შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

პრესტიჟი თუ შინაგანი მოწოდება?

 „ერთადერთი შესაძლებლობა, აკეთო დიადი საქმე, 
არის გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ.”
   სტივ ჯობსი 
ვინ გინდა გამოხვიდე? ეს კითხვა ხშირად ისმის, განსაკუთრებით, სკოლის დამამთავრებელ ეტაპზე. ვინც კი გიცნობს, ყველას აინტერესებს,  რა გადაწყვიტე, რა პროფესიას უკავშირებ შენს მომავალს. არადა, ამ დროს ხან ისეთი დაბნეული და გაორებული ხარ, რომ სულ არ გსიამოვნებს ყველასგან ამ კითხვის მოსმენა. განსაკუთრებით მაშინ, როცა იცი, რომ შენგან მოელიან რომელიმე  პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი პროფესიის არჩევას. შენ კი სულ სხვა რამ გინდა. ის, რაც წარმოდგენებშიც კი ჟრუანტელს გგვრის. მერე რა, რომ არაა „მოდური”. შენი მოდა ის უნდა იყოს, რაც შენ გინდა და არა ის, რაც სხვებს უნდათ და მოსწონთ. გიკვირს, რატომ არაა პრესტიჟული დაწყებითი კლასების მასწავლებლობა. ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი პროფესია. რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, ვიდრე სხვებისთვის ცოდნის გადაცემა და  ისეთ საყვარელ და საინტერესო არსებებთან ურთიერთობა, როგორებიც ბავშვები არიან.

მასწავლებლობა და თან დაწყებითი კლასების? გაგიჟდი? შენი სურვილით ყოფ ყულფში თავს? ირგვლივ ყველა ამას გეუბნება. ცდილობს, გადაგაფიქრებინოს და შემოგაჩეჩოს რამე უფრო პრესტიჟული: ეკონომისტობა, იურისტობა, დიპლომატობა, ექიმობა და ა.შ., ოღონდ, არა მასწავლებლობა. რა ყრია მასწავლებლობაში? დაბალი ხელფასი და ნერვების შლა. რა არის ამაში სასიამოვნო? თანაც, დაწყებითი კლასების მასწავლებლობა ძალიან დაბალი დონეა, შენისთანა გოგომ, რომელიც სკოლაში ყველა საგანს კარგად სწავლობს, დაწყებითების მასწავლებლობისთვის ტვინი როგორ უნდა მოაცდინოს? (თითქოს დაწყებითი კლასების მასწავლებელს არ სჭირდებოდეს ყველა საგნის კარგად ცოდნა).

მოკლედ, გამძლეობა და მართლა დიდი სურვილი გჭირდება ამ დროს, რომ არ გადაიფიქრო. და მეც გავუძელი, მოვუსმინე იმ ხმას, რომელიც მესმოდა გულით და არა ყურებით და ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (მაშინ დაწყებითი განათლების სპეციალობა ამ ფაკულტეტზე იყო, ახლა კი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზეა), სადაც, სამწუხაროდ, სწორედ მასწავლებლობის არაპრესტიჟულობამ შემიქმნა პრობლემა. ფაკულტეტზე ჩარიცხულ უამრავ სტუდენტს შორის, რეგისტრაციის იმხელა რიგში, სადაც ადამიანი გაიჭყლიტებოდა კიდეც, ერთი მე აღმოვჩნდი მასწავლებლობის მსურველი, მხოლოდ ერთი, ან თუნდაც ორი  ჩემნაირით, ჯგუფი ვერ შედგებოდა. ამიტომაც იძულებული გამხადეს, სხვა სპეციალობა ამერჩია. მეც ავირჩიე ქართული ფილოლოგია, მაგრამ არც მაშინ მითქვამს უარი ჩემს სურვილზე. გადავწყვიტე, შემდეგი სემესტრიდან სხვა უნივერსიტეტში გადავსულიყავი, სადაც ჩემთვის სასურველი პროფესიის არჩევას შევძლებდი. ამ იმედით დავამთავრე პირველი სემესტრი და მოხდა სასწაული. მეორე სემესტრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, აღმოვაჩინე, რომ თსუ-შივე შედგა დაწყებითი განათლების სპეციალობის ჯგუფი სხვა უნივერსიტეტებიდან მობილობით გადმოსულ სტუდენტთაგან, და მეც არც დავფიქრებულვარ, ისე გადავედი პრესტიჟული ფილოლოგიიდან არაპრესტიჟულ, მაგრამ ჩემთვის გულით სასურველ დაწყებით განათლებაზე.

როდესაც სამომავლო პროფესიად დაწყებითი კლასების მასწავლებლობას ვირჩევდი, სხვებივით იმას ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ მასწავლებლობა მხოლოდ ორჯერ ორის სწავლება იყო და ამაზე ადვილი პროფესია არ არსებობდა, მაგრამ არც ისეთი რთული მეგონა, როგორიც სინამდვილეშია. უნივერსიტეტში რაც დრო გადიოდა, სულ უფრო ღრმად ვაცნობიერებდი, რამხელა პასუხისმგებლობას ვაკისრებდი საკუთარ თავს მასწავლებლობით. ყველა ლექტორი გვეუბნებოდა, ბავშვის სული მასწავლებელს უკავია ხელშიო. ამ სიტყვების გაგონებაზე პირველად შემეშინდა მასწავლებლობის – ვაითუ, ვერ აღმოვჩნდე კარგი მასწავლებელი და ბავშვების სულს რამე ვავნო-მეთქი (მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ვიცი, თუ ადამიანი რაიმეს გულით მოინდომებს, აუცილებლად გამოუვა, მე კი ძალიან, ძალიან  მინდა, რომ კარგი მასწავლებელი ვიყო).

აი, მაშინ კი, როცა უნივერსიტეტიდან სკოლაში პრაქტიკაზე გაგვიშვეს, შიშმა ჩემი სხეული მთლიანად დაიპყრო. ნუთუ უკვე დადგა ჩემი აღსასრულის ჟამი-მეთქი, გავიფიქრე. ფსიქოლოგიურად, აშკარად, არ ვიყავი მზად გაკვეთილის ჩატარებისთვის.

შიშმა ცოტათი გადამიარა, როცა გვითხრეს, რომ თავიდან მხოლოდ დავესწრებოდით და, ასე ვთქვათ, დამკვირვებლები ვიქნებოდით. როცა უკანა მერხზე ზიხარ და აკვირდები, თითქოს ყველაფერი არც ისე რთულია, შენიშვნებიც კი გიჩნდება მასწავლებლის ამა თუ იმ ქმედებასთან დაკავშირებით, მარამ, როგორც ამბობენ, „სხვის ომში ყველა ბრძენია” და, აი, საკუთარ ომში ბრძოლა არც ისე ადვილია, განსაკუთრებით, თუ ეს „ომი” გაკვეთილის პირველად ჩატარებაა…

როცა მითხრეს, რომ სულ მალე პირველი გაკვეთილი უნდა ჩამეტარებინა, სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობდი. ეს იყო გამოცდა, რომლის მსგავსი არც სკოლაში მქონია მოსწავლეობის დროს და არც უნივერსიტეტში. მეშინოდა, რომ ამ „გამოცდას” ვერ ჩავაბარებდი. მთელი კვირა ღელვასა და ნერვიულობაში გავატარე. დავგეგმე გაკვეთილი, წარმოდგენებში ათასჯერ მაინც შევედი კლასში და ათასჯერვე ისე განვიცადე, თითქოს მართლა იქ ვიყავი. ვაითუ, განცდების გამო სულ დამვიწყებოდა, რაზე მესაუბრა და ბავშვებთან შევრცხვენილიყავი. ამის წარმოდგენაც კი არ მინდოდა. არ მეგონა, ამ დღის გადატანას თუ შევძლებდი. გულის კანკალით ველოდი გაკვეთილის ჩატარების დღეს და ისიც დადგა.

არ ვიცი, სიტყვებით შესაძლებელია თუ არა იმის გადმოცემა, რაც მაშინ განვიცადე. ბოლო მერხიდან ყველაფერი ნამდვილად  სხვაგვარად ჩანდა, დაფასთან კი … ვიდექი და თავი სცენაზე მეგონა. „მაყურებელი” საკმაოდ აქტიური მყავდა. სამოცი თვალი მიყურებდა და ჩემს „გამოსვლას” ელოდებოდა. გავბედე და დავიწყე… ოცდაათი ბავშვი კითხვაზე ხელს ერთდროულად იწევდა. თვალები მიჭრელდებოდა, თავი ფუტკრების სკაში მეგონა. ყველა ბავშვს, თითქოს, ერთი სახე ჰქონდა… მიკვირდა, როგორ ვახერხებდი გაკვეთილის ჩატარებას. ერთი სული მქონდა, ზარის დარეკვამდე, რომ ამომესუნთქა. მიუხედავად ასეთი განცდებისა, საქმე ბოლომდე მივიყვანე, კლასიდან არ გავქცეულვარ.

ეს იყო და ეს, ამ დღის შემდეგ ასეთი შეგრძნება აღარ მქონია. მეორედ ჩატარებისას, თვალები აღარ ამჭრელებია, მესამედ და მეოთხედ კი უკვე აღარ ვგავდი ახლადგამოჩეკილ წიწილას და ყელი მამალივით მქონდა მოღერებული, თითქოს, მთელი ცხოვრება გაკვეთილები მეტარებინოს.

რაც დრო გადიოდა, ვგრძნობდი, სულ უფრო მეტად მიყვარდებოდნენ ბავშვები. პატარებისგან წამოსული სითბო მეც მათბობდა და, მგონი, საკლასო ოთახსაც. მიჭირდა იმის წარმოდგენა, რომ სემესტრი დასრულდებოდა და მათთან დაშორება მომიწევდა. 

სემესტრის ბოლო მაინც მოახლოვდა. ვთვლი, რომ ბავშვებზე უკეთესად მასწავლებელს ვერასდროს ვერავინ შეაფასებს. ამიტომ ვთხოვე, წერილობით აღეწერათ  ჩემი და ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილები. მათაც დიდი სიამოვნებით დამიწერეს. 

რამდენი ნაწერიც წავიკითხე, იმდენი ღიმილი მაჩუქეს ბავშვებმა. ამაზე საყვარელ და სასიამოვნო წერილებს ვერასდროს ვერავინ დამიწერს, თუ არა ისევ ბავშვები. 

გარდა ლამაზი მოგონებებისა, უკვე  წერილები და ნახატებიც მაქვს. ბავშვების სითბოც დღემდე მომყვება და მათბობს.

თუმცა, ჩემი „მასწავლებლობა”, ბავშვების სითბო, წერილები და ნახატები მხოლოდ ტკბილ მოგონებებად რომ არ დამრჩეს, ამისთვის, ვიცი, დიდი შრომა და თავდადებაა საჭირო. ჩემგან ისეთი მასწავლებელი უნდა დადგეს, რომ არ გავამართლო მცდარი აზრი – დაწყებითი კლასების პედაგოგობა დაბალი დონეაო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი