პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ფოტოალბომი

მამაჩემი კონტრაბანდისტი იყო. ედიკას დროს ნავთობი აზერბაიჯანის საზღვრიდან მალულად შემოჰქონდა.
ჩემი ძმა ნარკომანი იყო. მე არასდროს მითქვამს ხმამაღლა, რომ ჩემი ძმა ნარკომანი იყო. მაშინ სადარბაზოები პირველი სართულის კიბეებს უხერხულად შემოგვაგებებდნენ ხოლმე, საფეხურები შპრიცებს ვერაფრით დაიფერთხავდნენ და ათი წლის გოგოების ტერფებს თვალებს არიდებდნენ. ჩვენ ვხედავდით ნაგავს, ჩვენი ძმების, მათი მეგობრების, მეზობლების, სხვა უბნელების დანგრეულ ცხოვრებებს. დიახ, თბილისს  მწვავე ბრონქიტი აწუხებდა და სადარბაზოებში ამოხველებული შპრიცები მეტი არაფერი იყო, თუ არა ბავშვების გასართობი, მოდერნიზებული კლასობანა, ასკინკილით გავლილი სახიფათო გზა. ცაში იშვიათად ვიყურებოდით, რაღაცნაირი, მიწიერი ბავშვობა გვქონდა. თავდახრილები დავდიოდით, მიწას ჩავჩერებოდით, მახინჯი იყო ეს მიწა, ყვავილების ნაცვლად შპრიცები იზრდებოდა და გვამებს ისე მოუთმენლად ელოდებოდა, როგორც რომელიმე რთული ლაშქრობისას ველოდებით ხოლმე ხანმოკლე შესვენებას და “ანაკომის” მაცოცხლებელ სითბოს. ისინი კი, ჩვენი ძმები, “ანაკომის სუპების” მორჩილებას იჩენდნენ, ის იაფფასიანი ნახევარფაბრიკატები, ის უსირცხვილო, ვერგაღვიძებული  ბიჭები, ბიჭები კი არა, ხანგრძლივი, კოშმარული სიზმრები.  საფლავების დრო იყო და ჩვენი ძმების უცნაური გადაწყვეტილების: მკვდრად ყოფნის.
დედაჩემი ჩემი ძმის დედა იყო. სასწაულების მოხდენაც შეეძლო, მხოლოდ ხუთი კარტოფილითა და ორი პურით. მაშინდელი დედები ერთმანეთს კულინარიული ჯადოსნობით ჰგვანან. ჩვენ კი “ზუკოთი” და “იუპით” წყალს წვენად ვაქცევდით. 
ჩემი და თან იყო, თან არ. აღარც კი მახსოვს. იმ ნაცრისფერ თბილისში წითელი თავი დაჰქონდა, სულ მეგონა, რომ ისე დაჰქონდა, როგორც ხელჩანთა. მსოფლიოში ყველაზე ძვირფას აქსესუარს, წითელ თავს უნივერსიტეტში  მთელი მონდომებით დაატარებდა. ჰერმიონის ჯადოსნურ ჩანთასავით ტევადი თავი მსოფლიო ბიბლიოთეკას ბუმბულივით მიაფრიალებდა. 
ნინა ჩემი ბავშვობის მეგობარია. გუშინ გერმანიიდან დამირეკა და მითხრა, რომ ბედნიერია. ნინამ და მე ერთად ვისწავლეთ, რომ  გადარჩენა ყოველთვის შესაძლებელია. მაშინაც კი, როდესაც დედაშენი შენი ძმის დედაა. მაშინაც, როცა  ბავშვები შპრიცებისგან თაიგულებს მთელი მონდომებით კრავენ, რადგან მიწამ ყვავილები არ გაიმეტა, მაშინაც, როცა დაძალებული გენეტიკა ჩვენი ძმების ტრაგედიებს განიცდის, მაშინაც, როცა მონდომებით მომზადებული გაკვეთილები უინტერესო გაკვეთილსა და მასწავლებლის გულგრილ საუბარს ეწირება, მაშინაც, როცა არაფერი გვაბადია მორღვეულძირებიანი კედების გარდა, მაშინაც, როცა ყველაფერი გვაქვს და კედების მორღვეულ ძირებს  ვიხსენებთ და მაშინაც, როცა უბნის ბიჭები რომელიღაცა “აჩკარიკა შკოლნიკის” გატენილი ზურგჩანთით  სპორტულ ჟინს იკმაყოფილებენ. ნინა გერმანიაში გადარჩა, მე აქ.  
მე თავპირისმტვრევით გავრბოდი სახლიდან მაშინაც კი, როცა სახლში ვბრუნდებოდი. “იჩქარე, სალომე, იჩქარე”– ვუმეორებდი შპრიცებზე მხტომელ პატარა გოგოს. ახლა, როცა ჩემი საოჯახო ფოტოალბომი მონდომებით მარწმუნებს, რომ ის ყველაფერი სიზმარი იყო, ვზივარ და ვფიქრობ: საფლავები ისე გასწორდა, სადარბაზოები ისე დასუფთავდა, ჩვენმა მშობლებმა სამსახურები ისე შეიცვალეს, “ეს ყველაფერი ნამდვილად იყო?!”
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი