პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

…ფემინიზმზე არც მიფიქრია

გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

დორის ლესინგი (დორის მეი ტეილორი), ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2007 წლის ლაურეატი, ინგლისურენოვან მწერალთა შორის ყველაზე ცნობილი ლიტერატორია და ამავე დროს ყველაზე საოცარი ბედის ქალი. დაიბადა ირანში, გაიზარდა სამხრეთ როდეზიაში, ახალგაზრდობაში კომუნისტებს თანაუგრძნობდა, 30 წლისა კი თავის 12 წლის ბიჭთან ერთად ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. პირველმა წიგნმა “ბალახი მღერის” მწერალს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი, “ოქროს დღიური” ფემინისტების სამაგიდო წიგნად იქცა, მისი ანტიუტოპიები კი თანამედროვე ფანტასტიკის ანთოლოგიებში შედის. ახლა მწერალი სკეპტიკურად უყურებს ახალგაზრდობის დროინდელ გატაცებას მემარცხენეობით, ცხოვრობს ინგლისში და ძველებურად წერს.

გთავაზობთ ამონარიდს დორის ლესინგთან ინტერვიუდან:

– ქალბატონო ლესინგ, თქვენ მეორე ქმრის გვარს ატარებთ, მას კი 50 წელზე მეტია, რაც გასცილდით…

– მაშ უკეთესი იქნებოდა, რომ გვარად სიბრძნე ვყოფილიყავი? ეს ჩემი პირველი ქმრის გვარია. არც ერთი ჭკუათმყოფელი არ ისურვებს ასეთ გვარს, თუკი მას მწერლობა უნდა. გარდა ამისა, მე და გოტფრიდს შვილი გვყავდა, ამიტომაც გვარის შეცვლა აღარ მოვინდომე. ლესინგი საუცხოო გვარია. ის დიდ ტრადიციასთან არის დაკავშირებული.

– გულისხმობთ გერმანელ მწერალ-რომანტიკოსს? თქვენი ქმარი მისი ნათესავი ხომ არ ყოფილა?

– არა, გოტფრიდ ლესინგს მასთან საერთო არაფერი ჰქონია. ის კომუნისტი იყო, ნაცისტებს ჯერ ინგლისში, მერე კი სამხრეთ როდეზიაში გამოექცა. იქ გავიცანით ერთმანეთი ერთ-ერთ მემარცხენეთა ჯგუფში. რომანი ჩათავებული გვქონდა, როცა 1944 წელს დავქორწინდით, წინაამდეგ შემთხვევაში, მას გაასახლებდნენ როგორც მტრულად განწყობილ უცხოელს. ასე რომ, ჩვენს ქორწინებაში რომანტიკული არაფერი ყოფილა.

– გერმანიაზე თქვენი პირველი შთაბეჭდილებანი რას უკავშირდება?

– მამაჩემის ნაამბობს… პირველ მსოფლიო ომში გერმანელების წინააღმდეგ იბრძოდა. დაიჭრა, ფეხი დაკარგა და ნერვული სტრესიც გადაიტანა, მაგრამ გერმანელები არ სძულდა. მეორე მსოფლიო ომის დროს მე გერმანელის ცოლი გავხდი. მოკლედ, გერმანიასთან ბევრი რამ მაკავშირებს.

– 50-იანი წლების დასაწყისში თქვენ გერმანიაში ჩახვედით და მოგვიანებით დაწერეთ, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული განცდაო.

– აღმოსავლეთი ბერლინი საძაგელი იყო, საძაგელი, გაშიშვლებული და რუხი. მე იქ გოტფრიდთან შესახვედრად გავემგზავრე…

– რომელიც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დასახლდა.

– დიახ, მინდოდა მამა-შვილს ურთიერთობა აღედგინა, მაგრამ გოტფრიდი უკვე კომუნისტი ფუნქციონერი იყო და კულტურის კავშირში მუშაობდა. მან არ მოისურვა ჩემი ნახვა, სახიფათოდ ჩათვალა თავისთვის.

– თავის დროზე მას 150-პროცენტიან კომუნისტს უწოდებდით, მაგრამ მერე ხმა გავრცელდა, კა-გე-ბეს ჯაშუში იყოო.

– კი, ასე ამბობდნენ სამხრეთაფრიკული საიდუმლო პოლიციის თანამშრომლები, მაგრამ ამის შემოწმება არავის შეეძლო.

– თქვენ აფრიკის ერთ პატარა ფერმაში გაიზარდეთ. ვინ ან რამ მოახდინა ზეგავლენა თქვენსა და თქვენს ლიტერატურულ შემოქმედებაზე?

– უმეტესად მარტო ვიყავი. საათობით დავხეტიალობდი თოფით მივარდნილ ადგილებში და არასოდეს არაფრისა შემშინებია, გველის გარდა. მოკლედ, საუცხოო ბავშვობა მქონდა.

– ჰემინგუეისაც უყვარდა ნადირობა, მაგრამ სროლა და წერა, მგონი, ვერაფრით ვერ უკავშირდება ერთმანეთს. თქვენ რას ფიქრობთ?

– გგონიათ, ყველა მწერალი ხავერდივით რბილი და ენადაშაქრული უნდა იყოს? იქ, სადაც მე ვცხოვრობდი, ყველა ნადირობდა, რომ სარჩო მოეპოვებინათ, ყველა ბავშვი ისროდა… თუმც უნდა ვთქვა, რომ ჩვენს რაიონში ერთადერთი გოგონა ვიყავი, რომელიც სანადიროდ დადიოდა. ნადირობის გარდა სხვა რამეც არსებობდა, წიგნებით სავსე ყუთები. აი, სულ ეს იყო ჩემი აღზრდა.

– როდის მიხვდით, რომ წერა გინდოდათ?

– ამას წინათ ჩემმა სკოლის მეგობარმა გამახსენა, ერთხელ, როცა 11 წლისანი ვიყავით, თურმე ინტერნატის საძინებელში ვმსხდარვართ და მე გამომიცხადებია, – მწერალი მინდა გავხდე-მეთქი. ეს არ მახსოვს, ის კი ვიცი, რომ ახალგაზრდობაში ორი რომანი დავწერე, მაგრამ ისეთი კალიგრაფიით, რომ მერე ვერაფრით გავშიფრე… ისე, არც ერთი არ ვარგოდა.

– ის ხელნაწერები დღემდე შემოგრჩათ?

– მადლობა ღმერთს, არა, თორემ უმალ გამოაცხობდნენ სადოქტორო დისერტაციებს.

– ამერიკელმა მწერალმა ტომას ვულფმა ერთხელ თქვა: “მწერლები რომანებსა და მოთხრობებს სახელის მოსაპოვებლად წერენ. კარგია, როცა ფული გაქვს, მაგრამ სახელი და დიდება უფრო სასიამოვნოა”.

– მე ფულისთვის ვწერდი, სახელზე სულ არ მიფიქრია. თუკი ეს ვოლფმა თქვა, ალბათ, მას ფული ჰქონდა.

– მართალია, რომ 1949 წელს, როცა ლონდონში ჩამოხვედით 12 წლის შვილთან ერთად, ისე გიჭირდათ, რომ კახპებთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრობდით?

– დიახ. მახსოვს, ერთ-ერთს სექსი ეზიზღებოდა, შემთხვევით გახდა მეძავი. არაფერი აკლდა, ერთდროულად ოთხი კაცი არჩენდა და შესანიშნავად იცვამდა. მეც მთავაზობდა რამდენიმე ჯენტლმენს. “ეს სულ იოლია, – მეტყოდა ხოლმე, – ამ წერასაც თავს დაანებებ და გაჭირვებაც დაგავიწყდება”. მე კი ვცდილობდი ამეხსნა, რომ ეს სულაც არ მინდოდა.
– თქვენი პირველი რომანი “ბალახი მღერის” 1950 წელს გამოქვეყნდა და ლიტერატურაში მოვლენად აღიარეს, მაგრამ კარგა ხანი გავიდა, სანამ თქვენს გზას იპოვიდით, მანამდე კი საჭმლის ფულიც კი არ გქონდათ.

– იცით, მაშინ ერთმა მამაკაცმა მითხრა, რა გატირებს, აი ნახავ, მომავალ კვირას აუცილებლად გექნება ფულიო. ვიფიქრე, მართალია-მეთქი და ტირილი შევწყვიტე… ათი წლის შემდეგ მე საშუალო მუშის ხელფასს ვიღებდი, მერე საბანკო ანგარიში გამიჩნდა, აგენტები, და ყველამ დამიწყო ყიჟინი, სახლი იყიდეო. არ მინდოდა სახლის მეპატრონე ვყოფილიყავი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ახლა ვზივარ საკუთარ სახლში და იძულებული ვარ, იმაზე ვიზრუნო, რომ დროზე მოვიდეს ელექტრიკოსი. კერძო საკუთრებაში კარგი არაფერია.

– თქვენ ინგლისურენოვან მწერლებს შორის ყველაზე სახელგანთქმული ხართ, რა არის თქვენთვის სახელი?

– ჩვეულებრივ, ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ და ყურადღებას დიდად არავინ მაქცევს, მაგრამ როცა წიგნების რეკლამას ვაკეთებ, უმალ სახელგანთქმული ვხდები და მაშინ შესაბამისადაც ვიქცევი.

– როგორ იქცევა ცნობილი ხალხი?

– არაბუნებრივად კარგად.

– თქვენ “ბრიტანეთის იმპერიის ქალბატონის” ტიტულით უნდა დაეჯილდოებინეთ, რატომ თქვით უარი?

– მთელი სიცოცხლე ბრიტანეთის იმპერიასთან ბრძოლას შევალიე და საშინელება იქნებოდა ერთ მშვენიერ დღეს მეთქვა, დიდი მადლობა იმისათვის, რომ დამაჯილდოეთ-მეთქი. ეგეც არ იყოს, სიტყვათშეთანხმება: “ბრიტანეთის იმპერიის ქალბატონი” სასაცილოდ ჟღერს.

– სულ ახალგაზრდა იყავით, როცა სამხრეთ როდეზიაში კომუნისტებს შეუერთდით. ერთხელ თქვით, “წითლები” ერთადერთი ხალხი იყო, რომელთა წიგნებსაც ვკითხულობდიო.

– დიახ, იგივე წიგნები ჰქონდათ წაკითხული, რომლებიც მე, მაგალითად, რუსი კლასიკოსები. რაც მთავარია, ჩემსავით დარწმუნებული იყვნენ, რომ რასისტული საზოგადოება დიდხანს ვერ იარსებებდა. რევოლუციის იდეით იყვნენ შეპყრობილი…

– მაგრამ მათ სამყაროს გაუმჯობესება სურდათ.

– ისე, ნაცისტებიც იდეალისტები იყვნენ… მას შემდეგ, რაც 50- იან წლებში ცნობილი გახდა, სინამდვილეში რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კომუნისტური პარტია დაიშალა.

– რას შეუძლია გადაარჩინოს სახელმწიფო?

– პრაგმატიზმს. სტალინმა, ჰიტლერმა, მაომ და სხვა დიქტატორებმა მილიონობით კაცი ამოხოცეს მხოლოდ იმიტომ, რომ სრულყოფილი საზოგადოება შეექმნათ.
 
– ასე რომ, ილუზია არ უნდა გვქონდეს… არავითარი უტოპია…

– დიახ, არავითარი უტოპია.

– მაგრამ თქვენ ხომ რევოლუციონერი იყავით, – 14 წლისა სახლიდან წახვედით, პირველი ქმარი, მოსაწყენი ჩინოვნიკი, მიატოვეთ; ლონდონში, 50-იან წლებში, მარტოხელა დედა გერქვათ…

– ეს იდეალიზმი კი არა, პრაგმატიზმია. მე უნდა გამეკეთებინა ეს, რომ თავი გადამერჩინა, თორემ ან ალკოჰოლიკი გავხდებოდი ან სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებდი.

– ესე იგი თქვენი საქციელი არ იყო ბრძოლა ქალის ტრადიციული როლის წინააღმდეგ?

– მე ამას ასე არ აღვიქვამდი. გარდა ამისა, ვიცნობდი ქალებს, იმ 50-იან წლებშიც რომ ჩემსავით დამოუკიდებელი იყვნენ.

– დამოუკიდებელი ქალები “ოქროს დღიურში” აღწერეთ. 1962 წელს გამოქვეყნებული ეს წიგნი დღესაც პოპულარულია და ფემინისტებისთვის ნამდვილ ბიბლიად იქცა.

– კაცმა რომ თქვას, ფემინიზმზე არც მიფიქრია. მე ჩემი გამოცდილება აღვწერე, ის, როგორც ფიქრობენ ქალები და ცხოვრობენ. დღემდე მაოცებს, რომ ბევრს ყოველივე ეს რევოლუციის მცდელობად მიაჩნია.

– ამ წიგნის წყალობით თქვენ მთელ მსოფლიოში გაითქვით სახელი.

– იარლიყად “ფემინისტი” მომაკერეს და ამან ძალზე დამაზარალა. დღემდე მხვდებიან მამაკაცები, რომლებიც მეუბნებიან, თქვენს წიგნებს არ წავიკითხავთ, რადგან ფემინისტური მოძრაობის ნაწილიაო. მე არ ვარ ფემინისტი. ინსტინქტურად ვცდილობ, გავექცე ყველანაირ მოძრაობას.

– თქვენი ავტობიოგრაფიის მეორე ნაწილი 1962 წელს მთავრდება. თქვენ ის არ გაგიგრძელებიათ, რათა “ტრავმა არ მიგეყენებინათ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დღემდე ცოცხლები არიან”. სხვამ რომ დაამთავროს?

– უამრავ შეცდომას დაუშვებს… ხშირად ვამბობ ამის მსურველთა გასაგონად, ხომ არ მოიცდიდით, სანამ მოვკვდები-მეთქი… ხასიათი მაინც აღარ წამიხდებოდა.

– თქვენი წიგნი “ბებიები” რიგით ორმოცდამეცამეტეა. როგორ წერთ?

– ათივე თითით ვბეჭდავ ძველთაძველ საბეჭდ მანქანაზე.

– სურვილი არ გაქვთ, რომ დაისვენოთ, მშვიდად იცხოვროთ?

– მთელი სიცოცხლეა ვწერ. რატომ უნდა დავანებო თავი? ცხოვრება ძალზე მძიმე შრომაა, განა ასე არ არის? მე მომწონს იმის შექმნის პროცესი, რაც ადრე არარსებულა. მე არაფრისგან ვქმნი ისტორიებს და ვტკბები იმით, რომ მკითხველს ვუამბობ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი