პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მწყემსების არისტოკრატული თამაში

ამქვეყნად დაბადებას გოლფი წმინდა ანდრეას და… კურდღლებს უნდა უმადლოდეს. თქმულების მიხედვით, სპორტის ეს სახეობა ცხვრის ფარის მწყემსვის დროს სწორედ ამ წმინდანმა გამოიგონა. მან მრგვალ კენჭს მწყემსის კავი მოარტყა და მოხდენილად შეაგორა კურდღლის სოროში. წმინდა ანდრეას მხლებელი ზუსტმა დარტყმამ აღაფრთოვანა და გამეორება სცადა. დღეს ქალაქ სენტ-ენდრიუსში, სწორედ იმ ისტორიულ ადგილზე, გოლფის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მოედანი მდებარეობს.

ამ პოპულარული თამაშის ავტორობაზე, გარდა შოტლანდიელებისა, პრეტენზიას აცხადებენ ჰოლანდიელები, ფრანგები, იტალიელები და ჩინელებიც. ჰოლანდიელებს საბუთად მე-17 საუკუნის მხატვართა ნამუშევრები მოაქვთ, რომლებზეც გოლფისმაგვარი თამაშის სცენებია ასახული. მათი აზრით, შოტლანდიაში გოლფი მე-13 საუკუნეში სწორედ ჰოლანდიელმა მეზღვაურებმა შეიტანეს.

ამ თამაშის ასახველი მხატვრული მინიატურები ფრანგებსაც აქვთ. ასეთივე საბუთს წარმოადგენენ ჩინელებიც: მინის (1368-1644) ეპოქის გრავიურებზე ყვანჯებით „შეიარაღებული” ქალები არიან გამოსახულნი. იტალიელების აზრით, გოლფის წინამორბედი იყო რომაული „პაგანიკა”, რომელსაც ბუმბულით გატენილი ტყავის ბურთით თამაშობდნენ. მიუხედავად ამისა, ისტორიკოსები ამ ქვეყნების პრეტენზიას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, რადგან არც ერთ ამ თამაშში არ არსებობდა გოლფის მთავარი ელემენტი – ფოსო.

გოლფი შოტლანდიაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ მეფე იაკობ მეორემ ეროვნული უსაფრთხოებისთვის პარლამენტს მისი აკრძალვა მოსთხოვა – თურმე გოლფი შოტლანდიელ ჯარისკაცებს წვრთნასა და ინგლისთან ომისთვის მზადებაში  უშლიდა ხელს. აკრძალვა 1457 წელს შევიდა ძალაში და ეს არის გოლფის პირველი წერილობითი ხსენება.

მე-16 საუკუნემდე ამავე ბრძანებას გასცემდა ყველა მეფე. 1502 წელს კი, ინგლისთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, გოლფი კვლავ ნებადართული გახდა. იაკობ მეოთხემ თავის ოსტატს ყვანჯების კომპლექტი შეუკვეთა, მონარქის ხარჯების წიგნში კი მითითებულია გოლფის ბურთების საფასური და ეს გოლფის ისტორიაში მნიშვნელობით მეორე წერილობითი დოკუმენტია.

გოლფის დიდი თაყვანისმცემელი ყოფილა სახელგანთქმული მარია სტიუარტი. მას მეორე ქმრის, ლორდ დარლნის გარდაცვალებამაც კი ვერ აიძულა თამაშზე უარის თქმა – დაკრძალვის ცერემონიის დასრულებისთანავე დედოფალმა გოლფის მოედანს მიაშურა. მისი წყალობით გოლფში მოთამაშის დამხმარეები გაჩნდნენ, რადგან დედოფალს ყვანჯების თრევა და ბურთების ძებნა არ ეკადრებოდა. 

გოლფის მსოფლიო ექსპანსია ბრიტანეთის საზღვრების გაფართოებას ემთხვევა. ინგლისელები ახალ-ახალ ქვეყნებს იპყრობდნენ, თამაში კი სულ უფრო მეტ თაყვანისმცემელს იძენდა.

მე-19 საუკუნეში პირველი პროფესიონალი მოთამაშეები გაჩნდნენ, 1851 წელს კი დაარსდა პირველი გოლფკლუბი „პრესტვიკი”, რომელიც ცნობილია იმით, რომ 1860 წელს ისტორიაში პირველ საგოლფე ტურნირს უმასპინძლა. შეჯიბრებაში მონაწილეობა 8 პროფესიონალმა მოთამაშემ მიიღო, გამარჯვება კი ვილი პარკს დარჩა. წესების მიხედვით, მან მიზერული პრიზი – 10 გირვანქა მიიღო.

1888 წელს გოლფის მსოფლიო ასოციაცია PGA-მ თავისი წესდებიდან ამოიღო წესი, რომელიც შავკანიანებს გოლფის თამაშს უკრძალავდა. ამ შესწორების წყალობით დღეს გოლფის სამყაროში ყველაზე ცნობილი ფიგურა აფროამერიკელი ტაიგერ ვუდსია. უკანასკნელი წლების საუკეთესო მოთამაშემ თავისი კარიერის განმავლობაში 89,4 მილიონი დოლარი იშოვა. აღსანიშნავია, რომ ამაში არ შედის ვუდსის სარეკლამო კონტრაქტები, თორემ რიცხვი, სულ ცოტა, გასამმაგდებოდა. ყველაზე მდიდარ სპორტსმენთა ათეულში კი ყოველწლიურად რამდენიმე გოლფის მოთამაშე ხვდება.

გოლფს მხოლოდ დედამიწაზე როდი თამაშობენ. 1971 წლის 6 თებერვალს კოსმოსურ ხომალდ „აპოლონ-14-ის” კაპიტანმა ალან შეპარდმა მთვარის ზედაპირზე გოლფის ყვანჯით ბურთს ორჯერ დაარტყა. 1975 წლიდან ეს ყვანჯი სამუზეუმო ექსპონატად იქცა, გოლფის ორი ბურთი კი კოსმოსში დღესაც დაფრინავს.

თამაშის წესები
თამაშის არსი ასეთია: სხვადასხვა ყვანჯით (ვუდი, აირონი, პატერი; მინიმუმ 2, მაქსიმუმ 14), ბურთი თვრამეტივე ფოსოში უნდა ჩააგდოთ. ფოსოს უწოდებენ როგორც უშუალოდ მიწაში ამოთხრილ ორმოს, ასევე რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძის მოედანსაც.

თითოეული მოედანი სამი ზონისგან შედგება: სასტარტოსგან (თი), ძირითადისგან (ფერვეი) და სპეციალური მოედნისგან (გრინი), სადაც ფოსოა ამოჭრილი. ყველა ეს ზონა ერთმანეთისგან დაბრკოლებებითა და ბალახის სიმაღლით განსხვავდება. დაბრკოლებათა შორის შეიძლება იყოს ქვიშის მახეები, წყლის ზღუდეები, ბუჩქნარები, ყვავილები, მაღალი ბალახი და ა. შ. თუ მოთამაშე ზუსტ დარტყმებს ასრულებს, თიდან ფერვეიზე ხვდება, საიდანაც რამდენიმე დარტყმით ბურთს გრინზე აგდებს.

გრინი – ეს არის იდეალური ბალახით დაფარული მოედანი, რომელიც ხალიჩას მოგაგონებთ. პატერით დარტყმის შემდეგ ბურთი მასზე დაუბრკოლებლად მიგორავს და თუ დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა, ფოსოში ვარდება. 

გოლფის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია გოლფის ეტიკეტი. გოლფი ჯენტლმენების თამაშია, მისი ეტიკეტი კი – ტრადიცია, რომელიც თამაშის მთელი ისტორიის განმავლობაში არ შეცვლილა. უწინარესად, მოთამაშე კარგი მანერებით უნდა გამოირჩეოდეს, პარტნიორებსა და მოწინააღმდეგეებს პატივს სცემდეს და მინდორზე წესრიგის შენარჩუნებაზე ზრუნავდეს.


პირველი ნაბიჯები
დიდ მოედანზე მოუმზადებლად გასვლას აზრი არ აქვს; თავდაპირველად ყვანჯებსა და ბურთთან მოპყრობა უნდა ისწავლოთ და გოლფის მთავარი დარტყმა -პატერი აითვისოთ.

ფეხსაცმელმა გოლფის გაზონი არ უნდა აყენებდეს, დააზიანოს, ამიტომ ქუსლიანი ფეხსაცმლით თამაში აკრძალულია. გოლფის სპეციალური „რბილწვეტებიანი” ფეხსაცმელი 100-150 დოლარი ღირს. უნდა გახსოვდეთ, რომ ჯინსითა და უსაყელო მაისურით მოედანზე გასვლა მიღებული არ არის. ასეთია გოლფის დაუწერელი კანონი.

შეიძლება თუ არა საკუთარი გოლფის მოედნის გაშენება? საეჭვოა. გოლფის მოედანი ნაგებობათა რთული კომპლექსია. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დრენაჟი და სპეციალური რელიეფი. უზარმაზარი თანხა სჭირდება გაზონის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებას. სრულყოფილი მოედნისა და კლუბისთვის 100 ჰექტარი მიწა და რამდენიმე მილიონი დოლარია საჭირო. თქვენ მხოლოდ პატინგისთვის პატარა სავარჯიშო მოედნის გაშენება შეგიძლიათ. საამისოდ საკმარისია 50 კვ. მეტრი. გაითვალისწინეთ, ბალახის სიმაღლე 4 მმ უნდა იყოს, ამის უზრუნველყოფა კი ყველა გაზონის საკრეჭ მანქანას როდი შეუძლია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი