პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სახელები და სიმბოლოები

ევროპის თითქმის ყველა ძველ საფეხბურთო კლუბს დაარსების მეტად ორიგინალური ისტორია აქვს. „ბარსელონას”, „არსენალის”, „მილანისა” თუ სხვა ცნობილი გუნდების ამქვეყნად მოვლენა, როგორც წესი, ერთი ლამაზი და საინტერესო ისტორიის ნაწილია. ამ მხრივ ყოფილი საბჭოეთის ქვეყნები ძალიან დავიჩაგრეთ, რადგან ჩვენს იმპერიაში გუნდები, როგორც წესი, ხელისუფლების გადაწყვეტილებით არსდებოდა და კლუბთა სახელწოდებებსაც სწორედ ისინი არჩევდნენ. 
გამონაკლისები მხოლოდ რამდენიმე იყო და ისიც მაშინ, თუ ამა თუ იმ ქალაქს თავისი რაიმე განსაკუთრებული ისტორია გააჩნდა და კლუბის სახელწოდებაში „ქართულ შტრიხებს” ვერ გაექცეოდნენ. ამის მაგალითია გუნდები: „შევარდენი”, „მერცხალი”, „კოლხეთი”, „ცხუმი” და „ამირანი”. ამ მხრივ ჩვენზე ბევრად ცუდ მდგომარეობაში იყვნენ (და დღესაც არიან) საბჭოეთის სხვა რესპუბლიკები. „ლოკომიტივად”, „დინამოდ” ან „ტორპედოდ” კლუბების მასიურმა სახელდებამ საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ მთელი ევროპა საბჭოურ ფეხბურთს დასცინოდა. 
კარგად მახსოვს, 80-იანი წლების ბოლოს თბილისში ცნობილმა სპეკულიანტმა ჩემი ბავშვობის მეგობრის ბაბუას ინგლისური სპორტული ჟურნალი აჩუქა. შემდეგ ეს ჟურნალი დიდი ამბით მივუტანეთ ნაცნობ მოინგლისურე ქალს, რომელმაც ჟურნალი ფურცლა, თავი დანანებით აქნია და ბოლოს გვითხრა: ბავშვებო, ეს ცუდი ჟურნალია, ამ ჟურნალში ჩვენს გუნდებს დასცინიანო. როგორც გაირკვა, ჟურნალში მავანი ინგლისელი ჟურნალისტი მასხრად იგდებდა საბჭოური კლუბების სახელწოდებებს და ამბობდა: როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირში მატარებლის, ჯარისა და წყალქვეშა ტორპედოს მეტი არაფერი უნახავთ, თორემ საფეხბურთო კლუბებს ასეთ უცნაურ სახელებს არ დაარქმევდნენო. სავარაუდოდ, იმ ინგლისელმა მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ რუსეთში „საბჭოეთის ფრთებად” წოდებული გუნდიც არსებობდა, თორემ დაცინვა და ქილიკი მერე გენახათ.

  
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქართული ფეხბურთი მეორე უკიდურესობაში გადავარდა. თუკი მანამდე ყველაფერს რუსული სახელი ერქვა, მერე ყველა გუნდის სახელწოდების „გაეროვნულება” მოინდომეს და სრულიად სამართლიანად ავღმოვჩნდით სასაცილო სიტუაციაში. ევროპის თასების მფლობელთა თასის ამღებ თბილისის „დინამოს” ნაცვლად, გაჩნდა კლუბი „იბერია”, რომელსაც არათუ ევროპაში, წითელი ხიდის გადაღმაც კი არავინ იცნობდა. 

ამის გარდა, ფეხბურთში ძალიან დიდი ადგილი დაიკავა ნახევრადრელიგიურმა და მიმბაძველურმა მომენტებმაც. გაჩნდნენ უცნაური სახელწოდებების ბავშვთა თუ მოზარდთა კლუბები: „ფრესკა”, „რწმენა”, „ალავერდი” და სხვა. ეს ყველაფერი ხშირად სრულ აბსურდში გადადიოდა. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, ერთ-ერთი ქართული კლუბის მწვრთნელი როგორი სიამაყით ამბობდა: მინდა ახალი გუნდი შევქმნა და სახელად „ტაძარი” დავარქვაო. რწმენა ყველა ადამიანის პირადი არჩევანია, მაგრამ ნამდვილად უხერხულობა იქმნება, როდესაც კლუბს რელიგიური სახელწოდება აქვს.

 
ცოტა ხნის წინ მოხდა ისე, რომ ქართული ფეხბურთისათვის (უფრო სწორად კი ფეხბურთით დაკავებული რამდენიმე ადამიანისთვის) კვლავ აქტუალური გახდა საფეხბურთო კლუბებისთვის სახელების დარქმევა. ამის მაგალითად მრავალგზის შექმნილ-დაშლილი ცხინვალის საფეხბურთო კლუბიც კმარა. ამ კლუბს ადრე „სპარტაკი” ერქვა, მერე გარკვეული მოტივებით „ცხინვალი” დაარქვეს. ახლა კი, ისევ „სპარტაკად” გადანათლეს. ცხინვალის გუნდის ახალი „ნათლიები” ამ ყველაფერს პოლიტიკური მოტივებით ხსნიან, მაგრამ უცნაური ისაა, რატომ უნდა ურჩევნოდეს რიგით ოს მოქალაქეს, რომ საფეხბურთო კლუბს მათი ქალაქის სახელის ნაცვლად რომის მონათა აჯანყების მეთაურის სახელი ერქვას? არც სიტყვა „სპარტაკი” ჟღერს ოსურად და არც ამ კლუბს ეტყობა რაიმე „სპარტანელობის”. 

 
როგორც ჩანს, კლუბების სახელების გადარქმევა-გადმორქმევა საქართველოში მომავალშიც გაგრძელდება და ნამდვილად არ გამიკვირდება, თუკი მომავალში ქართულ კლუბებს სახელად „ლიბერალურ დემოკრატიას”, „გამჭვირვალობას” და „სამოქალაქო საზოგადაოებას” დაარქმევენ.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი