პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

“ვეფხისტყაოსანი” და ანტიკურობაწერილი I – რუსთაველი, პლატონი და არისტოტელე

საბჭოთა პერიოდში ქართულ სკოლებში მოსწავლისთვის ლამის სავალდებულო იყო თუნდაც ერთი ისეთი თემის დაწერა “ვეფხისტყაოსანზე”, რომლის სათაურშიც ფიგურირებდა სიტყვა “მეგობრობა” ან “მიჯნურობა”. ამის გამო თემა გაცვეთილი გახდა და საკითხის შესწავლაც ბევრისთვის, შესაძლოა, მოყირჭებულ საქმიანობას წარმოადგენდეს. არადა, ეს საკითხი განსაკუთრებით საინტერესო მაშინ ხდება, როდესაც პოემას არისტოტელეს “ნიკომაქეს ეთიკის” კონტექსტში წავიკითხავთ. “ნიკომაქეს ეთიკის” ორი თავი მთლიანად მეგობრობის შესწავლას ეხება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს თავები პლატონის „ნადიმით” არის ნასაზრდოები. თანაც აქვე უნდა დავძინოთ, რომ რუსთველი ნაწარმოების პროლოგში გვთავაზობს სიყვარულის შესახებ “ნადიმში” გამოთქმულ მოსაზრებათა რეზიუმეს, თუმცა მთლიანი ტექსტით საკუთარ დამოკიდებულებას გვიჩვენებს ამ დიადი გრძნობის შესახებ. როდესაც პლატონის ტექსტის რეზიუმირებაზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ამით არანაირად არ ვაკნინებ რუსთველს, არამედ პირიქით, ვცდილობ, მკითხველს დავანახო მისი (sc. რუსთველის) უაღრესად დიდი განსწავლულობა და იმავდროულად საოცარი უნარი, მაგალითებით გვიჩვენოს საკუთარი დამოკიდებულება რომელიმე მოსაზრების მიმართ, ანუ გვაჩვენოს, თუ როგორ ამუშავდება თეორია პრაქტიკაში. ამისათვის ჯერ მივყვეთ პლატონის ტექსტს და, სადაც საჭირო იქნება, ვაჩვენოთ, თუ რამდენად ეთანხმება რუსთველი ამ ტექსტში გამოთქმულ მოსაზრებებს.
აგათონის სახლში გამართულ წვეულებაზე სტუმრები გადაწყვეტენ, ყველამ ცალ-ცალკე წარმოთქვას ეროსის სადიდებელი სიტყვა, ხოტბა შეასხას სიყვარულის ღმერთს და ეს გახდეს მათი საუბრის მთავარი თემა. ფედროსის აზრით, ეროსი მიჯნურთ საგმირო საქმეებისთვის აღაგზნებს. არც ერთი მიჯნური არ ისურვებს, რომ ის სატრფომ სამარცხვინო მდგომარეობაში იხილოს. ამიტომაც, ომში მხოლოდ შეყვარებული ადამიანები უნდა მიდიოდნენ, რადგან ისინი ყველანაირად ცდილობენ საკუთარი თავი მხოლოდ დადებითად წარმოაჩინონ. სიყვარული გმირობისკენ რომ მოგვიწოდებს, ამ მოსაზრებას იზიარებს ნესტან-დარეჯანი: “ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!” ან “წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე; გიჯობს ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე?” თუმცა ამ მოსაზრების გაზიარებამ რა შედეგიც გამოიღო, ძალიან კარგად გამოჩნდა პოემაში. ჩემი აზრით, რუსთველმა არაჩვეულებრივად წარმოაჩინა, რომ ფედროსის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას უაყოფითი მხარეც აქვს და არ შეიძლება, ბრმად მივენდოთ მას და პრაქტიკაში გაუაზრებლად გადმოვიტანოთ. ფედროსის შემდეგ სიტყვა წარმოთქვა პავსანიამ. მისი აზრით, (რომელსაც შემდგომ ერიქსიმახოსიც ეთანხმება და იზიარებს), ეროსი, ისევე როგორც აფროდიტე, ორია: ციური და მიწიერი. მიწიერი ეროსი აღვირახსნილია, სწორედ ის მეფობს ბიწიერ კაცთა შორის, რომელნიც განურჩევლად ყველას ეტრფიან; მათ სხეული უფრო ხიბლავთ, ვიდრე სული; მათთვის მთავარი ვნების დაცხრობაა და არა აქვს მნიშველობა, რა გზით მიაღწევენ საწადელს. სწორედ ამგვარი მიწიერი სიყვარულის გამო გაუტყდა სახელი ზოგადად სიყვარულსაც. არადა, ამაღლებული სიყვარული საუკეთესოა. ტირანებს არ მოსწონთ, როდესაც მათ ქვეშევრდომებში ამგვარი გრძნობა ჩნდება, რადგან მოყვარულ ადამიანთა ერთსულოვნებამ შეიძლება მათი ძალაუფლება დაამხოს. ჩემი აზრით, სწორედ მიწიერ სიყვარულზეა საუბარი, როდესაც რუსთველი “ხელობანი ქვენანი”-ის ახსენებს. მისთვის ზღვარი უნდა გაიდოს სიძვასა და მიჯნურობას შორის, რომელსაც ხშირად ბევრი ერთმანეთში ურევს. მიჯნურმა მხოლოდ ერთი საყვარელი უნდა იკმაროს, სხვა შემთხვევაში ეს სიყვარული გადაიზრდება სიძვაში, რაც უგულო, ადვილად დასათმობი და ცვალებადია. როგორც ვხედავთ, პავსანიას მოსაზრებას რაღაც კუთხით რუსთველიც იზიარებს და რამდენიმე სტროფში გვაძლევს ციური და მიწიერი სიყვარულის მახასიათებლებს. პავსანიას სიტყვა ამით არ ამოიწურება. ის მიიჩნევს, რომ მიჯნურობის დროს ტირილი არაა დასაძრახი. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ვაჟკაცისგან ტირილი სამარცხვინო იქნებოდა (აბა, წარმოიდგინეთ, რომ კაცი თანამდებობის გამო ტიროდეს ან ტიროდეს ძალაუფლების მოხვეჭის მიზნით), ხოლო მტირალი შეყვარებული კაცის განქიქებას არავინ დაიწყებს. იზიარებს თუ არა რუსთველი ამ მოსაზრებას და მასაც მიაჩნია თუ არა, რომ მიჯნურს სხვებთან შედარებით ყველაზე მეტად ეპატიება ცრემლი და მისგან გამოწვეული სხვა უცნაური ქცევაც? ჩემი აზრით, არა, რადგან ნესტანის პირით ის ამბობს: “ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?” ანდა, როდესაც ავთანდილს ათქმევინებს: “მიკვირს ნავღელი კაცისა ჭკუიანისა. რა მჭმუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა? სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა”,… ანდა: “თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა: ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა. ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა”. ავთანდილი (და, შესაბამისად, რუსთველიც) მიიჩნევს, რომ ტარიელმა არ იცის ბრძენის ნათქვამის სწორად გამორჩევა, ე.ი. მას არ შეუძლია ამოიცნოს, რა არის მართლა ბრძნული და მას ეს სიტყვები (მიჯნურის მიერ მუდმივი ტირილის შესახებ) ბრძნულად მიაჩნია: “ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ”… პავსანია ასევე მიიჩნევს, რომ მიჯნურებს, სხვებისგან განსხვავებით, მიეტევებათ ფიცის გატეხვა: “მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ, უმრავლესობის აზრით, მხოლოდ მიჯნურს შეუნდობენ ღმერთები ფიცის გატეხას, რადგან, როგორც ამბობენ, მიჯნურის ფიცს ფიცი არ ეთქმის”. პავსანიას ამ სიტყვებმა არ შეიძლება, არ გაგვახსენოს ტარიელის მიერ ფიცის გატეხვა. ქვაბში იგი და ავთანდილი ერთმანეთს შეჰფიცავენ. ავთანდილი ეტყვის: “შენ გენუკვი, შემაჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო, ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო. რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემეპირო, მეცა ფიცით შეგაჯერო, არასათვის არ გაგწირო”… ტარიელი კი ამაზე პასუხობს: “თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს!” სამწუხაროდ, ტარიელი არ ასრულებს ფიცს და სიტყვას ტეხს, იგი არ დაელოდება ავთანდილს და მაინც გაიჭრება ველად. ჩანს, რომ პავსანიას მოსაზრება მისთვის ბრძნული აზრია (თუმცა ტარიელიც თავს გაიმართლებს ავთანდილთან, როდესაც ეტყვის, რომ მან ფიცი არ გატეხა და ცოცხალი დახვდა ავთანდილს). ამას არ ეთანხმება ავთანდილი და სასტიკად ბრაზდება, როდესაც შეიტყობს ასმათისგან, რომ ტარიელმა ფიცი გასტეხა: “აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა! იგი ფიცი ვით გატეხა! არ ვეცრუე, ვით მეცრუა! ვერ იქმოდა, რად მიქადა? თუ მიქადა, რად მიტყუა?!.. მან გატეხა ზენარისა რად შემართა, ვით გაპირდა?.. იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა;” აშკარაა, რომ ავთანდილი, ტარიელისგან განსხვავებით, არ იზიარებს პავსანიას მოსაზრებას. რუსთველი გვიჩვენებს, რომ ამ თეორიული ცოდნის (პავსანიას შეხედულება) პრაქტიკაში გამოყენება საზიანოა და აჯობებს მას არ დავეთანხმოთ (ისევე, როგორც არ ეთანხმება ავთანდილი). “ნადიმში” შემაჯამებელ სიტყვას ეროსის შესახებ სოკრატე წარმოთქვამს. იგი ხოტბას ასხამს მამაკაცურ სიყვარულს და მიიჩნევს, რომ ეროსი მშვენიერებისკენ ისწრაფვის და ცდილობს, ამ მშვენიერის საშუალებით თავადაც ეზიაროს მშვენებას. სწორედ ეს პასაჟი იქცა არისტოტელეს “ნიკომაქეს ეთიკის” ორი თავის საფუძვლად. თუ რატომ, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და, იმისთვის რომ თემას არ ავცდეთ, გადავიდეთ მეორე ნაწარმოების განხილვაზე.    
არისტოტელე “ნიკომაქეს ეთიკაში” აღნიშნავს, რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად მეგობრობის სამი ტიპია გავრცელებული და თითოეული მათგანი რომელიმე ცნებას ემყარება: პირველი ტიპის მეგობრობა – სარგებელს, მეორე ტიპის მეგობრობა – სასიამოვნოს, და მესამე ტიპის მეგობრობა კი _ ღირსებას. ის მეგობრობა, რომელიც სარგებელს ეყრდნობა, ყველაზე ხშირია. ამ დროს მეგობრები ერთმანეთში საკუთარ თავს ვერ პოულობენ, მაგრამ ერთმანეთში რაღაც სარგებელს აღმოაჩენენ. ვინაიდან სარგებელი არ არის მუდმივი თვისება, მასზე დაფუძნებული მეგობრობაც ადვილად ირღვევა. ამგვარი მეგობრობა ხშირია ხანდაზმულებში, ახალგაზრდებში. თუმცა ის არ გულისხმობს ხშირ ურთიერთობას, რადგან ამ ურთიერთობით მიღებული სიამოვნება მხოლოდ სარგებლის მოლოდინს უკავშირდება და სარგებლის მიღებისთანავე ქრება. თანაც ასეთი მეგობრობის დროს ერთი მხარე “დაზარალებული” გამოდის, ხოლო მეორე მხარე მეტად ხეირობს. ეს უკვე უთანასწორობას წარმოშობს. მეორე ტიპის მეგობრობა, რომელიც სიამოვნებაზეა დაფუძნებული, ძირითადად ახალგაზრდებში გვხვდება. ვინაიდან სიამოვნება ადვილად მოსაბეზრებელია, ამგვარი მეგობრობაც, პირველის მსგავსად, მალევე ირღვევა. განსხვავებით პირველი ტიპის მეგობრობისგან, სიამოვნებაზე დაფუძნებული მეგობრობა ორმხრივია, რადგან ორივე მხარე ურთიერთობისგან თუ თანაბარ სიამოვნებას არ იღებს, მაშინ ეს მეორე ტიპის კი არა, პირველი ტიპის, ანუ სარგებელზე დაფუძნებული ურთიერთობაა. აი, მესამე ტიპის მგობრობა კი, რომელიც ღირსებაზე (ბერძნ. არეტე) არის დაფუძნებული, მუდმივია. ის არ არის შემთხვევით აღმოცენებული და, ვინაიდან ამგვარი მეგობრობის დროს ორივე მხარე ერთმანეთში თავის თავს ხედავს, ცდილობს, რომ მთლიანად დაიხარჯოს მეგობრისთვის და მთლიანად მას მიუძღვნას თავი. ასეთი ურთიერთობის დროს ერთი მხარე უანგაროდ ეხმარება მეორეს, როგორც – საკუთარ თავს, თანაც ისე, რომ მეორე მხარე მისგან ამ დახმარებას არ ითხოვს.    
   
არისტოტელეს მიერ აღწერილი სამი ტიპის მეგობრობიდან მესამე ურთულესი მოსაძიებელია ცხოვრებაში. სწორედ თეორიულად აღწერილი ამ ურთულესი ტიპის მეგობრობის შესაძლებლობას აღმოაჩენს პოემა “ვეფხისტყაოსნის” გმირი ავთანდილი. ამას უხსნის იგი როსტევან მეფესაც: “არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!” – ამ სიტყვებში, ჩემი აზრით, სწორედ არისტოტელეს “ნიკომაქეს ეთიკაში” გამოთქმული ცოდნა იგულისხმება. როგორც აღვნიშნეთ, მესამე ტიპის მეგობრობა ძნელი მოსაძებნია, რადგან იგი დაფუძნებულია ორი თანასწორის ურთიერთობაზე. ეს თანასწორობა ყველანაირ თანასწორობას გულისხმობს, დაწყებულს გარეგნობიდან და დამთავრებულს სოციალური წარმომავლობიდან. ავთანდილისა და ტარიელის შეხვედრა აჩვენებს, რომ ორი თანასწორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება, ორივე მზეა, ორივე ალვის ხეზე ტანადი, ორივე შვიდივე მნათობს ჰგავს! ამიტომაც ამოიცნობენ ასე ადვილად ისინი ერთმანეთში საკუთარ თავს და ამიტომაც “მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს”! ამიტომაც არის, რომ ავთანდილი მაშინვე წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს: “შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!” ეს სურვილი უანგაროა, ამას ავთანდილისგან არ ითხოვს ტარიელი, თუმცა მისთვის გასაგებია, რომ ჭეშმარიტი მეგობრობა ასეთ მსხვერპლს მოითხოვს: “ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავის არ დარიდოს”; ტექსტიდან იკვეთება, რომ ავთანდილისა და ტარიელის ეს თანასწორობა, და შეაბამისად მათი მომავალი მეგობრობა, ასმათმაც ამოიცნო: როგორც კი ავთანდილი ამცნობს, რომ იგი მიჯნურია, რომელიც მტერსაც შეებრალება, სიკვდილს თავად ეძებს და არ ეკრძალება, ასმათი ხვდება, რომ ავთანდილი და ტარიელი სწორნი არიან და ადვილი იქნება მათთვის ერთმანეთის “შემეცნება”, მათი ერთმანეთისთვის შეყვარება. ამიტომაც არის, რომ ასმათი ქვაბში მობრუნებულ ტარიელს მეგობრის საჭიროებაზე მიანიშნებს და მხოლოდ ამის შემდეგ წარუდგენს მას ავთანდილს: “მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად, არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად… ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია?” ცხადია, რომ ასმათის მიერ ნახსენები სიტყვა “შემაქცევარი” მეგობარს უნდა ნიშნავდეს. ტარიელი ეთანხმება ასმათს. მან იცის, რომ მეგობარი საუკეთესო წამალია ყველასთვის, მაგრამ იმავდროულად იგი სრულიად ეთანხმება არისტოტელეს მოსაზრებას, რომ ჭეშმარიტი მეგობრის მოძებნა თითქმის წარმოუდგენელია: “ვის ძალ-უც პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ-მოსრულისა?.. ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა რაცა კაცი რად დაბადა, სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა! ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი ანუ ვინმცა შეეცადა? შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა”. რა თქმა უნდა, ტარიელს გააბედნიერებს ისეთი კაცის ნახვა, რომელშიც თავის თავს დაინახავს, რომელიც მისი ეტლის ქვეშ დაბადებულივით იქნება. ასმათი კი ბოლომდე ერთგულია ტარიელის, მაგრამ ასმათში ტარიელი ვერ დაინახავს თავის თავს, რადგან იგი ქალია. გარდა ამისა, ისინი თანასწორნი სოციალური მდგომარეობითაც არ არიან და ეს უშლის მათ ხელს, არისტოტელესეულ მესამე ტიპის მეგობრობას ხორცი შეასხან. სამწუხაროდ, ტარიელს არსად ეგულება ასმათის მსგავსად მისი გულშემატკივარი მამაკაცი და ამიტომაც გაიხარებს, თუკი ამის შესაძლებლობა მიეცემა: “თუ მიჩვენებ, დიდად გავიხარებ, სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ… რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ”. ტარიელისა და ავთანდილის შეხვედრა და მოვლენების შემდგომი განვითარება გვიჩვენებს, რომ რუსთველმა აღწერა, როგორ შეიძლება განვითარდეს პრაქტიკაში არისტოტელეს მიერ მეგობრობის შესახებ თეორიულად წარმოდგენილი შეხედულება. 
რა თქმა უნდა, პროლოგში და მთელ შემდგომ ნაწარმოებში, რუსთველი არა მარტო პლატონის და არისტოტელეს ნაშრომებს ეყდნობა. უბრალოდ, ჩემი მიზანი იყო, მკითხველისთვის მეჩვენებინა, თუ რა გავლენას განიცდიდა რუსთველი ორი დიდი ბერძენი ფილოსოფოსისგან ორ მარადიულ საკითხზე – სიყვარულსა და მეგობრობაზე – მსჯელობისას. როგორც ვნახეთ, რუსთველი პირდაპირ არ აკრიტიკებს პლატონის ტექსტში გამოყვანილ პერსონაჟთა მოსაზრებებს, არამედ ნაწამოების სიუჟეტის განვითარებასთან ერთად მაგალითებით უპირისპირდება მას. თუმცა სრულად იზიარებს არისტოტელეს მოსაზრებას მეგობრობის მესამე ტიპის შესახებ და გვაჩვენებს კიდეც, როგორ შეიძლება იმუშაოს თეორიამ პრაქტიკაში.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი