შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

პატარა ქართველის ოცნება

მსაჯობა ერთ-ერთი ის პროფესიაა, რომელსაც ყოველთვის პატივს ვცემდი და სტადიონზე ყოფნისას, როგორც შემეძლო, ვიცავდი ხშირად უსამართლოდ გათათხულ „შავოსნებს”.

ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მსაჯობა პირადად მე ერთგვარ სამოქალაქო გმირობად მიმაჩნია და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, როდესაც გავიგე, რომ ჩემი ერთი მეგობრის თორმეტი წლის შვილი არა კოსმონავტობაზე, ბიზნესმენობაზე ან პრეზიდენტობაზე, არამედ მსაჯობაზე ოცნებობს.

ინტერესმა თავისი ქნა. ავდექი, შევიძინე პიერლუიჯი კოლინას უზარმაზარი პლაკატი და მსაჯობაზე მეოცნებე ბავშვის სანახავად გავეშურე. პატარა გიორგიმ ჩემთან საუბრისას აღიარა, რომ მისი ოცნება თანაკლასელებისა და ნათესავების დაცინვის მიზეზად ქცეულა, მაგრამ ჯიუტად იმეორებდა, რომ არავის ათხოვებდა ყურს, როდესაც გაიზრდებოდა, მსაჯი გახდებოდა და აუცილებლად უმსაჯებდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს.

არავინ იცის, რა იქნება მომავალში, მართლა დადგება თუ არა დრო, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ქართველი რეფერი განსჯის, მაგრამ ალბათ არ იქნება ურიგო, საქართველოს ჩემპიონატის სამსაჯო ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე ამთავითვე ვიზრუნოთ.

მაღალი დონის, პროფესიონალური სამსაჯო სკოლის გარეშე ჩემპიონატის ხარისხის ამაღლება რომ წარმოუდგენელია, ამაზე არავინ დავობს, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც გამუდმებით ქართველი მსაჯების შეცდომებზე ლაპარაკობენ, სტადიონებზე ხშირად სწორედ მათ მაგინებელთა როლში გამოდიან – ალბათ ჰგონიათ, რომ თუ მსაჯს შეაგინებ, დააშინებ და ბოთლს ესვრი, ის მყისვე პროფესიონალად გარდაისახება და შეცდომები აღარ მოუვა.
ცოდვა გამხელილი ჯობია და, ჩვენს ქვეყანაში კანონის დამცველებს (სხვა საქმეა, რამდენად პატიოსნად იცავდნენ ეს უკანასკნელნი კანონს) არასოდეს სწყალობდნენ. თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში კარგ მოსამართლეებსა და პატიოსან პოლიციელებს ხალხი აღმერთებს, ჩვენთან კარგი პოლიციელის ქება თითქოს სირცხვილია. იგივე შეიძლება ითქვას მსაჯებზეც. მსაჯის პროფესიისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას ეგებ არც მრავალ ევროპულ ქვეყანაში იჩენდნენ, მაგრამ კარგად ნამსაჯებ მატჩებზე მსაჯებისთვის ტაშიც არაერთხელ დაუკრავთ და თავიანთი გუნდების დამარცხებას, მცირე გამონაკლისების გარდა, მსაჯებს იშვიათად აბრალებენ.

ევროპელი საფეხბურთო სპეციალისტები, ჩემი აზრით, საფუძვლიანად სწუხან, რომ ფეხბურთის განვითარების ტემპს მსაჯები ფეხს ვერ უწყობენ, ევროპული სამსაჯო სკოლა (როგორც ტრადიციებზე ორიენტირებული ფენომენი) საკმაოდ ნელა ვითარდება და ამიტომაც გახშირდა მსაჯთა ხშირად უპატიებელი შეცდომები.

ევროპაში მსჯელობენ, ფიქრობენ, კამათობენ და ეძიებენ ამ პრობლემების მოგვარების გზებს. მსაჯთა კრიტიკით ცნობილმა ჟოზე მოურიონიმაც კი აღიარა: „თუკი მსაჯები დღეს ვერ არიან მოწოდების სიმაღლეზე, ეს არა მხოლოდ მათი, არამედ ყველას ბრალიაო”.

ჩვენში კი პრობლემის „მოგვარების” ერთადერთ გზად კვლავ გინება მიიჩნევა. ბევრს ვაჟკაცობაც კი ჰგონია, თუ მსაჯს გვარიანად „შეუკურთხა” და მიმოიხედავს კიდეც – ხალხს თუ ესმის, რა მაგრად ვიგინებიო…

რა თქმა უნდა, სტადიონი ის ადგილია, სადაც ემოციების გამოხატვა არათუ სასურველია – აუცილებელიცაა; არც ის არის გასაკვირი, თუ აღელვებულია მაყურებელი შეიგინება, მაგრამ არა ყოველთვის, ყველა თამაშზე და მუდამ მსაჯის მისამართით.

ასე ჩვენ „ვერ გავფრინდებით”. ვერც თორმეტი წლის გიორგის აუხდება ოცნება – მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე მის „ადგილს” სხვა დაიკავებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი