პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მძიმე წიგნთან

ასაკის მატება რისკების შემცირების და პასუხისმგებლობის ზრდის მოსაწყენი პერიოდია. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ საკუთარი თავების მიმართ, რომლებსაც ავუკრძალეთ ხმამაღლა საუბარი და მუსიკასაც დავუწიეთ, რადგან ჩვენი მეზობლის მშვიდ ძილზე ვაგებთ პასუხს, იშვიათად ვაგებთ ოცნების კოშკებს, რადგან პასუხისმგებელნი ვართ მათ სიმყარეზე და, საერთოდაც, კოშკებიდან სახლებში გადავინაცვლეთ. დავიწყეთ ცხოვრება. ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. ჩვენი ყოველდღიურობა გამდიდრდა სიტყვით “რეპუტაცია”, დაგვარწმუნეს, რომ ის უნდა იყოს შეურყვნელი, შემდეგ ჩვენ სხვები დავარწმუნეთ წმიდათაწმიდა მოვალეობების არსებობისა და აღსრულების აუცილებლობაში და რამდენჯერმე გავიმეორეთ ფრაზა “წყალი არ გაუვა”. კუტზეეს “სირცხვილი” მოვალეობების, პასუხისმგებლობების, მოულოდნელი აღსარებებისა და საკუთარი ადგილის პოვნის შესახებ დაწერილი წიგნია. ყოფილხართ უწყლო სოფელში?!  პირადი ჰიგიენის პრეტენზიულ ხასიათს აყოლილს დღეში რამდენჯერმე მძიმე ვედროები გითრევიათ?! ასეთი წიგნია კუტზეეს “სირცხვილი”,  გზადაგზა, წელმტკივანს ხანდახან გინდა, სავსე ვედროები მოისროლო და ყოველგვარ ჰიგიენას მიაფურთხო. 
დევიდ ლურის, კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესორის, პირველი ფურთხი კი კათედრას ეკუთვნის. კათედრა აღშფოთებულია ლექტორისა და სტუდენტი გოგონას ხანმოკლე რომანით. კათედრა ხმაურობს, კარებს აჯახუნებს, ქმნის კომისიას და აწყობს მოსმენას, შემდეგ ყურადღებით ისმენს  დანაშაულის აღიარებას, მაგრამ არა, კათედრას მეტი უნდა,  რაღაც, უგრძესი აღსარების მსგავსი. ხანდახან ხომ ყველას გვინდება ღმერთობა, ის კი აღარ გვახსენდება, რომ ღმერთები ლოიალურები არიან და სადამსჯელო ოპერაციებიც მეტად ჰუმანური აქვთ. ღმერთები არასდროს ჭორაობენ, სხვანაირად უხერხულია.  კომისია კი ადგა და დევიდ ლურის კარი მიუხურა. ლური თავის ქალიშვილთან, ლუსისთან  ჩადის.

სამფხრეთაფრიკელი ინგლისურენოვანი მწერლის “სირცხვილი”  მხოლოდ პერსონაჟების სისუსტეებს  არ ეძღვნება. ეს არც “სირცხვილების” ნუმერაციაა. არც დაუსჯელობისა და უხერხული რომანების პროპაგანდა, არც  შვილების, ზრდასრული ქალებისა და მამაკაცების  უფლების – თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი – წარმოჩენა, არც მხოლოდ დევიდ ლურის სასამართლოდ ქცეული ცხოვრება და არც ლგბტ უფლებების დაცვა. მძიმე წიგნი სოციუმის კაპრიზებისა და კოლექტივიზმის წნეხის ქვეშ მოქცეული ინდივიდების ტრაგედიაა, ტრაგედია, რომელიც ქალაქიდან სოფელში გრძელდება. ცივილიზაციის განსხვავება კი მხოლოდ ფორმებშია, “სასამართლოებისა” და სადამსჯელო ოპერაციების სხვადასხვაგვარ გადაწყვეტაში. ლუსი ლური, რომელიც მკითხველს დამოუკიდებელი, ძლიერი ქალი ჰგონია, ქალი, რომელმაც გადაწყვიტა, ჩავიდა სოფელში და საკუთარი ხელით შექმნა ცხოვრება, რომელიც ბეზესავით მარტივად არ მზადდება, ძალადობის მსხვერპლი ხდება. არადა, ამ ბედნიერ ცხოვრებას ისეთი მომავალი უნდა მოჰყოლოდა, როგორსაც “უღრუბლოს” უწოდებენ ხოლმე. მაგრამ ხანდახან მოდიან კაცები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სამყარო მათთვის შეიქმნა ან მათნაირებისთვის, რომ მათი სიძლიერე მათსავე ფიზიკურ რესურსშია და პატრიარქატი ღვთის ნებაა, რომ ქალი, რომელიც მათ სივრცეში შემოიჭრა და რომელიც, იქნებ, ლესბოსელიც კია, უნდა დაისაჯოს და ეს ბუნებრივია. სოციუმი ამის წინააღმდეგი სულაც არაა. უსიტყვო შეთანხმებით სოფელი აწყობს “სასამართლოს” და გამოაქვს “განაჩენი”. ყველაფერი ხდება ჩუმად, სიტყვების გარეშე. ძალადობას ძალიან უხდება სიჩუმე. მსხვერპლის მხრიდანაც. თითქოს ძალადობა კი არა, შემოდგომა–ზამთრის კოლექციის ჩვენება იყოს, რომელიც შარფის აქტუალურობას მოითხოვს. ლუსი ლური, ეს მაგარი ქალი, მდუმარედ ხვდება თავდატეხილ ტრაგედიას, როგორც ბედს, როგორც განსაცდელს, როგორც ფაქტს, რომელიც, შეიძლება, გახდეს დღის მთავარი ნიუსი და რამდენიმე დღის შემდეგ ახალმა ნიუსმა ჩაანაცვლოს. თუმცა “ნიუსს” აქვს თვისება, იყოს სახალხო და ხმაურიანი.  ლუსის ამბავიც სახალხოა, ოღონდ ამის შესახებ არავინ საუბრობს, თავად ლუსიც კი. არა, ის მაგარი ქალი არ არის, რადგან ფიქრობს, რომ სოციუმის წესებს უნდა დაემორჩილო. სხვანაირად გაგრიყავენ. ან მეორედ, მესამედ და კიდევ მრავალგზის დაგსჯიან. 
ეს არის შიში. რომელიც გვაიძულებს, ვიყოთ ჩუმად. რადგან კანონის ჩარევის შემთხვევაში, მანანა დეიდამ, შესაძლოა, ჩვენს შვილთან თავისი შვილიშვილი აღარ ათამაშოს. რადგან ქალზე ძალადობა ყველგან ხდება და ჩვენ გამონაკლისები არ ვართ,  ქმარი ხანდახან რამდენიმე ჭრილობას თუ მოგვაყენებს, ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, ჭრილობების თვისება ხომ შეხორცებაა. 
ჯონ მაქსველ კუტზეეს, ბუკერის პრემიის ორგზის მფლობელისა და ნობელის ლაურეატის ეს უნიკალური რომანი დღეს ჩვენთვის განსაკუთრებით თემატურია. მაშინ, როცა ათეულობით ქალის მკვლელობა ტენდენციის სახეს იღებს და მამაკაცური ეგო თვლის, რომ თავისუფალი სივრცე ქალებისთვის არ არსებობს, გამოსავალს კი მარტივად, ერთი ხელისა თუ ტყვიის მოსმით პოულობს, სიჩუმის დრო არ რჩება. საერთოდაც, არ არსებობს სიჩუმის დრო, რადგან ცხოვრება მიტოვებული სასაფლაო არ არის, სადაც აღარც მკვდრების მოსაკითხად ადიან და აღარც ახალ მკვდრებს მარხავენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი