შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

თავისუფალი თემა . რატომ გვიჭირს წერა

 

მეექვსე  კლასში ვიქნებოდით,  ჩვენს  ნათელ საკლასო ოთახში ვიჯექით  ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე. ქართული ლიტერატურის მასწავლებელმა იზოლდა ქაჯაიამ გვთხოვა თავისუფალი თემა დაგვეწერა. ზამთარი იყო და გარეთ თოვდა, გადავწყვიტე  იმდღევანდელ ამინდზე მეწერა. მტვრისფერი ფიფქები მტრედებივით ეშვებოდნენ ციდან, ჩვენს საკლასო ოთახს ღუმელით ვათბობდით. მაშინ საკმარისზე მეტი პათეტიკური სენტიმენტები გამაჩნდა და ამიტომაც, წერას მალევე შევუდექი. ეს ის გაკვეთილი იყო,  როცა საშუალება გვეძლეოდა, სტანდარტული თემის ჩარჩოებიდან გამოვსულიყავით და გვეწერა იმაზე, რაც გაგვიხარდებოდა, რაც სიამოვნებას მოგვანიჭებდა, რაც ჩვენს ფანტაზიას გასაქანს მისცემდა, გვეწერა იმაზე რასაც ვხედავდით, რასაც ვისმენდით და იმ გარემოზე, რომელიც მაშინ არც ისე აუტანლად გვეჩვენებოდა. მახსოვს, მასწავლებელს ძალიან მოეწონა ჩემი თემა. მე კი მრავალი წლის შემდეგ, ვეღარ ვიხსენებ  მტრედების და მტვრისფერი თოვლის ფიფქების გარდა რა დავწერე ისეთი, რომ მისი მოწონება დავიმსახურე.
 დაბალი, სუსტი აგებულების, ცისფერთვალება და კეფაზე თმებგადაწეული ჩვენი ქართული ლიტერატურის მასწავლებელი კლასში შემოსვლისთანავე დადებით განწყობაზე გვაყენებდა. მის გაკვეთილზე ალბათ არავინ იქნებოდა ისეთი, ვინც  გაკვეთილზე ყოფნის დროს შეშინებული იჯდებოდა  მოუმზადებელი დავალების გამო.
ქართულის მასწავლებლები კი ხშირად იცვლებოდნენ, ხან ვინ გვასწავლიდა და ხან – ვინ. ჩვენც მონდომებით, ვიზუთხავდით სასკოლო პროგრამის მიხედვით, ხან ვეფხისტყაოსანს, ხან ჰაგიოგრაფიას, ხანაც რომანტიკოსებსა და კლასიკოსებს, შემდეგ კი საკონტროლო თემების წერის დროს ვციტირებდით და დაუსრულებლად ვაშინაარსებდით.
ყველას არ უყვარდა თავისუფალი თემის წერა, ეს ყველაზე დიდი გასაჭირი იყო ხოლმე ჯგუფში. როგორც კი თავისუფალი თემის წერის გაკვეთილი იწყებოდა, დაბნეულობა მატულობდა, არავინ იცოდა რაზე ეწერა, როგორ ეწერა, რას გულისხმობდა თავისუფალი წერა, ვისთვის ვწერდით, ვინ იყო ჩვენი თხზულების ადრესატი და რა კონკრეტული მიზანი გვამოძრავებდა, რა გვინდოდა გვეთქვა ჩვენი მკითხველისთვის, ჩვენი კლასელებისთვის და მეგობრებისთვის. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ თავისუფალ თემაში არ გვჭირდებოდა ლექსის, პოემის ან მოთხრობის გაშინაარსება, არ გვჭირდებოდა ტრადიციული შესავალი და დასკვნითი ნაწილი, საქმე აქ უფრო რთულად იყო. თავისუფალი თემის წერა  ჩვენგან საკმაო ლექსიკური მარაგის ფლობასა და თავისუფალი ინტერპრეტაციის უნარებს  მოითხოვდა.
რატომ გვიჭირს წერა? ამ თემაზე ხშირად ვფიქრობ და მხოლოდ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ წერის უნარების განვითარება ან ზედაპირულად ხდება სკოლის პერიოდში, ან მასწავლებლები უპირატესობას არ ანიჭებენ წერის შესწავლას. სკოლის დამთავრების შემდეგ, მიუხედავად მისი მაღალი აკადემიური მოსწრებისა, მოსწავლე ვერ ახერხებს მარტივი ესეის დაწერასაც კი.
სექტემბერში სკოლის მოსწავლეები სკოლაში დაპირებული დავალებით დაბრუნდებიან, ალბათ დაწერენ თხზულებას  «როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები»კლასელებს მოუყვებიან ზაფხულის თავგადასავლებზე, წაკითხულ წიგნებზე, ნანახ ახალ ფილმებზე,  ზოგი ზღვაზე დაისვენებს, ზოგიც მთაში, ზოგი ბებიასთან და ბაბუასთან სოფლად, ზოგიც ქალაქში დარჩება და ალბათ ცხელი ზაფხულის დღეებს კითხვაში გაატარებს, იქნებიან ასეთებიც…
დასასრულს კი, ყველას ვინც კი გადაწყვეტს, რომ წეროს თავისუფალი თემა, იქნება ეს თუ  საკონტროლო წერა,  თხზულება, მინიატურა თუ ესეი, ვეტყოდი, არ შეეშინდეს საკუთარი ნაწერის, არ დააფრთხოს საკუთარმა აზრებმა, არ შეაშინონ სიტყვებმა, რომელთა დამორჩილება ხანდახან ძალიან ძნელია, არ დაემორჩილონ არანაირ დიქტატს, რომელიც მათ წერისას შეზღუდვებს უწესებს, არ შეეშინდეთ საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმის, არც განსხვავებული პოზიციების, არც ზედმეტი ემოციურობის, არ დაავიწყდეთ ემოციების და შთაბეჭდილებების შეგროვება და დამახსოვრება. და როცა წერას გადაწყვეტენ, აუცილებლად გამოჩნდებიან ისეთი მასწავლებლები, რომლებიც მკაფიო ორიენტირებს მისცემენ, ბუნდოვანებას გაუფანტავენ და ეტყვიან, რომ მათ შეუძლიათ კარგად წერა, თუკი მოინდომებენ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი