შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ძველი რუკები ისტორიის გაკვეთილზე

თუ ჩემს სტატიებს თვალს ადევნებთ, შეამჩნევდით, რომ უმეტესად განათლების ზოგად საკითხებზე ვწერ, მაგრამ არც ჩემს სპეციალობას ვივიწყებ და ისტორიის გაკვეთილისთვის გამიზნულ აქტივობებსაც გაცნობთ ხოლმე. ჩემი მიზანი ამჯერადაც ეს უკანასკნელი გახლავთ. როცა სასწავლო აქტივობებზე ვწერ, ვცდილობ, მასწავლებლებს მივაწოდო რესურსები, რომლებიც შედარებით მარტივი გამოსაყენებელია და მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, კვლევის, შემოქმედებითი უნარების განვითარებაზეა გათვლილი, აღძრავს მათში საგნისადმი ბუნებრივ ინტერესს, აუმაღლებს სწავლის მოტივაციას, სასწავლო პროცესს კი უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის. ზემოთ დასახელებული უნარებისა და სასწავლო გარემოებების მნიშვნელობაზე საუბარს ამჯერად გვერდს ავუვლი (წინა სტატიებში აღვწერე) და პირდაპირ კონკრეტულ აქტივობას შემოგთავაზებთ.

 

ამ სტატიაში ისტორიის გაკვეთილზე ძველი რუკების გამოყენებაზე ვისაუბრებთ. მათი დაწვრილებით შესწავლისას მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ რუკები არ არის მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრის საშუალება, ხოლო მასწავლებლები ამ აქტივობის მეშვეობით მოახერხებენ სასწავლო პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ისეთი საბაზო მიმართულებების ჩართვას, როგორიცაა დრო და სივრცე, ადამიანი და საზოგადოება, ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა, გეოგრაფიული კვლევა.

თუ თანამედროვე რუკები ცხოვრებისთვის აუცილებელი ხელსაწყოებია, ძველი რუკები პირველადი ისტორიულ-დოკუმენტური წყაროებია, რომლებიც ასახავს იმ ეპოქის არა მარტო გეოგრაფიულ, არამედ სოციალურ და კულტურულ შეხედულებებს, რომელშიც ისინი შეიქმნა. რუკები სხვადასხვა დანიშნულებით იქმნება, ამიტომ მასწავლებლებიც სხვადასხვა სასწავლო მიზნით გამოიყენებენ მათ. როცა კლასი ყურადღებით იკვლევს ძველ რუკას, სოციალური სწავლის რამდენიმე ასპექტი ექცევა ყურადღების ცენტრში: ვიზუალური წიგნიერება, კრიტიკული ანალიზი, სინთეზური სწავლა და ინტერდისციპლინური აზროვნება. თუ მასწავლებელი გადაწყვეტს, ჯგუფური მუშაობა ჩაატაროს, მას რუკის იმდენ სექციად გაყოფა მოუწევს, რამდენი ჯგუფიც ეყოლება (ერთგვარი „დაყავი და იბატონე” სტრატეგია) – ამ გზით უფრო მოხერხებულად გამოვიკვლევთ მის დეტალებს და გავზრდით რუკის სასწავლო ღირებულებას.

საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები რუკის რომელიმე ერთ ნაწილთან იმუშავებენ, გამოიყენებენ სპეციფიკურ პროცედურას, რომელიც კითხვების დასმას და მათზე პასუხების გაცემას, რუკაზე ახალი სათაურებისა და შენიშვნების გაკეთებას ითვალისწინებს. გაკვეთილის ბოლოს, როცა რუკის ცალკეულ ნაწილებს ხელახლა შევკრებთ, კლასი მიიღებს უნიკალურ საბოლოო პროდუქტს – ისტორიულ რუკას, რომელსაც მოსწავლეთა მიერ შესრულებული წერილობითი განმარტებები ექნება დართული. შემდეგში იგი შეიძლება უკვე სხვა სასწავლო მიზნითაც იქნეს გამოყენებული.

ვითვალისწინებთ რა ისტორიის სასწავლო კურსის გადატვირთულობას, ვფიქრობთ, ამ აქტივობის წლიურ სასწავლო გეგმაში ერთხელ განსაზღვრაც საკმარისია.

არჩეული რუკის ტიპი სათანადოდ უნდა პასუხობდეს კონკრეტულ სასწავლო მიზანს. რუკამ მოსწავლეებს უნდა დაანახვოს, როგორ შეიცვალა მისი შექმნის დროიდან ჩვენს ეპოქამდე გეოგრაფიული, ტექნოლოგიური, კულტურული თუ ისტორიული კონტექსტი. სად შეიძლება ვიპოვოთ შესაფერისი რუკა? თუ თქვენთვის ხელმისაწვდომი ბიბლიოთეკა ვერ ახერხებს საჭირო რესურსის მოწოდებას, დახმარებისათვის „ყოვლისშემძლე” ინტერნეტს უნდა მიმართოთ, სადაც იოლად იპოვით შესაფერ რუკას, რომელსაც ადვილად აქცევთ საინტერესო ვიზუალურ რესურსად და შეძლებთ, კლასში ისტორიულ-გეოგრაფიული კვლევისა და შემოქმედებითობის ატმოსფერო შექმნათ.

არჩეული რუკა კლასისთვის მეტისმეტად რთული არ უნდა აღმოჩნდეს. როგორც კი რუკას შეარჩევთ, გაარკვიეთ, პირადად თქვენ რა სარგებლობას მოგიტანთ იგი, რატომ აარჩიეთ ეს რუკა, რით დაგაინტერესათ მან. ჩამოწერეთ კითხვები, უპასუხეთ, დაადგინეთ, რამდენად დაგეხმარათ მოძიებული ინფორმაცია რუკის უკეთ გაგებაში. გაკვეთილის დაგეგმვასთან ერთად შეფასების პროცედურებიც განსაზღვრეთ.

ქვემოთ აღვწერთ აქტივობებს და მოვიყვანთ თითოეული აქტივობისას გამოსაყენებელ კითხვებს. ვიძლევით რეკომენდაციას, მასწავლებლებმა თავიანთი სასწავლო მიზნების შესატყვისად აირჩიონ მათთვის მისაღები აქტივობები და კითხვები, თავიანთი შეხედულებისამებრ შეიტანონ მათში ცვლილებები (კითხვების ჩამონათვალს სტატიის დასასრულს შემოგთავაზებთ).

პირველი რამდენიმე წუთი მოსამზადებელ ეტაპზე შემდეგ მოქმედებებს დაუთმეთ: აჩვენეთ მოსწავლეებს რუკა და მიაწოდეთ აუცილებელი ინფორმაცია, აუხსენით გაკვეთილის მნიშვნელობა, აღწერეთ მოსალოდნელი შედეგი. მოსამზადებელი ეტაპის ბოლოს მთელ კლასს დავუსვათ კითხვები, რომლებიც დაგვანახვებს, რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა მიწოდებული ინფორმაცია. მომდევნო ეტაპზე მოსწავლეები ჯგუფებად დავყოთ, თითოეული ჯგუფი იმუშავებს რუკის ერთ ნაწილზე, დასვამს კითხვებს და უპასუხებს მათ.

მესამე ფაზაში მოსწავლეთა ყურადღება რუკის რამდენიმე საინტერესო დეტალს მიაპყარით. ეს შეიძლება მოხდეს დამხმარე კითხვებით (მაგ., „რას ნიშნავს ეს უცნაური სიმბოლო?”). ამავე დროს მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა ეხმარება მათ შესასწავლი საკითხების გაგებაში, ხელს უწყობს პრობლემების უკეთ დანახვას და სთავაზობს მათი გადაჭრის გზებს. ეს იდეები მოსწავლეებმა შესაძლოა წყვილებში ერთმანეთს გაუზიარონ კიდეც.

მეოთხე ფაზას მასწავლებელი მოსწავლეთა ინდივინდუალურ ზეპირ და წერილობით პრეზენტაციებს დაუთმობს. მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს როგორც თავიანთი სექციის, ასევე მთელი რუკის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე, ისაუბრებენ, რა შესძინა მათ რუკაზე მუშაობამ, ყურადღებას გაამახვილებენ მათთვის საინტერესო დეტალებზე.

დამხმარე მასალა (ფაზები და კითხვები)

პირველი ფაზა – კონტექსტის განვითარება (მთელი კლასი)

1. რა ჰქვია რუკას? დაამატე რამდენიმე სიტყვა ან ფრაზა რუკის სათაურს, რითაც უფრო დაწვრილებით განმარტავ მას (მაგ., „მსოფლიოს რუკა” შეცვალე სათაურით „მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, რომელზეც საქართველო არ არის”).

2. რატომ დაამზადეს ეს რუკა? (მაგ., „ტურისტების დასახმარებლად, რათა მათ მოკლე დროში მაქსიმალურად ბევრი რამ ნახონ”).

3. ვინ შექმნა რუკა? სამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიმე კერძო კომპანიამ თუ ინდივინდმა? აღწერე აუდიენცია, რომლისთვისაც ეს რუკაა განკუთვნილი.

4. როდის დამზადდა რუკა? რა შეიცვალა იმ დროიდან დღემდე? მნიშვნელოვნად შეიცვალა თუ არა ადგილები ამ ხნის განმავლობაში? ახსენი.

მეორე ფაზა – კითხვების წარმოშობა (პატარა ჯგუფები)

1. კარგად შეისწავლე რუკის ის სექცია, რომელიც თქვენს ჯგუფს ერგო და გამოყავი თქვენთვის საინტერესო 3-5 დეტალი.

2. დასვი მინიმუმ სამი კითხვა, თქვენი ჯგუფის სექციის შინაარსიდან გამომდინარე.

3. ახსენი, როგორ ეხმარება შენი სექცია რუკის წამკითხველს მთელი რუკის გაგებაში.

4. შესაძლებელია თუ არა, თქვენი სექცია დამოუკიდებლად გამოდგეს როგორც რუკა? პასუხი დაასაბუთე. თუ შესაძლებელია, მოიფიქრე რუკისთვის ახალი სახელი.

მესამე ფაზა – დეტალების გამოკვლევა (წყვილები)

1. რამდენიმე წინადადებით აღწერე თქვენი სექციის ერთი ადგილი ან არე, რომელმაც განსაკუთრებით დაგაინტერესა. დავალება შეიძლება დაიწყოს კითხვით, მომდევნო რამდენიმე წინადადება მასზე პასუხი იქნება (მაგ., „რას ნიშნავს ეს სიმბოლო?” ან „რატომ არის მოცემული ეს ადგილი რუკაზე?”)

მეოთხე ფაზა – პრეზენტაციები კლასის წინაშე (ინდივიდუალური)

1. მოათავსე თქვენი სექცია დაფაზე , ყველა პრეზენტაცია უნდა მთავრდებოდეს კომენტარებით იმის შესახებ, რით დაეხმარება მნახველს ეს სექცია მთელი რუკის როგორც ერთი მთლიანის გაგებაში.

2. შეურჩიე რუკას ახალი სათაური, რომელშიც გაცემული იქნება პასუხი კითხვაზე: „რას ნიშნავს ეს რუკა ჩემთვის?”

რუკის ნიმუშები

აბბე გაულტიერის მსოფლიოს რუკა (1792 წ.)

აბბე გაულტიერი ეკუთვნოდა ფრანგულ საგანმანათლებლო სკოლას. რუკა შეიქმნა ინგლისში, სადაც მისი ავტორი საფრანგეთის დიდი რევოლუციის ტერორს გაექცა. რუკა თავისი დროის გეოგრაფიული ცოდნის ანარეკლს წარმოადგენს.

ვახუშტი ბატონიშვილის ევროპის რუკა (1752 წ.)

ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომებმა ევროპელი კარტოგრაფების ყურადღება მიიქცია და გამოყენებულ იქნა XVIII საუკუნეში შედგენილი მთელი რიგი ევროპული რუკებისათვის. განსაკუთრებული წვლილი ვახუშტი ბატონიშვილმა ისტორიული გეოგრაფიის განვითარებაში შეიტანა. ქართველი მეცნიერის მიერ თარგმნილი „მოკლე პოლიტიკური გეოგრაფია” მასში შეტანილი რუკებით სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა თელავის სემინარიაში.




კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი