ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

როგორ გადავირჩინოთ ყურთასმენა (II ნაწილი)

ადამიანის სმენის ორგანო სრულყოფილი მექანიზმია. მას ინტენსივობათა უზარმაზარ დიაპაზონში შეუძლია ბგერების აღქმა – კოღოს სუსტი წრიპინიდან ვულკანის ამოფრქვევის გამაყრუებელ გრუხუნამდე.

ბგერა შეგვიძლია სიხშირისა და ძალის მიხედვით დავახასიათოთ. ბგერის სიხშირე ჰერცებში იზომება, ხოლო ძალა – დეციბელებში. 150 დეციბელი ადამიანისთვის დამაყრუებელ ნიშნულად არის მიჩნეული. მაგალითად, შუა საუკუნეებში არსებობდა სიკვდილით დასჯა „ზარების რეკვით”: ზარების გუგუნი სიკვდილმისჯილს ნელა, წამებით კლავდა. მშენებლებს, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს, მუსიკოსებს სმენის დაქვეითება პროფესიულ დაავადებადაც შეიძლება ჩაეთვალოთ, თუმცა სმენის ნერვს მხოლოდ სამუშაოსთან დაკავშირებული ხმაური არ აზიანებს – დისკოთეკა, მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკა სმენის დაკარგვის მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია. საგულისხმოა, რომ ფლეერი (114 დბ), საქსოვი დაზგა, ბურღი და დისკოთეკაზე არსებული ხმაური იწვევს ეგრეთ წოდებულ „ბგერით სიმთვრალეს” (ჰიპნოზს), ძილის დარღვევას, ფსიქიკის აშლასა და სმენის დაკარგვას.
 
თანამედროვე ყოფაში ჩვენ გარშემო არსებული ხმები პირობითად შეიძლება შემდეგ ჯგუფებად დავყოთ:
მტკივნეული შეგრძნებების გამომწვევი
 
140 დბ – ზარბაზნის გასროლა ან თანამგზავრის გაშვება
130 დბ – სანგრევი ჩაქუჩის ხმა
129 დბ – ხმაური დისკოთეკებსა და კონცერტებზე, ხმის გამაძლიერებლების სიახლოვეს
120 დბ – როკმუსიკა 1-2 მ მანძილზე
ძალზე ხმამაღალი
100-110 დბ – როკკონცერტი დარბაზში
106 დბ – დასარტყამი ინსტრუმენტები
90 დბ – სათიბი მანქანა, მეტრო, სატვირთო ტრანსპორტი
ხმამაღალი 
80 დბ – ქუჩის ხმაური
70 დბ – მტვერსასრუტი, მაღვიძარა 
60 დბ – საუბარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა
საშუალო
50 დბ – წვიმა
40 დბ – წყნარი ოთახი

სუსტი
30 დბ – ჩურჩული, ბიბლიოთეკის დარბაზი
ხმაური, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 20-30 დეციბელს, ადამიანისთვის პრაქტიკულად უვნებელია.
ტონალურ-ზღურბლოვანი აუდიომეტრია სუბიექტური კვლევის მეთოდია. გამოკვლევა აუცილებელია სმენის სიმახვილისა და დაქვეითების ხარისხის დასადგენად, განსაკუთრებით – მუსიკოსებისა და ხმის რეჟისორებისთვის.
ნორმალური სმენა მოზრდილებისთვის 25 დბ-ია, ბავშვებისთვის – 15 დბ;

26-40 დბ – მსუბუქი სმენანაკლულობა;
41-55 დბ – ზომიერი სმენანაკლულობა;
56-70 დბ – მძიმე სმენანაკლულობის საშუალო ხარისხი;
71-90 დბ- სმენის მძიმე დაქვეითება;
90 დბ – ღრმა სმენანაკლულობა.
ყოველი ადამიანი ბგერას სხვადასხვანაირად აღიქვამს. ეს დამოკიდებულია ასაკზე, ტემპერამენტზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გარემო პირობებზე.

სხვადასხვა სტილის მუსიკა სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკაზე. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ბუნების ხმები და კლასიკური მუსიკა ამშვიდებს, პოპმუსიკა აღაგზნებს და ამხნევებს, ხოლო როკმუსიკა შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ჩვენს ემოციებზე. სმენის დაქვეითების მთავარ მიზეზად ექიმებს მაინც ხმამაღალი მუსიკა მიაჩნიათ, რომლითაც ესოდენ არიან გატაცებულნი ახალგაზრდები. ახალგაზრდული მაქსიმალიზმის გამო ამ თაობას სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით ყველაზე მეტად ემუქრება სმენის დაქვეითების საფრთხე. მძაფრი შეგრძნებების ძიებისას მათთვის ემოციაა მნიშვნელოვანი და არა რაციონალურობა.

არ უნდა დაგვავიწყდეს სმენის დაქვეითების პროფილაქტიკის გზები და საშუალებები: ვეცადოთ, შეძლებისამებრ მოვშორდეთ ხმის გამაძლიერებლებს, ხოლო მუსიკის ხანგრძლივად მოსმენის შემთხვევაში დროდადრო შევისვენოთ. კიდევ ერთი: ექსტრემალურ სიტუაციებში ყურის დამცავი საცობები გამოვიყენოთ. მაგალითად, გერმანიაში დისკოთეკების ორგანიზატორები საცობებს უფასოდ არიგებენ. სამწუხაროდ, ამგვარი მომსახურება ახალგაზრდებში ნაკლებად პოპულარულია.

თუ რომელიმე ჩვენგანს ამგვარი პრობლემა აქვს, უნდა იცოდეს, რომ ის მარტო არ არის: სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ ინგლისში ტინიტუსით 10 000 კაცი იტანჯება, ხოლო მთელ მსოფლიოში – 500 000-ზე მეტი. სივრცის ხმაურით დაბინძურების გამო ასეთი ადამიანების რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. დღეს უამრავი ცნობილი პიროვნება დგას ამ სირთულის წინაშე: ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის ლიდერი უილიამ ადამსი, კანადელი მომღერალი ნილ იანგი, ინგლისელი როკმომღერალი ოზი ოსბორნი, ინგლისელი მუსიკოსი ლიამ გალაჰერი, ინგლისელი მომღერალი სტინგი, ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ბარბრა სტრეიზანდი და სხვები. ბარბრა აღნიშნავს: „პირველად ამ პრობლემით მხოლოდ 30 წლისამ მივაკითხე ექიმს. მე-6 კლასში ვიყავი, როცა ყურებში რეკვა ჩამესმა. რატომღაც ფსიქიკურ გადახრას გადავაბრალე, ამიტომ ჩემს პრობლემას საგულდაგულოდ ვმალავდი, თავზე კი შარფს ვიხვევდი ხმამაღალი ბგერების დასაბლოკავად, რომლებიც გარედან შემოღწეული მეგონა. წლობით ვცხოვრობდი ამ საიდუმლოთი და მისი გარკვევის შიშით”.
ბრიტანული ჯგუფის „Coldplay”-ს სოლისტი კრის მარტინი ათწლიანი დუმილის შემდეგ აღიარებს, რომ მრავალი წელია, ყურებში ხმაურით იტანჯება, მიზეზად კი ბავშვობიდან ყურსასმენებით მუსიკის მაღალ ხმაზე მოსმენას ასახელებს. კონცერტებზე კრისს მრავალი დისკომფორტის გადალახვა უწევს – საერთო მიქსში პარტიების უკეთ გასარჩევად და, იმავდროულად, მუსიკალური ხმაურის შესამცირებლად ის სპეციალური სასმენი მონიტორებით სარგებლობს. ტინიტუსისა და სმენის დაკარგვის საფრთხის თავიდან აცილების მხარდასაჭერად მომღერალი ბრიტანულ ორგანიზაცია „Action On Hearing Loss”-ს შეუერთდა.
უკანასკნელ წლებში ეს მოვლენა ისე გავრცელდა, რომ დაარსდა საერთაშორისო ასოციაცია, რომელშიც ამ პრობლემით დაინტერესებული ორგანიზაციები გაერთიანდნენ. ტინიტუსის წარმოშობის მიზეზები ბოლომდე გარკვეული არ არის. ეს შესაძლოა იყოს შიდა ყურის პრობლემები, წამლების უარყოფითი ზემოქმედება, ტრავმები, სტრესი, ცხოვრების დაძაბული რიტმი და სხვა. მაგრამ ის, რომ მაღალი სიხშირის ბგერის სასმენ ორგანოზე ხანგრძლივი ზემოქმედება საბოლოოდ სმენის დაქვეითებას იწვევს, ფაქტად რჩება. მისი ზემოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია სასმენი სისტემის გადატვირთვასთან. სამკურნალოდ სხვადასხვა მეთოდია მოწოდებული: პრეპარატები, სპეციალური ვარჯიშები, – თუმცა მათი ეფექტურობა მაღალი არ არის, ამიტომ სიმშვიდის, სიჩუმისა და დადებითი ემოციების იმედიღა დაგვრჩენია.

დღეს მრავალ ქვეყანაში დადგენილია ბგერის სიძლიერის ნორმები. აშშ-ის სმენის ინსტიტუტმა (House Ear Institute) ინდივიდუალური გამოყენების დამცავი საყურისები შექმნა. მათი საშუალებით შესაძლებელია ბგერის საერთო დონის 25 დბ-ით დაწევა როგორც დაბალ, ასევე მაღალ სიხშირეებზე. ამ დროს ხმოვანების ტემბრი უცვლელი რჩება.

სმენის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული მრავალწლიანი გამოკვლევებით დადგენილ იქნა ხმაურის დასაშვები დონე და მისი ზემოქმედების უსაფრთხო ხანგრძლივობა. 115 დბ-ზე ძლიერი ხმაური ნებისმიერი ხანგრძლივობისას სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. განსაკუთრებით სარისკოა ფლეერისა და მობილური ტელეფონის (ღია) საყურისებისა და საყურე ჩანართების გამოყენება. სრული იზოლაციის არარსებობა სასმენ მილში დაბალი და მაღალი სიხშირეების გაჟონვას იწვევს, ამიტომ მსმენელი თანდათან იწყებს სიმძლავრის მომატებას. იმის გათვალისწინებით, რომ მუსიკის მოსმენა დღეში რამდენიმე საათს გრძელდება, უფრო და უფრო იზრდება სმენის დაზიანების საფრთხე. გამოკვლევებმა ცხადყო ისიც, რომ ყურში ჩასადგმელ საყურისებს ბგერის 7-9 დეციბელით მატება ახასიათებს. დახურული ტიპის ყურსასმენების ხმის დიაპაზონი ნაკლებია, ამიტომ ისინი შედარებით უსაფრთხოდ მიიჩნევა, თუმცა უკეთესი იქნება, თავად ვაკონტროლოთ ხმის დონე: 

▪ ყურსასმენებში ბგერის ძალა არ უნდა აღემატებოდეს პლეერის მაქსიმალური შესაძლებლობის 60%-ს;
▪ ხმის სიძლიერე ნორმალურად ჩაითვლება, თუ შეგვეძლება გარეშე ხმების გაგონებაც;
▪ ყურსასმენებიდან გამომავალი ხმა არ უნდა ესმოდეთ გარშემო მყოფებს;
▪ თუ ურთიერთობისას უნებლიეთ ყვირილზე გადავდივართ, ეს ნიშნავს, რომ მუსიკა ზედმეტად ხმამაღალია;
▪ არ შეიძლება ყურსასმენებით უწყვეტად სარგებლობა 2 საათის განმავლობაში.
ადამიანები ხმამაღალ ცხოვრებას შევეჩვიეთ და თუ ძველად ხმაური მხოლოდ დღესასწაულებზე ისმოდა, დღეს ის გამუდმებით ჩვენ გარშემოა. განსაკუთრებით სახიფათოა ის მუსიკალური დისკოთეკები და შოუები, სადაც მსმენელის ემოციებზე უძლიერესი ეფექტის მოსახდენად იყენებენ წარმოუდგენლად დაბალი და მაღალი სიხშირის ხმამაღალ ბგერებს. სამწუხაროდ, არავის აინტერესებს, რა გაუთვალისწინებელი შედეგით შეიძლება დასრულდეს სასმენ ორგანოზე ამგვარი ზეწოლა.
 
ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს ინფორმირების სისტემა – „ხმის ინდიკატორი” (რეალური დროის რეჟიმში), რომელიც აუდიტორიას ხმის ზღვარის მოსალოდნელ გადაჭარბებას ამცნობს. ამრიგად, მსმენელი გაფრთხილებულია სასმენი ორგანოს სავარაუდო დაზიანების შესახებ. არსებობს ხმაურის ავტომატური შემზღუდველებიც, რომლებიც ნაწილობრივ აბალანსებს დარბაზში ხმის გადაჭარბებულ დონეს.
გავუფრთხილდეთ სმენას. მისი დაცვა ყოველთვის შესაძლებელია. 

კანადელ მეცნიერთა აზრით, ხანდაზმულ ასაკში პროფესიონალი მუსიკოსები მახვილი სმენის – ბგერების ფართო დიაპაზონში ამოცნობის უნარის წყალობით საიმედოდ არიან დაცულნი სმენის დაქვეითებისგან. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მუსიკას ბავშვობიდან მისდევენ, სხვებზე ნაკლებად განიცდიან სმენის ორგანოს ატროფიას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი