პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩვენი “ჯიჯი”

”გამაგიჟებს ეს ბავშვი. სათამაშოები ამას არ უყვარს და ველოსიპედი. დღე და ღამე ბურთს დასდევს. ან დასდევდეს მაინც… აქაოდა ყველაზე მაღალიაო, უბნის დიდ ბავშვებს ჩაუყენებიათ კარში, უბრახუნებენ ბურთს და სულ დაჟეჟილ-დაბეგვილი აქვს გვერდები. შემოირბენს სახლში ათი წუთით, შესანსლავს პიცას და გარბის უკან. არ ვიცი, მაგის სკოლის მასწავლებლებს როდემდე უნდა ვემალო. წიგნი ბოლოს როდის გადაშალა – აღარც კი მახსოვს”, – საკუთარი შვილის “უსაქციელობაზე” ხშირად ეწუწუნებოდა ლორენცო ბუფონი თავის მეგობრებს. ლორენცოს მეგობრებს რა უჭირდათ? ერთის შვილი მათემატიკის კოლეჯში სწავლობდა, მეორესი ვიოლინოს წრეზე დადიოდა. მოკლედ, აწყობილი ჰქონდათ ცხოვრება. გადარეული პატარა ჯიჯი კი ეზოში ათენ-აღამებდა და თავპირდასისხლიანებული ბრუნდებოდა სახლში.

 “ასჯერ მაინც ვიქნები ძელზე შემსკდარი. განსაკუთრებით ბავშვობაში, როცა ბურთის სავარაუდო ტრაექტორიის გათვლა ჯერ კარგად არ ვიცოდი. ტვინის შერყევაც ბევრჯერ მიმიღია, მაგრამ ბოლოს ისე შემიყვარდა მეკარეობა, რომ თუ უბნის ბავშვებს არ ეცალათ, სრულიად უცნობ ადამიანებს ვეხვეწებოდი, კარში ჩავდგები და ბურთი დამიტყით მეთქი”, – ასე იხსენებს ჯანლუიჯი თავის ბავშვობას. რომელიც ტოსკანის რეგიონის ზღვისპირა პატარა ქალაქ კარარაში გაატარა.

კარარა როგორი ქალაქია იცით? აი, ქუთაისს ზღვა რომ ჰქონდეს, დაახლოებით ქუთაისის მსგავსი… ხალხი ხმაურიანი, მზე მცხუნვარე, გოგონები ულამაზესი, ბიჭები გადარეულები, მოხუცები ძველი ამბებით დახუნძლულნი, მოლაყბე მძღოლები, ღვინოში ქურთუკის გამცვლელი პოეტები, ღიმილიანი დედაბრები… მოკლედ, კარარა ქუთაისია, ოღონდ ზღვისპირეთის ქუთაისი. ამბობენ, ნაღდი იტალიური პიცა პირველად სწორედ კარარაში გამოცხვაო. ყოველ შემთხვეაში, ტოსკანელები ძალიან ამაყობენ ამით და რომ უთხრა, პიცა ლომბარდიული რამეაო, შეიძლება მხოლოდ თვალების ბრიალსა და განაწყენებას არ დასჯერდნენ. ახლა რას ნიშნავს ტოსკანელობა… ტოსკანელობა ნიშნავს უპირატესად სამ რამეს: ფლორენციით სიამაყეს, ვაზის ზვრებით თვალების დაელმებას და ფეხბურთის ისე ავადმყოფურად სიყვარულს, როგორც ეს რობერტო ბაჯოს შეეძლო.

ჰოდა, ”დაავადდა” ეს პატარა ჯიჯი ბუფონიც ამ ფეხბურთით. ბუფონი იმ პერიოდში გაიზარდა, როდესაც იტალიაში ყველა მაფიის დამარცხებაზე და ახალი ცხოვრების დაწყებაზე საუბრობდა. როდესაც “ახალი იტალიის” ასაშენებლად, შვილებს ადვოკატებად და ეკონომისტებად ზრდიდნენ. როცა ადამიანები თანდათან ხვდებოდნენ, რომ კუთხური სეპარატიზმი სამარცხვინო და იტალიისათვის დამღუპველი ამბავი იყო. ჯანლუიჯი არაფრად დაგიდევდათ “ახალი იტალიის მშენებლობას”.  რამდენიმე მასსავით შერეკილ მეგობართან ერთად დარბოდა კარარას მტვრიან ქუჩებში, დააგორებდა ბურთს და გადავარდნილი ბურთის მოტანის დროს ფეხით თელავდა უნიკალურ ყვავილებს, რომლებსაც ტოსკანალები მხარის სიამაყედ მიიჩნევენ. რეგიონის დედაქალაქის – ფლორენციის სიმბოლოც ხომ სწორედ იაა. თან ეს ჩვეულებრივი ია არ გეგონოთ. ის ტოსკანურია, ანუ განუმეორებელია!

 მერე რა მოხდა? მერე გაიზარდა პატარა ჯიჯი. ჯერ ემილიურ ”პარმაში” თამაშის დროს იხტუნავა ლამაზად, მერე უკვე პიემონტელებმა უხმეს და იქიდან მოყოლებული, არაერთი სტადიონის საჯარიმო აატალახა “იუვეს” ქომაგების გულის გასახარად. მერე დიდებული 2006 წელიც მოვიდა და გერმანიაში აპირველებინა ტიტულებს მონატრებულ ”სკუადრა აძურას”. მერე სერია ”ბ”-ში ითამაშა და იქიდან ამოათრია ჩაწყობილი თამაშების გამო რანგით მეორე ლიგაში გადატყორცნილი ”იუვენტუსი”. მერე ყველას შეაყვარა თავი და მისი სახელი სრულიად იტალიას ამოასვირინგებინა გულზე…

რაც დაზუსტებით ვიცით და ყოველთვის გვეცოდინება ისაა, რომ იტალიის ნაკრებს ჰყავს კაპიტანი, სახელად ჯანლუიჯი ბუფონი, რომელსაც აქვს გრძელი ხელები, დიდი გამოცდილება, უსაზღვრო ნიჭი და ნამდვილი ტოსკანელის გული. გული, რომელიც ვარჯიშებზე ვერ ჩამოყალიბდება. ტოსკანელად უნდა დაიბადო და მხოლოდ მაშინ გეყვარება იტალია ისე, როგორც უყვარს ჯიჯის – მხიარულ ახმახს, რომელიც შეუძლებელია არ გიყვარდეს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი