შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ფარაონების თამაში

ძველ ეგვიპტელებს ძალიან უყვარდათ სპორტი. ღარიბები ჭიდობითა და შუბების ტყორცნით იქცევდნენ თავს, ფარაონებსა და სხვა დიდგვაროვნებს კი მშვილდოსნობა და ეტლებით რბოლა იტაცებდა.

საიდან ამოქექეს ყოველივე ეს ისტორიკოსებმა? ეგვიპტელებს თავიანთი ათლეტური მოღწევებით ტრაბახი უყვარდათ. ასეულობით გადარჩენილი შენობის კედლებზე გამოსახულია სპორტული მოვლენების ილუსტრაციები. ეგვიპტელი სპორტსმენების ინვენტარიც შემორჩა. მსოფლიოს მრავალ მუზეუმში ნახავთ ეგვიპტურ მშვილდებს, სამიზნეებს, შუბებსა და ტყავის ბურთებს. ასე რომ, პირამიდებისა და სფინქსის ჩრდილქვეშ უამრავი სპორტსმენი ცხოვრობდა. მაგრამ იყვნენ თუ არა მათ შორის ბოულერები?

ბოულინგის ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ სპორტის ეს სახეობა დაახლოებით 5000 წლის წინ წარმოიშვა. კაცმა რომ თქვას, ამაში გასაკვირი არაფერია – ბოულინგის იდეა იმდენად ჰარმონიულია, რომ მის გამოგონებას გამოქვაბულის ადამიანიც კი შეძლებდა. მართლაც, რა შეიძლება ყოფილიყო უფრო მარტივი? კეგლის ფუნქციის შესრულება ნებისმიერ საგანს შეეძლო, საჭირო იყო მხოლოდ ბურთის დამზადება… ამიტომაც ბოულინგი და მისი მსგავსი თამაშები, სხვადასხვა კონტინენტის სხვადასხვა ქვეყანაში ოდითგანვე არსებობდა.

და მაინც, ბოულინგის არსებობის პირველი არქეოლოგიური მტკიცებულება სწორედ ეგვიპტეს უკავშირდება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ჰიპოთეზა წამოაყენა ბრიტანელმა ანთროპოლოგმა სერ ფლინდეს პეტრიმ. მისი აზრით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3500-3000 წელს ძველ ეგვიპტეში ბოულინგს თამაშობდნენ. ინგლისელი მეცნიერი ამ ჰიპოთეზას 1930 წელს თავის მიერვე აღმოჩენილი ნივთებით ასაბუთებს: მან ბავშვის ერთ-ერთ სამარხში იპოვა საგნები, რომლებიც თანამედროვე ბოულინგის იარაღების პროტოტიპი იყო.

მას შემდეგ კეგლის უამრავი ნაირსახეობა შეიქმნა. მისი ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო სახეობა ედინბურგში დღესაც არსებობს: მოთამაშე ბურთს ფეხებს შორის იქცევს და ნახტომში სროლის შემდეგ მუცელზე ეცემა.

ბოულინგი სულ ახალ და ახალ ქვეყნებს იპყრობდა, თანამედროვე სახე კი მე-19 საუკუნის აშშ-ში მიიღო. მას შემდეგ ამ თამაშის წესებში პრაქტიკულად აღარაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ბოულინგმა მილიონობით თაყვანისმცემელი შეიძინა.

1875 წელს ნიუ-იორკის 11 ბოულინგკლუბის წარმომადგენელმა თამაშის საერთო წესები და სტანდარტები დაადგინა. შეთანხმების მიღწევა მხოლოდ კეგლების ზომისა და ბილიკების სიგანის თაობაზე ვერ მოხერხდა.

კიდევ ოცი წლის შემდეგ ნიუ-იორკში ბოულინგის ამერიკული კონგრესი დაარსდა, დადგინდა ქულების მაქსიმალური რაოდენობა – 300 და კეგლებს შორის მანძილი – 12 დუიმი.

დადგინდა ისიც, რომ ბურთის მაქსიმალური წონა 16 გირვანქა (7,258 კგ) უნდა იყოს, რათა საშუალო აღნაგობის ადამიანს ზედიზედ სამი თამაშის გამართვა ფიზიკურად არ გაუჭირდეს. ბილიკის სიგრძის სტანდარტად 60 ფუტი (18,228 მ) იქნა მიჩნეული. სხვათა შორის, წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე აღმოჩენილია უძველესი ხანის მოედანი, რომლის სიგრძე ზუსტად 18,228 მეტრს შეადგენს. დამთხვევაა? შესაძლოა.

ბიულინგის მოყვარულ ქართველებს რომ ჰკითხოთ, ამ თამაშის მთელი ეშხი თავად თამაშის პროცესშია და კარგი მოთამაშე ქულებით მხოლოდ თამაშის დასრულების შემდეგ ინტერესდება. სპორტული შეჯიბრებისადმი ასეთი, მე ვიტყოდი, ქართული მიდგომა, ცოტა არ იყოს, უცნაურია, მაგრამ თავის დროზე თბილისში ჩოგბურთიც მარტივ გასართობად აღიქმებოდა ოდენ. მანამდე, სანამ დიდი წარმატებები მოვიდოდა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი