შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ენის ფარდობითობის თეორიასეპირ-უორფის ჰიპოთეზა

მახსოვს, გაოცებისა და პროფესიული არჩევანის გამართლების განცდა დამეუფლა, როდესაც ენის ფარდობითობის თეორიის შესახებ შევიტყვე. უმთავრესად იმიტომ, რომ “ენას შეუძლია, გავლენა მოახდინოს ჩვენს სოციოკულტურულ ცნობიერებაზე და უფრო მეტი – ზოგ შემთხვევაში სავსებითაც განსაზღვროს იგი”. აღმოჩნდა, რომ ეს საკითხები დღესაც თავკიდური ლოდია ენათმეცნიერების, კულტუროლოგიისა თუ ანთროპოლოგიის შესწავლით დაინტერესებულ პირთა წრეებში.

ჰიპოთეზა, რომელიც ენათმეცნიერებაში ენის ფარდობითობის სახელით არის ცნობილი, შემდეგ პოსტულატებს ემყარება: ენა განაპირობებს მისი მატარებლის აზროვნების ტიპს, სამყაროს აღქმის ხერხი დამოკიდებულია ენაზე, რომლითაც აზროვნება ხორციელდება. აქედან ენის, ყოველი ხალხის მსოფლხედვისა და მსოფლგაგების საფუძველია საგნობრივ მნიშვნელობათა საკუთარი სისტემა, სოციალური სტერეოტიპები, კოგნიტური სქემები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ცნობიერება ყოველთვის განპირობებულია ეთნიკურად. ეთნოსოციოკულტურული ფაქტორი ჭვივის ჩამოყალიბებისა და ფორმულირების ნაციონალურ-ეთნიკურ თავისებურებებში. ამ ზოგად დებულებებში იკვეთება ენის (დედაენის) როლი ადამიანის შემეცნებით მოღვაწეობაში: ცნობიერების სტრუქტურათა შესახებ ჩვენი ცოდნა მხოლოდ იმ ენის წყალობითაა, რაც ნებისმიერ ბუნებრივ ენაზე ამ სტრუქტურათა შესახებ ლაპარაკისა და მათი აღწერის საშუალებას იძლევა.

ენისა და აზროვნების საკითხებით დაინტერესებას ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გამოხატავდნენ. ძვ. წ. მე-5 საუკუნეში ჰეროდოტე შენიშნავდა, რომ ძველი ბერძნები და ეგვიპტელები არაერთგვაროვნად აზროვნებდნენ და მიზეზად იმ ფაქტს მიიჩნევდა, რომ ბერძნები წერდნენ მარცხნიდან მარჯვნივ, ხოლო ეგვიპტელები – მარჯვნიდან მარცხნივ. 1820 წელს კი ბერლინის მეცნიერებათა აკადემიას მოხსენდა ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის ნაშრომი “შედარებითი ენათმცოდნეობა ენის განვითარების სხვადასხვა ეპოქასთან მიმართებით”, რომლის კვლევა-ძიების ძირითად პუნქტად მიჩნეულია ენათა მიმართების გარკვევა იდეებთან როგორც ენათა საერთო შინაარსთან, რადგან აქეთკენ იხრება, მისივე შედარებით, ყველა ენა, “მსგავსად კრებადი სხივებისა”. ამავე აკადემიაში 1957 წელს გაიმართა დისკუსია თემაზე: “რა გავლენას ახდენს ენა ადამიანის აზროვნებაზე”. ფიქრობენ, რომ ამ დისკუსიაში გამარჯვებულმა თხზულებამ გარკვეული ბიძგი მისცა ი. გ. ჰერდერსა და ვ. ფონ ჰუმბოლდტს. მათი მოსაზრებები საფუძვლად დაედო ენობრივი გონისა (Sprachegeist) და ხალხის სულის (Volksselle) ფაქტორების წინ წამოწევასა და გაცნობიერებას.

ვ. ფონ ჰუმბოლდტმა ენა ეროვნული ცნობიერების გამოვლინებად წარმოგვიდგინა. ენათა სხვადასხვაობა არის დადასტურება ერებს შორის არსებული განსხვავებებისა, რომლებიც მოიპოვება მათს აზროვნებასა და სამყაროს გაგებაში. მან ერი მიიჩნია კაცობრიობის ინდივიდუალიზაციის ფორმად, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ იგი ენობრივი გარკვეულობის მქონეა. კაცობრიობის დაყოფა ხალხებად და ტომებად ვ. ფონ ჰუმბოლდტმა დააკავშირა ენებად და დიალექტებად დაყოფასთან. კაცობრიობის დაყოფა ოდენ ენებად უგამონაკლისო ემპირიული კანონია, სადაც ცხადზე უცხადესადაა წარმოჩენილი ენის წარმმართველი როლი კულტურასა და საზოგადოებასთან მიმართებით. თუმცა ენათმეცნიერებას (სხვა, მომიჯნავე დარგებთან ერთად) საკმაოდ გრძელი გზის გავლა მოუხდა, რათა მე-20 და 21-ე საუკუნეთა მიჯნაზე კვლავ აღიარებულიყო ენის ქმედითი როლი ადამიანის, კულტურასა და საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსაზრება ჯერ კიდევ ჰუმბოლდტთან იყო მოცემული, მას მთელი ამ ხნის განმავლობაში  დროდადრო საფუძვლიანად ივიწყებდნენ; ოღონდ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ყოველი ახალი გამოფხიზლება ახალი არგუმენტების მოყვანითა და კვლევის ახლებური მეთოდების შემოღებით აღინიშნებოდა. სწორედ ვ. ფონ ჰუმბოლდტის იდეების აღორძინება და მათი კონკრეტიზაცია დაისახეს მიზნად დასავლეთგერმანელმა (რომელთაც სათავეში ედგა გამორჩეული ენერგიის მქონე პიროვნება იოჰან ლეო ვაისგერბერი) და ამერიკელმა ნეოჰუმბოლდტიანელებმა. მათი ღირსეული წარმომადგენელი კი გახლდათ ედუარდ სეპირი, ენათმეცნიერი და ეთნოლოგი, ავტორი თეორიული ნაშრომებისა და ნარკვევებისა ენისა და კულტურის შესახებ, ამერიკელ ინდიელთა ენების უდიდესი სპეციალისტი, რომლის კონცეფციამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამერიკული სტრუქტურალიზმის განვითარებაზე.
 

ედ. სეპირის კვლევის მთავარი პრობლემებია ენისა და აზროვნების, ენისა და კულტურის ურთიერთმიმართება. ვ. ფონ ჰუმბოლდტთან და ფ. დე სოსიურთან მას აახლოებს სწორედ ენის გაგება არა როგორც პასიური იარაღისა, რომელიც წარმოადგენს სინამდვილისა და აზრების უბრალო დუბლირებას, არამედ ფენომენისა, რომელიც თვით არის აქტიურად ჩართული შემეცნებისა და კულტურის აგების პროცესში და მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ორივე მათგანზე. ადამიანები ცხოვრობენ არამხოლოდ საგანთა ობიექტურ სამყაროში და არამხოლოდ საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფეროში, როგორც ჩვეულებრივ მიაჩნიათ, – წერს ედ. სეპირი, – ისინი მნიშვნელოვანწილად იმყოფებიან იმ კონკრეტული ზეგავლენის ქვეშ, რომელიც წარმოადგენს მოცემული საზოგადოებისთვის ურთიერთობის საშუალებას. შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ჩვენ შეგვიძლია ბოლომდე შევიცნოთ სინამდვილე ენის მოუშველიებლად, ან ჩაგვეთვალა, რომ ენა არის მეორეხარისხოვანი, შემთხვევითი საშუალება ურთიერთობისა და აზროვნების ზოგიერთი კერძო საკითხის გადაწყვეტისა. სინამდვილეში რეალური სამყარო ძირითადად არაცნობიერად იგება მოცემული ჯგუფის ენობრივი ნორმების საფუძველზე… ჩვენ ვხედავთ, ვისმენთ და აღვიქვამთ ამგვარად ან სხვაგვარად ამა თუ იმ მოვლენას იმის წყალობით, რომ ჩვენი საზოგადოების ენობრივი ნორმები გულისხმობს გამოხატვის მოცემულ ფორმას.

დღეს სეპირ-უორფის ჰიპოთეზა, ისევე როგორც ჰუმბოლდტის მოძღვრება ენის შესახებ, მნიშვნელოვან მონაპოვრად მიიჩნევა, რომელიც ყოველმხრივ შესწავლასა და კრიტიკულ ანალიზს მოითხოვს. ის გარემოება, რომ სეპირს რეალური სამყარო მოცემული ენობრივი კოლექტივის ნორმებზე აგებულად მიაჩნია, სრულიად არ უარყოფს ობიექტური სამყაროს არსებობას ან მის შეუცნობადობას. ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ ადამიანი ენის გარეშე უმწეო იქნებოდა, რადგან ობიექტური სამყარო თავისებურად არის გარდატეხილი ადამიანის ცხოვრებაში. სინამდვილის ასახვა აზროვნებაში ფოტოგრაფირება არაა, იგი მნიშვნელოვნად არის განპირობებული ენის როგორც მაშუალებლის თავისებურებით, მისი სისტემის ხასიათით, რომელიც გარკვეულ მსოფლხედვას (Weltansicht) წარმოადგენს. სწორედ ამიტომ არის, რომ ენები სხვაობენ ობიექტური სამყაროს დანაწევრების საკითხში. ასე რომ არ იყოს, გამოვა, რომ ენათა შორის სხვაობა მხოლოდ ბგერით მხარეზე დაიყვანება, ეს კი საკითხის გაუბრალოება იქნებოდა. ამასთანავე, დაისმოდა საკითხი: კი მაგრამ, რა აუცილებელია ერთი და იმავე საგნის სახელი სხვადასხვა ენაში სხვადასხვა ბგერითი თანმიმდევრობით იყოს წარმოდგენილი? თუკი ენა ასლის გადაღებას ახდენს საგნიდან, ხოლო ყველა ენაში შინაარსის პლანი ზუსტად ერთგვარია, რატომღა არ შეიძლება, ბგერითი გარსიც ერთი იყოს? ეს რთული პრობლემა ამოატივტივებს ენობრივი ცნობიერების უნიკალურობის საკითხს, რაც დაკავშირებულია ენის ენერგეისტულ განხილვასთან. ცნობილია ასევე ედ. სეპირის ანთროპოლოგიისა და ლინგვისტიკის ანტირასისტული ხასიათი. იგი ე.წ. პრიმიტიულ ენებს (იგულისხმება ნაკლებცივილიზებულ ხალხთა ენები) არათუ ჩქმალავს, წინა პლანზეც კი წამოსწევს. ენობრივი სისტემა არ შეიძლება “ჩამორჩენილი” ან “უკულტურო” იყოს. ყოველ ენას სინამდვილის ასახვის თავისი ხერხები აქვს, რომლებიც არ თანხვდება ცივილიზებული ხალხების ენათა ხერხებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანს უპირატესობა უნდა მიენიჭოს. ამგვარად, არავითარ დისკრიმინაციასთან საქმე არ გვაქვს. ედ. სეპირი საგანგებოდ მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ “ენობრივი ჯგუფი სრულიადაც შეესატყვისება რომელიმე რასის კულტურულ ზონას. ზოგჯერ ჩვენ ვხედავთ კიდეც, როგორ კვეთს ცალკეული ენა რასობრივ და კულტურულ საზღვრებს. ინგლისური ენა არ არის ენა ერთიანი რასისა. შეერთებულ შტატებში რამდენიმე მილიონმა ზანგმა არ იცის სხვა ენა, გარდა ინგლისურისა. ეს მათი მშობლიური ენაა, გარეგანი საბურველი მათი აზრებისა და განცდებისა. ეს მათი განუსხვისებელი საკუთრებაა, ისეთივე მათი, როგორც თვით საკუთარი მეფისა. მაგრამ ამერიკის არც თეთრკანიანი მოსახლეობა ქმნის განსაკუთრებულ რასას”

ამრიგად, სეპირის თეორიულ ნააზრევში მთავარი ადგილი უჭირავს ორ პრობლემას:

1. ენისა და აზროვნების ურთიერთმიმართებას და 2. ენასა და კულტურას. ენისა და აზროვნების ურთიერთმიმართების საკითხზე ედ. სეპირის შეხედულებებს ამსგავსებენ ფ. დე სოსიურისა და ვ. ჰუმბოლდტის თვალსაზრისებს. ფ. დე სოსიურის შეხედულებას უახლოვდება ედ. სეპირის დებულება, რომლის მიხედვითაც, ენა დასრულებულ სახეს აძლევს აზროვნებას, ის არ არის იარლიყი, რომელიც ედება უკვე მზა აზრს. ედ. სეპირი წერს: “ენა არის იარაღი, რომელიც განკუთვნილია ისეთ სფეროში გამოსყენებლად, სადაც ჯერ კიდევ არა გვაქვს არავითარი ცნებები შინაარსისას”. იგი ფიქრობს, რომ ენები ჩვენთვის მეტია, ვიდრე აზრთა გადაცემის საშუალებები, რომ ენა წარმოადგენს სახელმძღვანელოს სოციალური სინამდვილის აღსაქმელად… იგი არის არა მეტ-ნაკლებად სისტემაში მოყვანილი სია ცდის ელემენტებისა, რომლებიც ინდივიდისთვის, როგორც ხშირად ფიქრობენ, ცნობილია, არა სიმბოლოთა ჩაკეტილი პროდუქტიული სისტემა, რომელიც მიმართებაშია უმთავრესად ენის დაუხმარებლად მოპოვებულ ცდასთან, არამედ სინამდვილეში განგვისაზღვრავს ცდას თავისი ფორმალური სტრუქტურის მეოხებით და იმის გამოც, რომ ჩვენ არაცნობიერად გადაგვაქვს ენის მიერ დადგენილი ნორმები ცდის სფეროში. ამ მხრივ ენა გვაგონებს მათემატიკურ სისტემას, რომელიც სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით აფიქსირებს ცდას მხოლოდ თავის ამოსავალ დებულებებში, მაგრამ დროთა განმავლობაში იქცევა ცნებათა დამოუკიდებელ სისტემად, რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერ ცდას განსაზღვრული წესების შესაბამისად… [მნიშვნელობანი] არა იმდენად იხსნებიან ცდაში, რამდენადაც თავს ეხვევიან მას იმ ტირანული ძალაუფლების გამო, რომელიც აქვს ენობრივ ფორმას ჩვენი ორიენტაციის მიმართ სამყაროში. აქ მოხმობილ აზრს მიიჩნევენ სეპირის ძირითად მოსაზრებად ენის ზეგავლენის თაობაზე გარესამყაროს შესახებ ადამიანის წარმოდგენათა სისტემის ფორმირებაზე, რაც საფუძვლად დაედო ეთნოლინგვისტიკას.

სეპირის ეს და სხვა, მსგავსი მოსაზრებები მოგვიანებით განავითარა მისმა მოწაფემ, ბენჯამინ ლი უორფმა, რომლის იდეებიც, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ყოფილა ენათმეცნიერი, დღესაც აქტუალურია. მიჩნეულია, რომ მის ნაშრომებში მსჯელობის უკიდურეს განვითარებას ვხვდებით. იგი ცდილობს დაამტკიცოს, რომ თვით ძირითადი კატეგორიებიც კი სუბსტანციისა, დროისა, სივრცისა სხვადასხვაგვარად იქნენ გაგებულნი ენათა სტრუქტურული თავისებურებებიდან გამომდინარე.

  
უორფი ერთგან ამბობს: სამყარო წარმოდგენილია შთაბეჭდილებათა კალეიდოსკოპური ნაკადით, რომელიც ჩვენმა გონებამ უნდა დაალაგოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უნდა მოხდეს ჩვენს გონებაში არსებული ენობრივი სისტემების საშუალებით. ჩვენ ვანაწევრებთ გარემოს, ვანაწილებთ ცნებებად და მივაკუთვნებთ […] მათ მნიშვნელობებს, რაც კოდირებულია ჩვენი ენის მოდელებში. უორფის ნაშრომს ეპიგრაფად უძღვის ცნობილი ამონარიდი სეპირის ერთ-ერთი გამოკვლევიდან, რომელიც პირველად 1929 წელს დაიბეჭდა: “ადამიანები ცხოვრობენ არა მარტო საგანთა ობიექტურ სამყაროში და არა მარტო საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფეროში, როგორც ეს ჩვეულებრივ მიიჩნევა, არამედ ისინი მნიშვნელოვანწილად იმყოფებიან იმ კონკრეტული ენის გავლენის ქვეშ, რომელიც მოცემული ეთნიკური ჯგუფის საურთიერთო საშუალებას წარმოადგენს. შეცდომა იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ჩვენ სრულად ძალგვიძს სინამდვილის შეცნობა ენის დაუხმარებლად, ან, რომ ენა არის გვერდითი საშუალება ურთიერთობისა და აზროვნების ზოგიერთი კერძო პრობლემის გადასაწყვეტად. სინამდვილეში რეალური სამყარო მნიშვნელოვანწილად არაცნობიერად აიგება მოცემული საზოგადოების ენობრივი ნორმების საფუძველზე. არ არსებობს იმდენად ერთნაირი ორი ენა, რომ შესაძლო იყოს მათი მიჩნევა ერთი და იმავე სოციალური სინამდვილის გამომხატველად. სამყაროები, რომლებშიც ცხოვრობს სხადასხვა საზოგადოება, ცალკეული სამყაროებია და არა ერთი სამყარო, რომელიც იყენებს სხვა იარლიყს”. აღნიშნული მოსაზრება მისი მთავარი სახელმძღვანელო დებულებაა. სეპირის რჩევით, უორფმა შეისწავლა რამდენიმე ამერინდიური ენა, მათ შორის – ჰოპი. შედარების მიზნით მან შექმნა ერთგვარი ენა-ეტალონი – საშუალევროპული სტანდარტი (Standard Avarage Europian (SAE)), რომელშიც გააერთიანა ევროპის ინდოევროპულ ენათა საერთო ტიპოლოგიური თავისებურებანი. საშუალევროპული სტანდარტის ენებში არსებითი სახელის მრავლობითი რიცხვი და რაოდენობითი რიცხვითი სახელი იხმარება რეალურად არსებული საგნების (მაგ., ხეები, მცენარეები, ზღვები, წლები…) დასახელებისას. ჰოპი ენაში კი ისინი მხოლოდ რეალურად აღქმადი საგნების შემთხვევაშია პოვნიერი. თუ ჩვენ ვამბობთ: “ისინი დარჩნენ ათ დღეს”, – ჰოპის ტომის ინდიელი ასე იტყვის: “ისინი დარჩნენ მეთერთმეტე დღემდე”. ამ ენაში არ არის აწმყო, ნამყო და მყოფადი; აქ მთავარია, რამდენად შეესაბამება ნათქვამი სინამდვილეს, მომხდარია თუ მოსახდენია. ამ და სხვა მასალებზე დაყრდნობით უორფი ამბობს, რომ სხვადასხვა ენა ერთმანეთისგან განსხვავებული კულტურული ფასეულობების შემქმნელია, ისინი განსხვავებულ სამყაროებს წარმოადგენენ. საბოლოოდ, მისი ძირითადი დებულებები, რომლებიც სპეციალურ ლიტერატურაში სეპირ-უორფის სახელწოდებით არის ცნობილი, ასე ჩამოყალიბდა: 

1. ენა განსაზღვრავს კულტურულ-საზოგადოებრივ ცნობიერებას (ლინგვისტური დეტერმინიზმი);

2. ენა ზემოქმედებს კულტურაზე (ლინგვისტური ფარდობითობა).

უორფის ნაშრომები ძირითადად მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი ფართო სამეცნიერო საზოგადოებისთვის. ეს კი იმ დროს დაემთხვა, როდესაც ენათმეცნიერებაში თანდათან უფრო მოდური ხდებოდა კონსტრუქტივისტული იდეები. ამიტომაც უორფის მოძღვრების იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც ენა განსაზღვრავს ადამიანთა აზროვნებასა და კულტურას, ანუ ლინგვისტურ დეტერმინიზმს, კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. სამაგიეროდ, სამეცნიერო საზოგადოებამ უფრო შეიწყნარა მისი ჰიპოთეზის მეორე, შედარებით ზომიერი ნაწილი. ბრიტანელი მეცნიერი ჰელიდეი (1978) მრავალ ასპექტში ეთანხმება უორფს, მაგრამ, მისგან განსხვავებით, ხაზს უსვამს ენის ცვალებადობას და ვარირებას. ჩვენ არ ვიმყოფებით გრამატიკული კატეგორიების ტყვეობაში, რადგან გრამატიკის პოტენციალი საშუალებას გვაძლევს, მისი რესურსები სულ სხვადასხვაგვარად გამოვიყენოთ და მოვახდინოთ სამყაროს ინტერპრეტირება სხვადასხვა თვალსაზრისით.

რა გასაკვირიც უნდა იყოს, ზოგიერთი სპეციალისტი ფ. დე სოსიურის ნააზრევშიც კი პოულობს ლინგვისტური ფარდობითობის თეორიის წანამძღვრებს. ახალზელანდიელი კოგნიტივისტი ჯონ რ. ტეილორი ეყრდნობა სოსიურის იმ დებულებას, რომლის მიხედვითაც აზრი თავისი ბუნებით უფორმოა და, აქედან გამომდინარე, მივყავართ დასკვნამდე, რომ თითოეული ენა ერთმანეთისაგან განსხვავებული და არათავსებადი სახით მოახდენს ერთი და იმავე აზრის სტრუქტურირებას. ვინაიდან თითოეულ ენაში სამყაროს უნიკალური კონცეპტუალიზაციაა დაუნჯებული, ჩვენ არ უნდა მოველოდეთ, რომ ვიპოვით მსგავსი ცნებების სიმბოლიზებას განსხვავებულ ენებში, ხოლო თარგმნა ერთი ენიდან მეორეზე შეუძლებელი იქნებოდა. პრაქტიკულად, სოსიურის მიმდევრებმა არ გაიზიარეს ფარდობითობის უკიდურესი პოზიცია, რაც ენობრივი ნიშნის შესახებ სოსიურის შეხედულებებიდან გამომდინარეობდა (ტეილორი, 2003, გვ.55).

ბენჯამინ ლი უორფის დაბადებიდან (1897-1941) ას წელზე მეტი გავიდა. მიუხედავად ამისა, მისი თეორიული კომპლექსი, რომლის ცენტრალური და საყრდენი საკითხია ენობრივი ფარდობითობის ცნება, კვლავ იპყრობს ლინგვისტთა გამორჩეულ ყურადღებას. ნიშანდობლივია, რომ ბოლო წლებში სპეციალისტებმა თავი ანებეს ამ საკითხთა უბრალო თეორეტიზებას და ხელი მოჰკიდეს აღნიშნული ჰიპოთეზის ძირითადი დებულებების დამამტკიცებელი ემპირიული მასალის ძიებას. სწორედ ამ ემპირიული მასალის ანალიზის საფუძველზე წარმოჩნდა, რომ უორფის იდეები საკმაოდ მყარი ონტოლოგიური საფუძვლის მქონე ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეხედულებები გამოთქმული იყო ტერმინოლოგიით, რომელსაც აკლდა ლინგვისტურ კატეგორიათა მოქნილობა, როგორიც გამომუშავდა გასული საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, განსაკუთრებით – კოგნიტიურ ლინგვისტიკაში. ამჟამად მიმდინარეობს უორფის თეორიის რეაბილიტაციის გაცხოველებული პროცესი (იხ. მაგ., ნიმაიერი და დირვენი, 2000 Niemeier, S. and Dirven R. (eds.), Evidence for linguistic relativity. Amsterdam: Walter de Gruyter, 2000 ; პიუტცი და ვერსპოორი, 2000 Pütz, M. and Verspoor, M.H. (eds.) Exploration in Linguistic Relativity. Amsterdam: Walter de Gruyter, 2000 Amsterdam: Walter de Gruyter, 2000; დანციგერი, 2001; მოსხონასი, 2002; ჯენტნერი და გოლდინ-მიდოუ, 2003 და სხვ.).
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი