პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

იარლიყები

ჩან ვუუკ პარკის ცნობილი და ალბათ ყველაზე ცნობილი ფილმის „Oldboy” ლოგლაინს თუ დავწერთ, ყველაზე კარგი ფრაზა იქნებოდა: „ნურასოდეს იჭორავებთ!” არ ვიცი, რამდენად დაეთანხმებოდა პარკი ჩემეულ ინტერპრეტაციას, მაგრამ ფილმი მაინც ჭორაობასა და იარლიყებზეა. იარლიყებზე, რომელსაც ადამიანებს ხშირად დაუმსახურებლად ვაწებებთ და შემდეგ მთელი ცხოვრებაც კი არ ყოფნის ამ ცილისწამებების მოსაშორებლად.

ფილმის მოკლე შინაარსი კი შეიძლება ასეც დაიწეროს: უფროსკლასელი კორეელ თანასკოლელ და-ძმაზე რაღაც ჭორს გაავრცელებს, რასაც გოგონას თვითმკვლელობა მოყვება. ამ ამბიდან წლები გადის. ალბათ ყველას ყველაფერი ავიწყდება კიდეც, ძმის გარდა…

უცნაური სასკოლო ცხოვრება მქონდა, გამოვიცვალე 6 სკოლა და 7 კლასი, მთელი ბავშვობა ახალ-ახალ მდგომარეობასთან შეგუება მიწევდა და მიწევდა თავის დამკვიდრებაც. 

რატომ გამახსენდა ეს ყველაფერი? ამას წინათ, საერთო ნაცნობის სახლში ძველ კლასელს შევხვდი. გავიხსენეთ სკოლის წლები. ერთმანეთზეც ბევრი რამ გაგვახსენდა და ბევრიც ვიცინეთ ჩვენს ბავშვურ ონავრობებზე. მერე სანდრომ (მოდი პირობითად სანდრო დავარქვათ ჩემ კლასელს) ერთი უმნიშვნელო, მაგრამ ჩემთვის ძალიან მტკივნეული საკითხი გაიხსენა. დარწმუნებული ვარ, გაიხსენა მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის ეს ყველაფერი მხოლოდ გართობა იყო და მეტი არაფერი, მე კი აგერ თქვენთვის ვწერ.

 ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ, ძალიან ტრივიალურია, დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს რაღაც მსგავსი გადახდენია ან სმენია კიდეც, მაგრამ ჩემთვის ეს ამბავი განსაკუთრებულად მძაფრ მოგონებებს უკავშირდება, რადგან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს შემდგომ ცხოვრებაზე. ამბავი კი მოხდა მაშინ, როდესაც მეხუთე კლასში ვსწავლობდით. ახლაც მახსოვს, რომ მეორე გაკვეთილი გვქონდა, მათემატიკა. საგნის მასწავლებელი კი ჩვენი დამრიგებელი იყო. მიზეზი ზუსტად არც მაშინ ვიცოდი და არც ახლა, მაგრამ ცხრილი შეიცვალა და ინგლისურის გაკვეთილზე შეგვიშვეს. მაშინ კლასები ორად იყოფოდნენ უცხო ენებზე, კლასის ჩემი ნაწილი განაყოფთან მოხვდა. ასეთ დროს მოსწავლე ბედნიერია, რადგან იცის, არავინ ჰკითხავს გაკვეთილს და თუ ჰკითხავს, ნიშანს არ დაუწერს. სულ რომ ჩაბულბულებული გქონდეს დავალება, მაინც გიხარია, მოსწავლე ხარ და გიხარია. 

მოკლედ, გაკვეთილმა ჩაიარა, ღლაბუცში, ჩურჩულში, ჩქმეტა „ტრუბკის” სროლაში, მაგრამ ჩაიარა. მაშინ მოდაში იყო „ნაკლეიკებით” და პარკეტის „მასტიკის” ცელოფანგადაკრული საშლელებით თამაში და ერთი სული გვქონდა გაკვეთილიდან როდის გავიდოდით, რომ დერეფანი აგვეკლო და ზარიდან ზარამდე დრო რაც შეიძლება „ნაყოფიერად” გაგვეყვანა. 

შესვენებაზე კლასიდან გავვარდით და მეოთხე თუ მეხუთე გაკვეთილის შუაში (ბუნდოვნად მახსოვს, რომ ქართული გვქონდა) დამრიგებელმა შემოაღო კარები და ჩემი და ჩემი ერთი კლასელის გვარი გამოაცხადა.
იმ წლებში, როცა ეს ამბავი ხდებოდა, გვარის გამოცხადება ცუდს არაფერს უქადდა ადამიანს, ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მომხდარიყო ნავთქურის ნავთზე გავეგზავნეთ, ჩვენი წილი შეშის მოტანა შეეხსენებინათ ან მეზობელი კლასიდან მერხის მეორე კლასში გატანა დაევალებინათ (თუ ცოტა ჯანიანი იყავი). დამრიგებელმა კი ჩემი და ჩემი კლასელის, ბალახაძის, გვარის გამოცხადების მერე, ისიც დაამატა, რომ ქურდობის გამო სკოლიდან გვრიცხავდნენ და შეგვეძლო თანაკლასელებს აქვე დავმშვიდობებოდით, მანამდე კი სახლებში უნდა წავსულიყავით და მშობლები მოგვეყვანა. 

დედაჩემს მერე უკვირდა უქურთუკოდ როგორ მოხვედი თოვლშიო, მაგრამ ქურთუკი მახსოვდა? ასეთი დამცირებული და განადგურებული როგორც მაშინ, აღარასოდეს ვყოფილვარ. ვერ ვიტყვი თავის მოკვლაზე ვფიქრობდი-მეთქი, მაგრამ სახლში მისვლა კი ნამდვილად არ მინდოდა, ჰეკლბერი ფინივით უპატრონოდ ქუჩაში ვიცხოვრებ და ჩემივე თავს ვირჩენ-მეთქი, ვფიქრობდი და ალბათ მშობლების მიმართ ასეთი არაცნობიერი პროტესტი ჩემმა სრულმა დაუცველობის შეგრძნებამ გამოიწვია. 

მოკლედ, მეც და ბალახაძემაც მივიყვანეთ მშობლები. დირექტორი ერთი მშვიდი და, ვფიქრობ, კეთილიც კაცი იყო. მდუმარედ მოისმინა ფიცი-მტკიცი. გვირჩია დაკარგული ნივთი დაგვებრუნებინა და სკოლიდან აღარ გაგვრიცხავდნენ. რამდენი ენერგია დამჭირდა იმისთვის, რომ არ მეტირა! არ ვიტირე მხოლოდ იმიტომ, რომ ტკივილი გადამეტანა. საქმის გარკვევის პროცესში, ბალახაძემ თქვა, რომ ეს ნივთი მისი აღებული იყო და მეგრელიშვილი, ანუ მე სულ ტყუილად ვიყავი ბრალდებული. წარმოგიდგენიათ მეხუთეკლასელის მსგავსი გმირობა? მიფიქრია მერეც (როცა ჩემი ნაწარმოების გმირები ვთქვათ სიცოცხლეს წირავდნენ სხვა გმირებისთვის), მე შევძლებდი, იგივე გამეკეთებინა? ახლაც კი, როცა შედეგი არის ის, რაც არის – ვერა. და მრცხვენია, მაგრამ მიხარია.

ბალახაძე რა თქმა უნდა არ გარიცხეს. ნივთი ვერ იპოვეს (მგონი მშობელმა კომპენსაცია გადაიხადა თუ რაღაც ამდაგვარი), მაგრამ ბალახაძეს ქურდის იარლიყი მტკიცედ მიეკერა. საკეტი გაფუჭდა? – ბალახაძე! ჟურნალი დაიკარგა? – რა თქმა უნდა, ბალახაძე! გაფრინდაშვილმა გაკვეთილი ვერ მოამზადა? – ბალახაძის ბრალია! ბალახაძემ კი სწავლას უკლო და უკლო. თუ დაბალ კლასებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მაღალ კლასებში ხელწერილებით გადაყავდათ.

და ვინ იყო ეს ბალახაძე ასეთი? ერთი ჩვეულებრივი ბიჭი. მე მგონია, რომ იმაზე ნიჭიერიც კი, ვიდრე ბევრი ფრიადოსანი, იმაზე გამბედავიც კი, ვიდრე  სკოლის ბევრი ავტორიტეტი უფლოსკლასელი. ტყუილები კი უყვარდა ძალიან, მაგრამ ბოროტი ტყუილები –  არა. იგონებდა, რომ ბიძამისი გემის კაპიტანია, ბიძა კი საერთოდ არც ჰყავდა; რომ მისი უფროსი ძმა არგენტინაში ცხოვრობს; ძმა კი მხოლოდ სამი წლისა იყო და ეგეთები. მაგრამ ბიჭი იყო კარგი ბიჭი (სხვათა შორის, პირველად მის დაბადების დღეზე დავთვერი), მართალია, ჩვენი გზები რაც გაიყო სკოლაში, აღარც მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ახლაც კარგი კაცი იქნება.

ათვალწუნებული ბალახაძე სკოლაში არც მასწავლებლებს უყვარდათ, არც მშობლებს. ჩემებსაც უთქვამთ (ცოდვა გამხელილი სჯობს), სხვასთან იმეგობრე, ვინც კარგად სწავლობსო (არადა იგულისხმებოდა, ვინც არ იპარავს), მაგრამ ტომ სოიერისა არ იყოს, მეც გული უფრო ჰეკლბერი ფინებისკენ მიმიწევდა.

წლები გავიდა. მე კარგი მოსწავლის სახელით გადავედი სხვა სკოლაში. ის ამბავიც, ხომ ვთქვი უკვე, ალბათ აღარავის ახსოვდა ჩემ (და ალბათ ბალახაძის) გარდა. წლების მერე, კლასელი რომ ვნახე, იმან გამახსენა, გამახსენა, როგორც სახალისო ამბავი, რომ თურმე ფერი დავკარგე. ჩემი სახელი სამჯერ უთქვამს მასწავლებელს, მე კი გახევებული ვიდექი და ხმას ვერ ვიღებდი. ბალახაძე იცინოდაო. ეგ სულ იცინოდა, როცა ლანძღავდნენ, მე ვერ ვიტანდი შენიშვნებს, ვერც მერე. 

ამ ამბის ყველაზე მთავარი დასასრული იცით რა არის? ბალახაძეს სინამდვილეში არაფერი მოუპარავს. სანდრომ წლების მერე, ნებით თუ უნებლიედ აღიარა, რომ ნივთი მისი აღებული იყო. დამრიგებლისთვისაც თვითონ უთქვამს ჩემი გვარიც და ბალახაძისაც. არ მეგონა თუ დაიჯერებდნენ თქვენზე, თქვენ ხომ ორივე კარგად სწავლობდითო, სიცილით მითხრა. დამრიგებელმა კი დაუჯერა (მასთან ემზადებოდა მათემატიკაში სანდრო და ალბათ ამიტომ, ან იქნებ თავადაც მიაწოდა იდეა, რა ვიცი?) და ასე პირდაპირ, ერთი ხელის მოსმით დაგვაბრალა ქურდობა.

მას მერე სულ ვფიქრობ, როგორ აიტანა ეს ყველაფერი ბალახაძემ? როგორ არც ერთხელ უმართლებია თავი, როგორ გააუბრალოვა მომხდარი? ან რა მოხდებოდა ბალახაძეს რომ არ „ეღიარებინა” დანაშაული? მე როგორ ვიცხოვრებდი?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი