პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

“ხელოვნების ამბავი” როგორც ზოგადი პედაგოგიკის სახელმძღვანელო

როდესაც ხელოვნების თეორეტიკოსი ერნსტ გომბრიხი ნახევარი საუკუნის წინ საგანგებოდ მკითხველთა ფართო წრისთვის გასაგებ ენაზე “ხელოვნების ამბავს” წერდა, ბუნებრივია, ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს წიგნი მსოფლიო ბესტსელერი გახდებოდა. იგი ვერც იმას იფიქრებდა, რომ მრავალი წლის შემდეგ ერთი ქართველი პედაგოგი მის წაკითხვას დაჟინებით ურჩევდა კოლეგებს.

წიგნი, რომელიც ქვეყნების, ეპოქებისა და მიზეზშედეგობრივი ჯაჭვის გათვალისწინებით მოგვითხრობს ხელოვნების ისტორიას, მრავალი წელია, სახელოვნებო სკოლებში სახელმძღვანელოდ არის ქცეული. მას ეცნობოდნენ და სწავლობდნენ თბილისის სახელოვნებო სასწავლებლებშიც, თუმცა ქართულ ენაზე მხოლოდ ამ ცოტა ხნის წინ გამოსცა “ლოგოს პრესმა”. არც მისი მთარგმნელები – ქართველ ხელოვნებათმცოდნეთა ჯგუფი – და არც გამომცემელი არ გაიკვირვებენ, თუ ვიტყვი, რომ ხელოვნების სპეციალისტებზე მეტად (რადგან მათ უამრავი სხვა ლიტერატურის გაცნობა-შესწავლაც უწევთ) “ხელოვნების ამბავი” სკოლის მასწავლებლებს სჭირდებათ, მაგრამ არა ხელოვნებისას ან მხოლოდ ჰუმანიტარული საგნებისას, არამედ ყველას, განურჩევლად სპეციალობისა.

ალბათ არც ერთი პროფესიის ადამიანს არ უწევს დღის განმავლობაში იმდენ კითხვაზე პასუხის გაცემა, რამდენზეც მასწავლებელს. ეს ბუნებრივიცაა – შემეცნების პროცესი ხომ გამუდმებით რაღაცის გარკვევას, ახსნას და დაზუსტებას გულისხმობს. თუმცა მასწავლებელს უხდება, პასუხი გასცეს კითხვებს არა მხოლოდ საკუთარი საგნის გარშემო, არამედ იმ საზოგადოებრივ გარემოში წამოჭრილ უამრავ მოსაზრებაზეც, რომელშიც ბავშვები ცხოვრობენ. ვერ ვიტყვით, სახელდობრ რა თემებზე უწევს მსჯელობა მოსწავლეებთან ევროპისა თუ ამერიკის, თუნდაც აზიის ქვეყნების სკოლის მასწავლებელს, მაგრამ საქართველოში ეს სწორედ ის საკითხებია, რომელთა შესახებ ჩვენი შვილები ყოველდღიურად ისმენენ ტელევიზიით ან სოციალურ ქსელებში კითხულობენ. ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პრობლემები მათ არეალშიც ღრმად იჭრება, ხოლო მასწავლებელს, განურჩევლად იმისა, რომელ საგანს ასწავლის, უწევს, პასუხი გასცეს ამგვარ კითხვებს: სწორია თუ არა სტალინის ძეგლის აღდგენა? რაში გვჭირდება ე.წ. იმელის შენობა? ხელოვნებაა თუ არა მესტიაში დადგმული თამარ მეფის ძეგლი? რა დაიკარგა ბაგრატის ტაძრის რესტავრაციისას? რატომ გაუჩნდა ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს მწერალ ზაზა ბურჭულაძის ცემის სურვილი? უნდა მივიღოთ თუ არა მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში?

საყურადღებოა, რომ წმინდა პოლიტიკური საკითხები სასკოლო ასაკის ახალგაზრდებს ნაკლებად აღელვებთ. საყურადღებოა ისიც, რომ მათ აზრს ამა თუ იმ საკითხზე ოჯახი და გარემო აყალიბებს – თავად არ გააჩნიათ სათანადო ცოდნა, რათა მოვლენები სწორად გააანალიზონ, ამიტომ მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის როგორც ერთ-ერთი ავტორიტეტის აზრს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ე.წ. წმინდა თემები არც საზოგადოებაში არსებობს და ფილმის გადაღება იქნება თუ რომელიმე შენობის დანგრევა-აღმართვა, საყოველთაო მღელვარებას იწვევს, რამდენადაც ეს საზოგადოებრივ-კულტუროლოგიური პრობლემა ხდება.

ქართული საზოგადოების ერთ-ერთი თვისება ხელოვნებისადმი ინტერესია. ეს უაღრესად დადებითი თვისებაა და ერის ინტლექტუალურ განვითარებაზე მიუთითებს, თუმცა კი სწორედ ხელოვნების ნიმუშებზე საუბარს მოჰყვება ხოლმე საზოგადოების მხრივ არასწორი ინტერპრეტაციები, საფუძველს მოკლებული კრიტიკა, აგრესიაში გადაზრდილი დისკუსია, სადაც პროფესიონალთა აზრს ყველაზე ნაკლებად ითვალისწინებენ. სკოლის მასწავლებელი კი საზოგადოების ის რგოლია, რომელსაც ახალგაზრდა თაობის სწორი აზროვნების ჩამოყალიბება აკისრია. მაგრამ პედაგოგები ხშირად ექცევიან ჩიხში და არა მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე საკითხი არ იციან (რაც სულაც არ არის სირცხვილი და დანაშაული), არამედ პრობლემაში გარკვევის, სტერეოტიპების გადალახვის, განსხვავებული აზრის მიღების, მსოფლიო პროცესების გააზრებისა და გაანალიზების უუნარობის გამო.

ჩემი დაჟინებული რჩევა, სკოლის მასწავლებლებმა წაიკითხონ ერნსტ გომბრიხის ნაშრომი “ხელოვნების ამბავი” იმით არ არის გამოწვეული, რომ ხელოვნების ისტორიის ცოდნა ყველა ზოგადსაკაცობრიო კითხვაზე იძლევა პასუხს; უბრალოდ, ამ წიგნს ერთი უცნაური თვისება აქვს – იგი სამყაროს ახლებურ ხედვას გვასწავლის. არის რამდენიმე ასპექტი, რაც “ხელოვნების ამბავს” ამ თემატიკაზე შექმნილი უამრავი სხვა ნაშრომისგან გამოარჩევს და რამაც მას ფართო საზოგადოების სიყვარული მოუტანა: ეს, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი უდიდესი პედაგოგიური ნაშრომია კაცობრიობის ისტორიაში. იგი ხელოვნების ნიმუშებზე დაყრდნობით მიგვითითებს იმ მართებულ თუ მცდარ მოსაზრებებზე, რომლებსაც ადამიანთა უმრავლესობა ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობისას გამოთქვამს.
რა არის სილამაზე? რას ნიშნავს მისი რეალისტური ასახვა? რას მოვითხოვთ ადამიანები სამყაროსგან? რა პრინციპებით ვითარდება კაცობრიობა გამოქვაბულიდან დღემდე? რა განსაზღვრავს პრიორიტეტებს, რითაც ადამიანთა აზროვნება ვითარდება?

როდესაც გომბრიხი ამ წიგნს წერდა, საკუთარ თავს რამდენიმე ამოცანა დაუსახა: დახმარებოდა მკითხველს, სიცხადე და წესრიგი შეეტანა ხელოვნების სამყაროში არსებულ სახელებში, პერიოდებსა და სტილებში, ამიტომ ეწერა პოპულარული და არა სამეცნიერო ენით, იქვე დაემოწმებინა ილუსტრაციები და გადმოეცა არა შედევრების ქება-დიდება, არამედ მიეთითებინა ხელოვანთა სავარაუდო განზრახვაზე – რატომ, რის შედეგად შეიქმნა ესა თუ ის ნიმუში, განეხილა ნაწარმოები ისტორიულ კონტექსტში და, ამრიგად, ოსტატთა მხატვრული ამოცანების გარკვევაში დაგვხმარებოდა.

მაგრამ რა არის ხელოვნება? როდის არის ესა თუ ის ნახატი, სკულპტურა, არქიტექტურული ძეგლი ხელოვნების ნიმუში? წიგნის ავტორი ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოებების გვერდით ქანდაკებას, არქიტექტურას, ბოლოს კი ფოტოგრაფიასაც განიხილავს და მე-20 საუკუნის შუა წლებამდე, ანუ თავის თანამედროვეებამდე მოდის. ერნსტ გომბრიხის მიზანი ხელოვნების ისტორიის კიდევ ერთხელ მოყოლა კი არ ყოფილა, – ამისთვის უამრავი ანთოლოგია უკვე არსებობდა, – არამედ იმის ახსნა, რა არის ხელოვნება. მას, როგორც ხელოვნების მკვლევარსა და თეორეტიკოსს, მრავალჯერ მოუსმენია მსჯელობა იმის შესახებ, რატომ არ მოსწონთ, ანდა, პირიქით, აღაფრთოვანებთ ესა თუ ის ნამუშევარი. ადამიანთა საქციელსა და ემოციაზე დაკვირვებით მკვლევარმა დაასკვნა, რომ მათ უმრავლესობას სურათებზეც ის მოსწონს, რისი ნახვაც ცხოვრებაში სიამოვნებს – ლამაზი პეიზაჟები, ადამიანთა მშვენიერი სახეები, სასიამოვნო ნივთები, რაც სავსებით ბუნებრივია, მაგრამ მან ისიც იცის, რომ სილამაზით ამგვარი გატაცება შესაძლოა დამაბრკოლებლადაც გვექცეს ხელოვნების ნიმუშების სწორად აღქმისას და ნაკლებად სასიამოვნო საგნების გამომსახველი ნაწარმოებების უარყოფამდე მიგვიყვანოს. წიგნის ავტორი ილუსტრაციებზე დაყრდნობით გვიხსნის და გვასწავლის, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ხელოვნების ნაწარმოების ცქერისას, რა დავაფასოთ და რამ არ დაგვაფრთხოს. იგი, პირდაპირი გაგებით, ახალ თვალს გვიხელს და სხვაგვარად ფიქრს გვასწავლის, რაც თურმე შესაძლებელია, უბრალოდ, აქამდე არ გვიცდია. ებრაული წარმოშობის, ავსტრიაში დაბადებული და ინგლისში მოღვაწე მეცნიერი ერნსტ გომბრიხი, რომელსაც ხელოვნების კვლევაში შეტანილი წვლილისთვის ინგლისის დედოფალმა რაინდის წოდება უბოძა, ამ წიგნით კიდევ ერთ რამეს გვასწავლის – მსჯელობისას თუ შეფასებისას არასოდეს ვიყოთ კატეგორიულები და ყოველი ფაქტი და მოვლენა ტრადიციისა და თანამედროვეობის კონტექსტში გავიაზროთ.

როცა ვუყურებთ საუკუნეებგამოვლილ ფერწერისა თუ ქანდაკების ნიმუშებს, რომელთა შესახებ მრავალ ავტორიტეტს გამოუთქვამს აზრი, ჩვენ მათ იშვიათად განვსჯით – ავტორიტეტთა გავლენის ქვეშ ვექცევით და მოგვწონს თუ არა, ვეთანხმებით. მაგრამ საქმე რთულდება, როცა ჩვენ გვერდით არსებულ, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებზე მსჯელობაა საჭირო. აქ უკვე ხელოვნების განვლილი გზის, მისი ისტორიისა და ტრადიციების ცოდნა, ანალიზის, დაკვირვებისა და სიახლის აღქმის უნარი ერთნაირად გვჭირდება. ეგვიპტელები მეტწილად იმას ხატავდნენ, რისი არსებობაც იცოდნენ, ბერძნები კი იმას, რასაც ხედავდნენ, შუა საუკუნეების მხატვარი ცდილობდა, თავისი სურათით ისიც გამოეხატა, რასაც გრძნობდა და არც ერთი ტრადიცია არ მოითხოვდა მხატვრისგან, დაეხატა ის, რასაც ხედავდა. მხატვრები მუდმივ ძიებაში იყვნენ და ეს ძიება დღესაც გრძელდება, ამიტომ ნურც თანამედროვე ავტორებისგან მოვითხოვთ იმის გაკეთებას, რაც უკვე შეფასებული და დაფასებულია; პირიქით, როცა ჩვენს ქვეყანაში გასული საუკუნეების მიბაძვით შესრულებულ, ცხენზე ამხედრებული მეფეებისა და მხედარმთავრების ფიგურათა დაუსრულებელ ჯაჭვს ვხედავთ, ეჭვი შევიტანოთ ამგვარი სერიულობის სისწორესა და ფასეულობაში, რაც უნდა ტიტულოვანნი იყვნენ მათი ავტორები. ხოლო როცა მოსწავლეებთან ერთად დავიწყებთ მსჯელობას, რამდენად ცუდია, ანდა, პირიქით, კარგია და ფასეული ჩვენ მიერ გამოფენაზე თუ ღია სივრცეში ნანახი თანამედროვე ავტორის ნაწარმოები, აქ ალბათ ყველაზე მეტად დაგვეხმარება ერნს გომბრიხის სიტყვები: “ნიჟარაში რომ სრულყოფილი მარგალიტი გაჩნდეს, მასში რაიმე ნივთიერების ნაწილაკი, ქვიშის მარცვალი ან პაწაწინა ნატეხი უნდა მოხვდეს, რომლის გარშემოც მარგალიტი შეიკვრება. ამ მკვრივი ბირთვის გარეშე ის შეიძლება უფორმო მასად იქცეს. მხატვარსაც, თუ სურს, ფერისა და ფორმის მისეული განცდა სრულყოფილ ქმნილებად დაკრისტალდეს, ამგვარი მყარი ბირთვი – განსაზღვრული ამოცანა – სჭირდება, რომელსაც იგი თავისი ნიჭის დახმარებით სრულყოფს”. და ჩვენც სწორედ, აი, ამ ამოცანაზე ვიფიქროთ, მისი დანახვა ვცადოთ და ისე შევაფასოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი