კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

რამდენიმე აქტივობა ფიზიკური აღზრდის საგანში

დაწყებითი კლასების მოსწავლეების ერთ-ერთი საყვარელი საგანი ფიზიკური აღზრდაა. სპორტს კვირაში რამდენიმე საათი ეთმობა. ვცდილობ, ეს დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად გამოვიყენო. მოსწავლეებს თავისუფლებას ვაძლევ, თავად შემომთავაზონ, რისი გაკეთება სურთ. ხშირად მოაქვთ თამაშები, რომლებსაც გაკვეთილის მიზანს შევუსაბამებ ხოლმე.

გადავწყვიტე, სემესტრის ბოლოს გაგვემართა შემაჯამებელი შეხვედრა, რომელიც მხიარულიც იქნებოდა და საინტერესოც.

საკლასო ოთახი სივრცეებად დავყავი და თამაშები ამ სივრცეებში გავანაწილე. თითოეულ თამაშს თავისი პირობები და წესები ჰქონდა. მოსწავლეები მათში მონაწილეობდნენ ინდივიდუალურად, წყვილებად და გუნდურად.

თამაში N1 – ჩააქრე სანთლები (ინდივიდუალური)

ფ.ა.I.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს მონაწილეობა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისთვის აუცილებელ ელემენტარულ ფიზიკურ აქტივობებში.

  • ყურადღებით ეკიდება და ითვისებს ახალ მოძრაობებს, ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.

 

მაგიდაზე სანთლები იყო ანთებული. სანთლების გვერდით ეწყო ნივთები (ფანქარი, თმის სამაგრი, საშლელი…). მოსწავლეს სულის შებერვით უნდა ჩაექრო სანთელი, რისთვისაც პრიზად მიიღებდა იმ ნივთს, რომელიც ამ სანთლის გვერდით იდო. პრიზები ბავშვებისთვის დიდ მოტივაციად იქცა და მათ მხიარულად შეასრულეს დავალება.

 

თამაში N2 – გააგორე კამათელი (გუნდური)

ფ.ა.I.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამოვლენა ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე.

  • აცნობიერებს და იცავს გუნდური თამაშის წესებს.

 

მოსწავლეებს დავურიგე ფერადი ფურცლები და მაგნიტი. მოსწავლეები მორიგეობით აგორებდნენ კამათელს. რა ციფრიც ამოუვიდოდათ კამათელზე, იმდენით გადაანაცვლებდნენ მაგნიტს ფურცლებზე. გამარჯვებული იყო ის, ვინც პირველი დაასრულებდა ფერადი ფურცლების შევსებას.

 

თამაში N3 – გადახტი ჩქარა! (გუნდური)

ფ.ა.I.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისთვის აუცილებელი საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების გამოვლენა.

  • იცავს წონასწორობას ხტომის დროს.

 

თუ არ გაქვთ სპორტული ინვენტარი, მაგალითად, სახტომი ტომრები, შეგიძლიათ, გამოიყენოთ სავაჭრო ცენტრებში პროდუქტის ჩასაწყობი მყარი ჩანთები. მოსწავლეები ნაწილდებიან გუნდებში. ორი მოსწავლე დგება ტომარაში და ცდილობს, პირველი მივიდეს ფინიშამდე. გამარჯვებულია ის გუნდი, რომლის მონაწილეების პირველები მორჩებიან თამაშს.

 

თამაში N4 – ფილტვების ვარჯიში! (წყვილებში)

ფ.ა.I.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისათვის აუცილებელ ელემენტარულ ფიზიკურ აქტივობებში.

  • ყურადღებით ეკიდება და ითვისებს ახალ მოძრაობებს, ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.

 

ამ თამაშისთვის საჭიროა პატარა ფერადი ბუშტები. მოსწავლეები დავაწყვილე და დავურიგე ბუშტები. მათ უნდა გაებერათ ბუშტი მანამდე, სანამ არ გასკდებოდა. გამარჯვებული იყო ის, ვინც პირველი გახეთქავდა ბუშტს.

 

თამაში N5 – გადალახე ბარიერი (ინდივიდუალური)

ფ.ა.I.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისთვის აუცილებელი საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების გამოვლენა.

  • სირბილის დროს შეუძლია გადალახოს მასწავლებლის მიერ შექმნილი სხვადასხვა წინაღობა.

 

საკლასო ოთახი მაგიდის, სკამის, ზურგჩანთებისგან შექმნილი ბარიერებით სივრცეებად დავყავით. მოსწავლეს ეს ბარიერები უნდა გადაელახა და ერთი წერტილიდან მეორემდე მისულიყო. მაგალითად, გამძვრალიყო მაგიდის ქვეშ, გადახტომოდა სკამს, გარს შემოევლო ზურგჩანთებისთვის და ა.შ. გამარჯვებული იყო ის მოსწავლე, რომელიც ყველაზე ნაკლებ დროს მოანდომებდა დავალების შესრულებას.

 

თამაში N6 – ნატვრის თვალი (ჯგუფური)

ფ.ა.I.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისთვის აუცილებელი საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების გამოვლენა.

  • სხვადასხვა ზომის ბურთებს ერთი ან ორი ხელით ტყორცნის მიზანში და იჭერს ორი ხელით.

 

მოსწავლეები დავყავი ორ ჯგუფად, რომლებიც დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. ორივე ჯგუფს მივეცი ბურთი (ნატვრისთვალი). მონაწილეები ვერ ხედავდნენ, ვინ როგორ იდგა მათ ზურგს უკან. მათ ისე უნდა გადაეწოდებინათ ზურგს უკან მდგომისთვის ბურთი, რომ ის დაბლა არ დავარდნილიყო. გამარჯვებული იყო ის გუნდი, რომელიც ყველაზე სწრაფად და სწორად შეასრულებდა დავალებას.

 

ვფიქრობ, ეს თამაშები გაკვეთილებს უფრო მრავალფეროვანს გახდის და საგნის შეჯამების დროს უკეთესად წარმოაჩენს სემესტრის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი