შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

უთარგმნელი ლექსი

გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

ბავშვობის კოსმოპოლიტიზმი

როგორც უამრავი სხვა რამ, კოსმოპოლიტიზმიც ბავშვობაშია სუფთა და უანგარო, რადგან ბავშვმა იცის, რომ ცა არის ცისფერი, მზე არის მზისფერი, სისხლი – სისხლისფერია და ადამიანი – ადამიანისფერი.
ეს მერე იწყება შეფერადება, გაფერადება. მერე ხდება მზე მკვდრისა (ასე ჰქვია ჩამავალ მზეს ქართულში). სისხლი – ცისფერი. ადამიანი – შავკანიანი, თეთრკანიანი, ყვითელკანიანი… 


დაბადების სიხარული

რატომ თამაშობენ, რატომ უყვართ ბავშვებს განსაკუთრებით დამალობანას თამაში?
იქნებ წარმავლობის თანდაყოლილი განცდა აიძულებთ, გადაუმალონ ერთმანეთს თავები, რათა გამოჩენისას, პოვნისას დაბადების (სიცოცხლის) დიდი სიხარული აგრძნობინონ ერთმანეთს. იქნებ მწერალიც ბავშვია და მწერლობაც დიდი ანგარიშით დამალობანას თამაშია.
რაც უფრო დიდია მწერალი ინტელექტით და რაც უფრო ბავშვია სულით, მითუფრო უჩინრად იმალება იგი თავის შემოქმედებაში, პერსონაჟებს თავშეფარებული. 

მელანქოლიკი…

თავისუფალი თემების მოძალებამ და სიჭარბემ მშობლიური ლიტერატურის სწავლების მეთოდიკაში ერთგვარი პროგრესულობის ილუზია შეუქმნა პედაგოგებს, რომლებიც ძნელად თუ გასცილდებოდნენ საპროგრამო მასალის ორმოცდახუთწუთიან საზღვრებს.

“როგორ მიყვარს ჩემი სამშობლო” – ამ თემაზე ფიქრობენ ბავშვები. ფიქრობენ და გამოიხატებიან სხვადასხვანაირად (სხვადასხვაგვარად) – გულწრფელად, ყალბად, ტრაფარეტულად… აქა-იქ – ღრმად, ნიჭიერად, ორიგინალურად.
“ჩემი სამშობლოს დღე ისე იყო მოწყენილი, როგორც დედის ავადმყოფობა”, – წერდა ერთი მოსწავლე გოგონა.
საიდან გაჩნდა ეს მელანქოლიკი ამ ჯანსაღ ატმოსფეროში? – გოგონას გამო ბოდიშობდა მასწავლებელი. ნიშნის დაწერაზე რომ მიდგა საქმე, ჩაერია დირექტორი, სასწავლო ნაწილი (თემა დამამთავრებელ კლასში დაიწერა, და ამიტომ იოლად ვერ გადაწყდებოდა მეათეკლასელის ბედი). ჩარევამ სასურველი შედეგი გამოიღო. აღმოაჩინეს, რომ ამ უშეცდომოდ და ორიგინალურად დაწერილ თემაში (სევდიანობას ვერ ჩაუთვლიდნენ შეცდომად) ერთი შეცდომა მაინც გაიპარა: სიტყვა “სამშობლოში” გადატანის წესები აღმოჩნდა დარღვეული. როცა მოსწავლემ შეპასუხება დააპირა, მშობლიური ენის მასწავლებელმა კომპეტენტურად განუცხადა: შენს თემას არა მხოლოდ გრამატიკული ხარვეზი, არამედ აზრობრივი ხარვეზიც გააჩნია. რა შუაშია დედაშენი, სად დედის ვიწრო, ლოკალური ცნება და სად სამშობლოს უნაპირო საზღვრებიო…

მაგრამ განა სამშობლოს სიყვარული დედის სიყვარულიდან არ იწყება? უფრო მეტიც, ჩვილის წინ აღმართული იმ ბორცვიდან იწყება, რომლის წიაღიდანაც იგი საზრდოს იღებს და რომელსაც ასეთი ინსტინქტური სიყვარულით უთათუნებს ხელს…

იქნებ ეს გულმავიწყობა მასწავლებლის პროფესიისათვის ახალშეძენილი ჩვევის ბრალია, რომლის წყალობითაც მომავალი აბიტურიენტის ყველა ნიშანი (ვითომდა დიდი ობიექტურობის გამო) აფთიაქის სასწორზე უნდა აიწონოს.

მსგავსი შემთხვევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სკოლებში მხოლოდ მოწოდებით მასწავლებელი უნდა მიდიოდეს სამუშაოდ.

მოწოდებით მასწავლებელს არასოდეს შეეშლება მსგავსი რამ და არასოდეს გამოეპარება ნიჭიერი ადამიანის განცდები…

1980 წ.

ბავშვის წარმოსახვები

საოცარია ბავშვის წარმოსახვა. ხშირ შემთხვევაში იგი სიბრძნით, სიღრმით გამოირჩევა და ამ დროს ყოველთვის მახსენდება რემი დე გურმონის ვარაუდი იმის შესახებ, რომ იქნებ ადამიანის ინტელექტუალური დაქვეითება სწორედ ბავშვობის მერე იწყებაო.

2-3 წლის ასაკში ჭექა-ქუხილის დროს ბავშვს ასეთი გასაოცარი დასკვნები გამოაქვს: “ცამ დააკაკუნა”. ესაა უცნაური და მასშტაბური აღქმა სამყაროში არსებული ურთულესი ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და ა. შ. მოვლენებისა და პროცესებისა. პატარა ქვეშეცნეულად, ინტუიციით იძლევა ჭექა-ქუხილის ახსნის იმ პოეტურ ვარიანტს (ხატს), რომელიც ნებისმიერი დიდი მეზღაპრის შემოქმედებას დაამშვენებდა. ბავშვის წარმოდგენისათვის (ბუნებისათვის) იმდენად კონკრეტული და ახლობელია ცა, რომ ნაცნობი ადამიანივით მას შეუძლია წარმოიდგინოს, როგორ აკაკუნებს იგი. თუ იმ ხმაურით ვიმსჯელებთ, ჩვეულებრივი, უწყინარი დაკაკუნება რომ გამოსცემს, მასთან შედარებით ჭექა-ქუხილის ხმაური ალბათ წარღვნაა. თუმც ბავშვის ქვეცნობიერებაში პოტენციურად ისიცაა ნაგულისხმები, თუ ვინ აკაკუნებს. რადგან ცა, ასეთი უსასრულო, მაღალი და ზვიადია, ე. ი. ჭექა-ქუხილი მისი მასშტაბის შესატყვისი ხმაური – კაკუნია.

1982 წელი

დაცვა

სულ პატარები ვიყავით, ერთი მშობლებგაყრილი გოგონა გვყავდა კლასში. კვირაში ერთხელ საკუთარი დედა ჩუმად ნახულობდა შვილს სკოლაში, თან იმდენი საჩუქრები და შოკოლადები მოჰქონდა, რომ კვირიდან კვირამდე მთელ კლასს გვყოფნიდა. მისი გამოჩენა ჩვენთვის ზეიმი იყო.

ამ ამბავმა გოგონას გამზრდელი ბებიის ყურამდეც მიაღწია და ატყდა ერთი აურზაური. ყოფილი რძლის რეპუტაციის გასაფუჭებლად მთელი ხმით უყვიროდა კლასის დამრიგებელს (ნინო მასწავლებელს): “როგორ ბედავთ და ამ ქალს აჩვენებთ ბავშვს. ხომ შეიძლება ამ დედაკაცმა მაგ შოკოლადებით ბავშვი მომიწამლოსო”.
სულგანაბულები ვუსმენდით შემზარავ სცენას და მოხდა საოცარი რამ… ნინო წულუკიძე ჩვენს თვალწინ გადაბრუნებულ საკუთარ ბერეტში გვთხოვდა საჩუქრების ჩაყრას. ჩვენ არასოდეს გვინახავს ასეთი დიდებული მათხოვარი. მთელი ქუდი “დათუნია” შოკოლადებით გადაივსო. მერე ნინო მასწავლებელი ჩამოჯდა და ვერცხლის ქაღალდისაგან განძარცული შოკოლადის ყავისფერ სარკოფაგებს გამალებით დაუწყო ჭამა… (ნინო მასწავლებელი დიაბეტით იყო ავად).

ნინო მასწავლებელი მარტო ლიტერატურას კი არ გვასწავლიდა, იგი დიდ, ეჭვმიუტანელ ადამიანურ ინსტინქტებსაც გააფთრებით იცავდა. მან იცოდა, რომ გარკვეულ ასაკამდე დედამიწის ზურგზე არავის არ ჰქონდა ჩვენი დაეჭვების უფლება.

P.S. სწორედ ეს შემთხვევა დაედო საფუძვლად ჩემს ერთ ადრეულ მოთხრობას “ბიჭი შოკოლადით”, რომელიც განსაკუთრებით შეიყვარა ახალგაზრდობამ. 


ხსოვნის ერთი წვეთი

რა გინდ ტოტალური გენოციდიც არ უნდა მოუწყონ კაცობრიობას, ხსოვნის ერთი წვეთიც საკმარისია ჩარჩეს მეხსიერების ამოტუმბულ, ამომშრალ არხში, არაფერი უკვალოდ არ დაიკარგება. თავისას იზამს ეს წვეთი (აკი ქნა კიდეც!) წლებიდან წლებში, თაობიდან თაობაში ინფექციასავით გადაიტანს შურისგების ჯანსაღ ბაცილებს… დაკონსერვებული სისხლივით შეანჯღრევს, გახსნის, გააცოცხლებს მეხსიერების მკვდარ უჯრედებს… მოასულიერებს ხსოვნას, – ამ მარადმწვანე მცენარის გადათელილ ფოთლებს, ნებისმიერ საუკუნეში რომ სდევნიან და სცემენ… 

შოკი

ჩემი გოგონა ბავშვობაში “დედა ენას” რომ სწავლობდა, ერთხელ ატირებული ძლივს დავამშვიდე, გუთნის აღწერილობის ტექსტს ვერ იგებდა, შესაბამისად ვერც იმახსოვრებდა და ცრემლებს აღვარღვარებდა. თან სლუკუნებდა, უნიჭო ვარ, უნიჭო ვარო. ძლივს დავარწმუნე, რომ ეს სულაც არ იყო მისი ბრალი – ავუხსენი, რომ არც ეს იარაღი ენახა არასოდეს და არც ის, თუ როგორ ამუშავებდნენ გუთნით მიწას. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ვერ იმახსოვრებთქო. მაშინვე მქონდა უცნაური განცდა – რაღაც მნიშვნელოვანს ვკარგავდით.

ამ თხუთმეტიოდე წლის წინათ პირველად ინდოეთში ვნახე, მერე – სვანეთშიც, როგორ ლეწავდნენ ხორბალს მანქანის საბურავებით. ეს იყო ისეთი შოკი, ისეთი თავზარდამცემი შეუსაბამობა… კი არ ილეწებოდა, ისრისებოდა რაღაც უმნიშვნელოვანესი, სიკვდილს უდრიდა ხორბლის (პურის) ასეთი შეურაცხყოფა. 
არ ვაჭარბებ, რაღაც მნიშვნელოვანი კვდებოდა სამყაროში…

სევდიანი დიაგნოზი

ერთ-ერთ რეაქციონერზე სენტ-ბევი წერდა: 
“მწერლის მხოლოდ ტალანტი ჰქონდაო”.
ეს სევდიანი დიაგნოზი იმის მაუწყებელია, რომ შესაძლოა ფლობდე უდიდეს ტალანტს, ბრწყინვალე სტილს, მახვილ გონებას და, ამავე დროს, იყო ანტიჰუმანიზმის, სახრჩობელებისა და ინკვიზიციის მომღერალი.


“დანია საპყრობილეა”

1) ახალგაზრდობა, თუნდაც ყველაზე გონიერი თავისი არსით, მხურვალე სისხლითა და ტემპერამენტთი მეამბოხეა. და თუ დროზე არ იპოვა სადინარი (გამოსავალი), ვულკანური სტიქია სხვას კი არა, საკუთარ თავსაც და სულსაც გადაბუგავს. და ვაი მას, ვინც ამ სტიქიას არასწორ მიმართულებას მისცემს, ვაი მას, ვინც მშვილდისარივით შემართულ ხელს იარაღს შეაჩეჩებს, რადგან ყოველი ასეთი იარაღიანი კაცი დოსტოევსკის სმერდიაკოვივით იტყვის: “თქვენი სიტყვების მიხედვით ჩავიდინე მე ეს, თქვენ მასწავლეთ, რომ ღმერთი მოკვდა, ე. ი. ყველაფერი ნებადართულია…”
2) დანაშაული და სასჯელი ისევ დევს თემიდას სასწორის ორ პინაზე. ოღონდ დღეს ის განსხვავებაა, რომ საყოველთაო უღმერთობის ჟამს გაცილებით დიდია შიში სასჯელისადმი, ვიდრე დანაშაულისადმი. ამიტომ თითქმის არავითარი აზრი არა აქვს არც სასჯელის ხანგრძლივობას და არც სასჯელის სახეობას, რადგან ყველაზე დიდი სასჯელი ისაა, რომ დანაშაულის შეგრძნება არ გაგაჩნია, სინანული არ გაგაჩნია, ე. ი. გული გაქვს გაქვავებული.
3) ადამიანები ძირითადად წარმავალ ღირებულებებზე არიან ორიენტირებულნი და ამ “ღირებულებებისათვის” იბრძვიან. მათ დროსთან რაღაც პანიკური, ავადმყოფური დამოკიდებულება აქვთ, სულ სადღაც ეჩქარებათ, სულ რაღაცისაკენ გაურბით თვალი და ხელი, სულ რაღაცის მოსაპოვებლად იბრძვიან. ამ ბრძოლაში ათას შეცდომას, დანაშაულს, ცოდვას ჩადის ადამიანი. 

სმერდიაკოვისა არ იყოს, ჩვენი სევდიანი შვილები ჩვენივე ცოდვებისა და შეცდომების თანამონაწილედ იქცნენ და ბუმერანგებივით უკან დაგვიბრუნდნენ…

ისეთი განცდა მაქვს, თითოეულ მათგანში დანიის ახალგაზრდა პრინცი თვლემს… თითოეული მათგანი სადღაც კარგახნით იკარგება, ხელის გულზე თავის ქალა უდევს და ყოფნა-არყოფნაზე ფიქრობს… თან ხმამაღლა აცხადებს, რომ ცოდვაში ჩაძირული “დანია საპყრობილეა!”

მხოლოდ ღვთის რწმენა აძლებინებს ადამიანს სამშობლოში, რომელიც საპყრობილედ იქცა.
1993 წელი, თებერვალი
იმედისმომცემი კონკურსი

კონკურსი “მე ვწერ თავისუფალ თემას”, რომელიც 29 მარტს ჩატარდა თბილისში, ძალიან კარგი ღონისძიება იყო, განსაკუთრებით იმის ფონზე, დღეს უამრავი რამ რომ ტარდება, რაც არც კულტურას სჭირდება და არც სულიერებას. მეშინოდა დიდი სკეფსისისა და ნიჰილიზმის, რაც უფროს თაობასაც კი მოერია. ახალგაზრდულ ასაკში კი იოლია იმედგაცრუება, ავტორიტეტთა მსხვრევა, რადგან ამ ასაკში მთლიანად გახსნილნი არიან ცხოვრებისათვის, ცხოვრება კი ტყუილში უწევთ. გამოირკვა, რომ არ არიან გაუხეშებულნი, თუმცა ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ დანდობით, ირონიით აღიქვამენ ყოველივეს. მათი იუმორიც უფრო თბილი და მიმტევებელია. შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შესანიშნავი ნაკადი მოდის, ეს კი იმედისმომცემი და სასიამოვნოა. ასე რომ, კონკურსმა დღევანდელი ქართველობის სახე წარმოაჩინა, რომელსაც ცხოვრება მომავალში მოუწევს. 


პატიმარი

აწმყო? სულერთია სად იქნება აწმყო, აქ, შენთან ერთად, იქ, უშენოდ, თუ საერთოდ არსად არ იქნება აწმყო. აქეთ თუ დაეცი, არა უშავს, შენნაირები დაცემულან, რომ წამომდგარან? მთავარია, ამ მონაკვეთში დაეცე, იქით ნუ იხედები, იქაურობას შეეშვი. იქით რომ მწვანე სიმდოვრეა, ის მატყუარა სიმწვანეა. იქით კვდომაა, სიკვდილია, ჭაობია. იქით უწარსულო მწვანეა, უსამშობლო მწვანე. არასოდეს რომ არ ღირსებია პირველყოფილი ხასხასა ფერის სიწმინდე. იქით თუ დაეცი, მტრისას, წამოდგომას ვეღარ მოასწრებ, ისე დაგითრევს ჭაობის ფაფასავით მდორე, ხავსიანი ტორი.

მიწა სულ სხვაა, არ დაგძირავს, არ გიღალატებს. მიწა უნდა გასკდეს, რომ ჩაგიტანოს, ისე აგიტანს, შენნაირები აუტანია? ოღონდ ნუ გეზარება. სიცოცხლე ისე მაინც უნდა გინდოდეს, რომ აიკვიატო – სიცოცხლე მინდა! სიცოცხლე მინდა! არ იფიქრო სიმწვანეზე, სინაზეზე, სიხარულზე. ეს ყველაფერი მოახერხე და ჩაძირე შენში. შეინახე, შებოლე, შემჭვარტლე… გამოგადგება. ოღონდ გაძელი, ოღონდ არ დანებდე, ოღონდ თავი აიძულე, რომ აღიაროს – ცხოვრება აუცილებელია!.. 

დაიმახსოვრე – სიცოცხლე უანგარო საჩუქარია, რომელსაც ცხოვრებით უნდა უპასუხო.

1985 წელი

ილია ჩემი სამშობლოა

მახსოვს, ერთხელ დამახინჯებულად დაბეჭდილი ჩემი წერილის გამო (მოზრდილი აბზაცი იყო ამოღებული, ილიას რომ შეეხებოდა), თავი როგორ ვერ შევიკავე და კითხვისას ლიფტის კაბინაშივე მოვრთე ტირილი. ჩემზე არანაკლებ სასოწარკვეთილი შვილი ამომცქეროდა ქვემოდან. სახლში რომ შევედით, ტახტზე ამოძვრა, ლოყა ლოყაზე მომადო და დამარიგა: “დედიკო, დაწერე სამშობლოზე და ყველას შეუყვარდები”. ანუკი მაშინ ოთხი წლისა იყო. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა-მეთქი – ყველას ვუყვებოდი ამ ამბავს. ჩემთვის კი დიდხანს ვფიქრობდი – ვინ იცის, რომელი ინსტინქტით შეარჩია მან ეს ნუგეში, რომელმა გენმა უკარნახა ეს უცნაური სიტყვები. მისმა რჩევამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ დედაშვილობისა არ იყოს, სამშობლოს განცდაც თანდაყოლილი გრძნობაა. 

დღეს მიმაჩნია, რომ ზედმეტად დავტვირთე მაშინ გენიც და ინსტინქტიც. უბრალოდ, ბავშვის სუფთა, პაწია გულში სულიწმიდის მადლით ერთმანეთს დაუწყვილდა ორი სიტყვა – სამშობლო და სიყვარული.

მას შემდეგ 25 წელი მაინცაა გასული და როცა დღევანდელი გადასახედიდან ჩემს ნაწერებს ვამოწმებ, ვფიქრობ, რომ ამ სიყვარულისათვის არ მიღალატია.

ამიტომ მინდა მჯეროდეს – სწორედ ამის გამო ვდგავარ ახლა მე თქვენს წინაშე და მთელი არსებით პასუხს ვაგებ არა მხოლოდ დიდი ქართველისა და წმინდა კაცის, არამედ იმ უხუცესი ხეების წინაშეც, ყველაზე ერთგულ მცველებად რომ შემორჩნენ მის სიცოცხლეს საგურამოს კარმიდამოში; მინდა მჯეროდეს, რომ თქვენი არჩევანი ჩემზე, უფრო სწორად, ჩემს წიგნზე, რომელსაც, როგორც ამბობენ, ასეთი პარადოქსული სახელი – “სამოთხე უსიყვარულოდ” ჰქვია, სამართლიანია და ე. წ. რიგითობის პრინციპით სულაც არაა განპირობებული.

გამოგიტყდებით – ასე არასოდეს გამჭირვებია სიტყვის თქმა, წერის დროს არასოდეს გამჩენია ეს უცნაური, დიდი სურვილი – ჩემი ფიქრების, ემოციების გამოხატვაში ისეთივე მართალი და უცოდველი ვიყო, როგორიც ოცდახუთი წლის წინანდელი ჩემი შვილი. ეს თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მაინც ვცდილობ. ამიტომ ყოველგვარი ინტელექტუალური მანევრების გარეშე, ფილოსოფოსობის, ჟონგლიორობისა და ფორმაზე ზრუნვის გარეშე ძალიან სადად მინდა გითხრათ: ილია ჩემი სამშობლოა. 

ამას ვერც ფარისევლები გაიგებენ (“ერთი კაცი როგორ შეიძლება იყოს სამშობლო?!”) და ვერც პოლიტიკურ ვნებებში ჩარჩენილი ის ისტორიკოსები თუ მწერლები, რომელთაც გულუბრყვილოდ სჯერათ, რომ მათი წვრილმანი ვნებების შესატყვისი პირადი სიმპათია-ანტისიმპათიების ლავირებით ბრუნავს და ჩერდება ისტორიის ჩარხი.

უთარგმნელი ლექსი

რაღაც ამდაგვარს ყოველთვის ვგრძნობდი, როცა ჩვენს ქვეყანაზე ვფიქრობდი ხოლმე, იქნებოდა ეს ექსტრემალურ სიტუაციებში თუ საზეიმო დღეებში, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო გამოიკვეთა ჩემი განცდა. განსაკუთრებით დღეს, ამ პროცესებისა და ტრაგედიების შემხედვარეს გამიძლიერდა აზრი რომ:
საქართველო უთარგმნელი ლექსია!

ჩანაწერების წიგნიდან “ჩაძირული დღესასწაული”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი