პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ოცნება სპორტსმენ შვილზე

არავინ იცის, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ აღსრულდეს ჭეშმარიტად ქართული ოცნება და ჩვენმა შვილებმა მსოფლიოს დიდ და სახელოვან საფეხბურთო ჩემპიონატებში ითამაშონ. თუ მამას ფეხბურთი უყვარს და ვაჟიშვილიც ჰყავს, ბუნებრივია, მისი დაბადებიდანავე ელოლიავება იმედს, რომ მისი შვილი ფეხბურთელი გახდება და, ვინ იცის, სიზმრადაც კი ამას ხედავს. მაგრამ, სამწუხაროდ, ოცნებები იშვიათად ხდება.

თუ შვილს ფეხბურთი მცირე ასაკიდანვე აინტერესებს, ეს მართლაც სასიხარულო რამაა, მაგრამ, შვედი ფსიქოლოგის ოსიენ ჰანსენის დაკვირვებით, მშობლების გამუდმებული ჩიჩინი და ერთი და იმავე ფენომენის (ამ შემთხვევაში – ფეხბურთის) განსაკუთრებულად წარმოჩენის სურვილი ბავშვს პროტესტის გრძნობას უჩენს და შესაძლოა, მისგან გულაცრუებული, საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელი ან უფრო უარესი – სპორტის მოძულე ადამიანი მივიღოთ.

ზოგიერთი ბავშვი სპორტზე მხოლოდ მშობლების ხათრით დადის. ალბათ, მრავალი თქვენგანი ოცნებობს დამჯერ შვილზე, მაგრამ ასეთი ნაძალადევი სპორტსმენი იმ ვეგეტარიანელს ჰგავს, რომელიც მეგობარი ყასბის თხოვნით ბაზარში ხორცს ყიდის და თან ფარული ზიზღისაგან გული ეკუმშება.

ცნობილი აფრიკელი ფეხბურთელი, აბედი პელე, ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში ბავშვობას იხსენებს და ამბობს, რომ შვილის ფეხბურთელობა მამამისსაც ძალიან სურდა, მაგრამ რაკი მის ოჯახს (ისევე როგორც აფრიკული ოჯახების აბსოლუტურ უმრავლესობას) ძალიან უჭირდა, თავის ოცნებას შვილს საგულდაგულოდ უმალავდა.

„როდესაც პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, მამაჩემი უკვე ცუდად იყო და სავადმყოფოში იწვა. კონტრაქტი იქ მივუტანე და მაშინღა გამომიტყდა, რომ ყოველთვის ოცნებობდა ფეხბურთელ შვილზე, მაგრამ ეს აუხდენელ ოცნებად ესახებოდა. უპირველესად, იმიტომ ვარ მამაჩემის მადლიერი, რომ ჩიჩინი არ დაუწყია, გინდა თუ არა, ფეხბურთელი გახდიო. ალბათ, ყველა ბავშვს საკუთარი მონდომებით მიღწეული წარმატება უფრო მეტად ახარებს, ვიდრე ვისიმე თავს მოხვეული სურვილის განხორციელება”, – ამბობს აბედი პელე.

საქართველო აფრიკა არ არის და წარმოუდგენელია, აქ მამამ შვილის ფეხბურთელად გაზრდის სურვილი მხოლოდ გაჭირვების გამო დამალოს, მაგრამ საქართველოში სულ სხვა პრობლემებია და, როგორც ჩვენი სამამულო ფეხბურთის ამბებში კარგად ჩახედული ხალხი ამბობს, „ქართველი მამის სინდრომი” („მამის სინდრომის” შესახებ ჩვენ უკვე დაგვიწერია) ბევრი ბავშვისთვის იქცევა შემაფერხებელ ფაქტორად.

„მამაჩემმა ფეხბურთზე რომ მიმიყვანა, 11 წლის ვიყავი. ვარჯიშებზე მარტოც თავისუფლად შემეძლო სიარული, მაგრამ მამაჩემი, როგორც იტყვიან, თავზე ადგა მწვრთნელს და გამუდმებით სთხოვდა, ძირითად შემადგენლობაში ვეთამაშებინე. ამის გამო თანაგუნდელებთან სულ კონფლიქტი მქონდა. არავის მოსწონდა მამაჩემის ასეთი აქტიურობა. ფეხბურთზე მეც ამიცრუვდა გული და ყველაფერს ვაკეთებდი ვარჯიშისთვის თავის ასარიდებლად. ბოლოს მამაჩემმაც დამანება თავი და ასე დასრულდა ჩემი საფეხბურთო კარიერა”, – ეს სიტყვები 36 წლის თბილისელ მამაკაცს ეკუთვნის, რომელიც დღეს სპორტისგან სრულიად განხვავებული საქმიანობით არის დაკავებული.  

მაინც, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ მისი შვილი სპორტსმენი გახდეს? ამის უტყუარი რეცეპტი, რასაკვირველია, არ არსებობს, მაგრამ თუ უკვე ნახსენებ შვედ ფსიქოლოგს დავუჯერებთ, ბავშვის აღზრდისას უმთავრესი მშობლების ნდობაა, ნდობას კი მხოლოდ ღირსეული მშობლები იმსახურებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი