პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ისრაელის ნობელიანტი პოლიტიკოსი

გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

თუ  აღარ  გახსოვთ,  შეგახსენებთ. შიმონ პერესი ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატია. უკვე 
80 წელს გადაცილებული  ყოფილი პრემიერი
ჯერ კიდევ სამუშაო ფორმაშია. ყურადღებით ადევნებს თვალს ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო  მოლაპარაკებებს და  არასამთავრობო ორგანიზაცია “პერესის მშვიდობის
ცენტრს” ხელმძღვანელობს. ისრაელის სხვა ყოფილ თუ ამჟამინდელ პოლიტიკოსებს შორის,
შიმონ პერესს  ყველაზე მეტი მომხრე ჰყავს. უფრო
მეტიც, პოლიტიკური ექსპერტები ფიქრობენ, რომ 
პერესის გარეშე მშვიდობა ისრაელში უფრო რთული მისაღწევი იქნება.

ბატონ ყოფილ პრემიერ-მინისტრს
(ასე მიმართავენ მას  მისი ხელქვეითები) ბევრი
ჟურნალისტი სტუმრობს და მათ, ძირითადად, მისი პოლიტიკური შეფასებები აინტერესებთ ხოლმე.

– “ცხელი შოკოლადი”?
საინტერესოა … რა  აინტერესებს ჩემგან “ცხელ
შოკოლადს”?

– თქვენი ცხოვრება,
ბატონო ყოფილო პრემიერ-მინისტრო.

– სულ ეს არის?

– მგონი კი.

– მაშინ  მე თქვენ გაჩუქებთ ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნს და
დარჩენილი დრო საქართველოზე ვილაპარაკოთ.

– კი ბატონო, მაგრამ
ჩვენ ისრაელის ამბები უფრო გვაინტერესებს. გვაინტერესებს ამ  გადმოსახედიდან,  რით  ამაყობს
და რას  ნანობს შიმონ პერესი.

–  მე  არაფერს  ვნანობ, იმიტომ,  რომ  არაფრის  შეცვლა არ შემიძლია. გული მწყდება, რომ  ბევრი
რამის  გაკეთება შემეძლო და ვერ  გავაკეთე და ახლა სწორედ ამის კორექტირებას ვცდილობ.
ვამაყობ იმით, რომ ყოველთვის იდეალისტი ვიყავი და ვცდილობდი, ადამიანების ცხოვრება
გამეუმჯობესებინა. ვამაყობ იმითაც, რომ ჩემი შვილები გულწრფელი და შრომისმოყვარე ადამიანები
არიან და წიგნებით გამოტენილ სახლებში ცხოვრობენ. ისინი არ ფიქრობენ, რომ მათ ქვეყანას
მათი ვალი აქვთ. მათ მიაჩნიათ, რომ ისინი არიან თავისი ქვეყნის მოვალეები. ისინი არ
არიან პრივილეგირებული და არ ფიქრობენ, რომ უნდა იყვნენ პრივილეგირებული. რაც მთავარია,
მათ იციან, რომ მე ვიცხოვრე იმისათვის, რომ რაღაცისთვის მემსახურა.

– ახალგაზრდა მწერალმა,
ედგარ კერეტმა მითხრა, ებრაელებმა  ისრაელში
ებრაელობა დაკარგეს  და ეს გულდასაწყვეტიაო.
მე ზუსტად არ მესმის, რას  ნიშნავს ეს. იქნებ
თქვენ ამიხსნათ?

– ებრაელი ხალხი განსხვავდება
სხვა ხალხებისაგან. ისინი უკომპრომისო ხალხია. ებრაელი  ერი ცვლილებების და  სასწაულების ერია. მათ ღრმად  სწამთ, რომ  კაცობრიობის უკეთესობისაკენ შეცვლა
შესაძლებელია.  მთელი ებრაული  ისტორია მორალურ კოდექსს  ეფუძნება. მორალური
პრინციპების გარეშე, ებრაელი ებრაელი აღარ არის და ამით ის სხვა ხალხებს ემსგავსება. ხშირად ეს მორალური უკომპრომისობა
ძვირად გვიჯდება. მონობის დროს, მონობას ვეწინააღმდეგებოდით.  ოკუპაციის დროს – ოკუპანტებს. ჩვენ ყოველთვის კარგად
გვესმოდა ცხოვრების საზრისი. როცა სხვები  მაღალ  შენობებს აშენებდნენ,  ჩვენ მნიშვნელოვან  წიგნებს ვწერდით. 10 მცნება ხომ მთელი დასავლური
ცივილიზაციის ფუნდამენტია.  ამავდროულად, იუდაიზმი
ეკლესია არ არის. იუდაიზმი რწმენაა. ის არ ეფუძნება წესრიგს. ის რწმენაზეა აგებული.
ჩვენ არ გვყავს გმირი. ჩვენ არ გვყავს მეორე ღმერთი. ადამიანი პირდაპირ უკავშირდება
ღმერთს. პირველი ადამიანები არ იყვნენ ებრაელები, მაგრამ მეორე თაობა უკვე იყო. ებრაული
ენა და კულტურა წმინდად ითვლება. თუ  ქრისტიანებისთვის
ეს მიწა წმინდა მიწაა, ჩვენთვის ის აღთქმული ქვეყანაა. ამ დროს ისრაელის ახალი თაობა
ივიწყებს  ამ ყველაფერს. მათ მატერიალური  ყოფა უფრო ანაღვლებთ, ვიდრე იდეალისტური. მათი ცხოვრება
არ არის ამ ცნებებით გამსჭვალული და ეს მართლა გულდასაწყვეტია.

– არ ვიცი, ამასვე
ფიქრობდა თუ  არა  ედგარ კერეტი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საინტერესო
ის სამშვიდობო მოლაპარაკებებია,  რომლისთვისაც
შიმონ პერესმა ნობელის პრემია  მიიღო. ამერიკული
უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტებზე ამ მოლაპარაკებების ისტორია
განსაკუთრებულ “ქეისად”  ისწავლება.
მახსოვს, ჩვენს ერთ-ერთ ქართულ უნივერსიტეტშიც უნდა  წაეკითხა შიმონ პერესს  საჯარო ლექცია, მაგრამ ჯანმრთელობის გამო, ეს ვერ  შეძლო. ამიტომ, ძალიან ვამაყობდი, ამ ამბავს  პირადად მისგან რომ ვისმენდი.

– თავიდან ვიფიქრე,
რომ იორდანიის მეფე ჰუსეინს  უნდა შევხვედროდით.
გეოგრაფიულად და ლოგიკურადაც სამკუთხედი ვართ: იორდანია, პალესტინა და ჩვენ. მეფე ჰუსეინს  ჩუმად შევხვდით და შეთანხმებასაც მივაღწიეთ. დანარჩენზე
ლონდონში, მეფის და ჩემი საერთო მეგობრის სახლში ვისაუბრეთ. მახსოვს, ჩემი  მეგობრის
იურისტმა მეუღლემ მთელი ჩვენი “ამალა” დაითხოვა და სადილიც თვითონვე მოგვიმზადა.
სადილის ბოლოს, მეფეს ჭურჭლის გარეცხვა შევთავაზე. მან  სიამოვნებით მიიღო  ეს შეთავაზება, მაგრამ დი- ასახლისმა ეს საქმე არ
დაგვანება, თქვენ უმჯობესია  მშვიდობაზე იზრუნოთო.
მოკლედ, 8 საათი  ვიჯექით და მოვილაპარაკეთ
კიდეც. ეს ყველაზე  საუკეთესო შეთანხმება იყო,
რაც კი ოდესმე ყოფილა. მაგრამ, სამწუხაროდ, საპარლამენტო ხმების მხოლოდ  50% იყო
ჩვენი და ეს შეთანხმება ვერ გავიტანეთ. დღემდე მიმაჩნია და ძალიან ვწუხვარ,  რომ  ამით
ჩვენ მშვიდობის მიღწევის ყველაზე რეალური შანსი დავკარგეთ. მერე  ვიფიქრე, ღმერთო  ჩემო,  სხვა გზა არ გვაქვს, პალეს- ტინელებთან,  არაფატთან მოგვიწევს  მოლაპარაკება-მეთქი. “პალესტინელების  გათავისუფლების ორგანიზაციიდან” ბევრს ვიცნობდი,
მაგრამ მათ ყველას ერთი  საერთო თვისება  ჰქონდათ: ყველა პრობლემისაგან იდეოლოგიას ქმნიდნენ,
და ყველა არა-იდეოლოგიისაგან – გამოსავალს. ამიტომ მათთან კამათი უსასრულოდ გრძელდებოდა. სხვა გამოსავალი უნდა მეპოვა.
უნდა მეპოვა ადამიანი, რომელიც მიწაზე დაეშვებოდა და რეალურად ეცდებოდა მოლაპარაკებას.
ორივე მხარის არგუმენტები უკვე გასაგები იყო და ერთმანეთის დადანაშაულება უკვე დროის
ფუჭად  კარგვის ტოლფასი იყო. მოკლედ, შევარჩიე
ადამიანი, ვისაც, გამოცდის მიზნით, ყველაზე რთული რამ ვთხოვე.  ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საერთაშორისო მოლაპარაკებებისათვის
ჩვენ ჩვენი  კანდიდატი უნდა წარგვედგინა, პალესტინელებს
– თავისი. პალესტინელების რჩეული პალესტინის ეროვნული საბჭოს წევრი იყო და  მოლაპარაკებებს დიდად ვერ  გამოადგებოდა. ჩვენ კი, კანონის  თანახმად, არაფატთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე ვერ  გავიდოდით. ამიტომ, მე ჩემს რჩეულ აბუ ალას ვუთხარი,
თუ  მოლაპარაკება გინდათ, კაცი გამოცვალეთ-მეთქი.
იმის მაგივრად, რომ მას სხვებივით ეთქვა, ეს შეუძლებელიაო, გვითხრა, ვცდიო. გამოუვიდა  კიდეც. მეც მაშინვე ვთქვი, აი, ეს არის ის კაცი-მეთქი.
პრემიერ-მინისტრი იცხაკ რაბინი იყო და ის ვაშინგტონში აწარმოებდა მოლაპარაკებებს. მე
მას  ვუთხარი, რომ  არაფერი გამოუვიდოდათ,  იმიტომ, რომ პალესტინელებთან ყველა შეხვედრის მერე, პრესკონფერენციას მართავდნენ. არადა,  მოლაპარაკებებს ინტიმი სჭირდება.  ეს იგივეა, შუა ქუჩაში სასიყვარულო ტრფიალის გამართვა
მოინდომო.  რაბინს ვუთხარი აბუ ალას შესახებ.   მან არ დამიჯერა, მაგრამ მითხრა, კარგი, ჰა, სცადეო.
ისე გამოვიდა, რომ ვაშინგტონის მოლაპარაკებები ჩაფლავდა, ოსლოს მოლაპარაკებებმა კი
შედეგი  გამოიღო.

მაგრამ ამისთვის,
კანონის სანახევროდ დარღვევა მოგვიხდა, რადგან ჩვენი პარლამენტი პალესტინის გათავისუფლების
ორგანიზაციასთან  მოლაპარაკებებს გვიკრძალავდა.
მე  პირდაპირ მინდოდა მათზე გასვლა, მაგრამ
რაბინმა მითხრა, ძალიან უცნაური იქნება, თავად შენ თუ დაარღვევ კანონსო. ამიტომ, მოლაპარაკებებზე
ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი და
იურისტი გავაგზავნე.

აბუ ალამ და ური სავირმა
ძალიან მალე გამონახეს საერთო ენა. არავინ იცის, ისინი ერთმანეთს რაზე ელაპარაკებოდნენ.
რომანტიულ თავგადასავალს ჰგავდა ეს ყველაფერი. მოწინააღმდეგე უნდა მოხიბლო, უნდა შეაცდინო,
ცოტა უნდა წაუყრუო კიდეც, იმიტომ, რომ თუ ყველაფერს გაშიშვლებულს ნახავ, შეიძლება მადა
დაგეკარგოს. ოსლოს  მოლაპარაკებები  1998 წლის აგვისტოში  ხდებოდა.  იმ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო და ისედაც ცოტა
ზედმეტად ემოციური ვიყავი. არაფატთან 8 საათიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ, შედგა
მოლაპარაკება. აბუ ალა და ური სავირი შვედეთში იყვნენ, 
არაფატი – ტუნისში.
მედიატორი ნორვეგიიდან ერთვებოდა. იმდენად კარგი სატელეფონო ხაზი იყო, რომ ყველაფერი
მესმოდა: მეს- მოდა მათი შეძახილები, მათი ტანჯვა. ეს არასდროს დამავიწყდება. მშობიარობას  გავდა ეს ყველაფერი. ტკივილი, იმედი.  შეთანხმებას დილის 6 საათზე მივაღწიეთ.

ორი მხარის  ხელმოწერების გაფორმების დღეს,  ლიბანში ჰეზბოლასთან შეტაკებას ჩვენი 9 ჯარისკაცი
შეეწირა.  ხელმოწერის ცერემონიალის გადადება
დავაპირეთ, მაგრამ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, რაბინმა თქვა, არა,  მოვაწეროთ ხელიო, ამიტომ ცერემო- ნიალი შამპანურების და ფურშეტის გარეშე შედგა.

ამის მერე, აბუ ალამ  ცალკე შეხვედრა  მთხოვა. ვიდრე რამეს მეტყოდა,  ცრემლები წასკდა. იმდენი  ემოცია ახლდა ამ მოლაპარაკებებს … მაგრამ მისი  რეაქცია მაინც გამიკვირდა.

ხალხი აკრიტიკებს
არაფატს და სწორადაც იქცევა.  ის პალესტინელების
აჯანყების შეუდარებელი ლიდერი, მაგრამ პალესტინური სახელმწიფოს სრული კრახის მომტანი  იყო. მაგრამ, ყოველთვის ვამბობ, რომ არ უნდა დავივიწყოთ
ის გაბედული ნაბიჯები, რომელიც მან გადადგა. მაშინ, როცა იქამდე პალესტინელები მიწის
55/45-ზე გაყოფას არ სჯერდებოდნენ, არაფატი 1967 წლის შეთანხმებას დაეთანხმა, რომელიც
პალესტინელებს მიწის 22 პროცენტს, ხოლო ჩვენ 78 პროცენტს გვაძლევდა. არ მეგულება  სხვა პალესტინელი ლიდერი, რომელიც ამას შეძლებდა.

მაგრამ  იცით, რაშია საქმე?  თუ  ომი  აერთიანებს ქვეყანას, მშვიდობა ანაწევრებს მას.
მშვიდობის მისაღწევად, კომპრომისე- ბია  საჭირო.
ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რატომ გაიღე  ამხელა მსხვერპლი? რატომ წახვედი ამხ- ელა კომპრომისზე? რატომ დათმე? ხალხი ვერ  იტანს დათმობებს. მაგრამ, სამწუხაროდ,  ამის გარეშე მშვიდობა არ არსებობს, ისევე როგორც
კომპრომისების გარეშე არ არსებობს მშვიდობა კაცებსა და ქალებს შორის. ძალიან საფრთხილოა:
თუ  ბევრის მოგებას შე- ეცდები, შეიძლება  პარტნიორი დაკარგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობებში
უნდა მოიგო  მშვიდობა, და არა ქულა. თუმცაღა,
ხალხი მაინც თავისას  ამბობს: ზედმეტად ბევრი
გაიღეო!

შიმონ პერესს  თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი  “ბრძოლა მშვიდობისათვის: “მემუარები”
აღარ უჩუქებია, რადგან, როგორც გაირკვა, მისი ინგლისური თარგმანი ჯერ არ არსებობს.  თუმცა, მალე იქნებაო, მანუგეშა.

მეც იგივე შემიძლია
გითხრათ, რაც ბატონმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მითხრა: თუ მისი ცხოვრება გაინტერესებთ,
მისი წიგნი წაიკითხეთ. ახლა კი მხოლოდ იმ დანაბარებს გადმოგცემთ, რაც შიმონ პერესმა
საქართველოს მთავრობას გამოუგზავნა:

– თუ ქვეყნის მომავალზე
ზრუნავთ, არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმის ნუ შეგეშინდებათ!

ესაუბრა შორენა შავერდაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი