შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ნაღვლიანი წიგნების დასაცავად

ასეთი რამ თუ დაგმართნიათ _ მე არცთუ იშვიათად მემართება _ დიდი აუდიტორიის წინაშე რომ ავტორიტეტული ადამიანი გამოდის, რაღაც მოსაზრებას ამტკიცებს და ყველა თავს უქნევს, მოწიწებითა და აღფრთოვანებით, ყველა ხოტბას ასხამს, შენ კი ფიქრობ, რომ არა, რაც ახლა მან თქვა, არ არის მართალი, მაგრამ როგორ შეიძლება ეს ადამიანი ცდებოდეს, როგორ შეიძელება ამდენი ჭკვიანი მედასტურე ტყუილად ირჯებოდეს, ჰოდა, ჩუმდები, ოღონდ დროებით, დრო გინდა, რომ დაფიქრდე, საკუთარი სიმართლე ირწმუნო.

ასე მოხდა ამის წინაც: ერთ შეხვედრაზე, რომელსაც უამრავი ჩემთვის პატივ და ერთი-ორი თაყვანსაცემი ადამიანიც კი ესწრებოდა, ცნობილმა მწერალმა გაიხსენა, რა საშინელება იყო, რომ ბავშვობაში ამდენი სევდიანი წიგნის წაკითხვა უწევდა, რომელთა გამოც ტიროდა ხოლმე. დარბაზი თანაგრძნობითა და თანხმობით იყო განმსჭვალული. მე კი ვცადე საკუთარი ბავშვობა გამეხსენებინა, გამეხსენებინა, რას ვგრძნობდი, როცა სევდისმომგვრელ ამბებს ვკითხულობდი და თაროდან შარლ დე კოსტერის ,,ულენშპიგელისა და ლამე გუძაკის ლეგენდის” მაყვალა მრევლიშვილისეული ჯადოქრული თარგმანი გადმოვიღე:

,,ერთმა ესპანელმა არქიეპისკოპოსმა მოითხოვა, რომ იმპერატორს ან ექვსი ათასი თავი მოეკვეთა, ან არადა ამდენივე სხეული დაეწვა კოცონზე, რათა ნიდერლანდებში ძირფესვიანად აღმოეფხვრათ ლუთერული მწვალებლობის ღვარძლი.

მის მეფობრივს უმაღლესობას ესეც ეცოტავა.

ამგვარად, სადაც უნდა გაევლო საბრალო შეძრწუნებულ ულენშპიგელს, ყველგან ხედავდა მარგილებზე წამოცმულ თავებს, ტომრებში გამოკრულ ქალიშვილებს, რომლებსაც ცოცხლად ჰყრიდნენ მდინარეში; ყველან ხვდებოდა ბორბლებზე გაკრულ გაშიშვლებულ მამაკაცებს, რკინის კეტებით რომ სცემდნენ. დედაკაცებს ორმოებში მარხავდნენ, მიწას აყრიდნენ და ჯალათები მათ მკერდზე ცეკვავდნენ..

.

გულისტკივილით, მგლოვიარესავით დადიოდა ულენშპიგელი ამ ბედშავ ქვეყანაზე.”

სხვათა შორის, ამ წიგნს ყდაზე აქვს წარწერა ,,ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის”, რასაც ძალიან ბევრი ალბათ გვიანი საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელ ზედაპირულობასა და ფორმალურობისაკენ მიდრეკილებას მიაწერდა, აღშფოთდებოდა და სარედაქციო კოლეგიას უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულებდა. მე კი მგონია, რომ ძალიან კარგი იყო, რომ ამგვარ წიგნებს ბავშვობაში ვკითხულობდით და ვეცდები ავხსნა, თუ რატომ:

რა თქმა უნდა, დღევანდელ მსოფლიოში არსებობს უამრავი უბედური ბავშვი: კონფლიქტის რეგიონში მაცხოვრებელი, მძიმე სენით დაავადებული ანდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მათ, რასაკვირველია, არ სჭირდებათ დამატებითი, ხელოვნურად გამოწვეული სტრესი, მაგრამ მოდით, ვიყოთ ოპტიმისტები და ვთქვათ, რომ ბავშვების შესაძლოა უმნიშვნელო, მაგრამ მაინც უმრავლესობა მშობლებისა და ახლობლების უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად, მეტ-ნაკლებად ბედნიერად ცხოვრობს, ვინაიდან ჯერ კიდევ არ განუცდიათ დიდი ადამიანური ტრაგედიები, მათთვის შიმშილი, განუკითხაობა, სიკვდილი, დამცირება მაინც განყენებული ცნებებია, რომელთა შესახებაც კითხულობენ, მაგრამ ვინაიდან საკუთარ ემოციურ გამოცდილებასთან ვერ აკავშირებენ, უფრო შემეცნებით დონეზე აღიქვამენ, განსხვავებით უამრავი ჩემი თანატოლისა, რომლებიც დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ,,რამე მსუბუქ ფილმს” ითხოვენ, ვინაიდან საკუთარი ცხოვრებისეული დაბრკოლებების გამო მეტისმეტად დაიქანცნენ იმისთვის, რომ ტრაგიკული პერსონაჟის მიმართ თანაგანცდა გამოიჩინონ.

არისტოტელეს მიერ ,,პოეტიკაში” გამოყენებული ტერმინი კათარზისი, როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნავს იმას, რასაც მკითხველი (მაყურებელი) ტრაგედიის აღქმისას განიცდის, იგი გულისხმობს სხვადასხვა შეგრძნებათა, განსაკუთრებით კი შიშისა და სიბრალულის, მოზღვავებას და შემდეგ, იმის გააზრების შედეგად, რომ მათი გამომწვევი ფაქტორი გამოგონილია, შვების, განწმენდისა და გათავისუფლების გრძნობას. სხვათა შორის, კათარზისი ფსიქოთერაპიისთვისაც გამოიყენება.

კათარზისის საშუალებით ადამიანი სწავლობს ირაციონალური შეგრძნებების რაციონალურად მართვას. ეს ერთგვარ ინექციას ჰგავს, გამოგონილი გმირის მწუხარების თანაგრძნობისას  ბავშვი გარკვეული ინტენსივობით განიცდის მღელვარებას, შიშს, სიბრალულს, ხოლო რემისიის პერიოდში სწავლობს ამ შეგრძნებების დაძლევას; აქედან გამომდინარე, იგი გარკვეულწილად ემზადება იმ ტრაგედიების გადატანისთვის, რომელიც, დამეთანხმებით, რეალურ ცხოვრებაშიც არაა იშვიათი. მაშასადამე, სევდიანი ამბების კითხვა ბავშვს არათუ ფსიქიკას უნადგურებს, არამედ პირიქით, გარკვეულწილად მის ფსიქიკას აძლიერებს კიდეც.

ასე რომ, ჩემი აზრით, წიგნების გამო ტირილი ბავშვებს ნებას მისცემს ნაკლებად იტირონ ზრდასრულ ასაკში. მეტიც, გაკვეთილზე სევდიანი პასაჟების ხმამაღლა კითხვა, როგორც წესი, მოსწავლეთა მიერ კოლექტიური ემპათიის გამოვლინებას განაპირობებს და ძლიერ უწყობს ხელს თანაკლასელთა ემოციურად შეკავშირებას.

თუმცა, სავარაუდოდ მაინც სჯობს, რომ ბავშვისა თუ მოზარდის მიერ სევდისმომგვრელი ნაწარმოებების კითხვის ინტენსივობა მშობლებისა და მასწავლებლის მიერ კონტროლდებოდეს, რათა ტრაგიზმი ერთგვარ ნარკოტიკად არ იქცეს ნორჩი მკითხველისათვის.

მე კი ვისურვებდი, რომ ბავშვობაში ,,ულენშპიგელისა და ლამე გუძაკის ლეგენდის” წაკითხვას არ დავჯერებოდი და მისი ავტორის, შარლ დე კოსტერის ბიოგრაფიისთვისაც გადამევლო თვალი, ალბათ ახლა ასე აღარ ამატირებდა ამ ადამიანის ნამდვილი და არა მხატვრული ტრაგედიებით სავსე ცხოვრება.

,,მოაცილეთ აქედან ცეცხლი! თავი მისკდება. სული ლამობს გარეთ გამოჭრას,” _ ყვირის ინკვიზიციისაგან  ნაწამები შეშლილი პერსონაჟი წიგნში.

მე კი, ამ რამდენიმე თვის წინ ვინახულე ფლანდრია. მისი ლამაზი ქალაქების კოპწია ქუჩები, სადაც ერთ უშნო და მოუვლელ შენობასაც კი ვერ იპოვით, სამუშაო დღის დასრულებისთანავე, ანუ ხუთი საათიდან, ახოვანი, ტანწერწეტი და გემოვნებით შემოსილი ფლანდრიელებით ივსება, ისინი ღია კაფეებში სხდებიან, შარლ დე კოსტერის ნაქებ გენტურ ძეხვსა და დაუჯერებლად გემრიელ ლუდს მიირთმევენ და არიან მშვიდად, ძალიან მშვიდად. 

ჩემი თვალით რომ არ მენახა, არც დავიჯერებდი ისე ბედნიერად ცხოვრობენ.

და მე ის კი არ მგონია მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს შვილებს ნაღვლიანი ამბები და მათგან მოგვრილი ცრემლები თავიდან ავარიდოთ; მთავარია მათ გამოვუმუშავოთ იმისი განცდა, რომ ტრაგედია დასასრული არ არის, რომ დასასრული საერთოდ არ არსებობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი