პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

აზარიანცის სახლი

აზარიანცის სახლი მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი გამორჩეული შენობაა თავისი არქიტექტურული იერსახით, ადგილმდებარეობით (რუსთაველის გამზირი) და ისტორიითაც. იმიტომ რომ ამ სახლის აშენება მთელი ვერის (ზედა და ქვედა) და შემდეგი ტერიტორიების განვითარების მიზეზად იქცა. ხევი გადაიხურა, რუსთაველის გამზირი დასრულდა და დაიწყო სხვა ქუჩა.

 
მელიქ აზარიანცი (და არა კაზარიანცი, როგორც დღეს ამბობენ) იყო მსხვილი მოვაჭრე, წარმოშობით თბილისელი, მე-3, მე-4 თაობის ქალაქელი. სიტყვა “მელიქი” ნიშნავს მმართველს გვიანი შუა საუკუნეებიდან. რუსეთის იმპერიის დროს, როცა თბილისში კავკასიის მთავარმმართებელი იჯდა, რუსები თბილისელ სომხებს ნიშნავდნენ ქალაქის მმართებლებად. მელიქ აზარიანცის წინაპარიც ქალაქის თავი იყო (მაშინდელი მერი) და ეს სახელი შთამომავლობით გადადიოდა.
ზემელზე, სადაც ახლა ცნობილი მელიქ აზარიანცის სახლია, უზარმაზარი ნაგავსაყრელი იყო. მელიქ აზარიანცი ქალაქის მაშინდელ მერთან, ალექსანდრე ხატისოვთან მივიდა – ადგილი მომეცი, სახლი უნდა ავაშენოო. ხატისოვმა სწორედ ამ სანაგვეზე მიუთითა – აქ ააშენეო. გაგიჟდა აზარიანცი – მე ფულიანი ვარ, უტვინო კი არა, ნაგავში სახლი რად მინდაო! ან მანდ ააშენებ, ან საერთოდ ვერ ააშენებო, – გაჯიუტდა ხატისოვი. დიდი ყოყმანის შემდეგ აზარიანცი შეთავაზებას დათანხმდა და ასეულობით ტონა მიწაც მიიტანა იმ ნაგავსაყრელის ამოსავსებად. მერე ნაგავსაყრელისკენ ზურგით მდგარ საწვრილმანო ჯიხურებს მიადგა შესასყიდად, რომ ადგილი დაეცალათ. საქმე თითქოს ადვილად მოაგვარა – ჯიხურები ჩალის ფასი ღირდა. მაგრამ მათგან ერთი ვერაფრით აიღო – გაჯიუტდა მისი პატრონი, – აქედან ფეხს არ მოვიცვლიო. აზარიანცმა მეტი შეაძლია. ჯიხურის მეპატრონეს ყურიც არ შეუბერტყავს. აზარიანცმა ისევ დაუმატა ფული. ჯიხური მაინც იქ იდგა… ბოლოს აზარიანცმა ცნობილი ადამიანები მიუგზავნა. იმათ – ხომ არ გაგიჟებულხარ, კაცი შენს წონა ოქროს გაძლევსო… წაიღეთ ეგ ოქრო და მაგ თქვენს აზარიანცს ცხვირ-პირში მიაყარეთ, ჩემთვის სულ სხვა რამ არის მთავარი – დილას რომ კაცი ჩამოივლის, ქუდს მოიხდის და გამარჯობას მეტყვის, მერე მე მოვიხდი ქუდს და ვუპასუხებ, გაგიმარჯოსო… მოკლედ, კაცი გამარჯობისთვის ცხოვრობდა და სანამ იმ კაცს გამარჯობას ეუბნებოდნენ, ანუ სანამ ცოცხალი იყო, ის ჯიხური იმ ადგილზე იდგა.
(სხვათა შორის, მელიქ აზარიანცმა, ამის გარდა, სხვა სახლებიც ააშენა, რომლებსაც ასევე აქირავებდა. ერთ-ერთი ზანდუკელის ქუჩის ჩიხშია, რომელიც დავით სარაჯიშვილმა შეისყიდა და გაკოტრებულ ბაგრატიონებს გადასცა).
დაიწყო სახლის მშენებლობა. იქვე ახლოს ჩამომავალი ღელე კალაპოტში ჩასვეს, ადგილი დაატერასეს და მრავალფუნქციური სახლის მშენებლობა დაგეგმეს. მშენებლობა დაიწყო 1911 წელს და დასრულდა 1915 წელს. პროექტის ავტორი იყო რუსი არქიტექტორი ნაკალაი ობოლოვსკი.

 
შენობა განეკუთვნება 19-საუკუნის დასასრულის და 20- საუკუნის დასაწყისის მოდერნის სტილს. იმდროინდელ გოლოვინის პროსპექტს ეს ნაგებობა ასრულებდა. ის ამ ქუჩაზე მდებარე სხვა შენობებისაგან ბევრად განსხვავდება. მაგ: რუსთაველის თეატრი არის შერეული სტილის: რენესანსი, კლასიციზმი და მოდერნი, მის გვერდითაა გერმანული კლასიციზმის, მის გვერდით კი ფსევდო-მავრიტანული სტილის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ყოფილი კადეტების სახლი ისევ კლასიციზმია. საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა (ყოფილი იმელის) კი საბჭოთა ამპირია. ქაშუეთის გვერდით “ცისფერი გალერეა” ფსევდო კლასიციზმის სტილია.
რაც შეეხება აზარიანცის სახლის გარე ფასადს, შესანიშნავია. აგებულია ძალიან მყარად, ე.წ. რუსული აგურით, რომელიც კარგადაა გამომწვარი (ძალიან ჰგავს ევროპულს). რუსთაველის ქუჩის მხრიდან, ცოკოლის ნაწილი გრანიტის გაუპრიალებელი ბლოკებითაა გაკეთებული. აგურების წყობა ძალიან დახვეწილი და რაციონალურია. ხვეული ყვავილების დეკორი ცემენტითაა გაკეთებული და ჩართულია ფერადი ან რუხი ქვები. ფასადზე გამოძერწილია ადამიანის მასკირებული გამოსახულებები და რამდენიმე კერამიკული, გამომწვარი დეკორიც კი აქვს ჩართული. სახურავი ქერცლისებურადაა გადახურული. ადრე თუთიით იყო გადახურული. სამი წლის წინ შეაკეთეს და ალუმინით გადახურეს. შენობა ყველაზე კარგად მთაწმინდიდან ჩანს და აღიქმება. რესპუბლიკის მოედნის მხრიდან სახლი ძალიან იყო დაზიანებული და შეაკეთეს. არც არაფერი მოუმატებიათ და არც დაუნგრევიათ, რამხელაც ადრე იყო ახლაც ზუსტად იმხელაა.
სახლის შენება ბოლოსკენ იყო მისული და ამ დროს მელიქ აზარიანცს ერთადერთი ქალიშვილი დაეღუპა, ამიტომ მშენებლებმა სახლის ფასადზე (სახურავთან) გლოვის და პატივისცემის ნიშნად თაიგულები გამოსახეს. ეს თაიგულები დღემდე შემორჩენილია.

რაც შეეხება შენობის შიდა ნაწილს, ამჟამად იქ როგორც კომუნალური, ასევე კერძო ბინებია. კერძო ბინებში, სადაც ახალი რემონტია, მხოლოდ ჭერზე არშიები და, ე.წ. კარნიზებია შემორჩენილი. კომუნალური ბინების დერეფანში კი ალაგ-ალაგ ახლაც შევამჩნევთ მარმარილოს ფილებს. სააბაზანოებს მოპირკეთების დიზაინიც კი შემორჩათ.
სახლი აშენებისთანავე კეთილმოაწყო ავეჯით, ჭურჭლით. შიგნით კორიდორული სისტემა იყო და კლასიკური გასაქირავებელი სახლის დატვირთვას ატარებდა. პირველ სართულზე იყო ღარიბთა სასადილო, მოზარდ მაყურებელთა თეატრი და სავაჭრო ცენტრი. გადმოცემით, აზარიანცი არ იყო მეძვირე გამქირავებელი და ამ სახლში ხშირად ყველაზე ღარიბი ფენის წარმომადგენლები ქირაობდნენ ბინას.
 
ეს შესანიშნავი ნაგებობა რევოლუციის შემდეგ, როგორც ყველა კერძო საკუთრება, სახელმწიფოსი გახდა. კომუნისტების დროს აზარიანცის სახლს ბევრი მტერი გამოუჩნდა და მისი დანგრევაც კი უნდოდათ. ამბობდნენ, რომ ქალაქს მშენებლობის თვალსაზრისით ხელს უშლიდა. მერე იმასაც ამბობდნენ, სომხის აშენებულია და რად გვინდაო. ეს ტენდენცია მანამ გაგრძელდა, სანამ მთელი საქართველოს მასშტაბით ძეგლების პასპორტიზაცია არ დაიწყო. ამაში ძალიან დიდი წვლილი პროფესორ ირაკლი ციციშვილსა და აკადემიკოს ვახტანგ ბერიძეს მიუძღვით. ყოფილი სსრკ-ს დედაქალაქებიდან პირველად აქ დაიწყო ძეგლებზე ზრუნვა. სხვათა შორის, არა მარტო საკულტო, არამედ სამოქალაქო ძეგლებზეც.
 
აზარიანცის სახლი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ძეგლად იქცა, თავად ამ სახლის ამშენებელმა მელიქ აზარიანცმა კი საბჭოთა კავშირის დროს სიცოცხლის ბოლო წლები საშინელ სიღარიბეში გაატარა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი