ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დედის „ოთახი“

„ყველას თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, თავისი სამყარო, სწორი და კარგი ეს იქნებოდა. მხოლოდ ასე შეიძლება სხვისი ცხოვრების გაგება და დადგება დრო, როცა გაგება გახდება მთავარი და არა პრაქტიკული ზრუნვა და დახმარება… იცი, რა? ადამიანი ხომ იშვიათად მოქმედებს უანგაროდ. ხშირად ზრუნვასა და სიყვარულში ისეთი ძალადობაა გახვეული, ვერც წარმოიდგენ… და ეს ძალადობა ყველაფერზე საშინელია. ვინც გარჩენს და გემსახურება, თავისუფლებას გართმევს ხშირად, სურს, რომ წაგართვას, შეუგნებლად ებრძვის შენს პიროვნებას… და იცი, ერთხელაც მწარედ, მწარედ გაგიკვირდება, რომ ის, ვინც გზრდიდა, გაჭმევდა, გბანდა, გივლიდა, გაცმევდა, ვერასოდეს ხვდება, რა დარდი გჭამს, რა სატკივარი…”

ბოლო დროს ინტერნეტში კითხვა დამჩემდა – იქ ბევრ ისეთ წიგნს ვპოულობ, რომელიც არ მაქვს. დღესაც ნაირა გელაშვილის „დედის ოთახიდან” ცალკეული ფრაზები ამოვიკითხე და ფიქრმა ამიყოლია… რატომღაც ხშირად მახსენდება საკუთარი მოზარდობა. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან სათუთი პერიოდია და ყველას განსაკუთრებულად გვახსოვს, ან იმიტომ, რომ უამრავი მოზარდი გვახვევია გარს და მათი ქცევაც თვალში საცემია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მოზარდებს შორის გვიწევს ტრიალი.

ნაირა გელაშვილის „დედის ოთახი” დიდი ხნის წინ წავიკითხე და რატომღაც არასოდეს შემიხედავს ამ თვალით, მაგრამ ახლა, როცა ხელახლა გადავავლე თვალი, ჩემი და რამდენი ჩემისთანას სატკივარი გამახსენდა…

ზემოთ მოზარდთა თვალში საცემი ქცევა ვახსენე – ერთი მეგობარი მყავს, რომელმაც მითხრა, ბავშვობაში იმდენი რამ გადავიტანე, კიდევ კარგად ვარო. ამან დამაფიქრა იმ მოზარდებზე, რომელთა თვალში საცემი ქცევა ყველას გვაღიზიანებს, მის მიზეზებზე კი ნაკლებად ვფიქრობთ. მინდა, blogger.ge-ზე გამოქვეყნებული წერილი გაგიზიაროთ და ყველას, ვისაც უკვე ჰყავს შვილი ან მომავალში გახდება მშობელი, ვთხოვო დაფიქრდეს, რათა თავისი მშობლების შეცდომები არ გაიმეოროს.
„წერილი მამას

დიდი ხანია შენთან ამაზე ლაპარაკი მინდოდა. თუმცა ვერა და ვერ გავბედე. ჩემთვის ვინახავდი გულში, მაგრამ ეხლა აღარ შემიძლია.

როცა ამბობდნენ მოზარდობის ხანა ადმიანის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდიაო, ვერ ვაცნობიერებდი რაზე საუბრობდნენ. ეხლა კი ვხვდები რომ ეს ნამდვილად ასეა. უკვე ვეღარ ვიტან teen age პერიოდს. ჩემს შემთხვევაში კიდევ უფრო ამძაფრებს ამ სირთულეს ის, რომ ორივე(მშობლები) ასე დაუნდობლად მექცევით. ისიც კი ვიფიქრე ნაშვილები ხომ არ ვართქო. თუმცა ეს წინა წელს იყო, ჩაიარა. როცა ძველ ნივთებს ვალაგებდი,წერილები ვიპოვნე. შენ წერდი საავადმყოფოში დედას. სახელს არჩევდით ჩემთვის. იქ სხვა დამადასტურებელი საბუთებიც იყო რამაც დამარწმუნა რომ ნამდვილად თქვენი შვილი ვარ. 

ძალიან მინდა ნორმალური ოჯახი მყავდეს და ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს. მე ორივე მიყვარხართ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ვერ მიტანთ, მაგრამ ხანდახან იმასაც ვგრძნობ, რომ გიყვარვართ. არ ვიცი ეს იმიტომაა ასე რომ მინდა იყოს თუ მართლა ასეა, მაგრამ… ამაზე მინდოდა შენთან მელაპარაკა, თუმცა არასოდეს მაქცევ ყურადგებას, შენთან ასეთ თემებზე საუბარი შეუძლებელია.

გუშინ ძლივს მოხერხდა რომ გვესაუბრა მაგრამ…

შენი აზრით რჩევა-დარიგებას მაძლევდი, მაგრამ გული ისე მატიკინე როგორც არასდროს. შენ ფიქრობ, რომ ქარაფშუტა და უჭკუო ვარ, მაგრამ ცდები. ასეთი არ ვარ. ყველაზე მატად დამცირება მტკენს გულს, მითუმეტეს შენგან, შენ ხომ ამას ხშირად აკეთებ.

ეს იყო მიზეზი იმის, გუშინ საუბრისას ტირილი ვეღარ შევიკავე. შენგან მიჩვეული ვარ დაუფიქრებლად წამოსროლილ სიტყვებს, დამცირებებს, მაგრამ გუშინ ზედმეტი მოგივიდა. შენ შეიძლება არც გახსოვს…

როცა მითხარი „თუ ასე უტვინოდ აპირებდი ცხოვრებას რატომ მოდიოდი საერთოდ ამქვეყანაზეო” მერჩივნა იქვე მოვმკვდარიყავი. ეს საშინელება იყო. ამ სიტყვებით შენ მითხარი, რომ ასეთი არავის ვჭირდები, ჯობია მოვკვდე. მინდოდა მიმეხვედრებინა ეს შეცდომა შენთვის მაგრამ არ გამომივიდა, შენ ხომ არასოდეს აქცევ ასეთ რამეს ყურადღებას.

რჩევის მოსმენაზე უარს არასოდეს ვამბობ. მაგრამ რჩევას ფორმა აქვს თავისი.

შეიძლება მითხრა, რჩევას მოგცემ, „ასე” მოიქეცი ჯობია. მაგრამ ასე არასოდეს მოქცეულხარ. არც შენ და არც დედა. თქვენს რჩევა-დარიგებებს რატომღაც ყოველთვის დამცირების, ლანძღვის და ჩხუბის ფორმა აქვს.

მე დახმარება მჭირდება, რომ სწორად ვიცხოვრო. ვიცი ბევრ შეცდომას ვუშვებ, მაგრამ ეს გამივლის ასაკთან ერთად. არ ვარ ისეთი ცუდი თქვენ რომ გგონივართ. არასოდეს გატყუებთ და ამას არც მომავალში გავაკეთებ.
თქვენ გგონიათ სწორად ზრდით შვილს, მაგრამ ასე არ არის. ზოგჯერ დიდებიც ცდებიან. ძალიან ჭკვიანებიც.
ხშირად მომისმენია ბავშვების აღზრდის მეთოდების შესახებ. ამ თემაზე ტელეგადაცემებიც კეთდება. როცა მათ ვუსმენ, ყოველთვის ერთი გძნობა მეუფლება, ისინი მე მიგებენ მაგრამ თქვენ ვერა და ვერ გამიგეთ. მე სულ ვცდილობ გაგიგოთ,ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ რომ მართლა იმდენად უჭკუო ვარ რომ ვერაფერს ვიგებ და ყველაფერი ჩემი ბრალია. ასე საკუთარ თავს ვაჩლუნგებ და წარმომიდგენია მომავალში რაც მოხდება ჩემს სულში. თავმოყვარეობა თუ აღარ შემრჩა რა ვიქნები. მგონი არცერთ მშობველს არ უნდა რომ მისმა შვილმა ყველანაირი დამცირება აიტანოს და უთავმოყვარეო ადამიანი გაიზარდოს. თქვენ კი საით მიგყავართ.. ვეღარ ვიგებ რა ვქნა!..”

არ ვიცი, როგორი დედა ვიქნები, მაგრამ ვიცი, როგორი არ ვიქნები… მეცოდინება, რომ: „ის შვილია და მომავალი; მე მივდივარ, ის მოდის. იმისი დღენი გასავლელი მინდორია…” და რომ: „დედაშვილობაში შენ-ჩემობა რად არის? დედაშვილობაში ორი თვალი რად უნდა იყოს? ნეტავ დედას სხვასავით მაინც ორი თვალი არა ჰქონოდა… თუ აქვს, რად უჭრის ერთი თავისად, მეორე შვილისად? გული რად იხედება გარეთ ორის თვალითა, რად? რატომ ერთი თვალი არ ებრმავის, როცა მეორე იყურება?.. ვინ ვისთვისაო, რა საკითხავია დედაშვილობაში?..” /ილია ჭავჭავაძე, “ოთარაანთ ქვრივი”/

იდეალურები ვერ ვიქნებით, მაგრამ ყველა ჩვენგანი უნდა ეცადოს იმის დანახვას, სად გადის ზღვარი შვილისთვის შექმნილ მომავალსა და საკუთარი თავისთვის შექმნილ მომავალს შორის, დაფიქრდეს, შვილის არჩევანია ესა თუ ის გადაწყვეტილება თუ საჩვენ-საკეთილდღეო და მისცეს შვილებს უპირობო – “ამიტომის” და “იმიტომის” გარეშე – სიყვარულის მაგალითი, მისცეს თავისუფლება, მანამდე კი ასწავლოს თავისუფლების სწორი გაგება და დნმ-ს უწყვეტი ბმულივით შექმნას ჯანსაღი მომავალი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი