება შესთავაზეს: ,,უკაცრავად, მაგრამ პოეზია მომგებიანი არაა”. უფრო სწორად, უცხოელმა გამომცემლებმა უცერემონიოდ დაარქვეს სახელი იმ რეალობას, რომლის არსებობაც ისედაც შეიმჩნეოდა ქართულ სივრცეში, მაგრამ აღიარება გვიჭირდა.

,,უკაცრავად, მაგრამ პოეზია მომგებიანი არაა”, _ ეუბნებიან ქვეყანას, რომლის კულტურის ყველაზე განვითარებული დარგიც წარსულშიცა და აწმყოშიც სწორედ პოეზიაა. მაშასადამე, რა გამოდის, რომ ჩემი ქვეყნის აზროვნების დომინანტური ფორმა თანამედროვე სამყაროსთვის ნაკლებად საინტერესოა?!

და რა გამოდის, რომ ჩემი აზროვნების დომინანტური ფორმა თანამედროვე სამყაროს ფეხს ვერ უწყობს, მაშასადამე, ფეხს ვერ უწყობს ჩემი მოსწავლეების მოთხოვნებს, ვერ თანხვდება მათ მოლოდინს?!

ჰო, მაგრამ ჯერ ერთ წელსაც რომ არ ჩაუვლია ისე, გალაკტიონის ,,ქებათა ქება ნიკორწმინდას” ახსნისას, როცა ჯერ მითქვამს, რომ, როდესაც პოეტმა ლექსი დაწერა, ტაძარი ნანახი არ ჰქონდა და მერე ნაწარმოებს გავცნობივართ, რომელიმე სუნთქვაშეკრულ მოსწავლეს არ ეთქვა: ,,რო ენახა, რაღას დაწერდა, მასწ…”

არსებობს ერთი უკბილო ,,ფრთიანი ფრაზა”: რუსთაველმა თქვა, ,,გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის” და მერე ამხელა პოემა დაწერაო, სინამდვილეში ეს ფრაზა იდეალურად გამოხატავს პოეზიის არსს.

პოეზია ერთ უცნაურ ნივთს მაგონებს, რომელიც ჩემი ბავშვობის რომელიღაც პერიოდში ყველა გოგონას დაჰქონდა სკოლაში: პლასტმასის რგოლი იყო, ხელს გაიქნევდი და უცებ მისგან ფერადი ხვეულები ჩამოიშლებოდა. ასეა კარგი პოეტური სახეც, ცოტას თუ დაუფიქრდები, მის მიღმა და მის სიღრმეში ფერად-ფერადი ინტერპრეტაციების დაუსრულებელ შესაძლებლობას აღმოაჩენ.

პოეზია არის ადამიანებისათვის, რომლებიც ერთსა და იმავე დროს ფიქრობენ, მაღალ ემოციურ ინტელექტს ფლობენ და ესთეტიკური ტკბობის უნარიც გამძაფრებული აქვთ. ალბათ, ასეთ ადამიანად მაინც უნდა დაიბადო, მხოლოდ ძალიან კარგ მასწავლებელს და დიდი ძალისხმევის შედეგად თუ შეუძლია ნებისმიერი საწყისი მონაცემების მქონე მოსწავლეს პოეზიის არსის ჩაწვდომა შეაძლებინოს, პოეზია შეაყვაროს. თუმცა, ეს მაინც შესაძლებელია, ვერ ვიტყვით, რომ წინასწარ დამარცხებისათვის განწირული ბრძოლაა.

თუმცა პოეზია ალბათ მაინც ისაა, რითიც თაობებს ყველაზე უკეთ შეიძლება ამა თუ იმ ეპოქის სულისკვეთება, მისი ყველაზე გამორჩეული შვილების განცდები, გადააწვდინო:

,,ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს მეყოფა გამოსარჩლებად.”

შეიძლება პოეზია შემდგომი ეპოქებისათვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე _ პოეტის თანამედროვეობისათვის. შეიძლება ესაა ჯაჭვი თაობებს შორის, კავშირი, რომ ადამიანებს ყველა დროში ერთი და იგივე პრობლემები და განცდები აქვთ.

ბევრი კი შევეცადე, ამეხსნა, მაგრამ პოეზია მაინც იდუმალი რამაა: ამის წინ ერთი მშვენიერი საღამო გაიმართა თბილისში, ერთ-ერთი გამომსვლელი უკრაინელი პოეტი სერგეი ჟადანი გახლდათ, შემდეგ კი მისი ლექსების თარგმანებს ქართველი პოეტი ზვიად რატიანი კითხულობდა. ყოველ ჯერზე ვხედავდი როგორ გამოდიოდა პატარა სცენაზე საშუალო ტანის კაცი და ჩემთვის გაუგებარი სიტყვების ძალაუფლება როგორ მახრევინებდა თავს, მერე კი ქართველი საკონტროლო გასროლისას სიტყვას სიტყვაში, როგორც ტყვიას ტყვიაში, სვამდა.

მომინდა, რომ გამომეგონა აბი, რომელსაც ყველა ჩემს მოსწავლესა თუ სტუდენტს გადავაყლაპებდი და იგივეს განიცდიდა, რასაც მაშინ მე _ უბრალოდ, ყოველგვარი სიტყვების გარეშე.

***
ამის წინ ერთ შესანიშნავ გზაზე მივდიოდი. გამოცდილი მძღოლი არ მეთქმის, სულაც პირიქით, ჰოდა, ძალიან ფრთხილად მიმყავდა მანქანა. ღია ფანჯრებიდან რომელიღაც მცენარის თავბრუდამხვევი სურნელი შემოდიოდა, ბუჩქი იყო, მისი სახელი, რასაკვირველია, არ ვიცი და რომც მითხრათ, ვერ დავიმახსოვრებ. ალბათ, ძახველი არ იქნებოდა, მაგრამ ამეკვიატა და ამეკვიატა:

,,…მაგრამ ძახველის გამო მოვედი,
მე აქ ძახველის გამო მოვდივარ..
შაშვებიანი თოვლის ნაღველი,
ტანზე შემხმარი ცით და ქარითა,
ზამთრისთვის სისხლის შემომნახველი
იქნებ დავლანდო ჩარგლისკარიდან…”

ორიოდე წუთში საჭეც გამექცა და კარგადაც დამტუქსეს.

მაშინ ცხოვრებამ პირდაპირ გადმომითარგმნა მეტაფორა:

რომ პოეზია კონცენტრაციას აკარგვინებს.

საკუთარი მიზანდასახულობის სწორი გზიდან გვახვევინებს.

ეს კი თანამედროვე ადამიანს ძალიან ძვირი უჯდება.

ამიტომაც, უკაცრავად, მაგრამ პოეზია მომგებიანი არაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი