პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სტადონზე შვილთან ერთად

უპირველეს ყოვლისა, მოდით შევთანხმდეთ, რომ თუ საქართველოში ცხოვრობ და ფეხბურთი გიყვარს, სანამ ჩვენს ფეხბურთს საშველი დაადგება, წინასწარ უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ სტადიონზე შვილის წაყვანა დიდად სარისკო ამბავია. მაგრამ რაკი ფეხბურთი გიყვარს, ე.ი. ცოტა ფანატიკოსიც იქნები და ფანატიკოს კაცს, მოდით, ნუ მოვთხოვთ ყველაფრის ლოგიკურად და გამართულად ახსნა-ჩამოწიკწიკებას.

სანამ შვილს სტადიონზე მიიყვანდეთ და ჩვენი გუნდების უცხოურ კლუბებთან თუ ნაკრებებთან შეხვედრას აყურებინებდეთ, ჯერ საჭიროა, ბავშვის მორალურ-ფსიქოლოგიური დამუშავება. ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ მარცხი, ფეხბურთისა და ზოგადად ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რომ ქართულ ფეხბურთს უამრავი პრობლემა და სატკივარი აქვს, რომ ესენი ჩვენი გუნდები არიან და მაინც უნდა გვიყვარდეს და მისთანანი…
ამის შემდეგ, საჭიროა ცოლთან კონსულტაციები. კარგი დედა, რა თქმა უნდა, შვილზე ყოველთვის ზრუნავს და არც ერთ ნორმალურ დედას არ უნდა, მისმა შვილმა ნერვები ქართული ფეხბურთის ვაებით მოიწამლოს. ცოლის მოსათაფლად (ბავშვი სტადიონზე რომ გამოგაყოლოს) საჭიროა საქმეში რამდენიმე გულმისავალი კომპლიმენტი ჩავრთოთ. თუ ამანაც არ გაჭრა, მაშინ უკვე ცოლის მოქრთამვა და მისთვის რაიმე ძვირადღირებული საჩუქრის დაპირება მოგიწევთ.

გამოცდილ ქომაგებში გაიკითხეთ და სტადიონზე ისეთ ადგილზე იყიდეთ ბილეთი, სადაც, უფრო მეტად, ფეხბურთის ნამდვილი ქომაგები ისხდებიან და არა ხალხი, რომლებიც სტადიონზე ასეთ ფრაზებს ისვრიან: “სუდია, შე ჩ..ხო, მესამე კუთხურია, პენალტს რატომ არ დებ?!”, “ამათ ცქერას, სახლში თურქული სერიალის ცქერა მერჩია”, “ავაჰმე, იავარქმნილო და ბედკრულო ერო ჩემო”, “დღეს მანუჩარ მაჩაიძე რატომ არ გამოიყვანა მწვრთნელმა?” და სხვა…

მატჩის მიმდინაროებისას, ბუნებრივია, იქნება უამრავი უხამსი წამოძახილი, მაგრამ მორალისტობის დაწყებას და მაგინებელთა დამუნათებას – აქაოდა, სტადიონზე ბავშვია და “ცოტა პატრუქს დაუწიეთო”, – არ გირჩევთ. ქართველმა, უმჯობესია სტადიონზე იგინოს, ვიდრე რუსთაველის გამზირზე. სტადიონზე აშკარად უკეთ გამოსდის და იმიტომ. შვილს თვალებზე ხელი მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ ააფაროთ, როდესაც გრძნობთ, რომ მეკარესთან პირისპირ გასული ქართველი ფეხბურთელი დარტყმას აპირებს. არ გაუფუჭოთ ბავშვს ნერვები. პატარაა ჯერ…

თუ შვილმა გკითხათ: “ისინი” სულ რომ დარბიან, ”ჩვენები” რატომ დგანანო, უნდა აუხსნათ, რომ ჩვენ დინჯი ერი ვართ და ფეხბურთსაც დინჯად ვთამაშობთ. აბა, ეგღა გვაკლია, ვიღაც გერმანელებივით გავიოფლოთ და გავცივდეთ. სად ჰყავს პატარა საქართველოს გასაცივებელი და დასაკარგი ქართველები? თუკი, ამაზე ვინმე გაგიჩმახებთ, ბავშვს სიცრუეში ნუ აცხოვრებო, უპასუხეთ, რომ თქვენ არ ხართ პირველი, ვინც მომავალ თაობას აცხოვრებს სიცრუეში და ისევ ფეხბურთის ამბებში ჯობია შვილი მოატყუო.

მატჩის დასრულების შემდეგ, თუკი საამისო ხალისი გექნებათ და ლუდხანაში ორიოდე კათხა ლუდის დალევას გადაწყვეტთ, შეეცადეთ ისეთი ადგილი ამოარჩიოთ, სადაც თქვენსავით ფეხბურთიდან წამოსული ხალხი არ იქნება. არაფერია იმაზე ნერვებისმომშლელი, როდესაც ბევრი მთვრალი ქართველი ერთად იგინება და იძახის: “ცხოვრება ადრე იყო, აბა, ახლა არც მეობა გვაქვს და არც ფეხბურთიო”. შვილს ლუდს ნუ დაალევინებთ, მაგრამ ნაყინი მაინც აჭამეთ, თორემ მერე დედამისთან “ჩაგიშვებთ”, ჯერ სტადიონზე გინებები მასმენინა და მერე ლუდით გამოტყვრაო.

დაბოლოს, როდესაც სახლში მიხვალთ, შვილი გვერდით მოისვით და გულში ჩამწვდომი ხმით უთხარით: ხომ ძნელია შვილო ქართველობა? მაგრამ რას ვიზამთ – ესაა ჩვენი სამშობლო!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი