პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რელიგიური ბულინგი

ბავშვობაში შინ მხოლოდ ერთი ხატი გვქონდა. ერთ მხარეს ღვთისმშობელი იყო გამოსახული ყრმით ხელში, მეორე მხარეს – ეკლისგვირგვინოსანი იესო. შუაში ნაადრევად გარდაცვლილი დედის სურათი ჩააკრა მამაჩემმა. მახსოვს, რომ რელიგიის მასწავლებელმა მთელი კლასის გასაგონად შეიცხადა „მხოლოდ ერთი ხატის” ამბავი და დაგმო ის ფაქტი, რომ ჩემი ოჯახი არ მარხულობდა. „ასე შენ ჩემს საგანს ვერ ისწავლიო”, – მითხრა, სიამაყით შეხედა ჩემს თანაკლასელს, რომელიც წინა დღეს ტაძარში ენახა და არც გამოუკითხავს, ისე დაუწერა ხუთიანი იმდღევანდელ გაკვეთილში.


„ერთადერთი მეჩეთი მსოფლიოში, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობენ, თბილისშია”, – ამაყად ვამტკიცებდით ჩვენი ერის ტოლერანტულობას, თუმცა ეს ხელს არ გვიშლიდა, არ გვეთამაშა ჩვენს „იაღოველ” მეზობელთან.

რელიგიური ბულინგი სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების მასწავლებლები ჰყვებიან, რომ არის შემთხვევები, როცა მუსლიმ ბავშვებს თანატოლები რიყავენ. ამ რელიგიის მიმდევრებს იმთავითვე ტერორისტებად აღიქვამენ. ჩვენ მართლმადიდებლობა ლამის სახელმწიფო რელიგიად ვაღიარეთ და „საღვთო ომი” გამოვუცხადეთ სხვა სარწმუნოების ხალხს. სამწუხაროდ, ამ ბრძოლის ასპარეზად ხშირად იქცევა საკლასო ოთახი და, კიდევ უფრო სამწუხაროდ, მასწავლებლები უმრავლესობის მხარეს არიან. უმცირესობის იარლიყმიკრული ბავშვი ბულინგის მსხვერპლი ხდება. იშვიათად ქრისტიანი ბავშვიც იქცევა დაცინვის ობიექტად იმის გამო, რომ სტიქაროსანია. როგორც წინა აბზაცში აღვწერე, ჩემს ბავშვობაშიც იყო რელიგიური მოტივით ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები. რა თქმა უნდა, მაშინ ამას ასე მძაფრად ვერ აღვიქვამდი, არც მიზეზებს ვეძებდი, მაგრამ ახლა, როდესაც ჩვენს სკოლებში ჯერ კიდევ ჭირს განსხვავებული აზრის მიღება, საჭიროდ მიმაჩნია, ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს და გავარკვიოთ, რისი ბრალია, რომ ჩვენი შვილები/მოსწავლეები/მეზობლის ბავშვები ერთმანეთს ურტყამენ ან შეურაცხყოფას აყენებენ იმ მოტივით, რომ „უფალს მათი დაცვა სჭირდება”.

ბროფენბრენერის ეკოლოგიური სისტემების თეორიის მიხედვით, ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამ სოციალურ კონტექსტს – ოჯახს, თანატოლებს და მასწავლებლებლებს. ისინი წარმოადგენენ მიკროსისტემას – მოქმედებენ ბავშვის ქცევაზე, თუმცა, თავის მხრივ, ბავშვის პიროვნული და სხვა თავისებურებებიც ახდენს გავლენას უფროსებზე. მეზოსისტემა მიკროსისტემებს შორის კავშირს გამოხატავს. მაგალითად, მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობაც ორმხრივია – მასწავლებელი გავლენას ახდენს მშობლებზე, მშობლები კი მასწავლებლებზე. საბოლოოდ ეს ურთიერთობები აირეკლება ბავშვზე. ეგზოსისტემა მოიცავს იმ ურთიერთობებსა და ქმედებებს, რომლებიც ბავშვს ეხება, მაშინაც კი, როცა ის არ არის სისტემის უშუალო წევრი. მაგალითად, განათლების სამინისტროს დადგენილებების მიღების პროცესში მოსწავლე არ მონაწილეობს, მაგრამ ისინი მის ცხოვრებაზე აისახება. მაკროსისტემა მოიცავს კულტურულ ფასეულობებს, კანონებსა და ტრადიციებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეკოლოგიური სისტემები დიდ როლს ასრულებს ბავშვის ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების პროცესში. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპების დაცვას. მულტიკულტურული განათლება არის „სასწავლო არე, რომელიც მოწყობილია ყველა მოსწავლის საგანმანათლებლო თანასწორობის გაზრდისათვის” (Banks & Banks, 1995). ის ეყრდნობა 5 პრინციპს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი მიუკერძოებელი პედაგოგიკა მგონია. კონფლიქტი კლასში რელიგიურ ან კულტურულ ნიადაგზე უმეტესად მაშინ წარმოიშობა, როცა სკოლაში „ნორმალური” ქცევის დასადგენად იყენებენ დომინანტური, ძირითადი კულტურის ღირებულებებს. სამწუხაროა, მაგრამ ხშირად ამ სტერეოტიპს ნებით თუ უნებლიეთ მასწავლებელი გადასცემს ბავშვებს. ასეთ დროს შეიძლება მივიჩნიოთ, რომ განსხვავებულ კულტურაში ჩამოყალიბებული ბავშვები შეუფერებლად იქცევიან, წესებს არ იცავენ, უხეშები და უზრდელები არიან. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მასწავლებელმა არ შეუწყოს ხელი სტერეოტიპების ჩამოყალიბება-განმტკიცებას, მიიღოს მოსწავლე როგორც ინდივიდი, როგორც უნიკალური და ღირებული ადამიანი და არა როგორც რომელიმე ერთობის წევრი.

პრაქტიკოსი მასწავლებელი ტომას გ. რიდი კოლეგებს შემდეგ რჩევას აძლევს: 

„კულტურულმა განსხვავებებმა, განურჩევლად მათი ეთნიკური, სოციალურ-კლასობრივი თუ გეოგრაფიული ფესვებისა, შესაძლოა მოსწავლეთა გაუცხოება და სწავლაზე გულის აცრუება გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი განცდა შესაძლოა დამახასიათებელი იყოს სკოლისა თუ საზოგადოებისთვის, თქვენ შეგიძლიათ მინიმუმადე დაიყვანოთ კულტურული ზეწოლა და ხელი შეუწყოთ ინდივიდუალური და კულტურული განსხვავებების საფუძვლიან გაცნობიერებას.

მაგალითად, სასწავლო წლის დასაწყისში ყურადღებით დააწყვილეთ მოსწავლეები და სთხოვეთ 10-15-წუთიანი კოლაბორაციული სამუშაოს შესრულება. ასეთი სამუშაოს შესრულებისას გამოიყენეთ გუნდური სავარჯიშოები, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, მეტი გაიგონ ერთმანეთის როგორც ინდივიდების და არა როგორც დიდი კულტურული ჯგუფის წევრების შესახებ. მოიწვიეთ ზრდასრულები კლასში გუნდური სამუშაოს მოდელირებისთვის და იმ გზებზე სასაუბროდ, რომლებითაც მათ კულტურული ცოდნა მოაგროვეს.

კულტურული ბარიერებისა და მიკერძოებების გადალახვის კვალობაზე, მოსწავლეებს თავისივე კულტურის წარმომადგენლებთან დაფუძნებულ საკლასო პროექტებზე კოლაბორაციული მუშაობის ნება მიეცით და სთხოვეთ ნამუშევრის წარმოდგენა მათი კულტურისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური გზით”.

მასწავლებელმა უნდა მოახერხოს უსაფრთხო საკლასო გარემოს შექმნა, სადაც ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება აკადემიური წინსვლა და პიროვნული განვითარება, სადაც მათ არავინ დაჩაგრავს მათი შეხედულებების გამო და თითოეულ მოსწავლეს ექნება განცდა, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია, განურჩევლად იმისა, რა ჰქვია მის ღმერთს და საერთოდ ჰყავს თუ არა ღმერთი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი