შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

განათლება რომის იმპერიაში

ადრეული პერიოდის რომაულ განათლებაზე დღემდე ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება, თუმცა ცნობილია, რომ ეს სისტემა მჭიდროდ იყო დაკავშირებული patria potestas-ის ინსტიტუტთან, რომლის თანახმადაც, ოჯახის უფროსს ყოველგვარი უფლება ჰქონდა შვილებზე.
რომის დაარსებიდან პირველი ხუთი საუკუნის განმავლობაში გამუდმებით მიმდინარეობდა ბრძოლა გადარჩენისა და დამოუკიდებლობისთვის, ამიტომ ძველი რომაელები, გარდა სამხედრო ხელოვნებისა, ვერაფრისთვის იმეტებდნენ დროს, ხოლო როცა არ იბრძოდნენ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით იყვნენ დაკავებული.
ისტორიული წყაროების თანახმად, ძვ. წ. 272 წელს რომაელთა მიერ შეპყრობილ განათლებულ ბერძენ მონას, ტარენტუმს, წარჩინებულთა შვილების მასწავლებლობა დაევალა.
როდესაც თავისუფლება მოიპოვა, ტარენტუმმა თავისი ბატონის სახელი დაირქვა და ლუკიუს ლივიუს ანდრონიკუსი გახდა. მან რომში გააგრძელა ცხოვრება და საუკეთესო მასწავლებლის სახელი დაიმკვიდრა. აქედან იწყება რომში განათლების დანერგვა. ლივიუსი სწავლების ბერძნულ მეთოდებს იყენებდა. მან თავისი რომაელი მოსწავლეებისთვის ლათინურ ენაზე  თარგმნა ჰომეროსის „ოდისეა” და ლექსი ძველი სატურნული საზომით გამართა. ამრიგად, პირველი მასწავლებელი იმავდროულად პირველ რომაელ ავტორადაც იქცა. მასწავლებლის პრაქტიკულმა მიზანმა, კარგი განათლება მიეცა მოსწავლეებისთვის, სათავე დაუდო მსოფლიოში ცნობილ ერთ-ერთ უძველეს და საუკეთესო მწერლობას.
ოჯახი და განათლება
რომში ვაჟზე პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში დედა ზრუნავდა, რომელიც მას მცირე გაკვეთილებსაც უტარებდა და ათამაშებდა კიდეც. როგორც კი ვაჟი წამოიჩიტებოდა, მის აღზრდაზე მთელ პასუხისმგებლობას მამა იღებდა. ის ითავსებდა მასწავლებლის ფუნქციასაც: ასწავლიდა შვილს წერა-კითხვას, სირბილს, ცურვას, ფერმაში მუშაობას, ზოგჯერ დაჰყავდა ფორუმებზე საჯარო გამოსვლების მოსასმენად.
ადრეულ პერიოდში ვაჟებს ასწავლიდნენ ლეგენდებს რომის შესახებ, რაც ისტორიის სწავლების ერთგვარი ხერხი იყო. სავარაუდოდ, ეს ლეგენდები ლექსად გამოითქმოდა და სატურნული საზომით იყო გამართული. მათ ვაჟები ზეპირად სწავლობდნენ და შემდეგ ან დეკლამაციას ეწეოდნენ, ან მღეროდნენ. არ ისწავლებოდა სახვითი ხელოვნება, თუმცა მოიპოვება ცნობა, რომ გაიუს ფაბიუსმა პიქტორის წოდება მიიღო მას შემდეგ, რაც ძვ. წ. 302 წელს სალუსის ტაძარი მოხატა.
კაპიტოლიუმის ძუ მგელი (Lupa Capitolina) (ძვ. წ. 296 წ.) დასტურია იმისა, რომ რომაელი ხელოსნები ოსტატობით არ ჩამოუვარდებოდნენ თავიანთ ბერძენ თანამედროვეებს.
პირველი სკოლა
ცნობილია, რომ რომში პირველი სკოლა გახსნა სპურიუს კარვილიუსმა, გათავისუფლებულმა მონამ, რომელიც ძვ. წ. III საუკუნეში ცხოვრობდა, თუმცა ლეგენდები შეიცავს ინფორმაციას სასკოლო ცხოვრების შესახებ გაცილებით ადრეულ პერიოდშიც. მაგალითად, ცნობილია, რომ რომულუსი და რემუსი გაბიუმის სკოლაში დადიოდნენ.
დღესასწაულებზე სკოლა იხურებოდა. საზაფხულო არდადეგები საკმაოდ ხანგრძლივი იყო – 4 თვე გრძელდებოდა. ღარიბი ოჯახების შვილები დაწყებითი განათლებით შემოიფარგლებოდნენ. შემდეგ ისინი იძულებული იყვნენ, შრომა დაეწყოთ, ამიტომ სწავლის გასაგრძელებლად აღარ ეცალათ. ჩვეული მოვლენა იყო ადრეული ქორწინებაც – 12 წელი ამისთვის ლეგალიზებული ასაკი გახლდათ. პრივილეგირებული ოჯახის შვილები კი ლიტერატურის შესწავლას აგრძელებდნენ.
ბერძნულ-რომაული განათლების ადრეულ პერიოდში ძირითადად ჰომეროსს ასწავლიდნენ, ხოლო მოგვიანებით – რომაულ ლიტერატურასაც, განსაკუთრებით – ვერგილიუსსა და ციცერონს. ლათინურენოვან ავტორთა შერჩევის პროცესში თანდათანობით ტექსტისა თუ ავტორის ათვისების 4 ეტაპი გამოიკვეთა: 1. lectio – ტექსტის უზადო კითხვა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ რთული მეტრული სისტემით გამართული ტექსტების შესწავლისას; 2. enaratio – განმარტება, რაც გულისხმობდა მთელი ნაწარმოებისა და მისი ცალკეული ნაწილების ინტერპრეტაციას, ავტორის ბიოგრაფიის, მასთან მოხსენიებული ისტორიული, გეოგრაფიული, მითოლოგიური მასალის ანალიზს; 3. emendation – კრიტიკული ანალიზი, რომლის მიზანი იყო ტექსტის ღირსებებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა (თუ საჭიროდ მიიჩნევდნენ, შეიძლებოდა მისი ჩასწორებაც კი); 4. Judicium – შეჯამება და დასკვნების გამოტანა.
მასწავლებლები
თავდაპირველად რომში განათლება სავალდებულოდ არ მიიჩნეოდა. სახელმწიფო ამ საკითხში არ ერეოდა. ოჯახის უფროსს შეეძლო, აეკრძალა შვილებისთვის განათლების მიღება ან ნება დაერთო. მოგვიანებით განათლების სისტემაზე ზედამხედველობა სახელმწიფომ იკისრა. მაგალითად, ახ. წ. 376 წელს სპეციალური ედიქტით განისაზღვრა მასწავლებელთა ხელფასი – რიტორიკის მასწავლებელს ორჯერ მეტი უნდა ჰქონოდა, ვიდრე სხვა საგნისას. ახ. წ. 425 წელს თეოდოსიუსმა და ვალენტინიანემ გამოსცეს ედიქტი, რომლის თანახმადაც, კერძო პირებს არ შეეძლოთ სკოლის გახსნა სახელმწიფო ავტორიზაციის გავლის გარეშე.
ანტიკურ სამყაროში დიდად აფასებდნენ მასწავლებლის კვალიფიკაციასა და ხარისხს. ცალკეული კომუნებისა და დასახლებათა წარმომადგენლები ცდილობდნენ, ცნობილი და გამორჩეული მასწავლებლები მიეწვიათ. განისაზღვრა მასწავლებელთა მაქსიმალური რაოდენობა ამა თუ იმ დასახლებული პუნქტისათვის. 
რომში მასწავლებელთა ხელფასი არცთუ სახარბიელო იყო. მისი ოდენობა მოსწავლეთა რაოდენობით განისაზღვრებოდა. მასწავლებლებს დიდი კონკურენციის პირობებში უწევდათ მუშაობა და საკმაო ძალისხმევას იჩენდნენ მოსწავლეთა შესაგროვებლად.
რომაელებს მიაჩნდათ, რომ უკეთესი შედეგის მისაღებად მოსწავლეთა წახალისება აუცილებელი იყო, თუმცა მასწავლებელს თავად უნდა გადაეწყვიტა, როგორ მიუდგებოდა თითოეულ მათგანს. ზარმაცებთან ნებადართული იყო სიმკაცრეც. თუ საჭიროდ მიიჩნევდნენ, რომაელი მასწავლებლები გაროზგვასაც არ ერიდებოდნენ.
მასწავლებლების განსაკუთრებულ სიმპათიას იმსახურებდნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ქების შედეგად აუმჯობესებდნენ სწავლის ხარისხს.
ანტიკურ რომში მასწავლებლები იყვნენ ან ბერძნები, ან რომაელები, რომლებიც ბერძნულ მეთოდებს იყენებდნენ.
ბერძენი მასწავლებლები, რომლებიც, სავარაუდოდ, გამოირჩეოდნენ განათლების მაღალი დონით, ყურადღებას არ აქცევდნენ უცხო ენების შესწავლას (საბერძნეთში მხოლოდ ეროვნულ ლიტერატურას ასწავლიდნენ, მაგრამ რომში ძვ. წ. II საუკუნეში ელჩებს შეეძლოთ, თარჯიმნის დაუხმარებლად ბერძნულად მიემართათ სენატისთვის).
რომაულ სკოლაში ბერძნული ენა და ლიტერატურა ძირითადი საგანი იყო. უფრო მეტიც – თეორეტიკოსები დავობენ, რომელი ისწავლებოდა თავდაპირველად – ბერძნული თუ რომაული. რომაელები ცდილობდნენ, ამგვარად გამოემუშავებინათ მოსწავლეებისთვის უცხო ენაზე გადმოცემული იდეების გაგების უნარი.
სკოლებში დიდი ყურადღება ეთმობოდა ციტირებას. მოსწავლეებს ევალებოდათ გარკვეული პასაჟების მხატვრულად წაკითხვა. ისინი იზეპირებდნენ ნაწყვეტებს პოემებიდან, მაგრამ არა იმდენს, რამდენსაც საბერძნეთში, სადაც სტუდენტებმა ზეპირად იცოდნენ „ილიადა” და „ოდისეა”. რომაელ მოსწავლეს ასევე ევალებოდა პოემების პროზად გადაკეთება, ესეების დაწერა. ტარდებოდა შემოქმედებითი კარნახი. მაგალითად, მოსწავლეებს წაუკითხავდნენ ეზოპეს იგავ-არაკს და შინაარსის დაწერას ავალებდნენ. უწევდათ ბერძნულიდან ლათინურად თარგმნაც, რასაც უფრო ლინგვისტური ვარჯიშის ფუნქცია ჰქონდა, ვიდრე ლიტერატურული სტილის გამომუშავებისა.
ძველ რომში ბევრი დრო ეთმობოდა გრამატიკის სწავლებას. ამასთან, სავარაუდოდ, ჭკვიან ვაჟებს ლექსების თხზვას ასწავლიდნენ. ცნობილია, რომ ციცერონი საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როცა თარგმნა არატუსის პოემები და ლათინური ჰექსამეტრით გამართა ლექსი; პერსიუსმა 16 წლის ასაკში დაწერა პოემები; პლინიუს უმცროსმა 14 წლისამ შექმნა ბერძნული ტრაგედია. ნერონს ბავშვობიდან იზიდავდა ლექსების თხზვა.
გრამატიკოსთა სკოლის გავლის შემდეგ ახალგაზრდებს შეეძლოთ, სწავლა გაეგრძელებინათ რიტორთა სკოლებში, სადაც 3-4 წელი ეთმობოდა ლიტერატურის 
გაღრმავებულ შესწავლას, პრაქტიკულ ვარჯიშს ორატორობაში, მოკლე და შთამბეჭდავი სიტყვების წარმოთქმის უნარის გამომუშავებას, ინსცენირებულ დასაცავ ან საბრალდებო სიტყვებზე ვარჯიშს, ვრცელი საზეიმო სიტყვის ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოთქმისთვის საჭირო სქემებისა და ხერხების შესწავლას და პოლიტიკური აზროვნების კულტურის გამომუშავებას. ფილოსოფიის შესასწავლად რომაელები საბერძნეთში მიემგზავრებოდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ სწორედ ათენში იყო შესაძლებელი ფილოსოფიის ღრმად და საფუძვლიანად შესწავლა.
გოგონების განათლება
რომში სასკოლო განათლებას უმთავრესად ვაჟები იღებდნენ. გოგონები სკოლებში არ დადიოდნენ. მათ დედები ასწავლიდნენ საოჯახო საქმეს. მათი განათლება მოიცავდა მუსიკას, კერვას და კულინარიულ საქმიანობას. მხოლოდ მდიდარი ოჯახები ქირაობდნენ ბერძენ მონებს თავიანთი ქალიშვილებისთვის. დაქირავებული მონები რომაელ გოგონებს ასწავლიდნენ ბერძნულ ენას და წერა-კითხვას. 
უმაღლესი განათლება
რომში უმაღლესი განათლება მხოლოდ მდიდარი ოჯახების შვილებისთვის იყო ხელმისაწვდომი. დიდი პოპულარობით სარგებლობდა იურიდიული და რიტორიკული განათლება. თექვსმეტი წლიდან შეძლებული ოჯახების ვაჟები რიტორიკულ სკოლებში იწყებდნენ რიტორიკის დაუფლებას. ამ სკოლებში ისწავლებოდა რიტორიკული დეკლამაცია, სამართალი, ფილოსოფია, მითოლოგია და ისტორია. 
ნიჭითა და მონდომებით გამორჩეული მოსწავლეები საბერძნეთში მიემგზავრებოდნენ სწავლის გასაგრძელებლად, იქ ისმენდნენ ფილოსოფოსთა ლექციებს, ეცნობოდნენ სიძველეებს და შემდეგ სამშობლოში ბრუნდებოდნენ.
უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ რომაელები ძირითადად პოლიტიკურ საქმიანობას მიჰყოფდნენ ხოლმე ხელს.
ძვ. წ. III საუკუნის შუა პერიოდში ბერძნულ ცივილიზაციასთან კონტაქტის შედეგად შეიცვალა რომაული განათლების პრინციპები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი