პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ცხოვრებიდან გასვლის მზა რეცეპტები

ეძღვნება ყველა ადამიანს ინიციალებით ნ.ბ.
ცნობილი ამერიკელი პოეტი სილვია პლათი, რომელიც პირწავარდნილი პერფექციონისტი გახლდათ, 1961 წელს ამერიკიდან მასთან ინგლისის სოფელ დევონში ჩასულ დედას, ესთერ პლათს, არწმუნებდა, რომ ახლა როგორც იქნა მის ცხოვრებაში ყველაფერი ისე იყო, როგორც მას სურდა: ჰყავდა საყვარელი ქმარი, ინგლისელი პოეტი ტედ ჰიუზი, რომელთანაც ბედნიერი ოჯახი შექმნა; ჰყავდა ორი ლამაზი შვილი; ჰქონდა სახლი და მწერლის წარმატებული კარიერა.
ამ ზაფხულში ჩემი მეგობრები რომ ჩამოვლენ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საცხოვრებლად აირჩიეს და მკითხავენ როგორ ვარ, ალბათ მეც მეტ-ნაკლებად მსგავს ამბავს მოვუყვები მათ; ოღონდ ესაა, ეს ყველაფერი სულაც არ მგონია საკმარისი. ყველა ადამიანს საკუთარი ცხოვრებასთან ერთად, რაც არ უნდა დალაგებულად ეჩვენებოდეს იგი, ჩემი აზრით, ხანდახან აუცილებლად სჭირდება ის, რასაც მე პირობითად „ცხოვრებიდან გასვლას” ვეძახი.  

„ცხოვრებიდან გასვლა” ალბათ ყველას გამოგიცდიათ – ზემოთაღწერილი სტაბილური და დროში გავრცობილი ბედნიერებებისაგან განსხვავებით იგი შედარებით ხანმოკლეა, მაგრამ მას უფრო მკაფიოდ და მძაფრად შეიგრძნობს ადამიანი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოსწყდები აუცილებელსაც კი, აღარ  გახსოვს, რომ ხვალ შვილი აცრაზე უნდა წაიყვანო, მოსწავლეებს დამატებითი თვალსაჩინოებები ამოუბეჭდო, რომ ბაბუა ძალიან ავადაა და არ იცი, ჩაუსწრებ ცოცხალს თუ ვერა; მოკლედ, აღარ გახსოვს არაფერი, ყველაზე მნიშველოვანიც კი, ვინაიდან მთელი შენი ყურადღება მიმართულია იმ ახალი სამყაროს შემეცნებისაკენ, რომელშიც იმ მომენტში მოხვდი.

მე ცხოვრებიდან გასვლის (არალირიკული გადახვევა: საინტერესოა, რომ ვინაიდან ტერმინი დასაბუთდა, ბრჭყალები აღარ სჭირდება) რამდენიმე ხერხი ვიცი. ყველაზე ეფექტური, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ყველაზე ძვირადღირებულიცაა: საზღვარგარეთ მოგზაურობა. არაა გასაკვირი, რომ ექიმები ამ რეცეპტს უწერდნენ ადამიანებს, რომლებმაც დიდი უბედურება გადაიტანეს და ძირეული რეაბილიტაცია სჭირდებოდათ. საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს შენი ცხოვრება, რომელიც შენს მუდმივ სამყოფელში დატოვე, იმდენად აბსტრაქტული ხდება, რომ სულაც არ ხარ დარწმუნებული მის არსებობაში. თავს ბაკნიდან გამომძვრალ კუსავით გრძნობ და მხრებს ხშირად იშმუშნი – არა, ნამდვილად აღარაფერი აწევთ. ყველა პრობლემა ისე ფერმკრთალდება, რომ სადღაც ათი დღის მერე საშინლად გინდება შინ დაბრუნება _ უკვე გეშინია ყველა ის ბედნიერებებიც არ გაიცრიცოს და გაილიოს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში დატოვე.

თითქმის მსგავსი ეფექტი აქვს მოგზაურობას საკუთარ სამშობლოშიც. შეკრიბეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანების მოზრდილი ჯგუფი. მათგან ერთი-ორი ისეთი მეგობარი იყოს, მთაშიც რომ წაიყვანდით; რამდენიმე ისეთი ნაცნობ-მეგობარი, საინტერესო ადამიანად რომ თვლით და სიამოვნებით გაიცნობდი უფრო ახლოს; ერთი-ორიც – უცნობი, რომლებსაც სხვები წამოიყოლებენ; მოიკიდეთ ზურგჩანთები და წადით იქ, სადაც სილამაზეა, სადაც დაბრკოლებების ერთად გადალახვა, კომფორტის ნაკლებობის ერთად ატანა, ბევრი სიცილი და მხიარულება მოგიწევთ.

საინტერესო ადამიანებზე გამახსენდა, სწორედ მათ უკავშირდებათ ცხოვრებიდან გასვლის მეორე ჩემეული რეცეპტი… ასეთ ადამიანებს ყველგან იპოვნით, თუ მართლა ეძებთ: რაღაცნაირი კვალიფიკაციის ასამაღლებელ რამე კურსებზე, ინტერნეტსივრცეში, საქმიან შეხვედრებზეც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ მეგობრების წრეზე. ურთიერთობის რაღაც პერიოდის მერე თქვენ მიხვდებით, რომ დროა სადმე ჭიქა ყავაზე შეიაროთ. დაპატიჟეთ პირველმა, წაიყვანეთ იმ ადგილას, სადაც გრძნობთ, რომ მოეწონება და გადადგით გულახდილობის პირველი ნაბიჯი. ილაპარაკეთ ზოგადად თემებზე, ოღონდ, რა თქმა უნდა, პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით. თქვენ ახალ პერსონაჟს ხედავთ, ახალი ისტორიითა და ახალი მსოფლმხედველობით – დროებით გადაინაცვლებთ მის ცხოვრებაში და საკუთარსაც მისი თვალებით, გარედან უმზერთ. შემდეგ ეს ადამიანი ან თქვენი ახლო მეგობარი ხდება, ან, თუ საუბარი არ აეწყო, იკარგება; ეგეც არაფერი…

მესამე და საუკეთესო რეცეპტი ყველაზე აპრობირებულია; ეს ისაა, რასაც ლიტერატურის მასწავლებლები ვასწავლით ჩვენს მოსწავლეებს _ წიგნების კითხვა. ის, რომ არ დასჯერდნენ მხოლოდ ერთ, საკუთარ ცხოვრებას და ბევრი სხვადასხვა ცხოვრებით იცხოვრონ, ბევრი ადამიანის გამოცდილება გაიზიარონ, არ შეიზღუდონ საკუთარი, თუნდაც ძალიან ფართო თვალსაწიერით და სხვა ადამიანების თვალითაც შეხედონ სამყაროს. იცოდნენ, რომ რამდენად უბედურადაც არ უნდა გრძნობდნენ თავს, ტიტუს ანდრონიკუსი, მაგალითად, მათზე უბედური იყო და რამდენად ბედნიერებიც არ უნდა იყვნენ… თუმცა, ბედნიერება საჩუქარია, ნაჩუქარ ცხენს კი კბილს არ უსინჯავენ, ნუ შევადარებთ ჩვენს ბედნიერებას სხვისას… წიგნის სარგებელზე არისტოტელედან მოყოლებული იმდენი უთქვამთ და დაუწერიათ, მე დიდხანს აღარ შევჩერდები, უბრალოდ, ერთს ვიტყვი: ხანდახან კინო „დაფინანსებული კონკურენტი” კი არა, იგივე წიგნია, ოღონდ სხვა განზომილებაში და ზუსტად იგივე ფუნქცია აქვს, რაც კარგ წიგნს. 

სწორედ კარგმა ფილმმა, სპაიკ ჯონსის „ის”, შთამაგონა ეს წერილიც: მისი ყურებისას აღმოვაჩინე, რომ საკუთარი ცხოვრებიდან გასული ვიყავი და განვიცდიდი იმას, რასაც მისი მთავარი გმირი განიცდიდა. კინოთეატრიდან გამოსული დიდხანს ვფიქრობდი, რა მოხდებოდა მაშინ, თუკი ამ პერსონაჟისა და სილვია პლათის მსგავსად, მეც ჩამომენგრეოდა თავზე ის სამყარო, რომელსაც ვაშენებ და რომლის სიმყარისაც ასე მჯერა და დავიტოვე იმედი, რომ  ვიცოდი ცხოვრებიდან გასვლის იმდენი საშუალება, რომ თავი გადავირჩინო; იმდენი, რომ მოსწავლეებსაც გავუზიარო ჩემი რეცეპტები.

ის, რაც ახლა წაიკითხეთ, რასაკვირველია, თქვენ უკეთ მოგეხსენებათ. უბრალოდ ერთხელაც მივხვდი, რომ მოგზაურობისას და საინტერესო ადამიანთან საუბრისას ზუსტად ერთი და იგივე შეგრძნება მქონდა და ვცადე, საკუთარი თავისთვის ამეხსნა, რატომ. ვიცი, რომ ცხოვრებიდან გასვლის სხვა ხერხებიც არსებობს, მავნე ჩვევებს არ ვგულისხმობ, რაღაც ისეთი, რაც მე არ გამომიცდია, მაგალითად, მედიტაცია. რაღაც ისეთიც, რისი არსებობის შესახებაც წარმოდგენაც არ მაქვს, მაგრამ ამის წაკითხვის შემდეგ მას თქვენ მასწავლით და მე ერთით მეტი მიზეზი მექნება არ მეშინოდეს სამყაროს ნგრევის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი