ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საშობაო მეტამორფოზა

წლების წინ, როცა ნაკლებად მეშინოდა აკვიატებების, არც განსაკუთრებული ფობიები მქონდა და კარგზე უფრო ხშირად ვფიქრობდი,  ვიდრე ცუდზე, ერთ-ერთ დედათა მონასტერში გახსნილ პალიატიური მზრუნველობის  სახლში – იგივე ჰოსპისში ვცდილობდი ავადმყოფებს დავხმარებოდი. ჰოსპისის ნათელ ოთახებში იწვნენ ავადმყოფები სიჩუმეში, მე კი ვიჯექი და ვუკითხავდი მათ წიგნებს, ხშირად უფრო სასულიერო ლიტერატურას, ასე თავად ირჩევდნენ. ჰოსპისში ეს ადამიანები მოჰყავდათ შვილებს და მეუღლეებს, რომლებსაც ხშირად არც ფინანსური და არც სულიერი შესაძლებლობა არ ჰქონდათ გამკლავებოდნენ მძიმე სენს. თუმცა ყოველდღე აკითხავდნენ ახლობელ ადამიანებს, ანუგეშებდნენ და ცდილობდნენ არ შეემჩნიათ შიშები. ცდილობდნენ ყოფილიყვნენ მხიარულად, მოჰქონდათ მათთვის ტკბილეული და ნატურალური წვენები. შემდეგ, ისევ მიდიოდნენ თავიანთ სახლებში. რას ფიქრობდნენ და რას განიცდიდნენ ოთახებში მარტო დარჩენილი პაციენტები,  არ ვიცი. მათთან ამაზე არასდროს მილაპარაკია და ალბათ ვერასდროს შევძლებ თავდაჯერებული იერით ველაპარაკო ადამიანებს ყველაზე მძიმე – სიკვდილ-სიცოცხლის თემაზე. 

მოწყალების დები, რომლებიც პალიატიურ პაციენტებს უვლიდნენ  და პატრონობდნენ, ყოველთვის ავადმყოფებთან  ერთად იყვნენ, ხშირად ღამეებს უთევდნენ და ტკივილის გადატანაში ეხმარებოდნენ. მაშინ,  მეათე კლასში მყოფს კარგად არ მესმოდა ცხოვრებისეული სირთულეები. ამიტომ ძალიან გულმოდგინედ ვცდილობდი მათ დახმარებას, უფრო მეტად კი იმედი მაძლიერებდა რომ ამ ადამიანებს ყველაფერი კარგად ექნებოდათ მომავალში.

 მართალია, ჩემგან “მოწყალების და” არ დადგა, ნემსის გაკეთება და სხვა სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებაც კი ვერ ვისწავლე, მაგრამ ერთ რამეს მივხვდი, ასაკის მატებასთან ერთად ჩვენ უკვე “გაზრდილი ” ადამიანები ჩვენს სივრცეში ვიკეტებით, უფრო ხელშეუხებელნი ვხდებით, უფრო მეტი აკვიატებებით ვართ შეპყრობილი და მეტად გავურბივართ მძიმე თემებზე საუბარს. მართალია, განვიცდით სხვების სევდას და კაეშანს, სხვა ადამიანების ტრაგედიებს, მაგრამ მაინც  ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი ცხოვრება დავიცვათ თუნდაც ასეთი ამბებისგან, დავიცვათ ჩვენი დაჭიმული ნერვები სენტიმენტებისგან, ჩვენს გამთბარ სახლებში არ ვისაუბროთ ცუდ ამბებზე,  კუსავით ბაკანში შევყოთ თავი და თვალი დავუხუჭოთ პრობლემებს. სხვის პრობლემებს, რა თქმა უნდა. 
ხშირად, ეს  შიშისგან გვემართება, ზოგჯერ კი გულგრილობისგან, უფრო მეტად კი  გვეშინია ფიქრი იმაზე, მსგავსი რამ ჩვენც არ შეგვემთხვეს და ჩვენც იმავე მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ. როდესაც პრობლემებს იგნორირებას ვუკეთებთ – თითქოს ამით ჩვენს შიშებსაც ვყინავთ, შიშებს რომლებსაც უნარი აქვთ გაცოცხლდნენ და რეალობად  იქცნენ.  ამ უცნაური შიშების იზოლაციით, მათი ერთ ადგილას გამოკეტვით გვგონია თავს ვიზღვევთ ადამიანური მწუხარებებისგან. 

“ჩვენ ქვეყანას ვერ გავასწორებთ”- რა ხშირად მოგვისმენია ეს  ფრაზა უფროსებისგან და გულიც დაგვწყვეტია მათზე. იქნებ, სამართლიანადაც, გადაღლილი უფროსებისგან გვსმენია ეს სიტყვები, იქნებ ისინი მართლა ეცადნენ ყოფილიყვნენ უფრო გულისხმიერები, უფრო სოლიდარულები, უფრო ჰუმანურები, დახმარებოდნენ ადამიანებს, განეცადათ მათი ბედი, მაგრამ მაინც  ვერ შეძლეს ყველაფრის გამოსწორება, ვერ შეძლეს ყველა ადამიანის დახმარება, იქნებ სწორედ საკუთარ თავში გაჩენილმა ეჭვებმა და შიშებმა თავიანთ უმწეობაზე ათქმევინა მათ ეს სიტყვები, ასე ძალიან რომ აღიზიანებდა ჩვენს სმენას.

რამდენიმე დღის წინ ქალაქში მოსეირნე თბილ, ფუმფულა კაშნეში ცხვირჩარგული ვაკვირდებოდი ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ტემპით და გზებით მიიჩქაროდნენ  საქმეებისკენ. ზოგი ბედნიერი და მოცინარი სახით, ზოგი დამწუხრებული, ზოგიც ჩაფიქრებული და სევდიანი. იქვე, ფერად ყვავილებს რგავდნენ, საახალწლო ილუმინაციებს ამონტაჟებდნენ. ჩვეულებრივი დეკემბრის დღე იყო, ოდნავ მოქუფრული, წყნარი და მოლოდინის გამჩენი. ქალაქი დღესასწაულისთვის  ემზადება. ადამიანები საკუთარ სახლებში ემზადებიან დღეებისთვის, რომელმაც მათ სიხარული უნდა მოუტანოთ.

ეს წინასაშობაო-საახალწლო ფუსფუსი და სადღესასწაულო ვნებათა ღელვა  არის მთელი დეკემბერი. გახსოვთ ჩარლზ დიკენსის  “საშობაო სიმღერა”? საშობაო მოჩვენებების ისტორია, დრამატული და დაძაბული  მოგზაურობით მოჩვენებების სამყაროში.1843 წელს  ჩარლზ დიკენსი ასეთ სიტყვებს წერდა ნოველის  შესახებ :”მოჩვენებების ამ პატარა წიგნში შევეცადე ისეთი იდეა წარმომეჩინა, რომელიც მკითხველს არ გაანაწყენებდა არც საკუთარი თავის, არც სხვების, არც საშობაო დღესასწაულის  და არც ჩემ მიმართ”. ამ საშობაო ამბის ძუნწი, უკმეხი გმირის – სკრუჯის ტრანსფორმაცია ავტორის გზავნილია მკითხველისთვის, რომ დროულად აღმოაჩინონ  საკუთარი და სხვათა სათნოებები, დროულად შეამჩნიონ  მათ გვერდით მცხოვრები ადამიანების მწუხარება და გასაჭირი, არ ჩაიკეტონ საკუთარ კეთილდღეობაში და სხვებსაც უწილადონ სიკეთის ცოტაოდენი მარცვალი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი