შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ქართული „ბესტსელერი“

– იწერება ბესტსელერები საქართველოში?! („ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე” ინტონაციით)
– ყოველ შემთხვევაში, არქმევენ მაინც წიგნებს „ბესტსელერს”.
ბექა ადამაშვილმა რამდენიმე წლის წინ ცხვირწინ ამაცალა გემრიელი საკონკურსო პრიზი. ბექა ადამაშვილი ის ბიჭია, რომლის საქმიანობაც მხოლოდ კონკურსების მოგება არ არის. ერთხელაც მან გადაწყვიტა, ნამდვილი ლიტერატურული ჯოჯოხეთი მოეწყო, სადაც არც მოძველებული, მოსაწყენი ეშმაკები იმოძრავებდნენ სამკაპებით და არც ცოდვილთა კუპრში ხარშვის რიტუალის დეტალები შეაწყენდა თავს მკითხველს. მით უმეტეს, თანამედროვე მკითხველი ისეთი პრეტენზიული და ცინიკურია, მსგავს სცენებს წვნიანის ხარშვის პროცესს ადარებს და ხანდახან დაუნდობლად ქირქილებს კიდეც. „ბესტსელერი” კი სწორედ ჩვენზე, ინტრიგან მკითხველებზე გათვლილი ტექსტია. სრულიად არაგულისამაჩუყებელი და სარკასტული. რაღაც ისეთი, ჰიპსტერების კუბოკრულ წინდებსა და მაქმანიან თხელ გეტრებს შორის. აი, ძალიან ინტელექტუალი (ცოტათი სნობი) ნაცნობების თავყრილობაზე თავი მაგარი ტიპი რომ გგონია და ტვინი მექანიკურად მახვილგონივრულ კომენტარებს აკეთებს. ისეთს, რომ ტკბები. თან თავმდაბალ პოზას ისე ინარჩუნებ, როგორც ო. ჰენრი – შემოდგომის უკანასკნელ ფოთოლს. ერთი სიტყვით, ეს არის წიგნი, რომელიც საჭირბოროტო თემებზე არ დაგაფიქრებთ და არც თქვენი ცხოვრების გარდამტეხი ეტაპის დასაწყისად იქცევა; ეს არის ექსპერიმენტი, რომლითაც ავტორი ცდილობს აუხსნას ქართველ მკითხველს, რომ თუ წიგნები გასართობად იწერება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაგიდის ფეხს წონასწორობის დასაცავად უნდა შევუდგათ, რომ ასეთი წიგნებიც შეიძლება იყოს კარგი, რომ კარგი წიგნები ისევე არ არის ტანჯვა, როგორც სიყვარული. თუმცა ტანჯვა ნამდვილად არის რამდენიმე სქელტანიანი რომანის ავტორობა, რომლებსაც რამდენიმე მკითხველი ჰყავს.

არც ისე ცნობილი მწერლებისთვის სიკვდილი ნამდვილი შვებაა: მოკვდე – ნიშნავს გახდე მეტად პოპულარული. სწორედ ამ ლოგიკით, პიერ სონაჟი თავის მოკვლას გადაწყვეტს. სუიციდური აზრები სიცოცხლეში ერთხელ მაინც ყველას მოგვსვლია თავში. ხანდახან – ძალიან სასაცილოც კი: ჩვენ ვტკბებოდით ჩვენი ცხედრის გარშემო შეკრებილი ხალხის მღელვარების სასიამოვნო ტალღით, რომელიც ნივთიერ სახესაც იღებდა, მშობლების (გნებავთ, გულისსწორის) ცრემლებით დალტობილი (ამ დროს ნიშნის მოგებით ვიღიმებოდით) სახეები კი ისეთ სიამოვნებას გვგვრიდა, თითქოს საკუთარ პანაშვიდზე კი არა, კანარის კუნძულებზე ვყოფილიყავით. თუმცა პიერმა სიკვდილი ორიგინალურად გადაწყვიტა, რადგან მწერლები სიკვდილის დროს მაინც უნდა იყვნენ საკუთარ წიგნებზე ორიგინალურნი. მას არც წერილის დატოვება განუზრახავს და არც მეგობრებისთვის მიუწერია მოკლე ტექსტური შეტყობინება იმის შესახებ, რა ძლიერ უყვარდა ისინი. პიერი „აღმოჩნდა საკუთარ დაბადების დღეზე დუბაიში, თითქმის არაფრისგან შექმნილ ქალაქში, რომელსაც თითქმის არაფრისგან პიერის მომავალი ამჯერად უკვე თავად უნდა შეექმნა”. სიკვდილი როგორც პიარი პიერისთვის სტიმულია, გადმოხტეს სიმაღლიდან.

ერთი სიტყვით, მთელი ტექსტი დიდი სარკაზმი და სიტყვების თამაშია, პერსონაჟებს კი, ცნობილ მწერლებს, ავტორი სულ თავის ჭკუაზე ათამაშებს. მკითხველი იღიმება, ფიქრობს, რომ შურის საძიებლად უკეთეს ხერხს ვერავინ მოიფიქრებდა და თანდათან უფრო და უფრო მოსწონს ავტორი. მოსწონს სქოლიოები და ჩანართებიც – შენიშვნები, რომლებიც ისეთი არამოსაწყენია, ეჭვიც კი გეპარება, რომ შენიშვნებს კითხულობ. ერთი სიტყვით, ავტორი მგონი მთავარი პერსონაჟიც კია. ის ზოგიერთი მთავარი გმირივით მოსაწყენი და სევდიანი სულაც არ არის, მას ისეთივე მოსწრებული ენა აქვს, როგორი მოსწრებული შვილიც ჰყავს ჩემს დას, მე კი – მოსწრებული დისშვილი.

ავტორი სულაც არ აპირებს, ფეხაკრეფით იაროს საკუთარ წიგნში, რადგან ეს მისი წიგნია. და რადგან მისი წიგნია, ხანდახან ფეხების ტყაპუნითაც დადის, განსაკუთრებით მაშინ, როცა გარემოს მომქანცველ და მოსაბეზრებელ აღწერას მიადგება. სამაგიეროდ, მონდომებით გვიხატავს რუკას, თავსატეხებსა თუ რებუსებს. 

დაიმახსოვრეთ, აქ არ არსებობენ შემთხვევითი პერსონაჟები. სევდიანია, იყო მეასეხარისხოვანი და იმიტომ.
თუ ართურ კონან დოილი უცებ უცნაურ გულუბრყვილობას გამოიჩენს, არ გაგიკვირდეთ.
ნუ გეტკინებათ გული პიერის სიკვდილის გამო, იქნებ… (აქ უნდა ყოფილიყო სპოილერი)
ყველა ჰიპშტერი ხანდახან მაინც არის გონებამახვილი, ნუ შეიძულებთ მათ.
მაინცდამაინც ბევრს ნუ იფიქრებთ ჟანრის თავისებურებაზე. გადაწყვიტეთ, რომ ეს ცოტათი დეტექტივია.
აღიარეთ, რომ წიგნი ძალიან მაგარი მიძღვნით იწყება.
გაერთეთ, მოეშვით და თამამად წაიკითხეთ ტრანსპორტშიც.
გილოცავთ, წიგნში ბევრი დიალოგია, ცოტა სქოლიო, ბევრი ირონია და ინტრიგაც კი.
წარმატება უსურვეთ ავტორს, ისევე როგორც მე ვუსურვე მაშინ, როცა მომხიბვლელი პრიზი ცხვირწინ ამაცალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი